საზოგადოებრივი მორიგე ღმერთი 2019, 22 დეკემბერი, 10:41 მორიგე არის გამჩენი, უზენაესი ღმერთი ძველ ქართულ მითოლოგიაში, ცის გამგებელი, "ბედის ბედაურის მფლობელი", დედამიწის, მზის, მთვარის, ვარსკვლავების, გალაქტიკების, სამყაროთა და ღვთისშვილთა დამბადებელი. თავისი შექმნილი კაცობრიობის ქომაგი და ადამიანთა მჩაგვრელი ავსულების დამსჯელი (ავსულები მორიგეს დამ შექმნა, მისმა მოწინააღმდეგემ, იხ. "ფშავ-ხევსურული მითი სამყაროს შექმნის შესახებ"; და ასევე "ქართული წარმართული კოსმოგონია)". თავისი ბედის ბედაურით მორიგემ ქვეყნად გამოგზავნა გმირი ბერი ბუქნა ბაადური. ჩვიდმეტი ათასი წელი მეფობს მისი მემკვიდრე, ხოლო სამი ათასია მისი ნასახი (3000 ღვთისშვილი. თითოეული ჩვიდმეტი ათასი წელი ცოცხლობს). მორიგე ღმერთმა თვით ქრისტეს უბრძანა ერთი ანგელოზი შენც დასახეო (გააჩინეო). ქრისტეს გაჩენილ ანგელოზს მორიგე უწოდებს კოპალას, დევთა და ქაჯთა რისხვას. რაკი ბერი ბაადურიც შემდგომში წმინდა გიორგიდ მოინათლა, მითის გვიანდელი შრეები აშკარად ჩანს, მაგრამ მითი ბევრად უფრო ძველი და წმინდად წარმართულია. ეს საგულისხმო თქმულება ხევსურულია. მთქმელი ბაბო უჩინაური, 1891, ჩამწერი თ. რაზიკაშვილი (ნ. "ხალხური პოეზია", 1972, ტ. I, 127, 297). ღვთისშვილთა შორის არაა მშვიდობა. ბაადური, თერგვაული, კოპალა და სხვები ხშირად ერთმანეთს ქიშპობენ. ერთის მლოცველი, მეორეს ვერ ილოცებს. ხევსურული მითოლოგია ამით ბერძნულის საპირისპირო გაგებას იძლევა. ბერძნები ყველა ღმერთს სცემდნენ თაყვანს და ეს არ სწყინდათ ღმერთებს. მორიგე ქართული წარმართული ღმერთების პანთეონის უზენაესი განმგებელია, როგორც ბერძენთა პანთეონში ზევსი ან ჩრდილოურ მითოლოგიაში ოდინი, რომლებიც აგრეთვე არიან მორიგეები ანუ უზენაესი განმგებლები, სხვა ღმერთთა მშობლები. მორიგე - სამყაროს წეს-სწყობის რიგზე გამწყობს ნიშნავს. ლექსი-თქმულება "ღვთისშვილთ დაბადება" ქართული წარმართული მითოლოგიის მრავალ საკითხს აღძრავს (მიხ. ჩიქოვანი). ესაა იერარქიული სურათი, ღვთისშვილთა ფუნქციები, წარმართობისა და ქრისტიანობის აღრევის საკითხი. ბერძნულ მითოლოგიაში, ასეთი აღრევა ბუნებრივია, არ არსებობს, რადგან ანტიკური მითი ქრისტეს ერამდე არა მხოლოდ შეიქმნა, არამედ ჩაიწერა და ამიტომ ქრისტიანული ერის დადგომის შემდეგ ისინი უკვე ფიქსირებული გახლდათ. მართალია ქრისტიანობამ უამრავი მათგანი გაანადგურა, დაიწვა უძვირფასესი ხელნაწერები, მაგალითად მხოლოდ ალექსანდრიის ბიბლიოთეკის განადგურება რად ღირს, რამაც საუკუნეებით დახია კაცობრიობის განვითარება უკან, მაგრამ ბევრი უძველესი, წარმართული ხელნაწერი (მაგ "არგონავტიკა", "ოდისეა", "ილიადა" და სხვ.) სხვადასხვა გზით გადარჩა და საბედნიეროდ, დღემდე მოაღწია. საქართველოს შემთხვევაში კი შესაძლოა უკვე ჩვენც გვქონდა ფიქსირებულად ჩაწერილი ქრისტიანობამდელი მითები, მაგრამ სამწუხაროდ აქ ვერ მოხერხდა ამ უძველესი ხელნაწერების გადარჩენა, ვინაიდან საქართველოში განსაკუთრებით სასტიკად იდევნებოდა წარმართობა და მწიგნობრობასაც დიდწილად სრულად სამღვდელოება და სამეფო კარი აკონტროლებდა. ამასთანავე 29-ჯერ დაიწვა თბილისი მტრის შემოსევების შედეგად, უამრავი წიგნი კი გატანილი იქნა საქართველოდან, მაგალითად მხოლოდ თემურ-ლენგის მიერ გატანილი ბაგრატიონთა უძვირფასესი ბიბლიოთეკა რად ღირს... თუმცა წარმართობა ქართველი ხალხის გულში, ფოლკლორში, ზეპირსიტყვიერებაში, ყოველდღიურობაში საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობდა და ცოცხლობს, მით უმეტეს საქართველოს მთაში, აფხაზეთიდან და სვანეთიდან - თუშეთამდე, თუმცა ზეპირსიტყვიერი გზით, სასწაულებრივად შემორჩენილმა უძველესმა ქართულმა მითოლოგიამ რამდენადმე, სახე მაინც იცვალა ქრისტიანობის გავლენით. ერთი ჭიქა ბარძიმით ადიდებდნენ და ლოცავდნენ მორიგეს, მაღალ ღმერთს, მის მეკარვე დიდ კვირიას, სვეტის ანგელოზს, თეთრ გიორგის, ხელმწიფე ღვთისმშობელს, კოპალა წვერის ანგელოზს, გიორგის, მუხის ანგელოზს, ქვაბ-საკიდლისა და მორაზმე ანგელოზებს, ფუძისა და ზღურბლის ანგელოზებს, დიდ პირიმზეს, იალბუზის ანგელოზს და სხვებს. "მორიგე", "ორდნერ" - უზენაესი გამრიგებელია ჩრდილოური მითოლოგიის მთავარი ღმერთის - ოდინის ეპითეტიც. ისიც "რიგსა და წესს აძლევს ქვეყანას", თუმცა ქართული მითოლოგიის მორიგე უფრო ზოგადი სახეა, უკავშირდება ღვთისშვილებს, აიარაღებს მათ და დავალებებს აძლევს, ოდინი კი უფრო აქტიურია. წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. საქართველო5. საქართველო (ნაწილი მეორე)6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. რელიგია9. პარანორმალი10. მეცნიერება11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე232 1-ს მოსწონს
|