საზოგადოებრივი ჰომო ერექტუსი 2022, 22 აპრილი, 12:14 ჰომო ერექტუსი / ამართული ადამიანი (Homo erectus) არის არქაული ადამიანის სახეობა, რომლიდანაც წარმოდგა ადამიანების შემდგომში არსებული სახეობები, მათ შორის თანამედროვე ადამიანი (ჰომო საპიენსი). ის არქაულ ადამიანებს შორის ყველაზე დიდხანს არსებული სახეობაა, მან იარსება დაახლოებით 2 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან 108, 000 წლის წინანდელ პერიოდამდე. ადამიანთა რამდენიმე სახეობა, როგორიცაა ჰაიდელბერგელი და ჰომო ანტესესორი, რომელთაგან პირველი (homo heidelbergensis) ითვლება ნეანდერტალელების, დენისოველების და თანამედროვე ადამიანების წინაპრად, წარმოიშვა ჰომო ერექტუსის ევრაზიული პოპულაციიდან. ერექტუსი იყო საპიენსის პირველი წინაპარი, რომელიც აფრიკიდან გავრცელდა მთელ ევრაზიაში კონტინენტური დიაპაზონით, რომელიც ვრცელდებოდა იბერიის ნახევარკუნძულიდან ინდონეზიის კუნძულების ჩათვლით, მაგალითად კუნძულ იავამდე. ერექტუსის აზიური პოპულაციები ასევე შეიძლება იყოს ფლორესელი და ლუზონელი ადამიანების მოდგმა. ერექტუსის ბოლო ცნობილი პოპულაციაა სოლოელი ადამიანი იავადან, დაახლოებით 117, 000 - 108, 000 წლის წინ. ერექტუსს ჰქონდა თანამედროვე ადამიანის მსგავსი სხეული, სიარული და პროპორციები და იყო ადამიანის პირველი სახეობა, რომელსაც ჩამოუყალიბდა ბრტყელი სახე, გამოკვეთილი ცხვირი და დიდი ალბათობით, ტანის იშვიათი თმა. მიუხედავად იმისა, რომ ერექტუსის ტვინის მოცულობა საკმაოდ აღემატებოდა მასზე უფრო ადრეულ სახეობებს, მაინც მათში ტვინის მოცულობა შესამჩნევად იცვლებოდა სხვადასხვა პოპულაციების, მისი სხვადასხვა ქვესახეობის (რასის) მიხედვით, რომლებიც ევრაზიის და აფრიკის სხვადასხვა რეგიონებში იყვნენ განსახლებულები და ჩამოყალიბებულები. როგორც ჩანს ამ ადამიანებში ტვინის ზრდა-განვითარება უფრო ადრეულ ასაკში ჩერდებოდა, ვიდრე თანამედროვე ადამიანებში, რაც შედარებით უარყოფითად აისახებოდა შემდგომ კოგნიტურ შესაძლებლობებზე, აზროვნების დონეზე. ჰომო ერექტუსი იყო კვებითი ჯაჭვის მწვერვალზე მყოფი მტაცებელი (ისევე, როგორც თანამედროვე ადამიანი). ის ნადირობდა საშუალო და მსხვილ ცხოველებზე, როგორიცაა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, სპილო და სხვ. განვითარებული ჰქონდა მტაცებლური ქცევა და სოციალური სტრუქტურა და ჯგუფურად ნადირობის შესაძლებლობა, როგორც მგლებს. ჰომო ერექტუსი ასოცირდება აშელის ქვის იარაღების მრეწველობასთან. ასევე ვარაუდობენ, რომ ის იყო თანამედროვე ადამიანის უძველესი წინაპარი, რომელსაც ცეცხლის გამოყენება შეეძლო, ასევე შეეძლო როგორც უკვე აღვნიშნეთ ჯგუფური ნადირობა, გაერთიანება პირველყოფილ სოციალურ ჯგუფებად, ახასიათებდათ თავიანთი ჯგუფის დაშავებულ ან დაუძლურებულ წევრებზე ზრუნვა, იცოდნენ მეზღვაურობა და ქმნიდნენ პრიმიტიულ ხელოვნებასაც. ერექტუსი მამაკაცები და ქალები თითქმის ერთნაირი ზომის იყვნენ, როგორც თანამედროვე ადამიანები, ანუ გამოვლენილი იყო შემცირებული სქესობრივი დიმორფიზმი, რაც შეიძლება მიუთითებდეს მონოგამიაზე - პრიმატებში გამოვლენილი ზოგადი ტენდეციების შესაბამისად. მიუხედავად ამისა ზომა ფართოდ მერყეობდა 146-დან 185 სმ-მდე სიმაღლეში, ხოლო წონაში 40-დან 68 კგ-მდე. დაუდასტურებელია ჰქონდა თუ არა ჰომო ერექტუსს ანატომიურად მეტყველების უნარი, თუმცა სავარაუდოა, რომ ისინი საუბრობდნენ მრავალგვარ პრიმიტიულ პროტო-ენაზე დედამიწის სხვადასხვა რეგიონში და სხვადასხვა დროს. ინგლისელი ევოლუციური ნატურალისტის ჩარლზ დარვინის ვარაუდის მიუხედავად, რომ ადამიანი აფრიკაში ჩამოყალიბდა (ეს ჰიპოთეზა მან გამოთქვა 1871 წელს თავის წიგნში "ადამიანის წარმოშობა"), მაინც მე-20 საუკუნის მეცნიერთა უმეტესობა ამტკიცებდა, რომ აზია იყო კაცობრიობის დაბადების ადგილი. გერმანელი ნატურალისტი ერნსტ ჰეკელი ამტკიცებდა, რომ პირველი ადამიანის სახეობა წარმოიშვა ახლა უკვე უარყოფილ ჰიპოთეტურ კონტინენტ ლემურიაზე. ამის შემდეგ ჰოლანდიელმა მეცნიერმა ეჟენ დიუბუამ 1891 წელს კუნძულ იავაზე აღმოაჩინა ერთ-ერთი უძველესი ადამიანის თავის ქალა, ხოლო მომდევნო წელს ბარძაყის ძვალი. ამ სახეობას მოგვიანებით იაველი ადამიანი (Java Man) ეწოდა. ამ ნამარხების მნიშვნელობა ვერ იქნა გაცნობიერებული მანამ, სანამ 1927 წელს კანადელმა ანთროპოლოგმა დევიდსონ ბლექმა ე.წ. "პეკინელი ადამიანი", იგივე სინანთროპი არ აღმოჩინა ჩინეთში, პეკინის მახლობლად. ამის შემდეგ ის ლობირებდა აშშ-ში რომ გამოყოფილიყო დაფინანსება ამ ადგილას მეტი არქეოლოგიური კვლევის ჩასატარებლად და მართლაც, ეს ადგილი გახდა ყველაზე პროდუქტიული ადგილი ჰომო ერექტუსის ნარჩენების შესწავლისთვის მთელ მსოფლიოში. იავაზე გაგრძელებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა 1931 წელს ახალი ქვესახეობა გამოავლინა - სოლოელი ადამიანი. იავაზე სანგირანში აღმოაჩინეს 1937 წელს კარგად შემონახული იაველი ადამიანის თავის ქალა, რომელიც დეტალურად აღწერა ფრანც ვეიდენრაიხმა თავის რამდენიმე მონოგრაფიაში. სამწუხაროდ ამ თავის ქალას ორიგინალი ნიმუში დაიკარგა ჩინეთ-იაპონიის მეორე ომის დროს მას შემდეგ, რაც ცდილობდნენ ისინი კონტრაბანდულად გაეტანათ ჩინეთიდან. იაველი და პეკინელი ადამიანების მსგავსების გამო, ორივე მათგანი ერთ სახეობად მოიაზრა ერნსტ მაირმა და 1950 წელს უწოდა მათ ჰომო ერექტუსი, რაც ნიშნავს ამართულ ადამიანს, იმის აღსანიშნავად, რომ ეს ადამიანები ორ ფეხზე უკვე გამართულად დადიოდნენ. მე-20 საუკუნის განმავლობაში არ შემწყდარა კამათი ანთროპოლოგებს შორის ჰომო ერექტუსის როლის შესახებ ადამიანის ევოლუციაში. XX საუკუნის დასაწყისში იავასა და ჟოკუდიანის (ჟოუკოუდიანის) აღმოჩენების გამო სამეცნიერო სივრცეში მყარად იყო განმტკიცებული აზრი, რომ თანამედროვე ადამიანები აზიაში ჩამოყალიბდნენ. რამდენიმე ნატურალისტი და მათ შორის ყველაზე გამორჩეული, ჩარლზ დარვინი ამტკიცებდა, რომ ადამიანთა პირველი წინაპრები აფრიკაში უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ, ვინაიდან შიმპანზეები და გორილები - ადამიანის უახლოესი ნათესავები ცოცხალ არსებათა შორის, მხოლოდ აფრიკაში ბინადრობენ. 1949 წელს ჰომო ერექტუსის ნარჩენები ნაპოვნი იქნა აფრიკაშიც. პირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სვარტკრაანსის გამოქვაბულში, სამხრეთ აფრიკელი პალეონანთროპოლოგების რობერტ ბრუმისა და ჯონ ტალბოტ რობინსონის მიერ, რომლებმაც თავდაპირველად ის აღწერეს, როგორც "Telanthropus capensis". ადამიანთა ნამარხები ამოვიდა ასევე ახლომდებარე სხვა გამოქვაბულებიდანაც, მაგრამ დავა მათი კლასიფიკაციისთვის მწვავედ გრძელდებოდა. მალევე ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზეც აღმოაჩინეს ჰომო ერექტუსის ნაშთები, რომლებიც თავდაპირველად სახელდებული იქნა, როგორც "Atlantanthropus mauritanicus" 1951 წელს. ამის შემდეგ, რიჩარდ ლოკის მიერ კიდევ მოხდა აღმოჩენა ერექტუსების ნამარხების ამჯერად უკვე აღმოსავლეთ აფრიკაში, კენიაში, ძირითადად კუბი ფორას არქეოლოგიურ ადგილზე და ასევე ტანზანიაში, ოლდუვაის ხეობაში. ევროპის მასშტაბით აღმოჩენილი ადამიანის არქაული ნამარხები ადრე მიიჩნეოდა ჰომო ერექტუსად, თუმცა გადაკლასიფიცირდა და ეწოდა ჰომო ჰაიდელბერგელი ბრიტანელი ფიზიკური ანთროპოლოგის, კრის სტრინგერის მუშაობის შედეგად. ვარაუდობენ, რომ ჰომო ერექტუსი წარმოიშვა ჰომო ჰაბილისისგან 2 მილიონი წლის წინ. ზოგიერთი ამას ეჭვქვეშ აყენებს, ვინაიდან ისინი თანაარსებობდნენ მინიმუმ ნახევარი მილიონი წლის განმავლობაში, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ჰომო ჰაბილისის რომელიმე ჯგუფი აღმოჩნდა რეპროდუქციულად იზოლირებული დიდი ხნის განმავლობაში (აღარ ხდებოდა მათი შერევა დანარჩენ ჯგუფებთან) და მხოლოდ ჰაბილისთა ამ ჯგუფიდან ჩამოყალიბდა ახალი სახეობა - ჰომო ერექტუსი. იმის გამო, რომ ჰომო ერექტუსის ყველაზე ადრეული ნაშთები ნაპოვნია, როგორც აფრიკაში (2 მილიონი წლის წინანდელი), საქართველოში (1, 85 მილიონი წლის წინ) და აღმოსავლეთ აზიაში, (მაგალითად ჩინეთში მათგან გაკეთებული ქვის იარაღები დათარიღებულია 2.1 მილიონი წლით) ვარაუდობენ მისი ჩამოყალიბების და გავრცელების ორ ვარიანტს - აფრიკას ან აზიას. 2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სწორედ ჰომო ჰაბილისმა მიაღწია დასავლეთ აზიას აფრიკიდან, რომ ადრეული ჰომო ერექტუსი განვითარდა იქ (ჰომო გეორგიკუსი), შემდეგ გავრცელდა დასავლეთ აზიიდან აღმოსავლეთ აზიაში (პეკინელი ადამიანი), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (იაველი ადამიანი), შემდეგ აღმოსავლეთ აზიიდან ან დასავლეთ აზიიდან გადავიდა აფრიკის კონტინენტზე (ჰომო ერგასტერი), ევროპაში (ტაუტაველი ადამიანი). საბოლოო ჯამში ისინი ჰომო საპიენსად ჩამოყალიბდნენ აფრიკაში (Fering, Oms, Agusti, Shelia, Nioradze 2011; Augusti, Lordkipanidze 2011). სხვები ვარაუდობენ, რომ ერექტუსიც და ერგასტერიც ჩამოყალიბდნენ აფრიკაში (ჰომო ჰაბილისისგან) და იქიდან გავრცელდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევრაზიაში. (Rightmire 1998; Asfaw, Gilbert 2002). ჰომო ერექტუსმა მიაღწია დასავლეთ ჩინეთს 2.1 მილიონი წლის წინ, შანგჩენში აღმოჩენილია სწორედ ამ პერიოდის ქვის იარაღები, რაც აფრიკის გარეთ უძველესი არქეოლოგიური ადგილია, სადაც დასტურდება პირველყოფილი ადამიანის აქტივობა. ასევე ჩინეთში მეორე უძველესი ასეთი ადგილი არის ჟუკუდიანი, სადაც 780 ათასი წლის წინანდელი პერიოდიდან სახლობდნენ ერექტუსები. კუნძულ იავას, ერექტუსებმა უკვე 1.6 მილიონი წლის წინ მიაღწიეს, ეს ირკვევა სანგირანის არქეოლოგიური აღმოჩენებით, იქ გავრცელებული ერექტუსები თავისი მახასიათებლებით ჰგვანან ბაზალურ, წინაპარ დასავლურ ერექტუსებს თავისი ერექტუსისა და ჰაბილისის ნიშანთვისებების ნაზავით, თუმცა მოგვიანებით სანგირანის ჰომინიდების კბილები უკვე ემსგავსება ჟუკუდიანის ერექტუსებს, ვინაიდან კბილები შესამჩნევად მოკლე, უფრო მომცრო ხდება ზომაში ეს კი შეიძლება მეტყველებდეს კუნძულ იავას მეორად კოლონიზაციაზე ჟუკუდიანელი ერექტუსების ან მათი მონათესავე პოპულაციის მიერ. ჰომო ერექტუსის ქვესახეობებია: ჰომო ერექტუს გეორგიკუსი (Homo erectus georgicus) - 1.85 - 1.77 მილიონი წლის წინ. ჰომო ერექტუს ერგასტერი (Homo erectus ergaster) - 1.9 - 0.7 მილიონი წლის წინ. ჰომო ერექტუს ერექტუსი / იაველი ერექტუსი (Homo erectus erectus) - 1.0 - 0.7 მილიონი წლის წინ. ლანტიელი ჰომო ერექტუსი (Homo erectus lantianensis) - 1.65 მილიონი - 684 ათასი წლის წინ. ნანკინელი ჰომო ერექტუსი (Homo erectus nankinensis) - 618-578 ათასი წლის წინ. პეკინელი ჰომო ერექტუსი (Homo erectus pekinensis) - 800-230 ათასი წლის წინ. სოლოელი ჰომო ერექტუსი (Homo erectus soloensis) - 117-108 ათასი წლის წინ. ტაუტეველი ჰომო ერექტუსი (Homo erectus tautavelensis) - 550-400 წლის წინ. იუანმოუელი ჰომო ერექტუსი (Homo erectus yuanmouensis) - 1.7 მილიონი წლის წინ. "ვუშანელი ადამიანი" შემოთავაზებული იყო, რომ მიჩნეულიყო ვუშანელ ჰომო ერექტუსად, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს ნამარხი წარმოადგენს გადაშენებული არაჰომინინი მაიმუნის გაქვავებულ ფრაგმენტებს. 1893 წელს იაველი ერექტუსის აღმოჩენის შემდეგ შეინიშნება ჰომოს შემოთავაზეული სახეობების რაოდენობის შემცირების ტენდენცია, რომლის შედეგადაც ჰომო ერექტუსად, როგორც ერთ სახეობად მიიჩნევა ყველა ის ადამიანთა მოდგმა, რომელიც შთამომავალია ჰომო ჰაბილისის, ცხოვრობდა ქვედა პალეოლითში და განსხვავდება ადრეული ჰომო ჰაიდელბერგელისგან. ყველა ასეთი მოდგმა ითვლება, რომ მიეკუთვნება ერთ დიდ პოლიმორფულ სახეობას - ჰომო ერექტუსს და თავად ისინი (ლანტიელი, ნანკინელი, პეკინელი, სოლოელი) ამ სახეობის (ერექტუსის) ქვესახეობებს (რასებს) წარმოადგენენ. ვარიაციის ასეთი ფართო სპექტრის გამო, ვარაუდობენ, რომ უძველესი ჰომო რუდოლფენსისი და ჰომო ჰაბილისიც უნდა ჩაითვალოს ჰომო ერექტუსის ადრეულ ჯიშებად. პრიმიტიულ ჰომო გეორგიკუსს გააჩნია თავის ტვინის ყველაზე მცირე მოცულობა ერექტუსის აღმოჩენილ ქვესახეობებს შორის და საერთოდ, პლეისტოცენის ყველა ცნობილ ჰომინინთან შედარებით (დაახ. 600 სმ3) და მისი მიჩნევა ერექტუსად, მნიშვნელოვნად გააფართოვებს ჰომო ერექტუსის ვარიაციის დიაპაზონს და შესაძლოა ამის შემდგომ ჰომო ერექტუსად მოვიხსენიოთ ისეთი სახეობები, როგორიცაა რუდოლფელი, გაუტენგელი, ერგასტერი და შესაძლოა ჰაბილისიც. თუმცა 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ გეორგიკუსი წარმოადგენს ჰომოს (ადამიანის) უფრო ადრინდელ, მეტად პრიმიტიულ სახეობას, რომელიც ჩამოყალიბდა აფრიკიდან ევრაზიაში ადამიანთა უფრო ადრეულად გავრცელებული ჰომინინების ჯგუფიდან, ხოლო ერგასტერი და ერექტუსი შესაძლოა მომდინარეობდეს აფრიკიდან ევრაზიაში მოგვიანებით გავრცელებული ჯგუფიდან. გეორგიკუსი ზოგჯერ არც განიხილება, როგორც ერექტუსი. სამეცნიერო სივრცეში კამათობენ იმაზე ერგასტერი არის თუ არა ცალკე სახეობა (და ერექტუსი ხომ არ ჩამოყალიბდა აზიაში და შემდეგ გავრცელდა აფრიკაში), თუ ერგასტერი არის ჰომო ერექტუსის აფრიკული ქვესახეობა. ვინც ემხრობა იმ აზრს, რომ ერგასტერი არის ერექტუსის აფრიკული ქვესახეობა, ემხრობა იმ მოსაზრებასაც, რომ ერგასტერი არის ერექტუსის უშუალო წინაპარი. ერექტუსის პოპულაციები საბოლოო ჯამში, ერექტუსისგანვე წარმოშობილმა ახალმა სახეობამ, ჰაიდელბერგელებმა (და აფრიკაში როდეზიელებმა) ჩაანაცვლეს ევრაზიასა აფრიკაში 300, 000 წლის წინანდელი პერიოდიდან. ერექტუსის ბოლო პოპულაციები კუნძულ იავაზე შემორჩა 108 ათასი წლის წინანდელ პერიოდამდე. ჰომო ერექტუსი ჰომოს ყველაზე ხანგრძლივად - 2 მილიონი წლის განმავლობაში არსებული სახეობაა (2.1 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან 108 ათასი წლის წინანდელ პერიოდამდე). შედარებისთვის, მისი შთამომავალი ჰომო საპიენსი პირველად გაჩნდა დედამიწაზე დაახლოებით 320 ათასი წლის წინ. ბევრ არქაულ ადამიანთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს კონსენსუსი სამეცნიერო სამყაროში იმის შესახებ თუ რომელს მიაკუთვნონ ისინი, ერექტუსებს, საპიენებს თუ კიდევ სხვა რომელიმე სახეობას. მაგალითად: აფრიკელ ჰომო ერექტუსად მიჩნევის კანდიდატებია: ჰომო ერგასტერი და ჰომო ნალედი. ევრაზიელ ჰომო ერექტუსად მიჩნევის კანდიდატებია: ჰომო ანტესესორი, ჰაიდელბერგელები და კეპრანელები. ცალკე დგანან ფლორესელები. ხოლო ჰომო საპიენსად მიჩნევის კანდიდატებია: ნეანდერტალელები, დენისოველები, როდეზიელები, ჰაიდელბერგელები, ჰომო საპიენს იდალტუ და ნარმადელი ადამიანები. კუნძულ იავაზე აღმოჩენილი მეგანთროპის ნამარხები, რომელიც დათარიღდა 1.4-0.9 მილიონი წლით, თავიდან სავარაუდოდ მიჩნეული იყო ერექტუსის ქვესახეობად, მაგრამ შემდგომმა კვლევებმა აჩვენა რომ ის არ მიეკუთვნება ჰომოს გვარს (ადამიანებს) და მაგალითად ზანოლი (Zanolli et al. 2019) მოიხსენიებს მას, როგორც მაიმუნების გადაშენებულ ცალკეულ გვარს. ჰომო ერექტუსს ადრინდელ ჰომინინებთან შედარებით ბრტყელი სახე ჰქონდა, გამოხატული წარბის ქედი, დაბალი, ბრტყელი თავის ქალა. ერექტუსი იყო ადამიანის პირველი სახეობა, რომელსაც გააჩნდა გამოკვეთილი, ამოწეული ცხვირი, რომელიც წარმოიშვა მშრალი ჰაერის სუნთქვის საპასუხოდ. ტენიანობის შესანარჩუნებლად. ასევე ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლუსია ჯეიკობსმა გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ პროექციული, გამოკვეთილი ცხვირი საშუალებას იძლეოდა ადამიანებს განესხვავებინათ მიმათულება, თუ საიდან მოდიოდა სხვადასხვა სუნი (სტერეო ყნოსვა), რაც ხელს უწყობდა ნავიგაციას შორ მანძილებზე მიგრაციის დროს. აზიური ჰომო ერექტუსის ტვინის საშუალო ზომა არის 1000 კუბური სანტიმეტრი (სმ3), თუმცა საგრძნობლად უფრო მცირე ზომის ნიმუშები აღმოჩნდა საქართველოში, დმანისში, გეორგიკუსების ტვინის საშუალო მოცულობა იყო 600 სმ3. ასეთივე მცირე ზომის ტვინის მქონე ერექტუსები აღმოჩენილია კენიაში (კუბი ფორა და ოლორგესაილი) და ეთიოპიაში (გონა). საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ერექტუსის ტვინის ზომა მერყეობდა 546-დან 1251 კუბურ სანტიმეტრამდე, რაც უფრო მეტია ვიდრე თანამედროვე ადამიანების და შიმპანზეების ვარიაციის დიაპაზონი. შედარებისთვის, თანამედროვე მამაკაცების თავის ტვინის მოცულობა საშუალოდ არის 1270, ქალების კი - 1130 სმ3. 2021 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით "ადამიანის ტვინის ზომის პოპულაციათაშორისი ცვალებადობა: ჰომინინების შემეცნებითი ფილოგენეზის შედეგები" ავტორები გარი კლარკი და მატიაშ ჰენებერგი აცხადებენ, რომ აზიური ჰომო ერექტუსის ტვინის ზომა ბოლო 600 ათასი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად ემთხვევა თანამედროვე ადამიანთა ტვინის ზომებს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დღევანდელ დღეს მცხოვრები ადამიანების ზოგიერთი პოპულაცია, რომლებიც გამოირჩევიან თანამედროვე სტანდარტებთან შედარებით მცირე ზომის ტვინით (მაგალითად აფრიკის, ავსტრალია-ოკეანეთის და სხვა კონტინენტების და კუნძულების მრავალი ტომი და ეთნოსი), უფრო მეტ კავშირსაც კი ავლენენ ჰომო ერექტუსებთან, ვიდრე დღევანდელ დღეს მცხოვრებ ისეთ თანამედროვე პოპულაციებთან, როგორიცაა მაგალითად ევროპის ქვეყნები. აღსანიშნავია, რომ ადამიანთა თანამედროვე პოპულაციებიდან უამრავს არ განუცდია ჰომო ერექტუსთან შედარებით ტვინის ზომის რაიმე შესამჩნევი ზრდა. ეს ზრდა შესამჩნევად მხოლოდ ევროპელებშია (კავკასოიდებშია) დაფიქსირებული. ასე რომ თანამედროვე ადამიანების ტვინის მოცულობის ზედა ზღვარი ჰომო ერექტუსებთან შედარებით გაიზარდა ევროპული პოპულაციის ტვინის ზრდის ხარჯზე და არა დანარჩენი კაცობრიობის უდიდესი ნაწილის. შესაბამისად, ავტორები ამტკიცებენ, რომ ტვინის ზომის მსგავსებიდან გამომდინარე, აზიური ჰომო ერექტუსი ხელახლა უნდა იქნას კლასიფიცირებული, როგორც ჰომო საპიენსის ქვესახეობა, ანუ სოლოელი თანამედროვე ადამიანი (Homo sapiens soloensis), როგორც ეს ადრინელი ავტორებისგანვე იყო შემოთავაზებული. ("Interpopulation variation in human brain size: implication for hominin cognitive phylogeny". Gray Clark, Maciej Henneberg, 2021). სტომატოლოგიურად, ჰომო ერექტუსს აქვს ყველაზე თხელი კბილის მინანქარი პლიო-პლეისტოცენურ ჰომინინებს შორის. მინანქარი ხელს უშლის კბილის გაფუჭებას, დაზიანების მაგარი საკვებით. ერექტუსის და ყველა ადრეული ჰომოს ქვედა ყბის ძვალი უფრო სქელი იყო, ვიდრე თანამედროვე ადამიანების და ყველა თანამედროვე მაიმუნის. მიუხედავად ამისა, ჰომო ერექტუსის ქვედა ყბის ძვალი უფრო თხელია, ვიდრე სხვა ადრეული ჰომოს სახეობების თუ ქვესახეობების. ჰომო ერექტუსის სხვადასხვა ქვესახეობის ზომები მერყეობდა, ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებოდა, სიმაღლით საშუალოდ 146-დან 185 სანტიმეტრამდე იყვნენ, წონით 40-დან 68 კგ-მდე. თანამედროვე ადამიანებისა და დიდი მაიმუნებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს ერექტუსებში არ იყო დიდი განსხვავება ზომების მიხედვით მამაკაცებსა და ქალებს შორის ანუ ერექტუსებში ნაკლებად აღინიშნებოდა ზომის სპეციფიკური სქესობრივი დიმორფიზმი. ორი ზრდასრული ერექტუსის ტვინის ზომა კობი ფორადან, იყო 848 და 804 სმ3 და კიდევ ერთი ზრდასრული, რომელსაც ჰქონდა 691 სმ3. ეს ყველაფერი შესაძლოა მაინც მიუთითებს სქესობრივ დიმორფიზმზე ერექტუსების ზოგიერთ პოპულაციაში. თუ საბოლოოდ გაირკვევა, რომ ერექტუსი ნამდვილად არ ამჟღავნებდა სქესობრივ დიმორფიზმს, მაშინ ის იქნება ადამიანების პირველი სახეობა ან ქვესახეობა, რომელშიც ეს აღინიშნა და თუ ეს ასეა, მაშინ ერექტუსის პოპულაციაში მსოფლიოში ადგილი ჰქონდა ქალების საშუალო სიმაღლის არსებით და უეცარ ზრდას იმიტომ, რომ ერექტუსამდელ ადამიანებში სქესობრივი დიმორფიზმი ყველგან აღინიშნებოდა და მამაკაცები ქალებზე დიდები იყვნენ სიმაღლით, წონით, კუნთოვანი მასით და ტვინის ზომით. ჰომო ერექტუსს ჰქონდა კიდურების თანამედროვე ადამიანის თითქმის იდენტური აგებულება და პროპორციები. მოძრაობდა და დადიოდა სრულად თანამედროვე ადამიანის მსგავსად. მხრებიც საპიენსის მსგავსი ჰქონდა და ნივთების დიდი სიჩქარით სროლის უნარი ჰქონდა საკმაოდ დიდ მანძილზე. რაც შეეხება სხეულის თმას, დიდწილად დაუზუსტებელია როდის დაკარგეს ადამიანებმა ის. გენეტიკური ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ მელანოკორტინ 1-ის რეცეპტორების მაღალი აქტივობა, რამაც გამოიწვია ადამიანის კანის გამუქება (მაგალითად ნეგროიდებში) თარიღდება 1.2 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან. ეს კი დიდი ალბათობით მიუთითებს ტანზე თმების გაცვენაზე, სწორედ ამ დროიდან, ვინაიდან უთმობა ადამიანის კანს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ აქცევს, რამაც მრავალი დაავადება და შთამომავლობის დატოვების გარეშე ადრეული სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს ისეთ ინდივიდებში, რომლების სხეულიც ვერ შეეგუებოდნენ ამ ცვლილებას და ტანის თმის გაცვენის კომპენსირებას და ახალ გარემოსთან ადაპტირებას კანის გამუქებით ვერ მოახდენდნენ. დიდია ალბათობა, რომ ღია კანი მხოლოდ პლეისტოცენში გახდა არა-ადაპტაციური, ანუ ღია კანმა დაიწყო დედამიწის მაშინდელ მოსახლეობაში გამუქება, ვინაიდან სწორედ ამ დროიდან დედამიწის მზარდი დახრილობა (რაც ასევე იწვევდა გამყინვარების პერიოდს) ზრდიდა დედამიწის ზედაპირის მზისგან წამოსულ რადიაცულ დაბომბვას. აქედან მკვლევართა ნაწილი (Giligan 2010) ვარაუდობს, რომ უთმობა პირველად გაჩნდა ჯერ კიდევ ავსტრალოპითეკებში. ამის მიუხედავად, ეს არ ითვლება დამაჯერებლად, ვინაიდან როგორც ჩანს, ავსტრალოპითეკები ცხოვრობდნენ ბევრად უფრო მაღალ, გაცილებით ცივ გეოგრაფიულ არეალებში აფრიკაში, ზღვის დონიდან 1000-1600 მეტრ სიმაღლეზე, სადაც ღამის ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 10-დან 5 ცელსიუსამდე. ასე რომ მათ ტანის თმა სჭირდებოდათ გადაცივების და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. სხვა მდგომარეობა იყო ჰომოს (ადამიანის გვარის) შემთხვევაში, რომელიც ცხოვრობდა უკვე ზღვის დონიდან უფრო დაბალ და თბილ გარემოში. უფრო მაღალ განედებში პოპულაციებმა განივითარეს უფრო ღია კანი რომ თავიდან აერიდებინათ D ვიტამინის დეფიციტი. როგორი იყო ჰომო ერექტუსების სოციალური ცხოვრება? ამ კითხვაზე საპასუხოდ ბევრი ხელმოსაჭიდი არაფერი გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ვიმსჯელოთ კენიაში, ილერეტში 4 ერთმანეთთან ახლომდებარე ადგილას ჰომო ერექტუსის ჯგუფის მიერ დატოვებული ფეხის ნაკვალევით, რომელიც სულ 97-ია და დათარიღებულია 1.5 მილიონი წლის წინანდელი პერიოდით. ეს კვალი დატოვა ერთმა ჯგუფმა, რომელიც დაახლოებით 20 ადამიანისგან შედგებოდა და ყოველი მათგანი მამაკაცები იყვნენ, რაც იმაზე შეიძლება მიუთითებდეს რომ ისინი იყვნენ სპეციალიზებული სამუშაო ჯგუფი, მაგალითად გამოსულები ერთობლივად სანადიროდ ან სხვა სახის საკვების მოსაძებნად, შესაძლოა თავიანთი ტერიტორიის დასაცავად და სამეთვალყურეოდაც. ეს კი მიუთითებს შრომის სქესთაშორის დანაწილებაზეც. იმის გამო, რომ ერექტუს ბავშვებს ტვინის უფრო სწრაფი ზრდის ტემპი ჰქონდათ, უფრო მალე ხდებოდნენ დამოუკიდებლად მცხოვრებლები და დედა-შვილური მზრუნველობა აღზრდის პროცესში მალე წყდებოდა მშობელსა და შვილს შორის, თანამედროვე ადამიანებისგან განსხვავებით. იმის გამო, რომ ერექტუსი მამაკაცები და ქალები დაახლოებით თანაბარი ზომის იყვნენ, სხვა დიდ მაიმუნებთან და თანამედროვე ადამიანებთან შედარებით, ვარაუდობენ, რომ ზოგადად ისინი ცხოვრობდნენ უმეტესად მონოგამიური ცხოვრების წესით, ვინაიდან შემცირებული სქესობრივი დიმორფიზმი (ქალსა და კაცს შორის სხვაობა) ისეთ პრიმატთან ჯგუფებში აღინიშნება, სადაც მეტად მონოგამიური შეჯვარების სისტემით ცხოვრობენ. ეს ზომების და ფიზიკური ძალის დაახლოება შესაძლოა გულისხმობდეს ასევე ქალის ქცევის გარკვეულ ცვლილებებსაც, რაც ართულებს მამაკაცისგან ჰარემის (ბევრი სქესობრივი პარტნიორის) შენარჩუნებას. რით იკვებებოდნენ ჰომო ერექტუსები? ზოგადად, ტვინის ზომის ზრდა პირდაპირ კავშირშია მეტად მაღალკალორიულ კვებასთან, თუმცა ეს ასევე შესაძლებელია სახეობის ორგანიზმში შემცირდეს ნაწლავების სიგრძე და ეს ენერგოდამზოგველი იქნება ორგანიზმისთვის, რომ მეტი ენერგია მოხმარდეს ტვინს. ერექტუსში ნაწლავთა საერთო ზომის ამგვარი კლება აღინიშნა. დიდი მაიმუნების ნაწლავები უმეტესად წარმოქმნის ცხიმებს მცენარეული საკვების დუღილით, ხოლო ერექტუსი მცენარეული ნაცვლად იღებდა მეტ ცხოველურ ცხიმებს, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზმს რომ მეტი ენერგია გადაიტანოს ტვინის მოსამარაგებლად. ეს ირიბად, გაზრდიდა ტვინის ზომას მრავალ თაობაში. ჰომო ერექტუსი იყო ასევე პირველი სახეობა, რომელმაც ნადირობა და საკვების შემგროვებლობის სტრატეგია გამოიყენა ხორცზე მზარდი დამოკიდებულების საპასუხოდ. გუნდური მუშაობა, შრომის დანაწილება და შემდეგ მოპოვებული საკვების ერთმანეთისთვის განაწილება დიდ ჯგუფებში, მონადირე-შემგროვებლობა იყო განსხვავებული და მეტად წარმატებული საარსებო სტრატეგია, ვიდრე ერექტუსამდელ ადამიანებს ან ავსტრალოპითეკებს ჰქონდათ. ერექტუსები ხშირად იკვებებოდნენ დიდი და საშუალო ზომის ცხოველთა ხორცით, მათი მსხვერპლი ხშირად ხდებოდა სპილო, მარტორქა, ჰიპოპოტამი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი და სხვ. ზოგჯერ ხდებოდა ნანადირების დიდხანს შენახვაც მისი გამოშრობის, დავიჩინების ტექნიკით. ერექტუსების პოპულაციების დიეტა მაინც საკმაოდ განსხვავდებოდა იმის მიხედვით თუ აფრიკისა და ევრაზიის რომელ რეგიონებში ცხოვრობდნენ. მაგალითად 780 ათასი წლის წინ ისრაელში, გეშერ ბენოტის ტერიტორიაზე მცხოვრები ერექტუსები აგროვებდნენ და მიირთმევდნენ 55 სხვადასხვა სახის ხილს და ბოსტნეულს. ასევე ისინი იყენებდნენ ცეცხლს სხვადასხვა მცენარეული მასალის შესაწვავად, მოსამზადებლად. ისინი ასევე მიირთმევდნენ ამფიბიებს, ქვეწარმავლებს, ფრინველებს, წყლის და ხმელეთის უხერხემლოებს და რა თქმა უნდა დიდ ცხოველებსაც, როგორიცაა ირემი და სპილო. სხვა ადგილას, მაგალითად აფრიკაში, კერძოდ კენიაში, ტურკანას ტბის გარშემო გავრცელებული ერექტუსი მოსახლეობა, რომელიც იქ 1.95 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან სახლობდა, ხშირად მიირთმევდა ჩვეულებრივ მსხვიფეხა რქოსან საქონელს, ჰიპოპოტამებს, მარტორქებს, წყლის არსებებს, როგორიცაა კუ, ნიანგი და ლოქო. სხვა ადგილას, მაგალითად კუნძულ იავაზე, ინდოენზიის არქიპელაგში 1.5 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან მოსახლე ჰომო ერექტუსები უფრო ხშირად მიირთმევდნენ ზღვის პროდუქტს, თევზებს და მოლუსკებს. სხვათაშორის, იაველი ერექტუსების გამრავლებასთან ერთად მალევე გადაშენდა ადგილობრივი გიგანტური კუს სახეობა მეგალოქელისი, ვინაიდან ის ნელა მოძრავი და მარტივად მოსანადირებელი ცხოველი იყო, რომლის ხორციც გემრიელი იყო და შედარებით დიდხანსაც ინახებოდა. ჰომო ერექტუსმა დაიწყო ოლდოვურ ტექნოლოგიაზე უფრო მაღალგანვითარებული, დახვეწილი სტილის ტექნიკით ქვის იარაღების წარმოება, რომელიც აშკარად საჭიროებდა დაგეგმარებას თუ როგორი უნდა ყოფილიყო და მიდგომით უნდა გაკეთებულიყო იარაღი. მათ გამოიგონეს ხელცულები, დანები, სასხლეტები უფრო ბასრი, თხელი კიდეებით. იყენებდნენ მრავალფუნქციურ იარაღებს ხორცის, ხის, საკვები მცენარეების დასამუშავებლად, ცხოველთა ტყავების დასამუშავებლად და ა.შ. 1979 წელს ამერიკელმა პალეონტოლოგმა თომას ვინმა განაცხადა, რომ აშელის ტექნოლოგია მოითხოვდა ოპერატიული ინტელექტის ქონას (წინასწარ განჭვრეტა, დაგეგმვა) და საგრძნობლად უფრო რთული იყო, ვიდრე ოლდოვანის ტექნოლოგია, რომელიც მოიცავდა არასტანდარტული ფორმის, განივი კვეთისა და სიმეტრიის ლითიკას. ამის საფუძველზე მან დაასკვნა, რომ არ არის მნიშვნელოვანი განსხვავება ჰომო ერექტუსის და თანამედროვე ადამიანების ინტელექტში და რომ ბოლო 300 ათასი წლის განმავლობაში ინტელექტის ზრდა არ ყოფილა კულტურული ევოლუციის მთავარი განმაპირობებელი. თუმცა 1 წლის ჰომო ერექტუსის ნიმუში გვიჩვენებს, რომ ამ სახეობას არ ახასიათებდა გახანგრძლივებული ბავშვობა, რაც საჭიროა ტვინის უფრო მაღალი განვითარებისთვის და რაც მიუთითებს შედარებით დაბალ კოგნიტურ შესაძლებლობებზე, შედარებით დაბალ ინტელექტზე. აშელის კულტურის ყველაზე ადრეული ნიმუში აღმოჩენილია აფრიკაში, კენიაში, კერძოდ დასავლეთ ტურკანაში და თარიღდება 1.7 მილიონი წლის წინანდელი პერიოდით. ამავე ადგილას ფიქსირდება ოლდოვური ტექნიკაც, რაც მიუთითებს, რომ ოლდოვური და აშელური ქვების იარაღების კეთების ტექნიკა გარკვეული დროის განმავლობაში თანაარსებობდა. აფრიკის გარეთ, ევრაზიაში აშელის კულტურის უძველესი ნიმუშები თარიღდება არა უმეტეს 1 მილიონი წლის წინანდელი პერიოდისა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტექნიკა გავრცელდა აფრიკიდან ჰომო ერექტუსის მეორადი გავრცელების შემდეგ. კუნძულ იავაზე ჰომო ერექტუსი ასევე აწარმოებდა ხელსაწყოებს ნიჟარებისგან, ამის მტკიცებულება აღმოჩენილი სანგირანში და ტრინილშიც. 6-12 სმ-ის დიამეტრის მქონე სფერული ქვები ხშირად გვხვდება აფრიკულ და ჩინურ ქვედა პალეოლითის არქეოლოგიურ ადგილებზე და ეს სფერული ქვები სავარაუდოდ გამოიყენებოდა ბოლებად. ბოლა არის დამხმარე მოწყობილობა პირუტყვის დასაჭერად, იარაღია, რომელიც შედგება რამდენიმე ბურთისგან, რომელიც დაკავშირებულია ძლიერი ძაფით და სროლისას ეხვევა საქონლის კიდურებზე. ბოლების არსებობა მუთითებს ერექტუსის მიერ თოკის ან ძაფის დამზადების ტექნიკის გამოგონებაზეც. იყენებდა თუ არა ჰომო ერექტუსი ცეცხლს? როგორც ჩანს სწორედ ჰომო ერექტუსი იყო ადამიანის გვარის სახეობებს თუ ქვესახეობებს შორის პირველი, რომელმაც დაიწყო ცეცხლის გამოყენება გასათბობად და საკვების მოსამზადებლად. ცეცხლის გამოყენება ერექტუსებმა დაიწყეს უდიდესი ალბათობით დედამიწის სხვადასხვა ადგილას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და აითვისეს ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ მოეპოვებინათ ცეცხლი ჯერ ბუნებრივად გავრცელებული და შემდეგ გამოქვაბულში რაც შეიძლება დიდხანს შეენარჩუნებინათ მისი წვა ნელი წვის თვისების მქონე სხვადასხვა მასალით. ცეცხლის გამოყენების უძველესი დამადასტურებელი არქეოლოგიური ადგილები მდებარეობს აფრიკაში, კენიაში, კობი ფორაში 1.5 მილიონი წლის წინანდელი და მეორეც ასევე აფრიკაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ვანდერვერკის გამოქვაბულში, რომელიც თარიღდება 1.7 მილიონი წლით. არქეოლოგია ცხადყოფს, რომ ცეცხლის გამოყენება ძალიან გახშირდა აფრიკის და ევრაზიის ბევრ რეგიონში უკვე 400 ათასი წლის წინანდელი პერიოდიდან, რაც აიხსნება იმით, რომ ადამიანებმა კარგად აითვისეს ცეცხლის გამოყენების ტექნოლოგია და მასობრივად ისწავლეს მისი ხელოვნურად დანთებაც, თუმცა ცეცხლის ხელოვნურად გაჩაღების უძველესი დამამტკიცებელი არქეოლოგიური ადგილი მდებარეობს ისრაელში, გეშერ ბენოტში, რომელიც 700 ათასი წლის წინანდელია. ცეცხლი მრავალ ფენადაა დაფიქსირებული წყლის მახლობელ ტერიტორიაზე. მრავაფენიანობა არ ახასიათებს ბუნებრივი ხანძრის დროს ერთჯერადად მოპოვებულ ცეცხლს. ეს ნიშნავს, რომ იმ ადგილას ხშირად ანთებდნენ ცეცხლს დიდი ხნის მანძილზე. გამყინვარების ხანის ევროპის ცივ კლიმატში ძვ.წ. 11, 000 წლამდე პერიოდში იმდენად ციოდა, რომ ადამიანი დიდხანს ვერ გადარჩებოდა ცეცხლის გამოყენების კარგად ცოდნის გარეშე, ამიტომ სავარაუდოა, რომ მას მერე, რაც ადამიანი (მაგ. ერექტუსი, ჰაიდელბერგელი, ნეანდერტალელი) ევროპაში დასახლდა, მან უკვე იცოდა ცეცხლის დანთება და გამოყენება გასათბობად, მტაცებლების თავიდან ასარიდებლად, ცხოველური ცხიმის და ხორცის მოსამზადებლად. ჩრდილოეთით ელვაც ნაკლებადაა გავრცელებული და ბუნებრივი ხანძრების იმედად ვერ იქნებოდნენ ეს ადამიანები, ეს უკიდურესად იშვიათი იყო. ჩრდილოეთ ჩინეთში, ჟოუკოუდიანში მცხოვრები ერექტუსები უკვე ნამდვილად იყენებდნენ ცეცხლს 770 ათასი წლის წინ, რომ გამთბარიყვნენ იქ არსებულ ცივ კლიმატში. აშენებდნენ რამეს ერექტუსები? 1962 წელს აფრიკაში, ტანზანიაში, ოლდუვაის ხეობაში აღმოაჩინეს წრე ზომებით 366 სმ x 427 სმ x 30 სმ., რომელიც დამზადებულია ვულკანური ქანებით. აქ 61-76 სმ-ის დაშორებით ერთმანეთისგან, გროვდება ქვები 15-დან 23 სანტიმეტრ სიმაღლეზე. ბრიტანელი პალეოანთროპოლოგის, მერი ლიკის ვარაუდით აღნიშნული ქვის გროვები გამოიყენებოდა მიწაში ჩარჭობილი ბოძების უკეთ დასამაგრებლად. შესაძლოა ეს კონსტრუქციები გამოყენებული იყო როგორც ქარსაფარი ან თავშესაფარი ქოხები. ზოგიერთი თანამედროვე მომთაბარე ტომი აშენებს მსგავს დროებით თავშესაფრებს, აშენებს ასეთ მარტივ ქოხებს და სახურავად იყენებს მცენარეულობას ან ცხოველის ტყავს. ასეთი საცხოვრებლების კვალი ტანზანიაში დათარიღებულია 1.75 მილიონი წლით. ეს არის არქიტექტურის უძველესი მტკიცებულება. ევროპაში დაახლოებით ამგვარი საცხოვრებელი სტრუქტურების ერთ-ერთი უძველესი მტკიცებულებები დათარიღებულია ძვ.წ. 422 ათასი წლიდან და აღმოჩენილია გერმანიაში, ბილზინგსლებენში. ასევე ტერა ამატაში, საფრანგეთში. კიდევ ფერმანვილში და სენ-ჟერმენ-დე-ვო ნორმანდიაში. ევროპაში საცხოვრებლების და ბანაკის უძველესი მტკიცებულება დათარიღებულია 700 ათასი წლის წინანდელი პერიოდით და აღმოჩენილია ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, პრეზლეტიცაში. ეს იყო მტკიცე ზედაპირის მქონე ქოხი ზომებით 3მ x 4მ გარედან, ხოლო 3მ x 2მ შიდა მხარეს. მას ჰქონდა სქელი ტოტებისგან ან წვრილი ძელებისგან დამზადებული თაღოვანი სახურავი, რომელიც ეყრდნობოდა დიდი ქვებისა და მიწის საძირკველს. სავარაუდოდ გამოიყენებოდა ზამთრის ბაზის ბანაკად. პირველი ადამიანები, რომლებიც გამოქვაბულებში და მღვიმეებში დასახლდნენ იყვნენ ერექტუსები. საცხოვრებლად გამოქვაბულების გამოყენების უძველესი მტკიცებულება გვაქვს სამხრეთ აფრიკაში, ვანდერვერკის გამოქვაბულში. იქ ერექტუსები 1.6 მილიონი წლიდან ცხოვრობდნენ. აფრიკასა და ევრაზიაში მღვიმეების საცხოვრებლად გამოყენება უკვე ძალიან ხშირად, სპორადულად იყო გავრცელებული 600 ათასი წლის წინ. როგორი იყო ერექტუსების ტანსაცმელი? დიდწილად გაურკვეველია ზუსტად როდის იქნა გამოგონებული ტანსაცმელი, თუმცა ივარაუდება, რომ დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ უკვე უნდა დაწყებულიყო გაკრვეული სახით ტანის დაფარვა, ვინაიდან ამ დროიდან დაიწყო ტანის თმამ გაცვენა. ცნობილია, რომ ადამიანის თავის ტილები და სხეულის ტილები (ეს უკანასკნელი უჩნდება მხოლოდ ჩაცმულ ადამიანებს და არა უტანსაცმლო ადამიანებს) ერთმანეთისგან როგორც სახეობები გაიყვნენ 170 ათასი წლის წინ, უფრო ადრე, ვიდრე თანამედროვე ადამიანები (ჰომო საპიენსები) დატოვებდნენ აფრიკის კონტინენტს (დაახ. 70 ათასი წლის წინ), რაც იმას ნიშნავს, რომ საპიენსები იყენებდნენ ტანსაცმელს აფრიკაშიც, მანამ, სანამ უფრო ცივ, ევრაზიულ კლიმატთან გასამკლავებლად დასჭირდებოდათ. ვარაუდობენ, რომ ცხოველთა ტყავები გამოიყენებოდა ტანსაცმლად, ხოლო არქეოლოგიურად დადასტურებულია, რომ ტყავის დასამუშავებლად საჭირო ქვის იარაღებს, კანის უძველეს საფხეკებს ერექტუსები იყენებდნენ ჯერ კიდევ 780 ათასი წლის წინ. შეეძლოთ თუ არა ჰომო ერექტუსებს მეზღვაურობა? იზოლირებულ კუნძულებზე, რომლებიც არასოდეს იყვნენ დაკავშირებულნი ხმელეთთან პლეისტოცენში, აღმოჩენილი აშელის არტეფაქტები გვიჩვენებს, რომ ჰომო ერექტუსს ნამდვილად შეეძლო მეზღვაურობა, ზღვაზე გადაადგილება ხელოვნურად შექმნილი მცურავი საშუალებებით. მაგალითად ერექტუსი ინდოენზიის კუნძულებს შორის ვრცელდებოდა ჯერ კიდევ 1 მილიონი წლის წინ. ისინი დადასტურებულად მივიდნენ მინიმუმ ფლორესის, ტიმორის და როტის კუნძულებზე, რაც საჭიროებდა ლომბოკის სრუტის (ე.წ. უოლესის ხაზის) გადაკვეთას სულ მცირე 800 ათასი წლის წინ. ასევე ლუზონელ ადამიანებს, რომლებიც ამ კუნძულზე გადავიდნენ დაახლოებით 771, 000 წლიდან 631, 000 წლებს შორის პერიოდში, მოუწევდათ საზღვაო მოგზაურობა, ვინაიდან კუნძული ლუზონი იყო ხმელეთს დაშორებული კუნძული. ჰომო ლუზონელების წინაპრებს ნამდვილად მოუწევდათ ჰაქსლის ხაზის გადაკვეთა საზღვაო მოგზაურობით. ასევე შესაძლებელია ჰომო ერექტუსები ჩავთვალოთ პირველ ევროპელ მეზღვაურებადაც. მათ გადალახეს გიბრალტარის სრუტე ჩრდილოეთ აფრიკასა და ესპანეთს შორის. 2021 წელს ჰომო ერექტუსების ამ კუნძულოვანი პოპულაციების გენეტიკურმა ანალიზმა ვერ აღმოაჩინა თანამედროვე ადამიანებთან (ჰომო საპიენსებთან) მათი შეჯვარების მტკიცებულება. მეზღვაურობის უნარი აჩვენებს, რომ ჰომო ერექტუსს ჰქონდა დაგეგმარების დიდი შესაძლებლობები. ზღვაზე მოგზაურობის დაგეგმვა ერექტუსების მიერ დაახლოებით 1 თვით ადრე იწყებოდა. როგორი იყო ჯანდაცვის უზრუნველყოფა ჰომო ერექტუსებში? ჯგუფის ავადმყოფი წევრების დაუძლურების და მათი მოვლის ყველაზე ადრეული მაგალითი გვხვდება ჰომო გეორგიკუსებში 1.77 მილიონი წლის წინ. აღმოჩენილი გეორგიკუსის ერთ-ერთი ნიმუში ავლენს ერთის გარდა ყველა კბილის დაკარგვას, რაც გამოწვეული უნდა ყოფილიყო ღრძილების დაავადებით. მაგრამ უკბილობის მიუხედავად მან შეზლო გადარჩენა რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი ჯგუფის სხვა წევრები ზრუნავდნენ მასზე. ის მიირთმევდა მცენარეულ და ცხოველურ საკვებს თავისი ჯგუფის წევრების დახმარებით, ისინი მას უღეჭავდნენ და ისე აწვდიდნენ სხვადასხვა საკვებს ან უნაყავდნენ ქვებით, ასევე აძლევდნენ რბილ ქსოვილებს, როგორიცაა ძვლის ტვინი და ცხოველთა თავის ტვინი. მეორე უძველესი მაგალითი, როდესაც ერექტუსი დაავადებული ინდივიდი გადარჩა ჯგუფის სხვა წევრების დახმარებით დასტურდება აფრიკაში, ტურკანას ტბის შემოგარენში აღმოჩენილი ინდივიდით, რომელსაც ტურკანელი ბიჭი უწოდეს და რომელიც ცხოვრობდა 1.5 მილიონი წლის წინ. მას ჰქონდა ხერხემლის დისკის თიაქარი, ის ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო ზრდასრული, აგრძელებდა ზრდას, რამაც გამოიწვია სქოლიოზი, ხერხემლის ანომალური გამრუდება. ეს ჩვეულებრივ იწვევს განმაეორებად წელის ტკივილს და რადიკულიტს (ტკივილებს ფეხებში), ზღუდავს გადააფგილებას, სიარულს და მით უმეტეს სირბილს, კიდურის მოხრას და სხვა ყოველდღიურ აქტივობას. ამის მიუხედავად მოზარდი გადარჩა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, რაც შეუძლებელი იქნებოდა თავისი ჯგუფის მასზე მზრუნველობის გარეშე. ჯგუფური ზრუნვის მესამე უძველესი მაგალითი დასტურდება 1 მილიონიდან 700, 000 წლის წინანდელ პერიოდში მცხოვრები იაველი ჰომო ერექტუსის აღმოჩენილი სხეულის ნარჩენების კვლავით. ნიმუშში წარმოდგენილია შესამჩნევი ოსტეოციტი ბარძაყის ძვალზე, სავარაუდოდ პეჯეტის ძვლის დაავადება და ოსტეოპეტროზი, ძვლის გასქელება, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეულია ჩონჩხის ფლუოროზით. ფლუოროზი გამოწვეული იყო ფტორით სავსე ვულკანური ფერფლით დაბინძურებული საკვების მიღებით. თავად ეს ნიმუშიც ნაპოვნი იქნა ნაცრით სავსე ფენებში. პირუტყვი, რომელიც ძოვს ვულკანის ფერფლით დაბინძურებულ მინდვრებზე, ჩვეულებრივ იღუპება მწვავე ინტოქსიკაციით რამდენიმე დღეში ან კვირაში. გეომეტრიული ნიშნებით გრავირებული ფსევდოდონის ნიჟარა ითვლება ხელოვნების უძველეს ნიმუშად და თარიღდება ძვ.წ. 544-434 ათასი წლით. ხელოვნების შექმნის მცდელობები ითვლება სიმბოლური აზროვნების მტკიცებულებად, რომელიც დაკავშირებულია თანამედროვე შემეცნებასა და ქცევასთან. 1976 წელს ამერიკელი არქეოლოგი, ალექსანდრე მარშაკი ამტკიცებდა, რომ ამოტვიფრული ხაზები ხარის ნეკნზე, რომელიც ასოცირდება აშელის ლითიკასთან, პეჩ დე ლაზე, საფრანგეთში, მეანდრის დიზაინის მსგავსია, რომელიც დამახასიათებელი იყო თანამედროვე ადამიანის (ჰომო საპიენსის) ზედა პალეოლითის გამოქვაბულის ხელოვნებისთვის. სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭის 3 მძივი, რომელიც დაკავშირებულია აშელის ლითიკასთან, ნაპოვნია ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ყველაზე ადრეული დისკოსებრი მძივები და აშელის დისკოსებრი მძივები აღმოჩენილია ასევე საფრანგეთისა და ისრაელის ტერიტორიაზე. შუა პლეისტოცენის ეპოქაში გაკეთებული "ტან-ტანის ვენერა" და "ბერეხატ რამის ვენერა" შექმნილია ერექტუსის მიერ. ტან-ტანის ვენერა არის კვარციტის ქვისგან ადამიანის ფორმაზე გამოთლილი ფიგურა, რომელიც აღმოჩენილია ჩრდილოეთ აფრიკაში, მაროკოში და თარიღდება ძვ.წ. 500, 000 - 300, 000 წლებით. მას აქვს შემორჩენილი პიგმენტების კვალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისმა შემქნელმა ის შეღება კიდეც. ასეთივეა ახლო აღმოსავლეთში, სირიაში, გოლანის მაღლობებზე აღმოჩენილი "ბერეხატ რამის ვენერა" და ის თარიღდება დაახლოებით ძვ.წ. 230, 000 წლით. ერექტუსები ასევე იყვნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ჟანგმიწის შეგროვება და შემდეგ მისი გამოყენება. ეს არის მქრქალი ყვითელი, მოყავისფრო-ყვითელი და მოწითალო-ყვითელი პიგმენტები. ამას ეწოდება ასევე ოქრა ან ოხრა. ისინი უფრო იყენებდნენ წითელი ფერის ოხრას ჯერ კიდევ შუა პლეისტოცენში. მათ მიერ შეგროვებული ოხრის მარაგები აღმოჩენილია ტანზანიაში, ოლდუვაის ხეობაში და თარიღდება 1.4 მილიონი წლით. ასევე ამბრონასთან, ესპანეთში, რაც თარიღდება ძვ.წ. 423-323 ათასი წლით. აქ წითელი, ყვითელი და ყავისფერი ჟანგმიწებია აღმოჩენილი. ისინი ხელოვნურად აცხელებდნენ კიდეც ოქრებს, რომ მიეღოთ ფერთა მეტად ფართო დიაპაზონი. ერექტუსები ოქრას სხვა ვერაფრისთვის გამოიყენებდნენ გარდა საკუთარი სხეულების ან საცხოვრებელი ადგილის, კლდეების, კედლების შეფერადებისთვის ან სხვა სახით გაფორმებისთვის. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს უკვე ჰქონდათ ესთეტიკის გრძნობა. ოხრას გამოყენება უფრო მეტად გავრცელდა ზედა და შუა პალეოლითში ნეანდერტალელებისა და საპიენსების მიერ. 1935 წელს ებრაელმა გერმანელმა ანთროპოლოგმა ფრანც ვეიდენრაიხმა გამოთქვა მოსაზრება, ჩინეთში, ჟოუკოუდიანში მცხოვრები ერექტუსები, პეკინელი ადამიანები იყვნენ ქვედა პალეოლითის თავის ქალას კულტის მიმდევრები, რადგან ყველა აღმოჩენილ თავის ქალას სასიკვდილო დარტმა ჰქონდა მიყენებული - არღვევდა კეფის დიდ ხვრელს თავის ქალას ძირში. ზოგადად სახის ასპექტების არარსებობა, ქვედა ყბის მოტეხვის აშკარად ხელოვნურად გამოწვეული ნიმუშები, რომელიც ემთხვეოდა ერთმანეთს და პოსტკრანიალური ნარჩენების (ელემენტები, რომელიც არ არის თავის ქალა) ნაკლებობა მიუთითებდა, რომ ამ რეგიონის მაცხოვრებელი ერექტუსები თავებზე მონადირეები იყვნენ ანუ ადამიანებზე ნადირობდნენ, სხვა მათსავით ერექტუსებზე, რომლებიც მეზობლად ცხოვრობდნენ სხვა ჯგუფებში. ამტვრევდნენ მათ თავის ქალას და ტვინს უჭამდნენ. საინტერესო მტკიცებულებების მიუხედავად ამ თემაზე მაინც მიდის კამათი, თუ რამდენად იყვნენ ისინი კანიბალები. 1999 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა, მარეკ კონმა და სტივენ მითენმა დაასკვნეს, რომ ბევრი ხელცული არ არის გაცვეთილი, ქმნიდნენ, აკეთებდნენ, მაგრამ შემდეგ ნაკლებად იყენებდნენ. ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო იმით, რომ ამ ხელცულებს პრაქტიკულ გამოყენებაზე მეტად მამაკაცების აქსესუარის ფუნქცია ჰქონდა, რომ მამაკაცებს თავი მოეწონებათ ქალებისთვის თავიანთი იარაღით. რამდენიმე არქეოლოგიურ ადგილას ხელცულების უზარმაზარი რაოდენობაა აღმოჩენილი, სავარაუდოდ მრავალი თაობის მამაკაცების მიერ მათი დაგროვების შედეგად. შეეძლო თუ არა ჰომო ერექტუსს საუბარი? მოკლედ რომ ვუპასუხოთ ამ კითხვას, დიახ, დიდი ალბათობით შეეძლო, მაგრამ არა ისე გამართულად, როგორც თაამედროვე ადამიანს. 1984 წელს 1.6 მილიონი წლის წინ მცხოვრებ ტურკანელ ბიჭს აფრიკიდან არ ჰქონდა სათანადოდ განვითარებული სასუნთქი კუნთები იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გამართული მეტყველება. თუმცა 2001 წელს ამერიკელმა ანთროპოლოგებმა ბრიუს ლატიმერმა და ჯეიმს ოჰმანმა დაასკვნეს, რომ ტურკანელ ბიჭს აწუხებდა ჩონჩხის დისპლაზია და ხერხემლის სქოლიოზი ამიტომ არასწორია დაავადებული ადამიანი განვიხილოთ იმის განსასაზღვრად თუ როგორია სახეობა და მისი ჯანმრთელი ინდივიდები. 2006 წელს ამერიკელმა ანთროპოლოგმა მარკ მაიერმა და მისმა კოლეგებმა აღწერეს 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომო გეორგიკუსი და აღნიშნეს, რომ გეორგიკუსებს ჰქონდათ თანამედროვე ადამიანის ძალიან მსგავსი ხერხემალი. ასევე ის მიიჩნევს, რომ გეორგიკუსი არის ყველა არააფრიკელი ერექტუსის წინაპარი. მან დაასკვნა რომ გეორგიკუსის სასუნთქი კუნთები არ შეაფერხებდა ვოკალიზაციას ან მეტყველების წარმოებას (Meyer, Lordkipanidze, Vekua 2006). ნევროლოგიურად, ყველა ჰომოს გვარის წარმომადგენელს (ყველა ადამიანს, გადაშენებულ თუ დღევანდელ სახეობებს თუ ქვესახეობებს) აქვთ მსგავსი აგებულების ტვინი. ანალოგიურად ჰომო ერექტუსის თავის ტვინის ბროკასა და ვერნიკეს უბნები შედარებული იქნა თანამედროვე ადამიანების უბნებთან. ეს უბნები თანამედროვე ადამიანებში არის წინადადების დაწყობასა და მეტყველების განხორციელებაზე პასუხისმგებელი. აღმოჩნდა, რომ ერექტუსებსაც, საპიენსების მსგავსად ჰქონდათ ეს არეალები გაფართოებული. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ტვინის ამ უბნების გაფართოება ზოგჯერ აღინიშნება ხოლმე დიდ მაიმუნებშიც და ეს არ ნიშნავს პირდაპირ იმას, რომ მათ საუბარი შეუძლიათ. თუმცა მაინც, თანამედროვე ადამიანების და ერექტუსების ტვინის ამ ნაწილის მსგავსება დამატებით ზრდის იმის ალბათობას, რომ ერექტუსები საუბრობდნენ (Coqueugniot, Hublin, Veillon, Houet, Jacob, 2004). ჰიოიდური ძვალი ეხმარება ადამიანს უფრო გამართულ მეტყველებაში და შესაძლებელს ხდის ვოკალური ტრაქტის მოდულაციას სიმაღლისა და მოცულობის გასაკონტროლებლად. კასტელ დე გვიდოში აღმოჩენილ 400 ათასი წლის წინანდელ ჰომო ერექტუსს აღმოაჩნდა თანამედროვე ადამიანის მსგავსი ჰიოიდური ძვალი, რომელიც უკვე აღარ იყოარაადამიანური მაიმუნებისა და ავსტრალოპითეკების მსგავსი, მაგრამ მისი ჰიოდური ძვალი მოკლებულია კუნთების ანაბეჭდებს, აქვს ფარის ფორმა და ჰქონდა შემცირებული დიდი რქები, რაც ნიშნავს, რომ ჰომო ერექტუსს მაინც არ გააჩნდა თანამედროვე ადამიანის მსგავსად გამართულად სასაუბრო ანატომიური წინაპირობები. თუმცა ერექტუსს ჰქონდა ტვინის ზომის და კულტურული სირთულის ზრდა ტექნოლოგიურ დახვეწასთან ერთად და აქედან გამომდინარე არსებობს მყარი ჰიპოთეზა, რომ ჰაიდელბერგელებს, ნეანდერტალელებს, დენისოველებს და საპიენსებს ერექტუსებისგან მემკვიდრეობით გადაეცათ საუბრის უნარი, რომელიც შემდგომ პერიოდში უფრო და უფრო დაიხვეწა, ასე რომ ერექტუსებს გააჩნდათ პროტო-ენაზე ან ენებზე (სხვადასხვა რეგიონში და კონტინენტზე) ერთმანეთთან კომუნიკაციის უნარი. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში სიმა დე ლოს ჰუესოსში აღმოჩენილი, 530 ათასი წლის წინ მცხოვრები ჰაიდელბერგელის ჰიოიდური ძვალი უკვე მთლიანად თანამედროვე ადამიანის მსგავსია. იგივე ტერიტორიის სხვა ნიმუში კი გვიჩვენებს, რომ ჰაიდელბერგელთა სმენის უნარიც საკმარისად მგრძნობიარე იყო ადამიანის მეტყველების სრულად გასაგებად (Martinez, Arsuaga, Quam, Carretero, Gracia, Rodriguez 2008). რომელია ერექტუსების მნიშვნელოვანი აღმოჩენის არქეოლოგიური ადგილები მსოფლიოში? ჩინეთში მდებარე ჟოუკოუდიანის გამოქვაბულის ქვედა მღვიმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილია მსოფლიოში. აქ ნაპოვნია 45 ჰომო ერექტუსი ინდივიდის ნაშთები და ამოღებულია ათასობით, მათ მიერ დამზადებული ხელსაწყო. ამ ნაშთების უმეტესობა დაიკარგა მეორე მსოფლიო ომის დროს, გარდა ორი პოსტკრანიალური ელემენტისა, რომლებიც ხელახლა იპოვეს ჩინეთში 1951 წელს და ოთხი ადამიანის კბილი "დრაკონის ძვლის ბორცვიდან", რომლის გამოც ამ ინდივიდს "ადამიანი-დრაკონი" უწოდეს. ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩენებია: საქართველოში, დმანისში - 5 საუკეთესოდ შემონახული თავის ქალა და ოლდოვური ლითიკის მრავალი ქვის იარაღი; ინდონეზიაში, იავაზე - ტრინილ 2 (ჰოლოტიპი), სანგირანის კოლექცია, სამგბუნგმაჩანის კოლექცია. ჩინეთში - ნგანდონგის კოლექცია, პეკინელი კაცი, რომელიც სხვადასხვა ადგილებზეა აღმოჩენილი, როგორიცაა ლანტიანი (გონგვანგლინგი და ჩენძიავო), იუნსიანი, ჟოუკოუდიანი, ნანჯინგი, ჰექსიანი. კენიაში - KNM ER 3883 და KNM ER 3733. ვიეტნამში - თამ ხუიენი და ჰოა ბინჰი. ეთიოპია - დაკა კალვარია. ერიტრეა - ბუიას თავის ქალა (თუმცა ეს შესაძლოა ეკუთვნოდა ჰომო ერგასტერს). თურქეთი: - დენიზლის პროვინციაში აღმოჩენილი კოჯაბას ნამარხი. სამხრეთ აფრიკა - დრიმოლენში აღმოჩენილი ნამარხი სამეცნიერო სახელწოდებით DNH 134. წყარო 1: Homo erectus - Wikipedia; წყარო 2: Homo erectus - Our ancient ancestor - Natural History Museum; წყარო 3: Illustrations - kenniskennis.com; კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი ავტორი: თორნიკე ფხალაძე419 1-ს მოსწონს
|