x
image
თორ ნიკე
აიეტი - კოლხეთის დიდებული მეფე
აიეტი - კოლხეთის დიდებული მეფე


აიეტი (Aeetes) იყო ძველი კოლხეთის მეფე, რომელიც აღწერილია ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. მას ბერძნები აღწერენ, როგორც დიდებულ მმართველს, რომელსაც უნარი შესწევდა ცეცხლისმფრქვეველი ხარებით გადაეხნა ხოდაბუნები. ის არის განსახიერება დიადი კოლხი ხალხისა, რომელთა მთავარი საქმიანობა გახლდათ მიწათმოქმედება. აიეტი მზის ღმერთის - ჰელიოსის ვაჟია. აიეტის დედად კი სხვადასხვა მწერალი სხვადასხვა ქალს ასახელებს, მაგალითად ბერძნულ მითოლოგიაში აიეტის დედად სხვადასხვა უძველეს ტექსტში მიჩნეულია: ეფირა (Ephyra), პერსეიდა, იგივე პერსე (Perseis), რომელიც გაიგივებულია ჰეკატესთან (Hecate), ანტიოპე, ასტეროპე და ზოგგან კი იბადება დედის გარეშე, პირდაპირ ჰელიოსისგან.

აიეტის ძმებად და დებად მოხსენიებულნი არიან: კირკე (Circe), პასიფაე, კოლხი პერსევსი (Perses of Colchis, არ აგვერიოს ტიტან პერსევსში), ალეუსი (Aloeus) და ასევე ჰეკატეს მხრიდან სცილა (Scylla) და ემპუსა (Empusa).

აიეტის ცოლებად მოხსენიებულნი არიან: იდიია, იგივე ეიდვია (Idyia), ასტეროდია (Asterodia), ნეერა, იგივე ნეარია (Neaera), ჰეკატე (Hecate), კლიტია (Clytia), ევრილიტე (Eurylyte).


აიეტის შვილები არიან: დიდებული მედეა (Medea), ქალკიოპე (Chalciope), ლოფოსა (Lophossa), აბსირტე, იგივე აფსირტე (Absyrtus), აიგიალევსი (Aegialeus) და ბოლოს კირკეც მოიხსენიება მის შვილად, ისევე როგორც ზოგგან მის დად.


სწორედ აიეტის დროს მოხდა არგონავტების ლაშქრობა კოლხეთში, ოქროს საწმისის გატაცება და დიდი დევნა, რაც ყველაზე ვრცლად და ოსტატურად მოთხრობილი აქვს აპოლონიოს როდოსელს თავის "არგონავტიკაში".

ერთი ვერსიით აიეტის ცოლია ოკეანიდი იდიია (ჰეს. თეოგ. 960), ან ევრილიტე, ან ჰეკატე (აპ. როდ. სქოლიასტი; დიოდ. 4, 45) ან კიდევ ნერეიდა ნეარია (სოფ. სქოლ. აპ. როდ. 3, 242). აფსირტე კი შეეძინა კავკასიელი ნიმფისგან - ასტეროდეიასაგან. ჰეკატე, ტავრიკის მეფის ავი ასული, შხამის შეზავების ოსტატი გახლდათ. მისგან ეყოლა კირკე, მედეა და აიგიალევსი. ეს ვერსია ლოგიკურია, ვინაიდან ქვესკნელის გრძნეული ქალღმერთი და ქვესკნელის ცეცხლოვან ხართა მძლეველი ერთ დონეზე დგანან, თანაც მთელი ეს ოჯახი გრძნებით მონათესავეა და მედეა ჰეკატეს მსახურია. მთვარე კი შურით შესცქერის მზის ღმერთის შვილიშვილს, ნიშანს უგებს, როცა მედეას გასაჭირს ხედავს. ესეც ასტრალური მასშტაბებია.


აიეტი


ლიკოფრონის ვერსიითაც აიეტის ცოლია ეიდვია: "ეს კოლხები აიასა და კორინთოს მრისხანე მეფემ, აიეტესმა, ეიდვიას ქმარმა, გაგზავნა ეიდვიას ასულ მედეას საძებნელად და სურდა შეეპყრო არგო." (ლიკოფრონი, სქოლიოები, 1123). აქ კოლხი აიეტი კორინთოს მეფეცაა.

პროფესორ თ. მიქელაძის აზრით, აიეტი ძვ.წ. XV საუკუნის მეფეა (მისი ნაწილობრივ ისტორიულობის სწორი თვალსაზრისით), მაგრამ თუ ეს სწორია, მაშინ ტროას ომის თარიღის გადასინჯვაც აუცილებელია, რადგან ტროას ომის სავარაუდო თარიღების უკიდურესი მიჯნებია ძვ.წ. 1350-1180 წლები. ეს ომი აპოლონიოს როდოსელის პოემის მიხედვით, სრულიად გარკვევით უკავშირდება არგონავტების ლაშქრობის ჟამს: კოლხეთს მიმავალ არგონავტებს ყრმა აქილევსი მზერით მიაცილებს, აქილევსი კი ტროას ომის მთავარი გმირია. ე.ი ეს ომი უნდა მომხდარიყო დაახლოებით ძვ.წ. 1160-1150 წლებში. მეცნიერების ახალი მონაცემებით კი (ძვ.წ. მსოფლიოს ქრონოლოგია ე. ბიკერმანი) აიეტი მეფობდა ძვ.წ. 1200-იან წლებში, ე.ი. ძვ.წ. XIII-XII და XV სს-ში. ცხადია, ზუსტი თარიღის დადგენა დღესდღეობით შეუძლებელია, მაგრამ ეს ორი მოვლენა რომ ორი-სამი ათეული წლით (არა უმეტეს) არის დაშორებული ეს ყველა მონაცემით დასტურდება: ტროას ორივე ომისა და არგონავტების ლაშქრობის ჟამს, თითქმის ერთი თაობის ადამიანები მოქმედებენ. ჯერ ჰერაკლემ აიღო ტროა, შემდეგ იგივე ჰერაკლე მონაწილეა არგონავტების ლაშქრობისა. მისი უმცროსი თანამედროვეები ტროას მეორე დიდი ომის მომსწრენი არიან. ყველა შემთხვევაში აიეტი ბერზენთა ისტორიის უძველესი, "მითური ეპოქის" წარმომადგენელია.


კოლხი ბუმბერაზი აიეტი, მზის შვილი, ბუნების მომნუსხველი ქალღმერთის, კირკეს ძმა და ქვეყნიერების უდიდესი ჯადოქრის, მედეას მამა, ოკეანიდან ამომავალი მზის გულივით მოციმციმე გმირი მეფე, რვალის პერანგს იცვამს, ოქროს მუზარადს იხურავს, მრავალკეცი ხარის ტყავის ფარს იღებს, მსუბუქად ატრიალებს შუბს, რომლის ტარებას მხოლოდ ჰერაკლე თუ შეძლებს, ოქროს ეტლით დაატარებს აფსირტე, ქარივით სწრაფი ცხენები შეუბამთ ეტლში. ოქროს ჩაფხუტის სიმძიმით გადის ხოდაბუნებზე, თესავს დრაკონის კბილებს, სპილენძისჩლიქებიანი ხარებით ხნავს ერთ დღეში შვიდი დღის სახნავს და ხოცავს მიწისშობილ ბუმბერაზებს. ამასვე ავალებს ოქროს საწმისისათვის ჩამოსულ იაზონს, რომელიც მისივე ასულის, მედეას შემწეობით ასრულებს ამ უმძიმეს ამოცანას.

სტრაბონი გვიმოწმებს: "ქალაქ აიას ახლაც უჩვენებენ ფაზისზე და ყველას სჯერა, რომ აქ აიეტი მეფობდა, მისი სახელი დღესაც ხმარებაშია."


აიეტი


როცა ჰელიოსმა შვილებს მიწა-წყალი გაუყო, აიეტს კორინთო ერგო, მაგრამ არ მოეწონა. ჰერმესის ერთ-ერთ შვილს დაუტოვა, რათა მემკვიდრეებისათვის შემოენახა, თავად კი კოლხეთში გამეფდა და გასცა ბრძანება, ღმერთებისათვის შეეწირათ ყველა ცხოველი, რათა მისი სისასტიკის ამბავი შორს გავარდნილიყო და ოქროს საწმისის გასატაცებლად არავის გაელაშქრა (შესაძლოა, ეს ტავრიდის მეფე თოანტის ანალოგია იყოს). საწმისი იმ წმინდა ვერძისა იყო, რითაც ღრუბელთა ქალღმერთმა ნეფელემ თავისი შვილები, ფრიქსე და ჰელე განარიდა დედინაცვლის რისხვას და კოლხეთს გამოამგზავრა. მერე ფრიქსემ აღასრულა ღმერთების ნება, ვერძი არესის ჭალაში დაკლა და საწმისი მიართვა მფარველ აიეტს, რომელმაც იგი არესის ჭალაშივე დაჰკიდა და მცველად დაუძინებელი დრაკონი მიუჩინა. მხოლოდ გრძნეული მედეას დახმარებით შეძლეს ბერძენმა გმირებმა დრაკონის მიძინება და საწმისის გატაცება (ზოგი ვერსიით კი იაზონი დრაკონს კლავს). აიეტი რისხვით შეხვდა იაზონის მოთხოვნას, რადგან უწინასწარმეტყველეს, რომ საწმისის წაღება უბედურებას მოუტანდა. ესეც რომ არ ყოფილიყო, რატომ უნდა მიეცათ უცხოელებისთვის თავიანთი განძი? ასე რომ აიეტის სიმკაცრე ამ საქმეში გამართლებულია და ბერძენი პოეტები არც ამტყუნებენ.

მითის ერთი ვარიანტით, ფრიქსე გემით მივიდა კოლხეთში და აიეტს ოქროს ქანდაკი უბოძა იმისთვის, რომ მეფემ პატივით მიიღო და თავისი ასული ქალკიოპე მიათხოვა.

აიეტმა უცხოელები დაინდო, როგორც სტუმრები, თუმცა იაზონს შეუძლებელი საქმე დააკისრა: ნახევარ დღეში ოთხი ქცევა ხოდაბუნის გადახვნა სპილენძისჩლიქებიანი ხარებით, მერე დრაკონის კბილების დათესვა და მიწის შობილ ბუმბერაზთა დახოცვა, ამ ბუმბერაზებს სპარტები ერქვათ. თვითონ ამ ყველაფერს აიეტი იოლად აკეთებდა. იაზონმა მედეას დახმარებით შეძლო ამ გმირობათა აღსრულება, დრაკონის ჩაძინება თუ მოკვლა და მედეას არგოთი გატაცება. გამძვინვარებულმა აიეტმა ფლოტი დაადევნა თავისი შვილის, აფსირტეს წინამძღოლობით. ბერძნებმა მდევარს გაჭირვებით დააღწიეს თავი, მედეას დახმარებით მოკლეს აფსირტე და წავიდნენ.

მითის ერთი ვერსიით, აიეტმა სანაპიროზე მიუსწრო და შეება არგონავტებს, მოკლა გმირი იფიტე, თავად კი მილიაგრეს ხელით მოკვდა. ეს ვერსია არაა პოპულარული.

დასავლეთში "აიეტი" ბერძენთა ცნობით, ფასიანთა ანუ კოლხთა სახელი ყოფილა. (ქსენოფონტე 5, 6 36 - 37; სტრაბონი 1, 2 33). ნ. აკაკი ურუშ. ცნობები.


აიეტი


უნდა ვივარაუდოთ, რომ აიეტი ისტორიული პიროვნებაა, რომელიც პოეტებმა და ისტორიკოსებმა მითურ სამოსელში გახვიეს. აპოლონიოსის პოემაშიც იოლად შეიცნობა ისტორიული სინამდვილის დეტალები. აიეტის სასახლეს ვაზის ლერწები ეხვევა, ეზოში ღვინისა და ანკარა წყლის შადრევნებია, კოლხები მეომარი და ამაყი ხალხია, მიცვალებულებს ხეზე ჰკიდებენ (ეს წესი აღნუსხულია აფხაზეთსა და სხვ.) მთელ კოლხეთში უხვადაა რკინა, ფოლადი და ბრინჯაო, რაც სრულიად ბუნებრივია იმ ხალხისათვის, რომელმაც მსოფლიოს მისცა რკინა. კოლხთა ტომი - ხალიბები, ქმნიან პირველ მაღაროებს და რკინის სადნობ ღუმელს, ბერძნებმა სწორედ მათ სახელზე რკინას "ხალიბიკოს" უწოდეს (არისტ.).

საქართველოში შემორჩენილია სოფლის სახელი "ხალიბაური", კოლხებს აქვთ დიდი ფლოტი და სხვა მრავალი. ცხადია, მთელ ამ ძლიერ სამეფოს, სადაც განსახლებულნი იყვნენ უამრავი და მრავალრიცხოვანი კოლხური ტომები, განსახლებულნი დღევანდელი ჩერქეზეთიდან ტრაპიზონს ბევრად იქით, არაერთი მეფე განაგებდა, მაგრამ ბერძნებმა, რომელთაც კრეტის ყველა ამბავი მინოსს მიაწერეს, კოლხეთშიც შემოგვინახეს ერთი ძლიერი სახე - აიეტი, მზის ღმერთის ამაყი შვილი, რომელიც ძმად და ტოლად მიაჩნდათ.


მითის უკან საგულისხმო ისტორია იფარება. მრავალთა შორის ეს ფაქტიც მეტყველებს არა მარტო კოლხთა და კოლხურ ტომთა - ლაზთა, ქართველთა ეროვნულ თავმოყვარეობაზე, არამედ ისტორიულ სინამდვილეზეც და იმ დამსახურებაზეც, რაც მათ კაცობრიობის წინაშე მიუძღვით, თუნდაც რკინისა და ფოლადის წარმოების აღმოჩენით (ამ პატივის მიწერა რომელიმე სხვა ხალხზე მხოლოდ საქმეში ჩაუხედაობასა და ისტორიის გაყალბების მცდელობაზე მეტყველებს).


აიეტი


მითში ძალზე საგულისხმოდ მიგვაჩნია ხარის კულტის ელემენტები. აიეტს ცეცხლისმფრქვეველი და სპილენძისფეხებიანი ხარები ჰყავს, რაც მიწისა და ლითონთა ცეცხლისა და მზის სიმბოლიკად გვესახება. მისი და - პასიფეა კუნძულ კრეტაზე ღვთიურ ხართანაა დაკავშირებული, რომლისგანაც ის შობს მინოტავრს. მინოტავრს პირდაპირ კოლხური წარმომავლობა აქვს. აქაც ჩანს, რომ ხარის კულტი ძალიან ახლოს უკავშირდება კოლხეთს. ხარის კულტი ცნობილია ძველ ეგვიპტეშიც (ჰეროდოტე კოლხებს ეგვიპტელებად თვლიდა), აგრეთვე შუმერებშიც (ოქროს ხარის თავი, შუმერული ხელოვნების შედევრი, ოქროსრქიანი ხარი უძველეს სვანურ ჰიმნში და სხვ.) ეს მითოლოგიური და ისტორიული თანხვედრები მეტყველებენ ცივილიზებულ ხალხთა უძველეს, კრონოსისჟამინდელ კავშირსა და ნათესაობაზე (აპ. როდ. არგ., 1, 175...; 2, 403...; 3, 13...; 4, 9...)

აიეტის ჟამინდელი ტოპონიმიკა შემორჩა საქართველოს რუკას: ქალაქი ცხუმი, იგივე სოხუმი (სოფელი ცხუმარი ზემო სვანეთში ამ სახელწოდებას დღემდე ინარჩუნებს, რაც შავი ზღვის სანაპიროზე სვანთა ოდინდელ ძლიერებას მოწმობს), მზისკარი, მზიური, მზეთამზე, დილისკარი, ხალიბაური, სარკინეთი, ლოლხორი (საკრებულო) და სხვა მრავალი.


წყარო: მითოლოგიური ლექსიკონი. აკაკი გელოვანი. 1983.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


6
1311
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1311
  
2020, 27 მარტი, 1:19
Aeetes (Aeëtes) - The Great king of Colchis.

Parents: Helios alone, or Helios and Ephyra, Helios and Perseis, Helios and Antiope, Helios and Asterope.

Consort: Idyia, Asterodia, Neaera, Hecate, Clytia, Eurylyte,

Children: Medea, Chalciope, Iophossa, Absyrtus / Apsyrtus, Aegialeus, Circe.

Siblings: Circe, Pasiphae, Perses, Aloeus (They were siblings from both Father's and mother's side)

აიეტი - კოლხეთის დიდი მეფე

მშობლები: მზის ღმერთი ჰელიოსი. მის დედად სხვადასხვა ავტორთან დასახელებულია შემდეგი დედოფლები: ეფირა, პერსე, ანტიოპე და ასტეროპე.

ცოლები: იდიია, ასტეროდი, ნეერა, ჰეკატე, კლიტია და ევრილიტე.

შვილები: მედეა, ქალკიოპე, ლოფოსა, აფსირტე/აბსირტე, ეგიალევსი და კირკე.

და-ძმები: კირკე, პასიფაე, პერსე, ალევსი (ესენი ყველა დედის და მამის მხრიდანაც)
2019, 7 ნოემბერი, 12:28
ბერძნებს ეგეთი წესი ქონდათ, აბსოლუტურად ყველა ხალხს რომელსაც ხვდებოდნენ, თავისებურ სახელს არქმევდნენ და არა იმას, რასაც ეს ხალხი საკუთარ თავს ეძახდა.
2019, 7 ნოემბერი, 10:48
უსაფუძვლოდ არც ერთი ისტორია არ იქმნება,მაგრამ მე ერთი მიკვირს- კოლხებს რატომ ერქვათ ბერძნული სახელები? თუ სტილიზებულია?
2019, 7 ნოემბერი, 9:33
ვერსიებია, თორნიკე, ვერსიები... ამ ყველაფრის უკან ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ფაქტებია, თუნდაც ბიბლია ავიღოთ... პირამიდები, ჩემო ბატონო... ნასკას უდაბნო და ა.შ. მჯერა, რომ ღმერთი, როგორც ასეთი, ჩვენზე მილიონჯერ განვითარებული კოსმიური გონია, ან ცივილიზაცია, რომელიც ძალიან ყურადღებით გვაკვირდება)
2019, 7 ნოემბერი, 8:21
საქმეც მაგაშია რომ შეთხზული არაა. ნამდვილად მომხდარი ისტორიაა გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით გადმოცემული :)
2019, 6 ნოემბერი, 22:48
ამ თემებზე სტატიების კითხვისას, ყოველთვის ბავშვური კითხვა მიჩნდება ხოლმე, ვინ წერდა იმთავითვე, ვინ თხზავდა ასეთ ჩახლართულ მითებსა და ლეგენდებს, რომლებსაც დედამიწის ყველა კუთხეში შეიძლება ანალოგები, ან პროტოტიპები მოუძებნო, საოცარია პირდაპირ)
0 1 6