x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ქართული მითოლოგია - არამხუტუ
არამხუტუ


არამხუტუ მეგრული, კოლხური მითოლოგიის მრავალთაგან ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟია. ის როგორც ხალხის დამხმარის, ასევე მოძალადეობის განმასახიერებელი გიგანტია. თავისი ცხოვრების ნირით და მოქმედებით ის ხალხის დამხმარე და გადამრჩენელი უზარმაზარი დევგმირის სახეს წარმოადგენს. მაგრამ შემდგომში, როდესაც ქრისტიანობა დაუპირისპირდა ძველ კულტებს და გმირებს, ხალხში დამკვიდრდა, როგორც ველური საწყისის მატარებელი და თითქოს დაუპირისპირდა ქრისტიანობაზე მოქცეულ ადამიანთა საზოგადოებას.


"უხსოვარ დროში ყარაჩაიდან გადმოდიოდა და ლაკადელ ქალწულებს იტაცებდა გოლიათი ოჩოკოჩი. ლაკადელები დიდხანს ვერაფერს უხერხებდნენ გადამთიელის ძალადობას, მაგრამ ერთხელ ამ მხარეში გამოჩნდა კეთილი გოლიათი არამხუტუ, რომელსაც სთხოვეს დახმარება აქაურებმა და აი, მორიგი თავდასხმის დროს გაიმართა დიდი ბრძოლა არამხუტუსა და ოჩოკოჩს შორის. არამხუტუ ყვირას მთაზე დადგა, ხოლო ოჩოკოჩი - ოხაჩქუეზე და დაუწყეს ერთმანეთს ლოდების ტყორცნა. მიზანს აცდენილი ლოდები ოხაჩქუეს და ყვირას მთის კალთებზე უზარმაზარ ღრმულებს აჩენდა. ეს ღრმულები ახლაც არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ძაბრისებრი გამხდარა. ადგილობრივები ამ ღრმულებს ალგდს ეძახიან. მწყემსები ამ ღრმულებში დარჩენილ "ჯიშთს" (უდნობი თოვლი) მაცივრად იყენებენ.


არამხუტუ



ბოლოს არამხუტუმ სასიკვდილოდ დაჭრა ოჩოკოჩი, რომელმაც უკანასკნელი ღონის მოკრებით შემოუბრუნა ლოდი. ამ ლოდით არამხუტუ მკლავში დაიჭრა. სისხლიანი მკლავი არამხუტუმ ტობავარჩხილში დაიბანა და სწორედ ამის შემდეგ გახდა ამ ტბის წყალი წმინდა - არამხუტუ ხომ უძველესი ღმერთების შთამომავალი იყო. ამიტომაც არის, რომ ამ ტბის წყალში ხელის დაბანაც კი ჭექა-ქუხილს და თავსხმა წვიმას მოასწავებს."


მთქმელი: გაჯი სამუშია. კოლხი კოლორიტი და პოეტი. 1967 წ.

ჩამწერი: ზურაბ სამუშია.


ტობავარჩხილი


ძველად იმ მხარეს, სადაც ახლა წალენჯიხის მუნიციპალიტეტია, ეგრისის მთების მიდამოებში, სადაც ანკარა მდინარეები წისქვილარა, ჭანისწყალა, ინწრა, მოროჟა და სხვანი მოედინებიან, კოლხ მოსახლეობას შიშის ზარს სცემდა უზარმაზარი კაციჭამია დევი. აოხრებდა და ანადგურებდა იქაურ ხალხს. ის კოლხეთის სოფლებში თვეში ერთხელ გამოჩნდებოდა და გოგო-ბიჭებს იტაცებდა ხოლმე. შემდეგ ხმა დაირხა, ერთ-ერთ სოფელში უძლეველი ახალგაზრდა გიგანტი - არამხუტუ ცხოვრობს, რომელსაც ამ დევის დამარცხება შეუძლიაო. ხალხმა არამხუტუს დასახმარებლად მიმართა. არამხუტუმ მეორე დღესვე დაიწყო მზადება და საბრძოლველად ოხაჩქუეს მთაზე დაბანაკდა. ბევრი ლოდინის შემდეგ მთაზე დევიც გამოჩნდა. არამხუტუს და დევს ერთმანეთთან 10 კილომეტრი აშორებდათ. არამხუტუმ ბევრჯერ შეუთვალა დევს, ნუ აოხრებ ამ ხალხსო, მაგრამ დევთან მოლაპარაკება არ შედგა. არამხუტუმ გადაწყვიტა მოეკლა იგი, ყვირას მთას დიდი ლოდი მოაგლიჯა და ესროლა. დევმა უკან დაუბრუნა ლოდი. შვიდი დღე და ღამე განუწყვეტლივ იბრძოდნენ ასე. ბოლოს არამხუტუმ აიღო ვეებერთელა ოთხკუთხა ლოდი, კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალ-ღონე და მთელი ძალით, მიზანდასახულად სტყორცნა.


არამხუტუ


ლოდი მიზანში ზუსტად მოხვდა და დევს თავი შუაზე გაუპო. დევმა მიწაზე დაცემისას ვეებერთელა ორმო ამოთხარა, რომელიც დღესაც შესამჩნევია. თუმცა არამხუტუ თავადაც დაიჭრა. ნაიარევის ჩამოსაბანად ერთ ანკარა მთის ტბასთან მივიდა, მოიბანა ნაიარევი და მაშინვე მოურჩა. ამ ტბას ხალხმა ტობავარჩხილი უწოდა, რაც მეგრულად ვერცხლის ტბას ნიშნავს. ამის შემდგომ "ტობავარჩხილი" ჭუჭყს ვეღარ გუობს. თუ ხელს ან ტანს დაიბან, ისე განრისხდება ბუნება, რომ რარიგ მოწმენდილი იყოს ცა, მაინც იწვიმებს.

კოლხეთი გამარჯვებას ზეიმობდა. ხალხმა არამხუტუ ყვირას მთაზე ზარ-ზეიმით აიყვანა. არამხუტუმ მოძებნა ლოდი, რომლითაც დევი დაამარცხა, ამოიღო მიწიდან და ისეთ ადგილას განათავსა, რომ თითის შეხებით ექანავა, რათა ეს ამბავი თაობიდან თაობას გადასცემოდა ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების აღსანიშნავად. ლოდმა მართლაც ქანაობა დაიწყო და დღესაც თითის შეხებით ქანაობს ყვირას მთაზე. ამ ლოდს ხალხმა "ქუაქანცალია" ანუ მოქანავე ქვა შეარქვა.


ქუაქანცალია

თუ უფრო ადრეულ თქმულებებში არამხუტუ ხალხს იცავს ბოროტი ძალებისგან, უფრო გვიან - ქრისტიანობის გავლენით, არამხუტუს სახე ხალხისთვის შედარებით უფრო მტრული ხდება და ლეგენდებიც მის შესახებ სწორედ ამგვარ ელფერს იძენს:


"თქმულების მიხედვით ახალგაზრდა ხუტუ ჯვარელი ციმინტიების სამწყსოში გამოცხადდა უცნობი სახით. ითხოვა მწყემსად ამიყვანეთო და ციმინტიებმაც აიყვანეს, მაგრამ მალე ცუდ დღეში ჩავარდნენ. ხუტუ რომ ფარას მიდევნიდა, გზადაგზა ციკნებს ატყავებდა და უმად ჭამდა. შემცირდა ფარა. ციმინტიებმა ხუტუს თავიდან მოცილება მოინდომეს, მაგრამ ხუტუ უკვე აღარ შორდებოდა. ხუტუს ციმინტიებმა სიხარბე და დაუშვებელი (არამობა), არაადამიანური ქმედებები დასდეს ბრალად და ასე შეარქვეს არამხუტუ. უკმაყოფილება გამწვავდა და ციმინტიების ოჯახმა არამხუტუ წმინდა გიორგის ხატზე გადასცა, მაგრამ წმინდა გიორგი მას ვერ მოერია, ვინაიდან ხუტუ ქრისტიანი არ იყო. ამის გამო, მას მიუჩინა თაგვი, რომელიც გადაღრღნიდა არამხუტუს ლაბაშას (ყავარჯენი, ძველი, წვეტიანი ჯოხი, რომლითაც არამხუტუ ერთი მთიდან მეორეზე ხტებოდა). თაგვმაც შუაზე გადაღრღნა ეს ჯოხი და როდესაც არამხუტუ ერთი მთიდან მეორეზე კიდევ ერთხელ ხტებოდა, ჯოხი გადატყდა და არამხუტუ ხევში ჩაიჩეხა. ლაბაშის ნატეხები ახლაც წმინდა გიორგის სალოცავში ინახება.

ამის შემდეგ, გადმოცემის თანახმად ციმინტიებისგან გაჯავრებული არამხუტუ ისეთ ქვებს ისროდა, რომ მის დაძვრას 50 კაციც კი ვერ მოახერხებდა. ერთ ასეთ ქვას დღესაც უჩვენებენ და მას არამხუტუს ნასროლ ქვას ეძახიან."


მთქმელი: დ. ცანავა-ქარდავა.

ჩამწერი: მ. ხუბუტია. სოფელი ჯვარი. 1966 წ.



არამხუტუ


სხვა გადმოცემით არამხუტუმ ქარდავებს გოგო მოსტაცა. როცა ქარდავების ოჯახმა თავისი ძალით ვერაფერი გააწვეს ამ ბუმბერაზთან, მაშინ ქრისტეს შესთხოვეს შეგვეწიე და არამხუტუს თოფსა და ტყვიაწამალს შენ შემოგწირავთო. 5 კაცი დაედევნა არამხუტუს და ქრისტეს შემწეობით ოხაჩქუეს მთასთან, სოფელ ჯვარის მახლობლად დაეწივნენ და მოკლეს. მისი თოფი და ტყვია-წამალი კი დაპირებისამებრ, ქრისტეს მიართვეს. მკვდარი არამხუტუს სხეული მთაზე დატოვეს და ხალხს ის გარდაცვლილი არ უნახავს, ამიტომ ცოლს არ სჯეროდა მისი სიკვდილი. ამბობდა, ასეთ დევკაცს რა მოკლავდაო და ერთი წლის განმავლობაში არ უტირია ქმარი.


ოჩოკოჩი თის ულახუ

გურკიდირი არგუნამი,

მესეფითიც თის უძირუ

ცაშე წყარიშ მაბუნალი


ტყაშმაფასით მოთხუზალო

ოჯვიდალო, მაბუნაფალო,

ვანანუდუ ნტერეფიში

ზისხირ დიხას დაბუნალო


თის ვაკოდუ სამარგალო,

გაძიცეთ დო გაჭყვადალო

ახავაი, მუ მოჭუნა

არამხუტუ ვაპუნანო.


მურმან წოწორია. "ცაშა მემიჭოფუ სუა". მარტვილი. 2007 წ.



თუთა ქოუხვამილუაფნა


ოდაბადე უსნაქეთ

რინა რენო, ჩქიმი რინა?

მაზაკვალეფქ ქუმორთეს დო

ინგურს ქიდიდვეს ბინა.


თარაშ ემხვარს ოსიზმარ

არამხუტუ ვერეხი

ბორჯგიქ გაჩერდ, სარკოს ვორწყექ,

ცაშე მოურს მერეხი.


ლუკაია ამბებს მოყუნს,

ხვამანს ღორნთ მარდიანს,

ოდიშიშ კარს ქეშეფხვადათ,

გერგეზ ცოტნე დადიანს.


თარაშ ემხვარ ინგურს ორკინ,

თუთა ქოუხვამილუაფნა,

ოდოიაშ მაბირეფ,

ცას ქელენჭაფუნა.

...........................


აფხაზეთში ტაროსია,

თუ წვიმები დამდგარა,

აქ მზაკვრები მოსულან და

ზედ ენგურზე დამდგარან.


თარაშ ემხვარს ესიზმრება

არამხუტუ ვერეხი,

დრო გაჩერდა, გაირინდა,

ციდან მოდის მერეხი.


ამბებს ჰყვება ლუკაია,

ძველებირს და დარდიანს,

ოდიშს მოვა, შევეგებოთ,

დევგმირ ცოტნე დადიანს!


ენგურს ებრძვის ემუხვარი,

მთვარე მოუტაცია,

კვლავ გაისმის ოდოია,

ცაში აუტაცნიათ!






ქართული მითოლოგია:


1. ქართული წარმართული კოსმოგონია

2. ქართული მითი სამყაროს შექმნის შესახებ

3. მორიგე ღმერთი

4. ქართველი ერი - მიჯაჭვული ამირანი

5. ამირანი

6. კოლხი მედეა - მედიცინის დამაარსებელი

7. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

8. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

9. სპარტოი - დრაკონის კბილის მეომრები კოლხეთში

10. ოჩოკოჩი - ოჩოპინტრე

11. დალი

12. ბარბალე - მზის ქალღმერთი

13. დობილნი

14. ადგილის დედა

15. დედა მიწა

16. აინინა და ნინა

17. ყამარი

18. ლამარია

19. წყარიშდიდა

20. ფუძის ანგელოზი

21. მითური ყურშა

22. არმაზი

23. გაცი და გაიმი

24. ზადენი

25. აფსათი

26. ამბრი

27. ბატონები

28. ბერი ბერა

29. აგუნა

30. ბადაგონი

31. ბოჩი

32. მამბერი

33. მინდორთ ბატონი და მინდორთ მბრძანებელი

34. თეთრი გიორგი

35. თევდორე

36. ხვთისშვილნი

37. იახსარი

38. კოპალა

39. კვირია

40. ნაწილიანი

41. პირქუში

42. ალი

43. დევი

44. გველეშაპი

45. ქაჯი

46. კუდიანი

47. როკაპი

48. მზაკვარი

49. მაცილი

50. ფასკუნჯი

51. რაში

52. გველისფერი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
892
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
892
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0