x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰომო ერგასტერი
ჰომო ერგასტერი (Homo ergaster)


ჰომო ერგასტერი (Homo ergaster) არის ამართული ადამიანის სახეობა, რომელთა ნამარხებიც აღმოჩენილი იქნა აფრიკაში და თავიდან მიჩნეული იყო აფრიკელ ჰომო ერექტუსად. მეცნიერთა ნაწილი დღემდე მას აფრიკელ ჰომო ერექტუსად მიიჩნევს, თუმცა 1975 წელს შემოთავაზებული იქნა როგორც ახალი სახეობა, მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ხელახლა გამოიკვლიეს ნამარხი ყბა, რომელიც ადრე იდენტიფიცირებული იყო, როგორც ჰომო ჰაბილისის ნარჩენი. კოლინ გროვზმა და ვრატისლავ მაზაკმა შეამჩნიეს აღნიშნული ყბის რამდენიმე უნიკალური თვისება, რითაც ის განსხვავდებოდა ადამიანთა სხვა სახეობებისა და ქვესახეობებისგან. ამ თვისებების მატარებელი ინდივიდების ნარჩენები თავდაპირველად მიიჩნეოდა ადრეული აფრიკელი ჰომო ერექტუსების დამახასიათებლად. ყველა ეს ნამარხი ახლა კლასიფიცირებულია, როგორც ჰომო ერგასტერი. მას შემდეგ კიდეც გაკეთდა მრავალი აღმოჩენა და ახლა ეს სახეობა წარმოდგენილია მდიდარი ნამარხი მასალით, რომლებიც ეკუთვნის მდედრობით და მამრობით, ზრდასრულ და არასრულწლოვან ერგასტერებს. ჰომო ერგასტერი ჩვენი წინაპრებიდან პირველი იყო, რომელიც უფრო ჰგავდა თანამედროვე ადამიანებს. ისინი ძირითადად მაღლები და გამხდრები იყვნენ, შესაძლოა შედარებით უფრო თმიანები. ეს სახეობა არსებობდა 1.9 - 1.5 მილიონი წლის წინ, თუმცა ზოგიერთი კლასიფიკაცია მოიცავს დამატებით ინდივიდებს, რაც ამ სახეობის არსებობის დიაპაზონს ზრდის - 2 მილიონი წლის წინანდელიდან 700, 000 წლის წინანდელ პერიოდამდე. სახელწოდება ერგასტერი ეფუძნება ბერძნულ სიტყვას, რაც ნიშნავს "მუშაობა"-ს. ამიტომ ჰომო ერგასტერი ნიშნავს მომუშავე ადამიანს, მუშაკ ადამიანს. ეს სახელი მიანიჭეს იმის გამო, რომ მის ზოგიერთ ნამარხთან აღმოაჩინეს ქვის დიდი იარაღები.


ჰომო ერგასტერი (Homo ergaster)


ამ სახეობის ნამარხები აღმოჩენილია როგორც აფრიკაში, ასევე ევრაზიაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ადგილებია ტურკანას ტბის და ვიქტორიას ტბის მიმდებარე რეგიონები, კუბი ფორა, ნარიოკოტომე, ოლორგესაილიე, სვარტკრანსი აფრიკაში და დმანისი საქართველოში. ზოგიერთი მკვლევარი არ ცნობს ჰომო ერგასტერს როგორც სახეობას და ამ ნამარხებს ჰომო ერექტუსს უწოდებს. ისინი, ვინც აღიარებენ ჰომო ერგასტერს სახეობად, თვლიან, რომ ეს სახეობა არის ადამიანთა ორი ჯგუფის საერთო წინაპარი, რომლებმაც სხვადასხვა ევოლუციური გზა გაიარეს. ამ ჯგუფებიდან ერთი იყო ჰომო ერექტუსი, მეორე ჯგუფი კი საბოლოოდ გამოეყო მას და გახდა ჩვენი საკუთარი სახეობა - ჰომო საპიენსი. ზოგიერთი ნამარხი, მათ შორის ე.წ. "ტიპის ნიმუში" (type specimen - ყბა, ცნობილი, როგორც KNM-ER 992) ადრე კლასიფიცირებული იყო, როგორც ჰომო ჰაბილისი.


საქართველოში, დმანისის აღმოჩენები ამჟამად მეცნიერთა უმეტესობის მიერ მიკუთვნებულია ჰომო ერგასტერს, თუმცა ახალმა აღმოჩენებმა 2002 წელს სამეცნიერო წრეებში წარმოშვა ვარაუდი, რომ ისინი მიეკუთვნება ახალ სახეობას - Homo georgicus (ქართველი ადამიანი), თუმცა ასე ცალკეულად კლასიფიცირება არაა ფართოდ აღიარებული.


ჰომო ერგასტერი (Homo ergaster)


2000 წელს, კენიაში, ილერეტში აღმოჩენილი თავის ქალა KNM-ER 42700 თარიღდება 1.5 მილიონი წლით. აღწერილ იქნა 2007 წელს. ის ბუნდოვანს ხდის განსხვავებას ევრაზიულ ჰომო ერექტუსსა და აფრიკულ ჰომო ერგასტერს შორის. ის ამჟღავნებს მახასიათებლებს, რომელიც ადრე მხოლოდ ევრაზიულ ჰომო ერექტუსში იყო ნაპოვნი, როგორიცაა მაგალითად ქედი შუბლისა და პარიეტალური თავის ქალას ძვლებზე. ნიშან-თვისებების ამ კომბინაციამ აიძულა ზოგიერთი ექსპერტი დაფიქრებულიყვნენ კიდევ ერთხელ, მართებულია თუ არა, რომ ევრაზიული ჰომო ერექტუსი და აფრიკული ჰომო ერგასტერი სხვადასხვა სახეობებად იქნან მიჩნეული.


ჰომო ერგასტერი (Homo ergaster)


ჰომო ერგასტერს ახასიათებდა მაღალი, გრძელფეხება სხეული, უფრო ბრტყელი სახე, გამოკვეთილი ცხვირი და უფრო გაზრდილი ტვინის მოცულობა თანდათან სათავეს უდებდა მის დღევანდელ ზომამდე გაზრდას. ერგასტერი ქალები შედარებით დაბლები და ბარძაყიანები იყვნენ. ქალები დაახლოებით 160 სანტიმეტრამდე იზრდებოდნენ, ხოლო მამაკაცები 180-მდე. სავარაუდოდ მათი სხეული უკვე შედარებით უთმო იყო ცხელ გარემოში უკეთესად ადაპტაციისთვის და გასაგრილებლად. მათი ნეკნები თანამედროვე ადამიანის მსგავსად ლულის ფორმის იყო და არა კონუსის ფორმის, როგორც უფრო ადრინდელ სახეობებში. მხრების, მკერდისა და წელის ცვლილებებთან ერთად, სხეულის ამ ახალმა ფორმამ გააუმჯობესა სხეულის წონასწორობა და შესაძლებელი გახადა სწრაფი სირბილი. მათი ტვინის საშუალო ზომა იყო 860 კუბური სანტიმეტრი (თანამედროვე ადამიანების არის კაცების 1270, ხოლო ქალების 1130 სმ3) და შეადგენდა მათი სხეულის წონის 1.6%-ს.


ჰომო ერგასტერი (Homo ergaster)


ამ ადამიანებს განუვითარდათ უფრო თანამედროვე ადამიანის მსგავსი, უფრო მაღალი, გუმბათოვანი თავის ქალა, ტვინის გარსი. ჩვენი ამ წინაპრების თავის ტვინი უფრო გაფართოვდა, მათი ქალა უფრო სავსე და მომრგვალებული ხდებოდა, მზარდი პოსტორბიტალური შევიწროებით. მკაფიო ორმაგი თაღოვანი შუბლის ქედი ჰქონდათ თვალებს ზემოთ და შედარებით მკაფიო ღარი ჰქონდათ წარბის ქედსა და შუბლს შორის. ცხვირი პირველად დაემსგავსა თანამედროვე ადამიანის ფორმას. ის ახლა უფრო გამოკვეთილი იყო, როცა ადრეულ სახეობებს მაიმუნებივით ბრტყელი ცხვირი ჰქონდათ. ყბა უფრო მოკლე და მსუბუქად აგებული იყო, ვიდრე ადრეულ სახეობებში. ქვედა ყბის წინა ნაწილი უკან იყო დახრილი და არ ქმნიდა თანამედროვეს მსგავს წვეტიან ნიკაპს. ყბის შიგნით, კბილების განლაგება იყო შუალედური მაიმუნებსა და თანამედროვე ადამიანებს შორის. მენჯის ფორმა ჰომო საპიენსის მსგავსი იყო და შედარებით უფრო ვიწრო, ვიდრე ავსტრალოპითეკების, ეს ერგასტერებს აძლევდა ორ ფეხზე მოძრაობის ბევრად ეფექტურ შესაძლებლობას.


ჰომო ერგასტერი (Homo ergaster)


ზურგის ტვინი უფრო თხელი იყო, ვიდრე თანამედროვე ადამიანებში. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ამ სახეობას ჰქონდა შეზღუდული მეტყველების უნარი საუბრის დროს სუნთქვის რთული კონტროლისთვის საჭირო ნერვების ნაკლებობის გამო. ადრეული სახეობებისგან განსხვავებით ერგასტერების ფეხები ბევრად დიდი იყო, ვიდრე ხელები და აქედან გამომდინარე, პროპორციულად ახლოს იდგა თანამედროვე ადამიანების მახასიათებლებთან. ადრინდელი სახეობების მახასიათებელი - ხეზე ცოცვა ბევრად გაიშვიათდა და ადგილი დაუთმო ფეხით სიარულს, სირბილს, რაც გადაადგილების უფრო სწრაფი და მარტივი საშუალება იყო და შორ მანძილებზე გადაადგილებას უზრუნველყოფდა. ცვლილებები მხრებში, მკერდსა და წელის არეში საშუალებას აძლევდა სხეულს შეენარჩუნებინა წონასწორობა ხანგრძლივი სირბილის დროს.


KNM-ER 3733 ჰომო ერგასტერის თავის ქალას აღდგენილი სახე


ჰომო ერგასტერის მიერ ნაწარმოები ქვის იარაღები ტექნოლოგიურად უფრო დაწინაურებული იყო წინამორბედ სახეობებთან შედარებით. მათი ქცევის სხვა ასპექტებმაც აჩვენა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის ცეცხლის გამოყენების შესაძლებლობა და ფიზიკური აქტივობის გაზრდილი დონე. მათ მიერ დამზადდა ისეთი ხელსაწყოები, როგორიცაა ხელცულები, საჭრელები, წვეტანები (კლასიფიცირებული, როგორც მეთოდი 2 - Mode 2 technology). მათ შექმნეს უფრო გამძლე ხელსაწყოებიც, რომლებიც ინარჩუნებდნენ ფუნქციას და მჭრელ ზედაპირს უფრო მეტ ხანს, ვიდრე ადრეული ტიპის იარაღები. მიკროსკოპულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ერგასტერები თავის იარაღებს უმეტესად იყენებდნენ ხორცის, ძვლის, ცხოველთა ტყავის და ხის დასამუშავებლად.


ჰომო ერგასტერი (Homo ergaster)


"მეთოდი 2" ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს ხელცულებს, მოსწორებულკიდიან საპობებს, ქვის დიდ დანებს და წამახულწვერიან იარაღებს ასევე უწოდებენ აშელის კულტურას ან აშელის ტექნოლოგიას. ეს ტექნიკა სწორედ ერგასტერების მიერ იქნა შემუშავებული. ეს ხელსაწყოები გამოდგებოდა მძიმე სამუშაოების შესასრულებლად, მათ შორის ძვლების, მსხვილი ძუძუმწოვრების ხორცის, ტყავის და ასევე ხის მასალების დასამუშავებლად. მიჩნეულია, რომ ეს ტექნოლოგია ერგასტერმა აფრიკის ტერიტორიაზე შეიმუშავა და შემდეგ ამ ტექნიკის გამოყენება განაგრძო ჰაიდელბერგელმა ადამიანმა და აფრიკიდან დასავლეთ ევრაზიაში გავრცელების შემდეგ, ქვის იარაღების ამ წესით გაკეთების ტექნიკა ამ კონტინენტზეც გაავრცელა. აფრიკაში აშელის ქვის იარაღების ერთ-ერთი უმდიდრესი ადგილია ოლორგესალიე, კენია. დათარიღება გვიჩვენებს, რომ ეს ქვის ხელსაწყოები 700, 000 წელზე უფრო მეტი ხნის წინ შეიქმნა, შესაძლოა 900, 000 წლის წინაც.


ჰომო ერგასტერი (Homo ergaster)


ერგასტერების მიერ ცეცხლი შესაძლოა გასათბობად და საკვების მოსამზადებლად გამოიყენებოდა 1.5 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდანაც კი, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია ეს იყო ცეცხლის კონტროლირებადი გამოყენება, სპეციალურად შეშის შეგროვების და შემდეგ დანთების გზით, თუ ბუნებრივად გაჩენის შემთხვევაში მისი "მოპოვება" და შემდეგ გამოყენება. უფრო სავარაუდოა, რომ ეს იყო კონტროლირებადი გამოყენება. ამ პერიოდით დათარიღებული და უფრო გვიანი პერიოდის ნახშირი, დამწვარი მიწა და დანახშირებული ძვლები აღმოჩენილია ჰომო ერგასტერთა ნამარხებთან. 2011 წლის კვლევა (Current Anthropology, vol. 52, 4, 2011) სამხრეთ აფრიკის ვანდერვერკის გამოქვაბულის აღმოჩენების შესახებ გვაუწყებს, რომ ცეცხლის კონტროლირებადი გამოყენება ერგასტერების მიერ შესაძლოა ხდებოდა 1.7 მილიონი წლის წინ. ამ არქეოლოგიურ ადგილზე ნაპოვნი სტრატიფიცირებული დეპოზიტები შეიცავს დამწვარ ქვებს, დანახშირებულ-კალცინირებულ ძვლებს და ფერფლის კვალს, რაც მიუთითებს წვის განმეორებითობაზე. აღმომჩენები ასკვნიან, რომ ცეცხლის დამნთები ერგასტერები ამ ადგილას ხშირად იკრიბებოდნენ საკვების მოსამზადებლად, გასათბობად და სოციალური მიზეზებით.


ჰომო ერგასტერი (Homo ergaster)


არცერთი ჰომო ერგასტერის ჩონჩხი, რომელიც აქამდე იყო ნაპოვნი, განზრახ არ იყო დამარხული. თუმცა, არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი ზრუნავდნენ თავიანთი ჯგუფების (ოჯახების) ცოცხალ წევრებზე, რომლებიც ავად იყვნენ ან დაშავებულები იყვნენ. თუმცა სიკვდილის შემდეგ მათი კეთილდღეობა აღარ აინტერესებდათ. როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ სწამდათ სიკვდილის შემდგომი ცხოვრების, გარდაცვალების. ეს ადამიანები ოჯახურ კავშირებზე დაფუძნებულ სოციალურ ჯგუფებში ცხოვრობდნენ. დღევანდელი პრიმატების ჯგუფების სოციალური ქცევების შესწავლა აჩვენებს, რომ ერგასტერების საზოგადოება უკვე შორდებოდა დომინანტური მამრის სოციალურ სტრუქტურას. ერგასტერების ფიზიკური განვითარების ტემპები აჩვენებს, რომ ავსტრალოპითეკების და სხვა მონათესავე დიდი პრიმატებისგან განსხვავებით, მათი ბავშვობა უკვე უფრო დიდხანს გრძელდებოდა, უფრო გვიან ხდებოდა სქესობრივი მომწიფება.


ჰომო ერგასტერი (Homo ergaster)


დაახლოებით 1.8 მილიონი წლის წინ აფრიკის უმეტესი ნაწილის კლიმატი უფრო მშრალი და სეზონური გახდა ვრცელი სავანებით. ჰომო ერგასტერი იყო ადამიანის პირველი სახეობა, რომელმაც ისარგებლა ამ უფრო მშრალი და ღია გარემოთი. ამ სახეობის უფრო მცირე მენჯი და ნეკნი გვიჩვენებს, რომ მათ უფრო მცირე ზომის ნაწლავები ჰქონდათ, ვიდრე ადრეულ სახეობებს, მაგალითად ავსტრალოპითეკებს. პატარა ნაწლავების და უფრო დიდი ტვინის განვითარების გამო ამ ადამიანებს მეტი საკვების მიღება ესაჭიროებოდათ და ეს იმაზე მეტყველებს რომ მათ შესაძლოა მეტი ხორცის მიღება დაეწყოთ. მათი მცირე ზომის მოლარული კბილები მეტყველებს იმაზე, რომ მიირთმევდნენ ისეთ საკვებს, რასაც ნაკლები ღეჭვა სჭირდებოდა.


ჰომო ერგასტერი (Homo ergaster)


ჰომო ერგასტერის აღმოჩენის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილები მდებარეობს საქართველოსა და აფრიკაში. მნიშვნელოვანი აღმოჩენებია:


1) დმანისელი ჰომინინები (Dmanisi hominins) - საქართველოში, დმანისში აღმოჩენილი სხვადასხვა ნამარხი დიდი ალბათობით, ეკუთვნის სწორედ ჰომო ერგასტერს. აღმოჩენები თარიღდება 1.75 - 1.84 მილიონი წლის წინანდელი პერიოდით. ეს არის ევრაზიაში ადამიანების არსებობის დამადასტურებელი ყველაზე ადრეული ნამარხები. ძირითადი ნიმუშებია D2700 (აღმოჩენილია 2001 წელს) ტვინის ზომით 600 კუბური სანტიმეტრი; თავის ქალა D2280 (აღმოჩენილია 1999 წელს) 780 კუბური სანტიმეტრის ტვინის ზომით და ჰომო ერგასტერის ნიმუშების - KNM-WT 15000 -ის და KNM-ER 3733 -ის მსგავსი მახასიათებლებით; ასევე თავის ქალა D2282 (აღმოჩენილი 1999 წელს) ტვინის ზომით დაახლოებით 650 სმ3 და ზემოთ ნახსენები ერგასტერების ნიმუშების მსგავსი მახასიათებლებით.

დმანისელი ჰომინინები (Dmanisi hominins)


2) "ტურკანელი ბიჭი" (Turkana boy, KNM-WT 15000) - ჩონჩხი აღმოჩენილი იქნა 1984 წელს კამოია კიმეუს მიერ ნარიოკოტომეში, დასავლეთ ტურკანაში, კენია. ამიტომ ეწოდა ტურკანელი ბიჭი ან ნარიოკოტომელი ბიჭი. ის ცხოვრობდა აღმოჩენამდე 1.5 მილიონი წლის წინ. გარდაცვალებისას იყო მხოლოდ 8-დან 10 წლამდე, მაგრამ უკვე 160 სმ-ის სიმაღლის იყო და შესაძლოა ზრდასრულობაში 1, 85 მეტრს მიეღწია სიმაღლით. მისი მთლიანი სხეულის ჩონჩხის დაახლოებით 90% იქნა აღდგენილი, რამაც ღირებული ინფორმაცია მოგვაწოდა ამ სახეობის - ჰომო ერგასტერის სხეულის ზომის, ფორმების, პროპორციების და საერთო განვითარების შესახებ. ტურკანელ ბიჭს მაღალი, წვრილი სხეული ჰქონდა. რომელიც ადაპტირებული იყო ვრცელი სავანის დაბლობზე საცხოვრებლად და შორ მანძილებზე გადასაადგილებლად. მას ჰქონდა თანამედროვე ადამიანის მგავსი სახე, გამოკვეთილი ცხვირით და უფრო დიდი ტვინი - 880 კუბური სანტიმეტრი.

"ტურკანელი ბიჭი" (Turkana boy,  KNM-WT 15000)


3) SK 847 - ნაწილობრივი თავის ქალა, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1969 წელს სვარტკრანსში, სამხრეთ აფრიკაში რონალდ კლარკის მიერ. გამოქვაბულში სადაც ის იპოვეს, ასევე იყო ბევრი ნამარხი სხვა სახეობის - პარანთროპუს რობუსტუსის. ამ ადგილას ასევე ნაპოვნია ქვის იარაღები და დამწვარი ძვლები. ამ ქვის იარაღების შემქმნელი ჰომო ერგასტერი იყო, ცეცხლის გამოყენების პერიოდი კი 1.5 მილიონი წლით თარიღდება და ესეც ერგასტერს მიეწერება.

SK 847 - ჰომო ერგასტერი


4) KNM-ER 3733 - ამგვარად სახელდებული თავის ქალა აღმოაჩინეს 1975 წელს ბერნარდ ნგენეოსა და რიჩარდ ლიკის მიერ კოობი ფორაში, აღმოსავლეთ ტურკანაში, კენია. ეს არის ზრდასრული ქალის თავის ქალა. მდედრებს სხეულის სხვა ფორმები ჰქონდათ, მაგალითად უფრო დაბლები იყვნენ და მეტად მსხვილი ბარძაყებით, მამაკაცებთან შედარებით, მაგალითად ტურკანელ ბიჭთან შედარებით.

KNM-ER 3733 - ჰომო ერგასტერი


5) KNM-ER 992 - ქვედა ყბა, აღმოჩენილი 1971 წელს ბერნარდ ნგენეოს მიერ კოობი ფორაში, აღმოსავლეთ ტურკანაში, კენია. ის დათარიღებულია 1.5 მილიონი წლით. ეს ქვედა ყბა არის ამ სახეობის ტიპის, მისი მონათესავე ნიმუში ან პირდაპირ ერგასტერის წარმომადგენელი. პირველად ის კლასიფიცირებული იყო, როგორც ჰომო ჰაბილისი, მაგრამ 1975 წელს რეკლასიფიცირდა ჰომო ერგასტერად, რადგან ხელახალი შესწავლისას დადგინდა მისთვის დამახასიათებელი ნიშნები როგორიცაა, ყბის მსუბუქი აგებულება და შედარებით პატარა მოლარული და პრემოლარული კბილები.

KNM-ER 992 - ჰომო ერგასტერი


6) KNM-ER 42700 - კენიაში, ილერეტში 2000 წელს აღმოჩენილი ახალგაზრდა, ზრდასრული ადამიანის 1.5 მილიონი წლის წინანდელი თავის ქალა (აღწერილია 2007 წელს). თავის ქალას გააჩნია საკმაოდ პატარა ტვინი, დაახლოებით 691 კუბური სმ. ყველაზე პატარა ჰომო ერგასტერისთვის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს სახეობა იყო სხვადასხვა ზომის. მამაკაცები ქალებზე ბევრად დიდები იყვნენ, რაც ამ სახეობისთვის მოულოდნელი თვისება იყო მეცნიერებისთვის. ის ასევე აჩვენებს მახასიათებლებს, რომლებიც ადრე მხოლოდ აზიურ ჰომო ერექტუსში იყო ნაპოვნი, როგორიცაა მაგალითად ქედი თავის ქალას შუბლისა და პარიეტალურ ძვლებზე. ეს თვისებები ბუნდოვანს ხდის განსხვავებას აზიურ ჰომო ერექტუსსა და აფრიკულ ჰომო ერგასტერს შორის. ამან აიძულა ზოგიერთი ექსპერტი რომ გადაეფიქრებინათ ამ მოდგმების ცალკეულ სახეობებად განხილვა.

KNM-ER 42700 - ჰომო ერგასტერი


7) BSN49/P27 - ქალის მენჯი გონადან, აფარი, ეთიოპია. დათარიღებულია 1.8 მილიონი წლით. ამ მენჯის მიხედვით ცხადია, რომ ეს ქალი საკმაოდ დაბალი იყო, მხოლოდ 130 სმ-ის სიმაღლის, რაც გაცილებით მცირე იყო იმაზე, რაც გამოთვლილი იყო ამ სახეობის ქალებისთვის ამ აღმოჩენამდე. ამ მენჯს შეეძლო დაებადა ახალშობილი, რომელსაც ჰქონდა ზრდასრული ადამიანის ტვინზე 30-50%-ით მცირე ზომის ტვინი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ტვინის ზრდის ტემპი საშვილოსნოში იყო თანამედროვე ადამიანის ნაყოფის ტვინის ზრდის ტემპის მსგავსი, მაგრამ დაბადების შემდგომ ერგასტერების ტვინის ზრდა უფრო ნელდებოდა დღევანდელი ადამიანებისგან განსხვავებით და ტვინი საბოლოოდ აღწევდა ისეთ ზომას, რაც შუალედური იყო თანამედროვე ადამიანებსა და თანამედროვე შიმპანზეებს შორის.

BSN49/P27 - ჰომო ერგასტერი


8) განამარხებული ფეხის ნაკვალევი კენიაში, ილერეტიდან (Ileret) - ნაკვალევი თარიღდება 1.5 მილიონი წლით. ეს არის უძველესი მტკიცებულება არსებითად თანამედროვე ადამიანის მსგავსი ფეხის ანატომიის შესახებ და ანატომიურად განსხვავდება ლაეტოლის ნაკვალევისგან, რომელიც ავტრალოპითეკებმა დატოვეს 3, 6 მილიონი წლის წინ. ილერეტის ნაკვალევის ზომა და ფორმა მიუთითებს, რომ ის დატოვებულია ჰომო ერგასტერის მიერ, რაც მას აქცევს ადამიანთა მიერ დატოვებულ დღემდე აღმოჩენილთა შორის ყველაზე ძველ ნაკვალევად.

ერგასტერების განამარხებული ფეხის ნაკვალევი კენიაში,  ილერეთიდან


წყარო: Homo ergaster - The Australian Museum;



კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
411
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
411
  
2022, 26 აპრილი, 12:34
▶ ჰომო ერგასტერი (Homo ergaster) - პირველყოფილი ერექტუსის ქვესახეობა. არსებობდა 2 მილიონი - 700 ათასი წლის წინ. აღმოაჩინეს 1975 წელს. გავრცელებული იყო აფრიკის და ევრაზიის კონტინენტზე. მისი ტვინის ზომა საშუალოდ იყო 860 კუბურ სანტიმეტრამდე. საშუალოდ იზრდებოდნენ ქალები 160, ხოლო მამაკაცები 180 სმ-მდე და იწონიდნენ 60-80 კილოგრამს.
0 1 1