x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
დიაოხის მეგალითური ნაგებობები და მათი ამგები დიაოხელები
პროტოქართველთა განსახლების ტერიტორია


მეგალითები საქართველოს ტერიტორიაზე უამრავია. მარტო სამცხე-ჯავახეთში შემორჩენილია 23-ზე მეტი მეგალითური ნაგებობა ან მათი აწ უკვე დანგრეული ნაშთები. (იხ. სამცხე-ჯავახეთის მეგალითები). ასეთ ნაგებობებს ევროპის კონტინენტზე აგებდნენ დაახლოებით ძვ.წ. 30-ე საუკუნიდან. საქართველოშიც მათი მშენებლობა დაახლოებით ამ პერიოდში უნდა დაწყებულიყო და დასრულდა დაახლოებით ძვ.წ. მე-8 საუკუნეში. მაგალითად აბულის ციხე ჯავახეთში დაახლოებით ძვ.წ. მე-17 საუკუნეში აშენდა. ამ მეგალითების შემადგენელი ზოგიერთი დიდი ლოდის საშუალო წონა 6 ტონაა. ნაგებობები დუღაბის გარეშეა აშენებული. დღემდე არავინ იცის, როგორ მოახერხეს ამ უზარმაზარი ქვების ერთმანეთზე დაწყობა. ასეთ ნაგებობებს ადგილობრივები დღემდე გმირების აშენებულებს უწოდებენ. საქართველოში სწორედ იმ პერიოდის ძალიან საინტერესო ნივთებია აღმოჩენილი, რომელიც მტკიცებულებაა იმისა, რომ პროტოქართველებს სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები ჰქონდათ გაჩაღებული ინდოეთთან და ახლო აღმოსავლეთთან. მაგალითად აღმოჩენილია ისეთივე სამეფო ინსიგნია, როგორიც გამოხატულია ასურეთის მეფის - ასურნასირაპალ II-ის ქანდაკებაზე. ასევე აღმოჩენილია ძვ.წ. მე-15 საუკუნის ბამბის ქსოვილი ჩვენს დასახლებებში. ასევე აქვეა აღმოჩენილი ძვ.წ. მე-15 საუკუნის სამედიცინო სკალპელი. ეს იმ პერიოდში იყო პროტოქართველთა პირველი გაერთიანების - დიაოხის ტერიტორია.


დიაოხის ჩვეულებრივი მოსახლეები


ჯავახეთში აბულის მთა ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის მეგალითური ნაგებობების სისტემა, ყველაფერი დიდი ლოდებისგანაა ნაგები, სახლები, სახურავები, ციტადელი და ქუჩებიც კი. და ეს ყველაფერი სრულად დუღაბის გარეშე. ის ჩამქრალ ვულკანზეა გაშენებული. ქალაქი დღესაც კი დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც 3500 წლის წინ. მხოლოდ სახლების სახურავებია ნაწილობრივ ჩანგრეული. ქალაქს ქუჩები და სახლები ტერასებად მიუყვება, გზები ერთმანეთს ხშირად კვეთს და პატარა მოედნებს ქმნის. ყველა ეზო ქვითაა შემოზღუდული, საიდანაც პატარა ოთახებში შედიხარ. ამ ყველაფრის ასაშენებლად მხოლოდ ქვაა გამოყენებული, არც დუღაბი და არც არანაირი ხე. ეს ქალაქი-ლაბირინთია. სახლები ერთმანეთს საიდუმლო გასასვლელებით უკავშირდება. ოთახები ძალიან პატარაა, ეზოებს ხშირად ორი გასასვლელი აქვს, რომელიც ასევე პატარა ქუჩებს უკავშირდება. მთელი ეს ნაგებობა დაგეგმარებით იყო ნაშენი, აბსოლუტურად ზუსტად გათვლილად. უძველესმა ინჟინრებმა როგორც ჩანს ჯერ შეადგინეს პროექტი და შემდეგ პროექტის მიხედვით შეასრულეს დღეისთვისაც კი ურთულესად განსახორციელებელი მშენებლობა.



ციტადელზე კედლების სიმაღლე 7 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე - 5 მეტრია. თავიდან, დანგრევამდე ამ კედლების სიმაღლე 12 მეტრს აღწევდა. ციტადელზე 4-სართულიანი ნაგებობები იდგა. მათი დანიშნულება სავარაუდოდ იყო სატაძრო, მეფის სასახლე ან ორივე ერთად. აბული იმდოინდელ საუკეთესო ქალაქებს შორის მსოფლიოში, თამამად იკავებდა ერთ-ერთ პირველ ადგილს. მაგრამ აქ ერთი გამოცანაა - სახლები ძალიან პატარაა. ერთ ოთახში 2 ადამიანი თუ დაეტევა. არსადაა საკუჭნაოები, საქონლის სადგომი, თავლა თუ სხვა დამხმარე ნაგებობები.


დიაოხის მეგალითური ნაგებობები და მათი ამგები დიაოხელები


მეცნიერების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათ კიდევ ერთ, ზუსტად ასეთივე ქალაქს მიაკვლიეს. ისიც ჯავახეთშია, ფარავნის ტბის მახლობლად. შაორის ციხე-ქალაქიც აბულის თანადროულია, დაახლოებით ძვ.წ. მე-17 საუკუნეში ნაგები. ციტადელის შიგნით სახლები მასში კიდევ უფრო პატარაა, იქ მოხრილი თუ შეძვრება ადამიანი. არქეოლოგების დასკვნით აბულიც და შაორიც სატაძრო კომპლექსებია, სადაც ხალხი მუდმივად არ ცხოვრობდა. ისინი მხოლოდ ომიანობის პერიოდში აფარებდნენ ამ ქალაქებს თავს გარშემო დასახლებებიდან.


აქვეა უძველესი მეგალითური ციხე-ქალაქი ავრანლო. აქაც ქალაქი ტერასებად იყო გაშენებული. აქ არის მშენებლების მიერ მოტანილი ქვა, რომლის საშუალო წონა 7 ტონამდეა. როგორ მოიტანეს ის აქ? როგორ გადაადგილა ის მაშინდელმა ხალხმა? ვინ იყო ის ხალხი, ვინც ასეთ საოცრებებს აშენებდა? რა კულტურა ჰქონდათ და როგორ ცხოვრობდნენ? მშენებლობის ასეთივე წესი კავკასიის გარდა ბერძნებამდელ საბერძნეთშიც იყო გავრცელებული. როდესაც ბერძნები ამ ტერიტორიებზე მოვიდნენ და ეს მშენებლობები დახვდათ, გაოცებულები ამ ქალაქებს ციკლოპების მიერ ნაშენებს უწოდებდნენ. მართლაც, რა ძალამ და ტექნოლოგიამ მოჭრა და დადო ამგვარი უზარმაზარი ლოდები? სპეციალისტები ვერ ხსნიან თუ როგორ შეიძლებოდა იმ დროში ტექნიკურად ამის მოხერხება და გაკეთება.


პროტოქართული ბორჯღალი თრიალეთის კულტურიდან


ძვ.წ. მე-17 საუკუნისთვის კავკასიელებს ხეთების იმპერია გაუმეზობლდა. შემდეგ კი ასურეთი. გაუთავებელი ომები აიძულებდა ადამიანებს საიმედო თავშესაფარზე ეზრუნათ. ასევე ეს ომები აიძულებდა ხალხს გაერთიანებულიყვნენ და ისე გამკლავებოდნენ მტერს. სწორედ ამ დროს ყალიბდება საქართველოს ისტორიულ სამხრეთ ნაწილში პირველი პროტოქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება დიაოხი. ავრანლოშია აღმოჩენილი მაგალითად ისეთი სამეფო სიმბოლიკის გამომხატველი ნივთი, რომელიც დიდებულებას, მეფობას გამოხატავდა და საზოგადოების უკვე სახელმწიფოებრივი სტრუქტურით დაყოფაზე მიუთითებდა. ასეთივე სამეფო ინსიგნიებს იყენებდნენ ასურეთში. და ეს ნივთი დაახლოებით ძვ.წ. მე-15 საუკუნით თარიღდება. შესაძლოა ის ადამიანი, რომელსაც ეს ინსიგნია ჩააყოლეს საფლავში, დიაოხის ერთ-ერთი სამეფოს მმართველი გახლდათ და ამ სამეფოს ცენტრი სწორედ ავრანლოში მდებარეობდა. როდესაც ჩვენ გვაქვს საზოგადოებრივი იერარქია, არსებობს განვითარებული არქიტექტურა, სავაჭრო ურთიერთობები და მმართველობის სისტემა, ეს უკვე არის სახელმწიფო.


დიაოხი


დიაოხი ძვ.წ. მე-8 საუკუნემდე ებრძოდა ასურეთს. შემდეგ ურარტუს, საბოლოოდ კი იგი კოლხეთმა გაანადგურა. ასურული და ურარტული ლურსმნული წარწერები ამ გაერთიანების - დიაოხის სიმდიდრეს აღწერდნენ. მე-8 საუკუნეში ურარტუს მეფე არგიშთი I-მა დაამარცხა დიაოხის მეფეები და ხარკის სახით უამრავი ოქრო, ვერცხლი, ათასი საჯდომი ცხენი, ასეულობით ძროხა და ცხვარი მიიღო. შემორჩენილი უძველესი წერილობითი წყაროების მიუხედავად, მეცნიერებმა მაინც ძალიან ცოტა იცოდნენ დიაოხელთა შესახებ. როგორ ცხოვრობდნენ იქ ადამიანები? რა იყო მათი ყოველდღიური ყოფა ან როგორ გამოიყურებოდნენ?


1938 წელს არქეოლოგმა ბორის კუპტინმა საფარ-ხარაბაში უძველეს სამარხს მიაგნო. არქეოლოგებისთვის ყველაზე დიდი ინფორმაცია სწორედ რომ სამარხებში დევს. მაშინ კუპტინმა მხოლოდ 3 სამარხის გათხრა მოახერხა და საფარ-ხარაბა დავიწყებას მიეცა. მკვლევარები მას უკვე ხელახლა 2003 წელს დაუბრუნდნენ, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მარშრუტი სამაროვანზე მოხვდა. არქეოლოგებმა 100-ზე მეტი სამარხი შეისწავლეს. პალეობიოლოგებისა და ანთროპოლოგების დახმარებით ძვ.წ. XVII-XVI საუკუნეების "საქართველო" მთლიანად გაცოცხლდა.


ჩვენ ახლა, დღევანდელი ტექნოლოგიებით ერთი სამარხით ერთი ადამიანის ცხოვრების ისტორიის მრავალი დეტალის აღდგენა შეგვიძლია. მაგალითად ამ ასეულ სამარხს შორის იყო ერთი, სადაც ესვენა 25 წლის ქალბატონი. პალეობიოლოგებმა აიღეს მისი სამარხიდან სინჯები. მიკრობიოლოგიური ნაშთები ზუსტად გვაუწყებს, თუ რას საქმიანობდა ეს ქალბატონი გარდაცვალებამდე. კვლევებით გაირკვა, რომ ამ ქალბატონს ეცვა როგორც ფეხსაცმელი, ასევე მის შიგნით ეცვა ნაქსოვი წინდები, დადიოდა ისეთ გარემოში, სადაც იზრდებოდა ეზოს მცენარეები, როგორიც იყო ხორბალი, ჩანს რომ იმ ტერიტორიებზე კარგად იყო განვითარებული მიწათმოქმედება. ამ სამარხების კვლევით ირკვევა, რომ ყველა გარდაცვლილს ჰქონდა ღია ფერის თმა. ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნა ნაპოვნი შავი ან მუქი ფერის თმა. როგორც ჩანს დიაოხის მოსახლეობა, მთელი დღევანდელი ლაზეთი, ტაო-კლარჯეთი, სამცხე-ჯავახეთი და მისი შემოგარენი ქერა, წითური ან წაბლისფერთმიანი ხალხით იყო დასახლებული მთელი ძველი წელთაღრიცხვის განმავლობაში. ასეთი იყო პროტოქართველთა გარეგნობა.


დიაოხელები


რომ დავუბრუნდეთ ისევ ზემოთხსენებულ ქალბატონს, მას ტანთ სელით ნაკეთი კაბა ეცვა, უვლიდა ბავშვებს. საერთოდ, აქ აღმოჩენილი სელის მიკრონაშთებით ტანსაცმლის ფერებიც კი აღადგინეს. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა წითელ-მეწამული ფერის ქსოვილი. ის მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის ქალაქებიდან შემოდიოდა და გარკვეული სახის მოლუსკებისგან მზადდებოდა. სელისა და შალის გარდა, აქ ბამბის ქსობილიც ფართოდ იყო გავრცელებული. სანამ საფარ-ხარაბას სამაროვანზე ძვ.წ. მე-15 საუკუნის ბამბის ქსოვილს აღმოაჩენდნენ, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ძველი ქსოვილი ძვ.წ. მე-6 საუკუნით იყო დათარიღებული. თრიალეთის ბამბა მასზე 900 წლით უფრო ძველია.


ჩანს, რომ ეს ქალბატონი ცოტა ავადმყოფობდა კიდეც ქალური დაავადებებით. მის სამარხში ვაზის ფოთლების ნაშთებიც ნახეს. სწორედ ასე მკურნალობდნენ ძველად ქალები. ამ სამარხებში ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით ცაცხვის მტვრის მარცვლებს, ცაცხვი ხალხურ მედიცინაში დღესაც გამოიყენება სიცხის დამწევ საშუალებად. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ავშანი. ავშნის მტვრის მარცვლები იქნა აღმოჩენილი ამ სამარხებში დიდი რაოდენობით. ესეც არის ხალხურ მედიცინაში მალარიის, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო. პალეონტოლოგი ელისო ყვავაძე გამოთვამს ეჭვს იმის შესახებ, რომ ამ დროს უკვე იყო გავცელებული ტუბერკულოზი, ვინაიდან ავშანი ჭუერჭელში ძალიან ხშირად გვხვდება.


ყველაზე დიდი სიკვდილიანობა დიაოხში ბავშვთა შორის აღინიშნებოდა. ხოლო ყველაზე გავრცელებული დაავადება იყო ჭია. ჭიით ავადმყოფებს გვიმრის ფოთლებით მკურნალობდნენ, საერთოდ, სნეულს აძლევდნენ თაფლს, თითქმის ყველა მიცვალებულის კუჭში ღვინის ნაშთები აღმოჩნდა. შესაძლოა ეს ზიარების მსგავსი უძველესი რიტუალია და ქრისტიანობამდე მინიმუმ 15 საუკუნით უფრო ადრე, უკვე არსებობდა.

რაც შეეხება დიაოხში აღმოჩენილ უძველეს სკლაპელს, როგორც ჩანს ქართველთა წინაპრები მედიცინას ძალიან კარგად იცნობდნენ. ყველაზე ძველი ტრეპანირებული თავის ქალა საქართველოში ძვ.წ. მე-12 საუკუნით თარიღდება.


25 წლის ქალბატონის სამარხის კვლევებით ასევე ირკვევა, რომ მას გარდაცვალებამდე კარგად უსადილია ბოსტნეულის კერძებით. მის კუჭსა და პირის ღრუში ჭინჭრისა და ნიგვზის ნაშთებს მიაგნეს. როგორც ჩანს ნიგვზიანი მხალი ძვ.წ. მე-15 საუკუნის "საქართველოშიც" ძალიან უყვარდათ. საკვების რაციონი დიაოხელებს საკმაოდ მდიდარი ჰქონდათ. სამარხებში ჩატანებული უამრავი ჭურჭლიდან აღებული სინჯებით მეცნიერებმა მხოლოდ პროდუქტების სახეობა კი არა, მომზადების რეცეპტებიც კი დაადგინეს. დიაოხელები ხორცეულს ყოველთვის მიირთმევდნენ, გარდა ამისა იღებდნენ ხორბლეულის ფაფას, ზოგჯერ მასში ურევდნენ თაფლს და ამზადებდნენ წანდილის მსგავს კერძებს ან ზოგჯერ მასში თაფლის მაგივრად ურევდნენ ხორცს და ამზადებდნენ ხორციან კერძებს. გარდა ამისა აკეთებდნენ ჭინჭრის შეჭამადს, ასევე მჟაუნის სუფს, ასევე ნაცარქათამას შეჭამადს. ძალიან დიდი წილი მათ საკვებ რაციონში ეკავა მცენრაეულ საკვებს, მხალეულს, უყვარდათ თაფლუჭი და ეწეოდნენ მეფუტკრეობას.


დიაოხელები


როგორც ვთქვით, დიაოხელები ყველა ქერა, წითური ან ტაბლისფერთმიანი იყო. აგებულებით, როგორც მაშინდელი ევროპელების დიდი ნაწილი, არ იყვნენ მაღლები. მათი საშუალო სიმაღლე 1.65 მეტრი იყო, არადა ეს "ციკლოპური ნაგებობები" სწორედ მათ ააშენეს. პროტოქართველები ასევე იყვნენ ვიწროსახიანნი, გრძელთავიანი, პროფილირებული სახით, ჰქონდათ მაღალი ცხვირის უნაგირი, ვიწრო ცხვირი.


ბრინჯაოს ხანაში ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მთელ მსოფლიოში და დიაოხშიც დღევანდელთან შედარებით ძალიან ხანმოკლე იყო. მამაკაცთა შორის ეს დაახლოებით 30 წელს შეადგენდა, ხოლო ქალების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 25 წელს არ აღემატებოდა. შობადობა იყო ძალიან მაღალი, მაგრამ ასევე მაღალი იყო ბავშვთა სიკვდილიანობაც. დიაოხის ტერიტორიებზე, მაგალითად თრიალეთში კლიმატი დღევაბდელთან შედარებით, უფრო თბილი იყო. აქაურობა მინდვრების და მდელოების ნაცვლად, მაშინ უღრანი და გაუვალი ტყეებით დაფარულიყო. ცხოვრების დონითა და ქონებრივი შეძლებით დიაოხელნი დედამიწაზე უამრავ ხალხს უსწრებდნენ და არაფრით ჩამოუვარდებოდნენ მაშნდელ დაწინაურებულ ქვეყნებს. მთელს იმდროინდელ საქართველოში საუკეთესოდ ამუშავებდნენ ლითონს, მისდევდნენ მაღალგანვითარებულ მიწათმოქმედებას, ვაჭრობდნენ ახლო აღმოსავლეთთან (რომელიც მაშინ მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრი იყო დიაოხთან ერთად), შუა აზიასა და ინდოეთთანაც კი და რაც მთავარია უზადო, დღევანდელი ტექნოლოგიური ერისთვისაც კი გასაოცარი ოსტატობით აშენებდნენ მეგალითურ ქალაქებსა და ნაგებობებს, რომელთა კვალის წაშლა დაახლოებით 40 საუკუნის ქარტეხილებმაც კი ვერ შეძლეს.


მომზადებულია თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის მიხედვით - "გაქვავებული ქალაქები".





ასევე დაგაინტერესებთ:

1. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები ზურაბ ხაბაძის მიერ (+100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე)

2. თამარ მეფის მიერ წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევისას

3. თამარ მეფის ბრძოლების სია

4. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?

5. ვერმახტის ქართული ლეგიონი

6. უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
2029
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2029
  
2019, 29 იანვარი, 20:06
დიდი მადლობა დავით :)
2019, 29 იანვარი, 19:51
ავტორს, მადლობა ესეთი საინტერესო სტატიებისთვის...
0 1 2