საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - იახსარი 2019, 2 მარტი, 22:43 იახსარი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ისტორიულ ფხოვში მცხოვრები წარმართი ქართველების დიდებული ღვთაება გახლდათ. ნახევრადღმერთი იახსარი - მორიგე ღმერთის ერთ-ერთი შვილი - ხვთისშვილად წოდებული (არა ღვთისშვილი არამედ, ხვთისშვილი). დანარჩენი ხვთისშვილებისგან განსხვავებით იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლებოდა, რომელიც ათასწლეულების წინ სვეტის სახით წარმოდგებოდა, ხოლო ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად, დაახლოებით მე-13 საუკუნიდან უკვე ის ხალხის წარმოდგენაში ჯვრის სახით დამკვიდრდა. იახსარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბოროტ ძალებთან: დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და სხვ. მებრძოლ ღვთაებას, რომელიც იცავდა როგორც უშუალოდ მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს, ასევე ყველა ადამიანს დედამიწაზე, ვინც კი მის მიმართ შველას ითხოვდა. ქართველ წარმართებს სწამდათ, რომ იახსარი განდევნიდა ბოროტ სულებს ადამიანთაგან, რომლებსაც შესახლებული ჰყავდათ ბოროტი სული. ასევე ეწეოდნენ იმ გზააბნეულ სულებს, რომლებიც დაიღუპნენ ისეთი უბედური შემთხვევებით, როგორიც იყო მეხის დაცემა, ზვავში მოყოლა, დახრჩობა და ა.შ. ასეთი სიკვდილით დაღუპული ადამიანები სიკვდილის შემდგომაც მიაჩნდათ, რომ კეთილ ღვთაებათა დახმარების გარეშე ვერ ჰპოვებდნენ განსვენებას. ამიტომ მათ დასახმარებლადაც იახსარს და სხვა ხვთისშვილებს მიმართავდნენ. ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების, ძალის და ასევე ფშავ-ხევსურეთიდან მოსახლეობის მიგრაციის გამო იახსარის კულტმა ფართო გავრცელება ჰპოვა მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში - თუშეთში, მთიულეთში, ერწო-თიანეთში, გუდამაყარში და სხვა რაიონებში. იახსარს უკავშირდება გამარჯვება დევებზე, რომლებიც ავიწროებდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას, ბილწავდნენ მათს წარმართულ უწმინდეს სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ მათს ქალებს, უმოწყალოდ კლავდნენ ბავშვებს. ამით შეწუხებულმა და განრისხებულმა მთიულებმა როდესაც უკვე თავად ვეღარაფერს ხდებოდნენ უდიდესი ძალის მქონე არსებების წინაშე, დასახმარებლად თავის დიდ ღვთაებებს შეჰღაღადეს. ღვთაებათა მამა და სამყაროს შემოქმედმა - ღმერთმა, მორიგედ წოდებულმა სათათბიროდ შეკრიბა ხვთისშვილნი. ღვთაებათა დარბაზობაზე გადაწყდა, რომ საყმოს აუცილებლად უნდა დახმარებოდნენ ბოროტი ძალების განდევნაში. ამ დიადი ლაშქრობისთვის წინამძღოლის ასარჩევად ღმერთმა ხვთისშვილთა შორის დიდი შეჯიბრი მოაწყო საუკეთესოთა გამოსავლენად, ვინც უსარდლებდა კეთილ ძალებს. შეჯიბრში დიდებულმა იახსარმა და კოპალამ გაიმარჯვეს, რომლებიც ღმერთმა დაადგინა კიდეც ლაშქრობის მეთაურებად. მათ შეძლეს და გაანადგურეს დევების ჯარი, მოკლეს მათი უმძლავრესი გოლიათები - მუზა და ბეღელა. დევებმა გაიაზრეს, რომ ხვთიშვილთა მომრევი არავინ იყო მათ შორის და გადაწყვიტეს კვლავ ჩამოცილებოდნენ ადამიანებთან ყოველგვარ კონტაქტს და სამუდამოდ დატოვეს მათი მიწები. იახსარს უფლება ჰქონდა მორიგე ღმერთთან პირისპირ წარმდგარიყო და სათხოვარი გადაეცა. იახსარი ღმერთისგან მშვილდ-ისრით იყო დაჯილდოებული. იახსარის სალოცავები დღემდეც კი მრავლადაა თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ერწო-თიანეთში, ფშავში, ხევსურეთში და საერთოდ არაგვისა და ივრის ხეობაში. დროთა განმავლობაში კოპალას და იახსარს ცალ-ცალკე კი აღარ უშენებდნენ სალოცავს, არამედ ერთად. ერთი სალოცავი ორივეს სახელზე შენდებოდა. იახსარის მთავარი სალოცავი ნინახშია. გადმოცემით სწორედ იქ ჰქონია ღვთისშვილს სამლოცველო. საყუჩი-საყარაულოში დარაჯობდა ერთ დიდსა და მდიდარ დევს - გამხვეურას, რომელიც იახსარის საცხოვრებლიდან დასავლეთით, გამხველთკარში სახლობდა. ამბობდნენ ფშავში, შუაფხოდან სულ ორიოდ ნაბიჯში, დევებს ფაცერი ჰქონდათ გაბმული და არაგვის ჭალაზე გამვლელ ხალხს იჭერდნენ და ჭამდნენ. დევები ისე მომრავლდნენ, რომ ავისგორშიც მოინდომეს დასახლება. მოინდომეს და სოფლის შენებაც დაიწყეს. ეს რომ იახსარმა გაიგო ძალიან განრისხდა და ავისგორს ხევებიდან ზუსტად მაშინ მიადგა, როცა 9 დევი კარისთავის დადებას ცდილობდა, მაგრამ ვერ ერეოდნენ. იახსარმა აიკეცა კალთები, მოავლო ხელი ქვას და მარტომ შეაგდო. ამის შემხედვარე დევები შეშინდნენ და გაიქცნენ. იახსარმა გაქცეულებს მთელი კარისთავის ქვა ესროლა და მთელი დევების სოფელიც დაანგრია. იახსარიხვთის კარზე შავიყარენით ანგელოზები თავნია, გარმოდგეს სასწორ-ჩარექი, კვირავ, დაუდგი თვალნია! ეზიდებიან იმასა, ვინაც რომ ძალიანია, ქვე-ქვე ბოლოსკენ მე ვზივარ, ყველას ჩემზე აქვს თვალია. ერთმანეთს ეუბნებიან - "აიღებს იახსარია." ავწიე სასწორ-ჩარექსა, ღმერთო, შენგანა ძალია. ხუთი მავსთხოვე კვირასა, გარმამიტანა სამია სამოც ლიტრასა რკინასა ძირს გაუყარენ ქარნია. დევებს ჰქონია ქორწილი, უჩქეფავ სიმურ წყალია, ცხრა-თავ ჰყვანია დედაი, ცხრა შვილთ გამზრდელი ქალია, სალუდე ქვაბი თავს ეცვა, ა იმან შამდვა ზარია, დავბრუნდი უკან, ამბობდის - "შაშინდა იახსარია". მაშინ კი გადაუფრინდი, გამოუცვალე ჟამია, ლახტი ვესრიე საკმიდან, ზედ გამავხურე ბანია, ერთ კიდევ გამამივარდა, არ მიუბრუნე თავია, საგმირო წამავიმაღლე, კლდეს მააფარა ტანია. კლდე ოთხად დავანაფოტე, დევს წამავსთხარე თვალია, კარგად სცოდნია მაგასა აბუდელაურ ტბანია, წავიდა, იქ წამეხვეწა, თან ჩავჰყევ იახსარია, იქიდან ვეღარ ამავე, სისხლმა გამიბნა მხარნია, ეძებეს ჩემთა მოყმეთა ოთხ-რქა, ოთხ-ყურა ცხვარია, მაიყვანეს და შიგ დაკლეს, ღმერთო, დასწერე ჯვარია, შამავჯე ბროლის ქვაზედა, შამავიბერტყენ მხარნია. ასევე დაგაინტერესებთ:1) 160 სამეცნიერო სტატია 2) 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3) სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია) 4) ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია) 5) 40 სტატია რელიგიის შესახებ ავტორი: თორნიკე ფხალაძე939 2-ს მოსწონს
|