საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - ქაჯი 2019, 15 მარტი, 8:54 ქაჯები ქართულ მითოლოგიაში წარმოგვიდგებიან ანთროპომორფულ არსებებად, რომელნიც ჰგვანან ადამიანს, მაგრამ არ არიან ადამიანები. მათ ძალიან კარგად იციან ჯადოსნობა, მაგია, მეტალის დამუშავება - მეტალურგია. შეიძლება შევადაროთ ივალდის ძეებს სკანდინავიურ მითოლოგიაში. ქაჯთა უმთავრესი საცხოვრებელი ცენტრი იყო ქაჯეთი. ასევე ისინი გაფანტულნი იყვნენ და სახლობდნენ მთელი დედამიწის მასშტაბით ტყეებში. იყვნენ ორი სახის მიწის და წყლის ქაჯები. მიწიერი ქაჯები ტყეებში და ადამიანებისგან განცალკევებულ, მიუვალ ადგილებში სახლობდნენ, მაგალითად მაღალ მთებში და კლდეებში, სადაც თითქმის არავინ არასდროს დადიოდა. თუ მაინც ვინმე მათ საცხოვრისებთან მოხვდებოდა და აღმოაჩენდა მათ, ისინი მტრობდნენ ადამიანებს, სასიკვდილოდ სცემდნენ ან აგიჟებდნენ. რაც შეეხება წყლის ქაჯებს, ისინი მიწის ქაჯებისგან განსხვავებით ნაკლებად ბოროტები არიან ადამიანების მიმართ. ცხოვრობენ მდინარეებსა და ტბებში. ხშირად მეთევზეებსაც კი ეხმარებიან. მამაკაცი ქაჯებისგან განსხვავებით, მდედრობითი სქესის ქაჯები, მით უმეტეს თუ წყლის ქაჯები არიან, სილამაზით გამოირჩევიან. ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებს ამყარებენ. ხშირად უბედურებისგან იხსნიან ხოლმე თავიანთ ადამიან შეყვარებულებს, მიჰყვებიან ცოლად გმირებს. აი, რას გადმოგვცემს 83 წლის მთქმელი შალვა გოცირიძე სოფელ ზემო ნიქოზიდან მათ შესახებ: "ქაჯები უფრო მეტად კლდის გამოქვაბულებში ცხოვრობენ. ქაჯს შეუძლია ფრენა, წყალზე ისე გაივლის, ფეხს არ დაისველებს, ასევე შეუძლიათ მდინარის დაშრობა, ხიდის სხვა ადგილას გადატანა, კაცის დაბრმავება, გვერდის ქცევა (გზის აბნევა), ერთი კლდიდან მეორეზე გადაფრენა. ისინი კლდეების ქვეშ, გამოქვაბულებში ცხოვრობენ, შავი თმა აქვთ, ზოგს გრძელი, ზოგს მოკლე. ზოგიერთს მხრებზე ისე აქვთ, როგორც ფრთები. შეუძლიათ ადამიანი შეისვან და გააფრინონ. ხელ-ფეხი ადამიანივით აქვთ, ბავშვებიც ჰყავთ, ქაჯების მოშინაურება არ შეიძლება ისევე, როგორც ეშმაკისა." ჩაიწერა მკვლევარმა ა. ცანავამ 1980 წელს. ქაჯები ჩნდებიან და ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებენ შოთა რუსთაველის უკვდავ პოემაში "ვეფხისტყაოსანში". მათ გატაცებული ჰყავთ პრინცესა ნესტან-დარეჯანი და დატყვევებული ჰყავთ ქაჯეთის ციხეში, რომელსაც მთავარი გმირი და ნესტანის მიჯნური ტარიელი, თავის ძმადნაფიცებთან, ორ მთავარ გმირთან - ავთანდილთან და ფრიდონთან ერთად თავს ესხმის გამაგრებულ ქაჯეთს და სისხლისმღვრელი ბრძოლით გამოიხსნის თავის საყვარელს. ქაჯების დამახასიათებელი თვისებაა ინდივიდუალიზმის, ეგოისტური "მე"-ს ნაკლებად ქონა და უფრო მეტად სკის პრინციპით ცხოვრობენ, როგორც მაგალითად ფუტკრები ან ჭიანჭველები, ურჩევნიათ იმოქმედონ და იმუშაონ გუნდურად და არ უყვართ განცალკევებით, მარტო ცხოვრება. ამიტომაც გვეუბნება შოთა რუსთაველი: "ქაჯნი სახელად მით ქვიან, არიან ერთად კრებულნი"-ო. "ვეფხისტყაოსანში" ისინი წარმოდგენილნი არიან როგორც არა სხვა სახეობის წარმომადგნელბი, არამედ ადამიანთა ერთ-ერთი ეთნოსი, ტომი, რომლებმაც აითვისეს ჯადოქრობა, მაგია და ცალკეულად განსახლდნენ. ამ საინტერესო ფოტოზე კოტე მიქაბერიძის მიერ შექმნილი, 1937 წელს ვეფხისტყაოსნის მოტივებზე გადასაღები ფილმის "ქაჯეთი"-ს სამუშაო ესკიზია წარმოდგენილი, რომელიც დღეს დაცულია ხელოვნების სასახლეში. სამწუხაროდ ეს ფილმი აღარ გადაღებულა. ამ ესკიზზე გამოსახულია თუ როგორ აჭრის თავს ადამიანს ქაჯთა მთავარი: ქაჯები ასევე ჩნდებიან ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებში "გველის მჭამელი", სადაც მთავარი გმირი - მინდია, ტყვედ ჩაუვარდება ქაჯებს და მათთან გაატარებს რამდენიმე წელს ტყვეობაში. ის გასინჯავს მათს ყოველდღიურ საკვებს, გველის ხორცს და მასაც მიეცემა ისეთივე მაგიური თვისებები, რაც ქაჯებს, მაგალითად გაიგონებს ბუნების ენას, ესმის ცხოველების ფიქრი, მათი განწყობა, ცნობს სამკურნალო მცენარეებს და იმასაც თუ კონკრეტულად რა დაავადებას უშველის ესა თუ ის მცენარე და ა.შ. ის დედამიწის ენის მცოდნე შეიქნება და შეიგრძნობს პლანეტას და ყოველ ცოცხალს, ისევე, როგორც ქაჯები. ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 4. 40 სტატია რელიგიის შესახებ ავტორი: თორნიკე ფხალაძე1003 4-ს მოსწონს
|