საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - ადგილის დედა 2019, 22 იანვარი, 13:31 ადგილის დედა ქართველ წარმართებში ცალკეული ადგილის მფარველი ქალღმერთი იყო. ხევსურებს ის წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ყველა ცოცხალ არსებაზე, ასევე, იქ მოხვედრილ უცხოელებზე. მისი კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები პატივს მიაგებდნენ, როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეების და საქონლის მფარველსა და შემწეს. ადგილის დედა მიწასთან იყო დაკავშირებული. ვაჟა-ფშაველა წერდა: "ფშაველის წარმოდგენით თვითეულს ადგილს: მთას, გორას, ხევს ჰყავს დედა, რომელსაც ადგილის დედას ეძახის. მონადირეს რომ დაუღამდეს სადმე მთაში ან ხევში, მიებარება ადგილის დედას: "ემ ადგილის დედავ, შენ გებარებოდე, შამინახე შენის მადლით და დავლათით." ყველა სოფელს ჰყავდა თავისი პატრონი, რომელსაც იქ მოსახლე ადამიანების გარდა, სტუმრად მოსულებიც მიაგებდნენ საკადრის პატივს. ხალხს სჯეროდა, რომ ყველა ადგილის დედა თავის ადგილს, კუთვნილ მონაკვეთს მკერდით იჭერს. მათი თქმით "ადგილის დედა უმზეო დედაა - დედამიწის დამჭერი. უმზეო დედა არის გულაღმა მწოლიარე. ამ გულით ატარებს დედამიწის ზედაპირის მისთვის განკუთვნილ მიდამოს." ადგილის დედები აურაცხელნი არიან და ერთმანეთისგან განსხვავებულნი. ამ ღვთაებებს უმზეოს იმიტომ უწოდებდნენ, რომ ის მიწის განსახიერებაა. მიწისქვეშეთშია მისი სამყოფელი და ზემოთ თითქმის არასოდეს ამოდის. როგორც მიწის ღვთაებას, ადგილის დედას მოსავლის ბარაქიონობას შესთხოვდნენ. მისთვის განკუთვნილი რიტუალები გაზაფხულზე ტარდებოდა, რაც დროის თვალსაზრისით ემთხვევა აგრარული კულტების დღესასწაულებს. თავად ადგილის დედა, აგრარულ კულტის ერთ-ერთი უძველესი განსახიერებაა თავისი არსით. საქართველოში ბევრგან ტარდებოდა ასეთი რიტუალი: გაზაფხულზე ქალები ფეხშიშველები ჩამოივლიდნენ სოფელს. ისინი ყველა ოჯახში მოვიდოდნენ, ხელს ჩააბამდნენ, ფერხულს შეკრავდნენ და მღეროდნენ - "დიდება და ღმერთსა დიდება". მართალია ამ ტექსტში ადგილის დედა აღარ იხსენიება, მაგრამ ეს წეს-ჩვეულება რომ მისთვის იმართებოდა, ამას ქალების ფეხშიშველი სიარული ადასტურებს, რაც მიწის ღვთაების პატივისცემის და მასთან უშუალოდ შეხების ნიშანი იყო. ოჯახებში სიარულით კი ისინი მთელ სოფელს რთავდნენ ადგილის დედის დღეობაში, რადგან ლოცვა-ვედრება ყველას სახელით აღევლინებოდა. ადგილის დედას ებარა სოფლის კეთილდღეობა და მისი საარსებო გარემო. მისი ზრუნვა სოფლის ყოფასა და ღირსებაზე ჩანს ერთ ხალხურ ლექსშიც: "ადგილის დედა ჩიოდა, სოფლის უფროსი კვდებაო, ნუ მოკლავ დამბადებელო, სოფლობა წაგვიხდებაო." ეს ღვთაება სოფლის საქონელსაც პატრონობდა. აქედან გამომდინარე ნაწველ-ნადღვების (რძის პროდუქტების) ბარაქიანობაც მის წყალობაზე იყო დამოკიდებული. ამიტომ გაზაფხულზე პირველად შედღვებილი კარაქისგან ან ერბოსგან გაკეთებულ ქადებს სწირავდნენ. პირველად მოგებულ პირუტყვს უკლავდნენ და ასე მიმართავდნენ: "დიდო ადგილის დედაო, შენ გეხვეწების ამის მამტანი, მაუტანავის საქნლის საწველი, ხარის ნახნავი, კაცის ნამუშევარი." ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, შუა საუკუნეებში ადგილის დედის სახელს ღვთისმშობლის სახელიც დაემატა, რადგან ხალხის ცნობიერებაში ეს ორი სახე ერთმანეთს შეერწყა. ამიტომ ფშავ-ხევსურეთში ზოგგან ასეც იხსენიება - ადგილის დედა-ღვთისმშობელო, ადგილის მცველო და მფარველო დედავ, დედა ხთიშობელო". ადგილის დედის დამხმარე ძალად გველია მიჩნეული, მაგრამ ფაქტობრივად იგი ამ გველში თავად არის განსხეულებული. როდესაც ადამიანი სიზმარში გველს ნახავდა, თვლიდა, რომ ადგილის დედა უწყრებოდა და სათანადო ქცევით (მსხვრეპლშეწირვა, ლოცვა-ვედრება) ცდილობდა მისი გულის მოგებას. ხევსურეთში ადგილის დედას ყოველთვის შუა ადგილზე ილოცავდნენ. უკლავდნენ ციკანს ბავშვის ავადმყოფობისათვის და აუცილებლად დეკეულის ბოჩოლას. ბევრ ადგილას მიწის ღვთაების სამყოფელს წარმოადგენდა ხვრელი მიწაში, სვანურად "ლაგამ", რომელიც დღესაც არსებობს უშგულის სოფელ ჟიბიანის ჯგრაგის ეკლესიის გვერდით. ასევე სხვა სოფლების სამლოცველოებთან. წმინდა ხეებთან და სალოცავ ქვებთან. ივარაუდება, რომ მიწის ქალრვთაების სამლოცველოს მიწისზედა ნაგებობას ვითინი (ხის ან ქვის ნიში) წარმოადგენს, რომელსაც წინ უსწრებდა როგორც წმინდა ქვები, ისე ხვრელი მიწაში. ასევე დაგაინტერესებთ:1. საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ) 2. პირველი ევრაზიელი ადამიანები საქართველოში ცხოვრობდნენ 3. საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო 4. საქართველო - კერვის და ქსოვის ტექნოლოგიის სამშობლო 5. საქართველოში გავრცელებული დინოზავრები 6. დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები 7. როსტოვში პროტოქართველთა სამარხი აღმოაჩინეს 8. საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო 9. ერექტუსები, ნეანდერტალელები და საპიენსები საქართველოში 10. კოლხური ხარები - ხალკოტავრები 11. ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები 12. ქართული მითოლოგია - დობილნი 13. ქართული მითოლოგია - ყურშა 14. არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში 15. ქართული წარმართული კოსმოგონია 16. კავკასიური იოგა 17. 100 000 მოწამე - მითი თუ რეალობა 18. ფშავ-ხევსურული მითი სამყაროს შექმნის შესახებავტორი: თორნიკე ფხალაძე760 2-ს მოსწონს
|