საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - ყურშა 2019, 13 იანვარი, 3:10 ძველ საქართველოში სწამდათ, რომ ზოგჯერ, ძალიან იშვიათად ხდებოდა შემთხვევა, როდესაც ორბის ბუდეში სხვა ბარტყთა შორის, ერთ-ერთი ლეკვი გამოიჩეკებოდა ხოლმე. ამ ლეკვს ხალხი ყურშად მოიხსენიებდა - ნახევრად ორბი და ნახევრად ძაღლი. ლეკვს ბეჭებზე ორბის ფრთები ჰქონდა და არაჩვეულებრივი მონადირე ძაღლი გამოდიოდა. ამბობდნენ, ამ სახეობას ორ ნახტომში ჯიხვის დაწევა შეუძლია და მესამე გადახტომას სათაკილოდ თვლისო. მისი ყეფა ცის გრგვინვას ჰგავდა, ყურ-ტუჩი ოქროსი ჰქონდა, თვალები კი მთვარის ოდენი. ყოველი მონადირე ნატრობდა ყურშას პოვნას, რომ ნადირობაში იღბალი მოეტანა და დიდად დახმარებოდა საოცარი უნარების წყალობით, მაგრამ დედა ორბი ასეთ ლეკვს გამოჩეკისთანავე აიყვანდა ხოლმე ძლიერ მაღლა და მიწაზე დაანარცხებდა, რომ ადამიანებს არ ჩაეგდოთ ხელში და არ გაეზარდათ. ყოველწლიურად გაზაფხულზე საგანგებო ფერხულს ჩააბამდნენ ხოლმე ქალები და ვაჟები და ცეკვა-სიმღერით შესთხოვდნენ გაზაფხულის ღვთაებას, რათა რომელიმე ორბს კვლავ გამოეჩეკა ამგვარი ლეკვი, არ დაეღუპა და მათთვის ეჩუქებინა. ეს ლეგენდა იმდენად ძველია, რამდენადაც ამირანის მითი. დაახლოებით ძვ.წ. მე-20 საუკუნიდან მოდის. ასეთივე არსებები, ქიმერები, სხვა ძველ ხალხებშიც ძალიან გავრცელებული იყო. საინტერესოა მათი შექმნის რეალური მიზეზები. ყურშა ამირანის მითშიც ფიგურირებს, როგორც მისი განუყრელი მეგობარი. ამირანის მითი ერთ-ერთ გადარჩენილ ყურშაზე მოგვითხრობს, რომელიც დედის მიერ მოკვლას გადაურჩა, გაიზარდა და ამირანის ერთგულ მოკავშირედ მოგვევლინა. როდესაც ღმერთმა ამირანი კავკასიონის ქედზე მიაჯაჭვა, ყურშა არ მოშორდა პატრონს და იმ დღიდან ყურშა და ამირანი ერთობლივი ძალებით ეჭიდებიან რკინის ჯაჭვს და ცდილობენ რკინის სოლის მიწიდან ამოძრობას. ის ისაა სოლი მიწიდან უნდა ამოგლიჯონ რომ ღმერთის ნებით ციდან ფრინველი მოფრინდება და ამ სოლზე ჯდება. ამირანი ფრინველს რკინის უროს უქნევს, მაგრამ ფრინველი აფრენას ასწრებს და მთელი ძალით მოქნეული ურო სოლს ხვდება, რომელიც მაშინვე მიწაში ღრმად ესობა. ასე გრძელდება საუკუნეების განმავლობაში. მეორე ვარიანტი ამ მითისა კი ასეთია - ამირანის ყურშა მთელი წლის მანძილზე განუწყვეტლად ლოკავს რკინის ჯაჭვს ერთ ადგილას რომ როგორმე ლოკვით ჯაჭვი მოასუსტოს და ამირანმა მისი გაწყვეტა შეძლოს, მაგრამ როდესაც წლის ბოლოს ჯაჭვს ისე დააწვრილებს ერთ ადგილას, რომ ამირანს მისი გაწყვეტა შეეძლება, ღვთის ნებით მოდიან მასთან მჭედლები და კვლავ ამთელებენ დასუსტებულ ჯაჭვს. ერთგული ყურშა კი იმედს არ კარგავს ისევ და ისევ ამ ჯაჭვის ლოკვას იწყებს. "დრო მოვა და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთა გმირი, სიხარულად შეეცვლება ამდენი ხნის გასაჭირი". ასევე დაგაინტერესებთ: 1) საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ) 2) პირველი ევრაზიელები საქართველოდან 3) საქართველო მეფუტკრეობის სამშობლო 4) მსოფლიოს პირველი მკერავები იმერეთიდან 5) ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები 6) როსტოვში უძელესი პროტოქართული სამარხი აღმოაჩინეს განაგრძეთ საინტერესო სტატიების კითხვაავტორი: თორნიკე ფხალაძე 1344 4-ს მოსწონს
|