ძველ ბერძნებს მრავალი ღმერთი სწამდათ. თითოეული ღმერთი ცხოვრების ერთ რომელიმე ან რამდენიმე ასპექტს განაგებდა. ბერძნები თვლიდნენ, რომ 12 ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდა, ამიტომ უწოდებდნენ თორმეტ ოლიმპიელს. ღმერთების ოჯახის თითოეული წევრისთვის ბერძნებმა არაერთი ულამაზესი ტაძარი ააგეს.
ზევსი
ზევსი კრონოსისა და რეას ვაჟი და ღმერთების მბრძანებელი გახლდათ. მას ხელთ ეპყრა ელვის ისრები, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ზევსი ღმერთებს შორის უძლიერესი იყო.
ჰერა
ჰერა ზევსის და, ასევე ცოლი და ოლიმპოს ბინადართა დედოფალი იყო. ის პატარძლების მფარველად მიიჩნეოდა და მისი სიმბოლო მამალი ფარშევანგი გახლდათ. ზევსს სხვა ცოლებიც ჰყავდა, ასევე სხვა ქალებთანაც ერთობოდა, მათ შორის მოკვდავებთან და მრავალი ღმერთისა და ქალღმერთის მამად გვევლინებოდა.
არესი
არესი ომის ღმერთი, ზევსისა და ჰერას ვაჟი იყო. ცნობილი გახლდათ თავისი სისხლისმსმელობით და ომის სიყვარულით. მისი სიმბოლოებია მუზარადი და სვავი.
არტემიდე
ნადირობისა და მთვარის ქალღმერთი. ზევსისა და ლეტოს ქალიშვილი. მისი სიმბოლოები იყო მშვილდი და ირემი.
ჰერმესი
ჰერმესი იყო ღმერთების მაცნე. აჰქონდა მოკვდავთა ამბავი და მდგომარეობა და აცნობებდა ღმერთებს. ზევსისა და მაიას ვაჟი. იგი კვეთხს ატარებდა, ქუსლებზე ფრთები ჰქონდა, თავზე კი ფართოფარფლიანი ქუდი ეხურა.
ჰესტია
ჰესტია ოჯახის კერიის ქალღმერთი იყო. კრონოსისა და რეას ქალიშვილი, ზევსის და. მისი სიმბოლო ბუხარი იყო. ის იყო ოჯახური სიმშვიდის და ბედნიერების, გამრავლების და ჯანმრთელობის მფარველი.
პოსეიდონი
პოსეიდონი ზღვისა და მიწისძვრის ღმერთი იყო. ზევსის ძმა. მისი სიმბოლო იყო ცხენი. პოსეიდონი სამკაპა შუბს ატარებდა და ყველანაირი ოკეანის და ზღვის არსებათა მბრძანებელი გახლდათ. ის იწვევდა ზღვების აღელვებას ან დამშვიდებას.
ათენა
ათენა სიბრძნის ქალღმერთია. ზევსისა და მეტიდას ქალიშვილი. ის იყო მამაცი მეომარი ქალი, რომელსაც მუზარადით, ფარითა და შუბით გამოხატავდნენ.
ჰეფესტო
ჰეფესტო ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთი იყო. ზევსისა და ჰერას ვაჟი. იგი საუკეთესოთა შორის საუკეთესო მჭედელი გახლდათ და აქედან გამომდინარე მის სიმბოლოდ გრდემლი ითვლებოდა.
დემეტრა
დემეტრა იყო მოსავლის ქალღმერთი, კრონოსისა და რეას ქალიშვილი. ზევსის და. მას ტრადიციულად ხორბლის კონით ხელში გამოხატავდნენ.
აპოლონი
აპოლონი სინათლისა და მუსიკის ღმერთი იყო. ზევსისა და ლეტოს ვაჟი. იგი გამოისახებოდა გედებშებმულ ეტლში მჯდარი და ხელთ ქნარი ეპყრა. ზოგჯერ კი გამოისახებოდა მშვიდლით ხელში, როგორც მზის სხივის (ისრის) მყორცნელი.
აფროდიტე
აფროდიტე სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი გახლდათ. ზევსისა და დიონეს ქალიშვილი. ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ აფროდიტე ზღვიდან იშვა, თავად ზღვამ შობა.
სამეცნიერო სტატიები:
149. ჩინეთის 40-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა - მმართველი დინასტიები
156. გადაშნებული ცხოველი ზულმასუხუსი