საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - ლამარია 2019, 22 თებერვალი, 9:15 სვანური ქალღმერთი ლამარია მიწისა და მარცვლეულის ბარაქიანობის განმსაზღვრელი, მეწველი საქონლისა და ხელსაქმის მფარველია. მისი კულტი სხვანეთში აღმოცენდა ძველი აგრარული, სამიწათმოქმედო ქალღმერთის და ქრისტიანული მარიამ ღვთისმშობლის კულტის შერწყმის შედეგად. სწორედ ამ დროს მიიღო ლამარიამ დედობის მფარველის ფუნქციაც. მაგრამ ლამარიას მთავარი ფუნქცია მაინც მარცვლეულის ბარაქიანობაა. სვანეთში დღემდე შემორჩენილია ხალხური ლექსი "ბარბოლ-დოლაში", რომელიც ქალღმერთ ბარბარესადმია მიძღვნილი, მაგრამ ლამარიას სახელის ხსენებით, ქართულად კი ასე ჟღერს: "ჯიჰიერში მობრძანდები, გზაზე მწვანე ტოტებს გიყრით, სუნი ასდის სარაჯ თაფლის, ლამარიას დადგმულ ტაბლას." მკვლევარი ქეთევან სიხარულიძე, რომელიც ავტორია შესანიშნავი ნაშრომისა - "კავკასიური მითოლოგია", აცხადებს, რომ შეიძლება ითქვას, ეს ღვთაებები (ბარბარე და ლამარია) რომლებიც ქრისტიანული წმინდანების სახელს დაუკავშირდნენ, დედა-ქალღმერთის ორგვარ განსახიერებას წარმოადგენენ. სვანებს ჰქონდათ დღესასწაული "ახალი კვირა", რომელსაც მხოლოდ ქალები ატარებდნენ. ისინი აცხობდნენ ხაჭაპურებს ანუ ტაბლებს და მიჰქონდათ ისინი მიწის სალოცავთან, რომელსაც "ლამზირს" უწოდებდნენ. სამი უფრო ხნიერი და პატივცემული ქალი მიართმევდა სამლოცველოში ქალღმერთს კვერს და მას მამათა სქესის სიმრავლეს შესთხოვდნენ. ე.ი. ლამარია ანუ მიწის სალოცავი შვილიერებასაც განაგებდა. გარდა ამისა დროშა ლემი, ანუ ლომი, ერთი ვერსიით სვანებს სწორედ ლამარიამ, იგივე დიდმა დედამ აჩუქა, რომლის ატრიბუტიც ეს ცხოველიც იყო. ლამარიას დღეობები ძირითადად ახალი წლისა და ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლს ემთხვეოდა. მის სახელობაზე დიასახლისი სპეციალურ კიდობანში ინახავდა საუკეთესო მარცვლის ფქვილს, რომელსაც ლამარიას კულტმსახურების დროს იყენებდნენ. მაგალითად ახალი წლის ციკლის ერთ-ერთ დღესასწაულზე, შუშხვამის ღამეს აცხობდნენ საგანგებო, შუაში გახვრეტილ, დისკოსებურ ქიმებიან კვერს რომელიც ოჯახის წევრთა კეთილდღეობისთვის იყო განკუთვნილი და წლის ბოლომდე კერის თავზე ეკიდა. ლამარიას სახელობის იყო ასევე დღესასწაული - "ლილაშუნე-თესლობა". ამ დღეს აცხობდნენ ხარისა და სახვნელის გამოსახულების კვერებს. აწყობდნენ ტაბლაზე ან სპეციალურ მრგვალ კვერზე - ე.წ. კალოზე და დიად სვანურ ქალღმერთ ლამარიას სწირავდნენ. ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე 3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია) 4. ქართული მითოლოგია - გაცი და გაიმი 5. ქართული მითოლოგია - ღმერთი 6. ქართული მითოლოგია - ყამარი ავტორი: თორნიკე ფხალაძე777 1-ს მოსწონს
|