x
image
თორ ნიკე
ქართული მითოლოგია - დობილნი
დობილნი


გადმოცემათა თანახმად, დობილნი პატარა ბავშვებისა და ქალების სახეს იღებენ. მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს ისინი მოლზე გამოდიან "სათამაშოდ". შემთხვევით მათ შორის მოხვედრილ ადამიანს ისინი თელავენ, რის შემდეგაც ეს ადამიანი ავად ხდება. თუ დობილთ საყმო გაანაწყენებს, როდესაც მთის მწვერვალებიდან მზის პირველი სხივები გამოჩნდება, დობილნი სოფლებს შეესევიან და მცხოვრებლებს ავადმყოფობებს უგზავნიან. დობილნი ძირითადად მხოლოდ ბავშვებს და ქალებს ვნებენ, რადგან მამაკაცებს ვერ უმკლავდებიან. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ისტორიულ ფხოვში მათდამი მიძღვნილი საგანგებო სამლოცველოები შენდებოდა.


სამძიმარი ანუ სამძივარი (ორივე სახელი გვხვდება ხალხში) ერთ-ერთი დობილია და პოპულარული პერსონაჟია ხევსურულ მითოლოგიაში. შეიძლება ითქვას, რომ იგი ამ რეგიონში განასახიერებს ნაყოფიერების ქალღმერთს და ბევრი ნიშნით ენათესავება დალის. გადმოცემით, ღვთისშვილებმა დალაშქრეს ქაჯავეთი - ქაჯთა ქვეყანა, გაანადგურეს იგი ხახმატის გიორგის მეთაურობით. იქიდან წამოიღეს განძი, გამოირეკეს საქონელი და წამოიყვანეს ულამაზესი ქაჯი ქალები - სამძიმარი (სამძივარი), მზექალი, აშექალი და სიმენქალი. ეს ქალები ღვთაებათა დობილები (ხევსურულად "მოდეები") გახდნენ, ღვთაებათა სალოცავების ახლოს დაიდეს ბინა და ეხმარებოდნენ მათ. ხალხში ამბობენ, ყველა ჯვარს საკუთრივ ჰყავდა დობილნი. ხევისბერი ასე ახსენებს:


აშექალი - ერთ-ერთი "დობილი" (მოდე)



"და-დობილნო, ციხე-კარის ანგელოზნო, მოლაშქრე და-დობილნო, თუ ჯვრის წინაშე ყმებს ექნებათ უწმინდურება და არ ასრულებენ ჯვართ შემონათვალს, მაშინ და-დობილნი გაუჩენენ სახადს, წითელას, მიუსევენ მებალინჯეთ. ეს შეიძლება სიკვდილითაც დამთავრდეს".


დობილთაგან ყველაზე სიცოცხლისუნარიანი სამძიმარი აღმოჩნდა. მის სახელს უკავშირდება მითიური მოთხრობები. დანარჩენი დობილებისა კი მხოლოდ სახელებიღა შემორჩა ხალხის ხსოვნას.

სამძიმარი ხახმატის გიორგის მოდეა. თუ ხახმატის გიორგი თავის საყმოზე განრისხდებოდა, საყმოს ინტერესებს მასთან სამძიმარი იცავდა და შუამდგომლობდა ხალხს, რომ გიორგის გული მოლბობოდა. სამძიმარი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ უტოლდებოდა თავის მოძმე ჯვარს.


ხახმატის ჯვარში ძირითადად ორ სალოცავს ლოცულობდნენ: ერთი იყო გიორგი ნაღვარმშვენიერი, მეორე - სამძიმარ-ხელი, ყელღილიანი. სამძიმარი გამწყრალ ჯვარს ევედრებოდა ადამიანის საკეთილდღეოდ და არ მოეშვებოდა, სანამ გულს არ მოულბობდა. ხალხის თქმით, მას "ელჩობა მაუდიოდა" (ევალებოდა). სამძიმარის მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ხევსურეთში იგი ყველა ჯვართან გამოჩნდებოდა შუამავლად, ანუ დედა-ქალღმერთივით მფარველობდა ადამიანებს.


სამძიმარი ყველა ნიშნით მატრიარქალური ქალ-ღვთაებაა, რომელსაც თავიდანვე დიდი ძალა და მნიშვნელობა ჰქონდა, ეს რომ ასე არ ყოფილიყო შემდგომში დამყარებული პატრიარქალურ-გვაროვნული წყობის დროს შემოსულ ჯვარ-ხატებთან - ღვთისშვილებთან ხალხის მეხსიერებაში გაფერმკრთალდებოდა, როგორც ეს სხვა დობილებს დაემართათ. მიუხედავად იმისა, რომ სამძიმარი ქაჯავეთიდან იყო მოყვანილი მას ხალხი "ღვთის ნასახად" მოიხსენიებდა. ეს ეპითეტი უფრო ძველი წარმოდგენების ნიადაგზე შეიქმნა.


ამბობენ, სამძიმარს "დიდ ყელსაბედ სდებივ". ამ ყელსაბამს უკავშირებს ზოგიერთი მეცნიერი ქალღმერთის სახელწოდებასაც - სამძივარი, როგორც მძივის მფლობელი. სამძიმარს ტანი მზესავით ულაპლაპებს, ვისაც ის დაუახლოვდებოდა, ყისმათიან-იღბლიანი ხდებოდა. მას რამდენიმე მუდმივი ეპითეტი აქვს: ხელი (ხევსურები ხელს ეძახიან მხიარულ, თამამ, კოხტა და ლამაზ ქალს), ყელღილიანი და ქაჯის ქალი. ის მიმზიდველი არსებაა, უყვარს სამკაულების ტარება, კოპწიაობა, თავმადილის "დაგრუშვნა". ხალხური ლექსი ასე გვაცნობს სამძიმარს:


სამძიმარი


"მე ვარ ხელსამძიმარიო,

მე ვარ ქაჯის ქალიო,

ვაჟიერებ ჩემ ღილ-ქამარსაო,

ოქროსთმიანი და ოქროსქოშებიანიო,

მაშინ ძლივ მქონდა შაძლებაიო,

ვიარებოდი ქალივითაო,

ნაოჭიანი ჩავიცვიდიო,

ქოქომონ გავაბრიალნიდიო."


იგი ყოველთვის სატრფიალოდ არის განწყობილი და საცოლე ჭაბუკებს თავბრუს ახვევს, ნაქადაგარი ტექსტების მიხედვით სამძიმარის მიჯნურთა მთელი წყება სახელდება. ამ სასიყვარულო კავშირებით სამძიმარი თავის პარტნიორებს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ მასთან სექსის შემდეგ ვაჟებს სხვა ქალზე ქორწინება სამუდამოდ ეკრძალებათ. სამძივარი პარტნიორთა სიმრავლეს საამაყოდ თვლიდა. ის თვითონ ეტანებოდა მამაკაცებს, რასაც ხმამაღლა აცხადებდა:


"აბულეთაურთ საღირასაო

საცოლედ ვეწონებოდიდიო

ჩავეხვივიდი ჩავუწვიდიო

ძუძუ-მკერდს გამავიხვიდიდიო"



სამძიმარი


მაქციობა, გარეგნობის შეცვლა, სამძიმარის ერთ-ერთი თვისებაა. იგი სხვა ქალის სახითაც ეცხადებოდა თავის სატრფოებს, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რომ ქალ-ღვთაებასთან ჰქონდათ უერთიერთობა. ამით ის იცავდა თავისი სასიყვარულო კავშირის საიდუმლოს. მაგრამ როგორც კი გამჟღავდნებოდა მისი ზებუნებრივი წარმომავლობა, მაშინვე ტოვებდა იქაურობას. "იმ ჩემსა გადმონაფრინდომსაო, იქავ აჩნიან ნაკოჭვარნიო." - არის ნათქვამი ერთ-ერთ ლექსში.


ხევსურულ სტილში გამოწყობილი სამძიმარი ხორციელი ქალის სახეს იღებდა. ამიტომაც ცდებოდნენ შეყვარებული მამაკაცები. მასაც იზიდავდა ვნებიანი ქალის როლში ყოფნა და დიასახლისობაზეც არ ამბობდა უარს. სოფელ ბუჩუკურთაში უცხოვრია ვინმე ხოლიგას, რომელიც უცოლო ყოფილა და არც ჰქონია ქორწინების ნება, რადგან მასთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა სამძიმარს, რომელიც ჯუათ ელენეს სახით გამოეცნო და შემდეგ მასთან საცხოვრებლადაც დარჩენილა. რძალს ერთხელ დედამთილისთვის მასანთო ხმიადების გამოცხობა უთხოვია. სამგზავროდ. თვითონ გაიკეთეო, უთქვამს დედამთილს. სამძიმარი საქმეს შეუდგა, თითის ერთი ჩაკვრა ერბოთი დიდი ქვაბი ხავიწი მოუხარშავს, ამ სასწაულით გამჟღავნდა მისი ვინაობა და მანაც საჩქაროდ მიატოვა იქაურობა. სამძიმარის ერთი შეხებაც კი ამრავლებს პროდუქტს, რაც მის ნაყოფიერების უნარზე მეტყველებს. აქ გვახსენდება იესოს მიერ 5000 კაცის რამდენიმე თევზით და პურით დაპურება. ნაწველ-ნადღვების, ესეიგი რძის პროდუქტების უბარაქობისა და საქონლის ზარალის შემთხვევაში, ხევსური ქალები სამძიმარს ევედრებოდნენ. ქაჯავეთიდან წამოყვანილ საქონელსაც სამძიმარი და მისი დობილები მწყემსავდნენ. სამძიმარს ევედრებოდნენ უშვილო ქალები და მექორწილენიც. მისთვის ამზადებდნენ საგანგებო პურებს, ვინაიდან იგი ბედის გამრიგეც იყო.



ასევე დაგაინტერესებთ:

1) საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ)

2) პირველი ევრაზიელები საქართველოდან

3) საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო

4) მსოფლიოს პირველი მკერავები იმერეთიდან

5) ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები

6) როსტოვში პროტოქართული სამარხი აღმოაჩინეს

7) ქართული მითოლოგია - ყურშა

8) კოლხური ხარები - ხალკოტავრები

9) დინოზავრები საქართველოში



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1923
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1923
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0