საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - დედა მიწა 2019, 31 იანვარი, 18:22 დედა მიწა, როგორც ქალღმერთი აღარ ჩანს მოგვიანებითი ხანის იბერო-კავკასიურ წარმართობაში, რადგან ეს ძალიან ძველი კულტი იყო, რომელიც შემდგომ პერიოდში დედა ქალღმერთის კულტში გაითქვიფა. მიწის ღვთაებათა ტრიადაში (სამეულში) იგი იყო უმაღლესი რანგის მფლობელი, რომლის განაყარი ან შვილები იყვნენ ადგილის დედა და კერის მფარველი. სამივე მათგანის ზოომორფული სახე გველია. ეს გველები ძალმოსილების მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამას მატერიალურ ძეგლებზე არსებული გამოსახულებებიც ადასტურებს. თრიალეთში 1936 წელს სოფლების გუნიკალას, წინწყაროსა და სანამერის მახლობლად (ეს სოფლები წყალსაცავის ფსკერზე მოექცა), იყო წმინდა ადგილი - სალოცავი "გიუნე", სადაც მოსახლეობა სხვადასხვა წეს-ჩვეულებას აღასრულებდა. ტბის პირას მდებარე სალოცავში აღმოჩნდა ქვა, რომელიც აგებულებით წააგავს ვეშაპს. ზურგზე ამ ქვას ამოკვეთილი აქვს მილებიანი ჯაჭვი, ხოლო გვერდებზე 3 დაკლაკნილი გველი. აქედან ერთი დიდია, ორი კი - პატარა. მათში დიდი უფროს ქალღმერთს წარმოადგენს, ორი პატარა კი ადგილის დედა და ფუძის მფარველი არიან. კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქვის ძეგლები, რომელსა ქალქვას ეძახიან, ხშირად ქმნიან პატარა ჯგუფს, რომელშიც 3 ქვაა. მათგან ერთი დიდია, ხოლოდ ორი - მომცრო. ეს ქვები და გველების გამოსახულებები მიწის ღვთაებათა სიმბოლოებია და მათი რაოდენობა ემთხვევა იერარქიაში შემავალი ღვთაებების რიცხვს - ტრიადას. დედა მიწის, როგორც ღვთაების თაყვანისცემა შემორჩენილი იყო ბავშვის დაბადების რიტუალებში. ფუძის ანგელოზი და ადგილის დედა ადამიანის ცხოვრებას აწესრიგებდნენ და მფარველობდნენ, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ბავშვის დაბადება, ახალი სიცოცხლის მოვლინება, უმაღლესი ღვთაების ფუნქციებში შედიოდა. ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებულ ქართულ წარმართულ რიტუალებში შესაწირავი და ლოცვა-ვედრება დედა მიწისადმია მიმართული. იმერეთის სოფლებში დასაძინებლად იყენებდნენ ხის გრძელ ტახტებს, მაგრამ მასზე მომშობიარება არ შეიძლებოდა. მშობიარობამდე ბებიაქალი ამზადებდა ქალისთვის ადგილს მიწაზე, აკეთებდა ჯვრის ნიშანს (ქრისტიანობის შემოსვლის და გავრცელების შემდგომ პერიოდში), შეულოცავდა, მერე დააგებდა თივას ან ჩალას და ამ "საწოლზე" ამშობიარებდა ქალს. ბავშვის დაბადებიდან მესამე დღეს ოჯახში აცხობდნენ დიდ ხაჭაპურს და იწვევდნენ იმ ქალებს, რომლებიც ესწრებოდნენ მშობიარობას. ხაჭაპურს გადასცემდნენ ბებიაქალს, რომელიც გარშემო მას შემოუნთებდა სანთლებს, აიღებდა ჭიქა ღვინოს, ატრიალებდა ხაჭაპურს მარცხნიდან მარჯვნივ და ღმერთს ავედრებდა პატარას და მის მომავალს. მერე გულს ამოაჭრიდა ხაჭაპურს, სადაც მეტი ყველი იყო, დანარჩენს კი იმდენ ნაჭრად დაჭრიდნენ, რამდენი ქალიც ესწრებოდა. სხვებიც იმეორებდნენ ლოცვას და შემდეგ მიირთმევდნენ ხაჭაპურს. ვინც მშობიარობას არ ესწრებოდა, ამ რიტუალზე არ დაიშვებოდა და არც ამ ხაჭაპურის ჭამის უფლება ჰქონდა. აფხაზეთში დედა მიწის გულის მოსაგებად ბებია ქალი მშობიარის გარშემო მიმოაპნევდა ხორბალს ან სხვა მარცვლეულს, რომ ღვთაებას ხელი არ შეეშალა ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის. გურიაში მწოლიარე ქალს მიწაზე აწვენდნენ, ხოლო ქვეშ ჩალას უგებდნენ. მშობიარობიდან მერვე დღეს ატარებდნენ რიტუალს, რომელსაც "მიწის გაჯერება" ერქვა. იკრიბებოდნენ ის ქალები, რომლებიც მშობიარობას ესწრებოდნენ, ბებია ქალი მიწაში ამოჩიჩქნიდა დანის წვერით რამდენიმე ორმოს, თითოეულში დებდა სანთელსა და საკმეველში არეულ პურის გულს, ზედ დაასხამდა ქათმის ბულიონსა და ღვინოს და მიმართავდა მიწას, როგორც სულიერ და გონიერ არსებას: "გაგაძღე პურით, ღვინით, ერბოთი, სანთლითა და საკმევლით, ამიტომ შენც მიეც მელოგინეს ჯანმრთელობა და ბედნიერება." სხვა ქალები სანთლებით იდგნენ, ლოცვის შემდეგ ბებია ქალი მელოგინეს ანთებულ სანთელს სამჯერ შემოატარებდა წელზე. და გადააბრუნებდა მელოგინეს მარცხნიდან მარჯვნივ. ასევე ახალშობილსაც იგივეს უკეთებდა. სხვა დამსწრე ქალებიც მიდიოდნენ მელოგინესთან და ბავშვთან და იგივეს აკეთებდნენ. ამის შემდეგ სუფრას მიუსხდებოდნენ. თუ მიწას არ მოიმადლიერებდნენ, ის ავნებდა მელოგინეს, საინგილოში რომ მშობიარე ქალი ავმა სულმა არ დააზიანოს, გარშემო ზონარს შემოავლებენ, რომელიც გველს ჰგავს ისეა დაკლაკნილი და შემოხვეული. თან თოფს ისვრიან ავსულთა დასაფრთხობად. მშობიარე ქალის მიწაზე დაწვენა ნიშნავდა დედა მიწისთვის მისი ბედის მიბარებას, რომ ღვთაებას მფარველობა გაეწია მშობიარისა და მისი ბავშვისთვის. მიწასთან უშუალო შეხებით ქალი დედამიწისგან იღებდა გამანაყოფიერებელ თვისებას და სასიცოცხლო ენერგიას. ამ აქტის შემდეგ ბავშვი მხოლოდ დედის შვილად კი არ ითვლებოდა, არამედ მისი მშობელი და პატრონი მიწის ქალღვთაებაც გახლდათ. მიწის ღთაებები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. სამივეს ზოომორფული ნიშანია გველი როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ. სწორედ ამიტომ შემოავლებდნენ ხოლმე მელოგინეს გარშემო ზონარს, რომელიც გველის ფორმას განასახიერებდა. თუმცა ეს ქალღმერთები ზოგჯერ არა მხოლოდ გველების, არამედ მცენარეების სახესაც იღებენ. ისინი თითქმის ერთგვაროვან ფუნქციებს ასრულებენ, ოღონდ განსხვავებულია მათი უფლებების, შესაძლებლობების და მოქმედების მასშტაბები. ჩვენ მიერ განხილული ღვთაებები მოიცავენ მთელს მიწიერ სამყაროს. მთელ დედამიწას. ეს არის საერთო იბერო-კავკასიური წარმართობის უძველესი ჯგუფი, რომელსაც აქვს იერარქიულობის ყველა ნიშანი (სტრუქტურა, ორგანიზებულობა, ურთიერთდაკავშიებული ელემენტები და სხვ.) დაღმავალი გზით (იმიტომ, რომ მისი სიღრმისკენ მიიმართება) ეს იერარქია ასე წარმოსდგება: 3) კერის მფარველი 2) ადგილის დედა 1) დედა მიწა საფიქრებელია, რომ ამ სისტემამ მოამზადა შემდგომში უკვე ყოვლისმომცველი დედა ქალღმერთის სახე, რომელმაც მიწის ღთაებათა ყველა ატრიბუტი და ფუნქცია საკუთარ თავში გააერთიანა. მომზადებულია ქეთევან სიხარულიძის ნაშრომის მიხედვით "კავკასიური მითოლოგია". ასევე დაგაინტერესებთ:1. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები ზურაბ ხაბაძის მიერ (+100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე) 2. თამარ მეფის მიერ წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევისას 3. თამარ მეფის ბრძოლების სია 4. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები? 5. ვერმახტის ქართული ლეგიონი 6. უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო 7. დიაოხის მეგალითები და დიაოხელებიავტორი: თორნიკე ფხალაძე818 1-ს მოსწონს
|