x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კოპალა
კოპალა


კოპალა ქართულ ფოლკლორში შემორჩენილი უძველესი მითური გმირია. განსაკუთრებით ხევსურულ პოეზიაში განდიდებული კოპალა კარატიონი, მშვენიერი, გოზა ფართო (გოზა - მშვილდის მხრები, ლარსაბმელი), მისი საყმოს წინააღმდეგ მოქმედ მხედართა, დევთა და ქაჯთა რისხვა ("არც მაშინ დაშინდებია, დევთკენ რო გაემართაო? არ დაშინდების კოპალა, თუ ლახტი მოიმართაო"). "კოპალე ბერის" ბრძოლა დევებთან აღწერილია მრავალ ხალხურ ლექსსა და თვით ვაჟას პოეზიაში. არტაანში აპ. ცანავას მიერ ჩაწერილ ვარიანტში კოპალა ებრძვის დევებს: მუზასა და ბეღელას (ჩანს, ბეღლისოდენა იყო):


"მშვილდ-ბეიქარი ბერისა

მაღლა ცაზედა ხვიოდა,

მუზას რო დაჰკრა ისარი,

ბეღელას გული სტკიოდა,

ხაშრულა იმდენ არ იყო,

რაც იმას სისხლი სდიოდა."


ხაშრულა მდინარეა ფშავში. კოპალამ დახოცა ცხრა ძმა დევი და მათი მამა. ამ ბრძოლებში კოპალას თან ახლავს იახსარი. ზოგ მითში სახეები გათქვეფილია. ერთი ბრწყინვალე მითი, რაც ალექსანდრე ჭინჭარაულს ჩაუწერია, მხოლოდ კოპალას ეკუთვნის: "ფშავ-ხევსურნი თურმე არაგვზე ვერ ჩადიოდნენ, ისე მძლავრობდნენ დევები. სტაცებდნენ სარჩოს, კლავდნენ ადამიანებს და ითხოვდნენ ბეგარად ბავშვს, რომელსაც ჭამდნენ. შეწუხებულმა ხალხმა ღმერთს მიმართა. მორიგე ღმერთს თავის კარზე შემოეყარა სამოცდასამი ღვთისშვილი (შემდგომი წოდებულნი, როგორც "ჯვარნი"). კოპალამ ყველას აჯობა. მაშინ ღმერთმა ლახტიც მას მისცა და დევთა საჟლეტად გაუშვა. გზად შეხვდა ფშაველი, რომელსაც დევებთან ბეგარის ბავშვი მიჰყავდა. განრისხებული კოპალა დევთა სამყოფელში მიჰყვა, დაერია ამ "ხევსურეთის მინოტავრებს" და გაჟლიტა.


კოპალა



ცნობილია მითი კოპალას ქვაზე. გმირის დასაჯდომი ქვა ერთ დევს მოუპარავს. შინ დაბრუნებული კოპალასთვის ეს ერთ მსახურს უთქვამს. კოპალა დასდევნებია. დევს დაუნახავს, ქვა დაუგდია, თავად გაქცეულა. კოპალას ლახტი უსვრია და მოუკლავს. ის ქვა კი იქვე გდია დღესაც. "კოპალას ქვა" მთიდან დაგორებული დიდი ლოდია, "ნაგურზალი სიბტყე დროთა მოქმედების შედეგია. მასთან ფშაველნი, კოპალას ტრადიციულ მსხვერპლს სწირავდნენ. კოპალა კი დარჩა ხალხურ სიმღერებში:


"გმირი კოპალა ცხენზე ზის,

ცხენი მიდის და გოგდება,

მის სამტროდ დევნი აშლილან,

ყველა დიდ მთაზე გროვდება...

გმირი კოპალას შიშითა

დევებს ვერ გაუხარიათ,

მისი მარჯვენა მძლავრია,

მისი დაკრული მწარია."


როცა ღმერთმა კოპალა გააჩინა, ფადლაურის ბოლოს (ფშავში) დუნიის ოდენა დევები მდგარან. მეტადრე ერთი დევი ყოფილა, ღმერთსაც კი დაეჭიდებოდა. კოპალა წავიდა, იმ დევს თავი მოაპარსვინა. დევმა დაიჭირა, ლამის კისერი მოსტეხა. კოპალა ღმერთთან მივიდა და უთხრა: თუ ღონე არ მომიმატე, იმ დევს ვერას ვავნებო. ღმერთმა ღონე მოუმატა. კოპალამ მოკლა ის დევიც და დევთა ჯილაგიც დახოცა.

ერთი მითის მიხედვით, კოპალას მოძმეა ღვთისშვილი შუბნური. მისი თანხლებით თუ მარტო, ყოფილა ქაჯეთშიც, ჯოგები წამოუსხამს. მეორე თანამებრძოლია იახსარი. ორივე დევებს ებრძვის (თქმულებები ჩაწერეს ვაჟა-ფშაველამ და თედო რაზიკაშვილმა).


კოპალა


კოპალა კარატელის სახელთანაა დაკავშირებული ამბავი ციდან ჩამოშვებული ხატის და შიბისა (შეად. პალადიონის და არტემიდეს გამოსახულებით ჩამოვარდნა ზეციდან ბერძნულ მითებში, დავა მათი მფლობელობისთვის ტროელებსა და აქაველებს შორის, აგრეთვე ტავრიდის მეფესა და ბერძნებს (ატიკელებს) შორის. ეს ხატი და შიფი მწყემს ფშაველ და ქალებს უხილავთ და ცილობა გაუმართავთ, თუ რომელს რგებოდა ციური წყალობა. ბოლოს, წყლით სავსე ჯამი დაუდგამთ: რომლის მხარესაც წყალი დაიღვრება, იმას ერგებაო. ხატი ხევსურს რგებია, შიბი (ოქროს ჯაჭვი) - ფშაველს. ხატი განსახიერებაა კარატელ კოპალასი, მისი სიმბოლოა, როგორც დევთა მჟლეტისა. შიბი კი ციხეგორს დარჩა. კოპალას გაჰმარჯვებია და ხალხში დარჩენილა. მისი საკულტო ადგილები ბევრგან ყოფილა, ფშავ-ხევსურეთში, ერწოში, თუშეთში, კახეთში. მისი ტაძარი ჩაილურშიცაა, კლდის თავზე, ჯაგიანში. ქართული მითოლოგიის სახეთა შორის, კოპალა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნათლად გამოკვეთილი გმირი და ნახევარღმერთია. შეად. ამირანი.


კოპალა


კოპალა სხვა ღვთისშვილთა - ბაადურისა და თერგვაულის მოძმე და მფარველია. ვაჟა-ფშაველას ცნობით, დევებს და ქაჯებს მხოლოდ კოპალა და იახსარი ებრძვიან. თქმულებებში კი, მებრძოლთა შორის ბერი ბაადური და თერგვაულიც არიან. ყველას უჭირდა სუმბატ დევთან ბრძოლა. ეს ბუმბერაზი, ცალთვალა დევი ბერძნულ კიკლოპს მოგვაგონებს, შუბლში ერთადერთი, ნაღვერდალივით თვალი აქვს ჩამჯდარი. დადის და ადამიანებს დაეძებს, ხოცავს და ნთქავს. ზღვაზე გადადის, ორიონივით მორევში ჯდება. მთავარ დევთსაჯდომს - ბეღელთანას და ციხეგორს ხომ ვერავინ ეკარება. სუმბატი და სხვა დევები კი სხვა მხარეებშიც ავიწროებენხალხს. გიორგი ნაღვარმშვენიერი შეუპყრია, სანე-ღელეში გადასულა, ბაადურსაც შევბოჭავო. ცალთვალა სუმბატი "ღმერთის ყადრი" იყო, ღმერთსაც შეეჭიდებოდა, უზენაესამდე ბევრი არ აკლდა. შავ მთვარეს ჰგავდა.


კოპალა. Kopala


სწორედ ამ დროს, სანე-ღელეში კოპალაც "ჩამოსვეტდა" ბაადურის სანახავად. სუმბატს კოპალა ბაადური ეგონა, ხელდახელ დაეტაკა, კოპალასაც დევი ბაადური ეგონა, მეხუმრება და დევის სახე ამიტომ მიუღიაო, მაგრამ ჭიდაობის დროს კოპალამ შეატყო, რომ დევის ხორციელი ლეში ერკინებოდა. მაშინვე გაუსხლტა, ჰაერში აფრინდა (მხარგანიერი კოპალა დაფრინავდა), სივრცეში ოქროქსოვილი გაჰფინა, ზედ შედგა და იქიდან განაგრძო ბრძოლა. დევს ისარი ესროლა, ცეცხლი წაუკიდა, ღვთის ნასახნი ამ ბრძოლას ზეციდან დასცქეროდნენ და დიდად უკვირდათ: კოპალა ოქროქსოვილზე იდგა, როგორც არწივზე და ცეცხლოვანი ისრებით დასწვა სუმბატ დევი (თ. რაზიკაშვილის ვარიანტი). გახარებულმა ბაადურ ბერმა ბედის ბედაური აჩუქა კოპალას, ნიშნად მადლობისა, რომ სუმბატ დევი მომაშორეო.


კოპალა


კოპალა წარმატებით ებრძვის ქაჯებსაც, როგორც თერგვაული. ერთხელ, შავ ზღვაში გავიდა ქაჯებთან საომრად. ქაჯთა ცხრათავიანმა მეფემ ნახა მისი ომი, შეძრწუნდა, უკუიქცა, ზღვის მორევში ჩავიდა. კოპალაც თან ჩაჰყვა. იქ ქაჯებმა შეიპყრეს. ერთი წელი ხალხმა ტყუილად ილოცა, კოპალასთან ლოცვა არ აღწევდა. ბოლოს დიდმა ღმერთმა მორიგემ შეიტყო, განრისხდა: ჩემი ნასახი ქაჯებს როგორ ჰყავთო! (ეპიზოდი, რაც ემსგავსება ზევსის გადაწყვეტილებას, კალიფსოს კუნძულიდან ოდისევსის დახსნაზე). ღვთისშვილებს ნება მისცა გამოეყვანათ ზღვაში დატყვევებული კოპალა. "მაშინ წავედით შავს ზღვაზედა" - ამბობს თერგვაული, - ქაჯთ ბაზარიც დავამტვრიეთ, ქაჯთა მორევიც დავძარით. მაშინ კოპალაც ამოშუქდა, ქაჯთა მორევში ნატყვეური." აქ კოპალა თერგვაულმა იხსნა. ეს მითები თავიანთი სიძველითა და მხატვრული სრულყოფით, ცნობილ ბერძნულ მითებს არ ჩამოუვარდება. აქ ძიება გრძელდება.


კოპალა საკმაოდ ღრმად დამუშავებული მითოლოგიური სახეა. ღვთის ნასახი ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსიცაა, მისი ბედაური გოგმანით მიდის, მხედარი სხივით სწვავს ავსულებს. შესაძლოა თვით მზე მიაჩნდათ კოპალად, რომელიც ჰაერში დგას ოქროქსოვილზე (ოქრო ხომ მზის სიმბოლოა) და ცეცხლოვანი ისრებით წვავს დევებს, კერებს. მეგრულად "კოპული" შურდულია. შურდულივით ნატყორცნი სხივი - კოპალას ნიშანია.


კოპალა


მრავალ მშვენიერ მითშია გადმოცემული სახალხო გმირის ბრძოლა დევებტან. ერთი ვერსიით, ხევსურეთში ხუთ და-ძმა დევს უცხოვრია. ხოშარაშიც ყოფილან, ვერხველშიც, ციხეგორშიც. კოპალა ციხეგორს დასცემია, ეს ციხე მე მინდაო. "თუ გმირი ხარ დაგითმობთო" - უთქვამთ დევებს, - თუ არადა - არაო. ნაჯახი გადმოუღეს, გრდემლი უჩვენეს: დაანაფოტეო. კოპალას რკინის გრდემლი ერთი დაკვრით დაუნაფოტებია, გაუპია (ასე გაჰკვეთა მჭედლის გრდემლი ზიგფრიდმაც). დევები შეძრწუნებულან და დაუთმიათ ციხე. კოპალას ქვა ჯერ დევებს ჰქონიათ, ზედ მოსამართლე დევი ჯდებოდა და სამართალს განაგებდა. იოლი წარმოსადგენია, რაც იქნებოდა დევის სამართალი (მოძალადე გადამთიელის სიმბოლოა უთუოდ). ხის სკამი რას გაუძლებდაო, ამბობს მთქმელი. კოპალას მოუშლია დევთ სამართალი.


კოპალა და იახსარი დევებს ეომებიან


მეორედ, კოპალასთან ჯილდაობა გაუმართავთ დევებს ირემთ-კალოზე. ქვის სროლაში გამოუწვევიათ გმირი წმინდა გორაზე. ხოშარელი და კართანელი დევები მოუწვევიათ. ჯერ ფალავნის შესარჩევი შერკინება გაუმართავთ, რომ მერე კოპალასთან შესაჯიბრებლად უძლიერესნი გაეშვათ. კოპალა გორაზე შეხტა, უცადა. წამოშავდნენ მძლე დევებიც. მიწას აფრქვევდნენ და ისე მილეწავდნენ გზას, მიწას თოვლივით კვეთდნენ, მუხლამდე ეფლობოდნენ. შემეშინდაო, მერე უთქვამს კოპალას: ღვთაებრივი ძალის იმედი მქონდა ზეცით, თორემ ბუმბერაზ დევებთან რას გავხდებოდიო (რეალისტური დეტალი). დევებმა ორი ლოდი მოიტანეს. ვინც უფრო შორს გასტყორცნის, ციხეგორიც მისი იქნებაო. დევებმა სავარაუდო ადგილზე ქაჯები დააყენეს: თუ კოპალას ქვა უფრო შორს დაეცემოდა, დევების ქვა იმაზე შორს უნდა გაეტანათ. კოპალას ქვა მართლაც დევთა ფალავნის ნასროლ ქვაზე უფრო შორს გადავარდა. ქაჯები დაფაცურდნენ, დევთა ქვა ააგორეს, მაგრამ კოპალას ლოდს მოედო, ზედ დააწვა და ამიტომ ქაჯებმა ვეღარ დაძრეს. ასე დევს დღესაც დევის ლოდი კოპალას ლოდზე. ძლეული დევები გმირს გაეცალნენ, ჩარგლის ხიდთან გადაბარგდნენ, ციხეგორი კი კოპალას დარჩა (დევთა და ქაჯთა კავშირი თვით სიტყვა ეშმადევშია ფიქსირებული ინდურ მითოლოგიაში).


კოპალა


მერე ერთი დევი ფარულად მისულა, კოპალას ქვა მოუპარავს. იახსარს თვალი მოუკრავს, კოპალასთვის უცნობებია (ცხადია, ქვას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს). დევმა ქვა მოგპარაო. კოპალა და იახსარი იმ დროს ჯერ კიდევ "ხორციელადა ყოფილან" (ესეიგი ეს აპოთეოზამდე მოხდა). დევს ქვა წყალდაწყალ უტარებია, მაგრამ კოპალა მაინც დასდევნებია, დასწევია, ლახტი დაუკრავს, დევი მოუკლავს. ქვა ისევ ამოუტანიათ და იქ დევს, სადაც დღეს კოპალას სალოცავია.

ვერსია: ციხეგორიდან ქვა დევ-დედაბერს, მელანიას წაუღია, კოპალა გამოდევნებია, დევების მელანიას ქვა დაუგდია და დღესაც იქ დევს, არაგვის პირას, სადაც კოპალას სალოცავში ხალხი დაიარება (ისევ შეხვედრა ინდურ დევ - დივ ქალთან). მითი არც ამით თავდება. დევის ძმა, ავთანდილი სანადიროდ ყოფილა, ლახტის ხმა სმენია, დასტურ, ძმა მომიკლესო, უთქვამს. წამოსულა დატვირთული. ცალ მხარზე ირემი წამოედო, მეორეზე მთელი წიფელი. გმირს გაუსწორდა, წიფელი ესროლა, ხე წვერით დაესო მიწაზე. კოპალამ ავთანდილსაც დაჰკრა ლახტი და მოკლა. გაბრუებული დევი (თუ სხვა დიდი დევი) წამოსულა, მთელი ტყე წამოუხვეტია, არაგვში ჩაუხვეტია და თვითონ ქვად ქცეულა. ის ქვა დღესაც გდია არაგვში, ავთანდილის საქანთან.


გამარჯვებული კოპალა კართანას მისულა დევთა ჯილაგის გასაწყვეტად. დევებმა მზეთუნახავი ქალი შემოაგებეს და შეეხვეწნენ - ნუ დაგვხოცავ და ეს ქალი სენი იყოსო. დევის ქალს რას ვაქნევო და მავნე მაინც დაუხოცავს. შემდეგ, იახსარის შეწევნით, ხოშარელი დევებიც გაუწყვეტია. დევთა დედაბერი ძაფს ართავდა, ტყე შხუოდა ("ქარი იყო და ხვიოდა, ფოთოლი ჩამოდიოდა, მშვილდ-ქაიბული ბერისა ქუდიელზედა ცვიოდა", ესეიგი ბერ კოპალას ისრები). ეს ძლიერი მითი (ზღაპრის შენარევებით) 80 წლის ჭრელა კოჭრელაშვილს გადმოუცია, გ. თუმანაულს ჩაუწერია.


კოპალა


ფშაური თქმულებით, კოპალას მარცხიც განუცდია. ხუთი წელი დევთა ტყვეობაში გაუტარებია, ხოლოს გაქცეულა, ჩაბინოს ხევში იხინჭის ტაძარი აუგია, იქვე ულოცია და ჩასძინებია. ვიდრე ეძინა, ქალების ნაჩუქარ ხატს თუ კვერთხს, ფესვები გაუდგამს. უღელი ხარიც იქვე გამოჩენილა. კოპალა ხარებს მიჰყვა. ერთი კართანას დაუკარგავს, მეორე - ციხეგორს (შეადარეთ კადმოსი, ძროხას რომ მიჰყვა და მომავალ თებეს მიწაზე გაჩერდა, ან ჰერაკლე და ხარები). ძებნაში დევების ბუნაგს მიადგა (ასევე მოხვდა გერიონის ხარის ძებნაში დევკაც კაკუსის ბუნაგში). დევებმა თქვეს - კარგი სადილი მოგვივიდა, კოკალიაიაო (პატარააო). კოპალამ შესძახა - გამოქვაბული დამიცალეთო. დევებს გაეცინათ - რათაო, ჯობს, ქვებით ვიასპარეზოთო. ირემთკალოზე რომ მთავარი ქვა გდია, ის "გამოვკრათო". კოპალამ 49-ლიტრიანი ქვა ითხოვა. დევებმა ისევ ქაჯები დააყენეს, კოპალამ მაინც გაიმარჯვა. დევები ამოწყვიტა.


კოპალას ქვა (ფშავში, არაგვზე, მაღაროს კართან) ძლიერების სიმბოლიკის ნიმუშია. კოპალა იმაზე ჯდებოდა, უმისოდ საუფლო წესს ვერ ასრულებდა. დევებს თუ დევ-ქალს ქვა იმისთვის მუპარავს, გმირებისათვის ხელი შეეშალათ ლოცვაში და ამის გამო ღონე დაჰკლებოდათ (აქ დევთა ჭკუა თვალსაჩინოა). მაგრამ იმ ქვას შეეწირა მავნეთა თესლი და ჯილაგი. კოპალასა დაიახსარს ქვა ტაძრისათვის დაუსაკუთრებიათ. გმირთა ნასახლარს ფშაველები დღესაც გვიჩვენებენ კართანთან, სადაც კოპალასა და იახსარის სახლები კიდობნისოდენა ლოდებით არისო ნაგები.


კოპალა


ერთი ვერსიით, წარმართ კოპალას სიზმარი უნახავს - ბრძოლას თავი ანებეო, უთქვამთ წარმართულ წმინდანებს. ღმერთსაც (მორიგეს) უღელი ხარი მიუცია და ერთი ხე - შეაბი და სადაც ხე მოსწყდეს, იქ დამკვიდრდიო. ხე სოფელ უძილაურთას მოწყდა უღელს. გმირმა ხარები ისევ გარეკა, ციხეგორს გაჩერდნენ და დაიხოცნენ (აქაც კადმოსის მსგავსი და ორიგინალური მოტივია). ამ ციხეგორიდან განდევნა კოპალამ დევები და თავისი ციხებურჯი ააგო, რაც თებეს ციხის აგებას მოგვაგონებს (შეხვედრა შემთხვევითია, ხალხთა პოეტური აზროვნების ნიმუში). ამ თემაზეა ხალხური ლექსი: "შაიყრებიან დევები, სადაც დიდ მოედანია".


კოპალა, იახსარი და ბაადური ღვთისშვილები არიან, მაგრამ ადამიანთა შორის ტრიალებენ, ბერძენთა ღმერთების მსგავსად. ებრძვიან მავნე ძალებს. კოპალასაც მრავალ ლექსში უმღერის მთის ხალხი:


"წმინდა კოპალას კარზედა

დიდი იფნები დგანანო.

ზედ ანგელოზნი დამსხდარან,

ბნელ ღამეშიაც ჩანანო.

მათი შემყურე დევები

სულ ზეზე ჩამომხმარანო"

(მთქმელი ბერიძე ხახონაშვილი, ფშაველი)


"კოპალა გალავანზედა

უსარტყლოდ გამოსულაო,

იმის გამონავალზედა

ხე ალვად ამოსულაო,

ზედაც ყურძენი დაუსხამს,

მწიფედაც შემოსულაო,

ამის მჭამელი ქალ-რძალი

შავადაც შემოსილაო."


ვაჟას "კოპალაში" მოცემულია დევების სრულყოფილი სახე:

"შავბნელთა, უზარმაზართა,

გრგვინვით ჩამოვლნეს ჭალანი,

კაცისა სისხლით ეღებათ

ხელ-ფეხი, პირის ბალანი.

ციხეს აგებენ დევები,

ციხეს კაცების ძვლისასა."


ქვეყანა ბნელდება, ქვეყანა გლოვობს, უეცრად "განათდა მთელი ქვეყანა", ციდან დასვა ღვთისშვილი კოპალა. ყველამ გაიხარა, მხოლოდ დევებმა ატეხეს ტირილი. "დავიწით, ნათელმა დაგვწვა სახე, თვალები, ტანიო" (ხალხური რწმენის პოეტური გამოძახილი: კოპალა მზის განსახიერებაა). "აგერ მოგროვდნენ დევები, " დაერია კოპალა, "აივსო დევთა ლეშითა დაბლა ტყე-ველი, ხევები, რამ რა დაზარდნა ასეთი, თითო გერგეტის ტოლია". მაგრამ კოპალას ნაკრავი ჟლეტს დევებს, ვეღარ დევობენ. ეს სხივთა ისარია. დევები ჩივიან - ზეცამ დაგვლივა ტიალმა, ერთის მოხუცი ბერისა ლახტის ცემამა მწარემა". დევი ბეღელა აქ დევთა ფარ-ხმალს მიართმევს კოპალას და ჩივის: "რაღა შენ მოგცა უფალმა, ძალნი არვისგან ძლეულიო", ღმერთთან შუამავლობას სთხოვს, კოპალა კი ზიზღით უკუაგდებს მავნის თხოვნას და "შხამის გუდა ბეღელას" ცეცხლით წვავს.


კოპალა,  Kopala


კოპალა ანთროპომორფული ღვთაებაა, თუმცა არც ცხოველური საწყისებია დავიწყებული. უძილთაურელ ფშაველთა და ლიქოკელ ხევსურთა სათემო ღვთაება დევებთან მოჭიდავე ლახტიანი ღვთისშვილი საკაცობრიო რანგში ადის ბოროტებასთან ბრძოლის დიდი მასშტაბით. მისი ზოომორფული უძველესი ბუნება ჩანს ერთი ლექსიდან, რაც თუშებს გამოუთქვამთ დიდოეთში მიმავალ კოპალაზე:


"ვეშაგურთის გორ ვესტუმრე,

მწყემსი ვეგონე ცხვრიანი,

ჩიღის გორ ჩამომავალი,

ირემ ვეგონე რქიანი,

სიმურჩი ამოვიჩქიფე,

რქის წვერთ გაიღეს ძგრიალი."


ეს ირმისრქიანი გმირია. (შეადარეთ რქოსანი ზიგფრიდის მითი - ძალზე საგულისხმო დამთხვევა გერმანულ მითოლოგიასთან).

კოპალას სახელტან მრავალი ადგილი, ქვა და სალოცავია დაკავშირებული. მაგალითად ფშავსი უძილთაურის სალოცავი "ირემთ კალო", სადაც კოპალა და იახსარი დევებს ეომებოდნენ. ფშავშივე სხვა სალოცავებიც აქვს. კოპალას ერთ-ერთი ეპითეტია: "ბოვრაყიანი" ან "დოლვაყიანი" (დროშიანი):


"ცა ჭექდეს, ქუხდეს, ელავდეს

- წმინდა გიორგი იქნება.

ნოგიროს წვერზე დაბრძანდა

გიორგი დობილიანი,

მთის ძირში შემოეგება

კოპალე დოლვაყიანი."


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.





საინტერესო სტატიები კოლხეთის შესახებ:


1. იბერო-კოლხების განსახლების არეალები ნაწ. I

2. იბერო-კოლხთა განსახლების არეალები ნაწ. II

3. იბერო-კოლხური ტომები კავკასიაში, მცირე აზიასა და ევროპაში

4. იბერო-კოლხური ევროპა

5. კოლხური ქალღმერთი რეა-კიბელე, იგივე ფასიანე

6. კოლხური ქალღმერთი ფასიანე - დიდი დედის პანევროპული კულტი

7. კორიბანტები - კოლხი ქურუმები

8. კვირბები - კოლხური ტექსტები

9. კოლხთა დამწერლობის ნიმუშები

10. მინოსური წარწერები - კოლხური ტექსტები

11. რა წერია ფესტოსის დისკოზე?

12. კოლხეთის სამეფო

13. ლაზიკის სამეფო

14. პონტოს სამეფო

15. ტრაპიზონის იმპერია

16. კოლხური კულტურა

17. 6000 წლის წინანდელი მეტალურგიის კერა კოლხეთში

18. კოლხეთის ტერიტორიაზე საპიენსები ჯერ კიდევ 500 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ

19. მსოფლიოს პირველი მკერავები კოლხეთის ტერიტორიიდან

20. უძველესი ქართული საგანძური, სადაც კოლხური კულტურის წილი საკმაოდ დიდია

21. უძველესი ქართული საგანძური - დიდწილად კოლხური არეოლოგიური ნიმუშები

22. ეგვიპტელები და კოლხები

23. კოლხეთის ტერიტორიაზე გავრცელებული დინოზავრები

24. ლაზური არქიტექტურა

25. რამდენი არიან ლაზები?

26. ვინ არიან ლაზები - ნაწ. I

27. ვინ არიან ლაზები - ნაწ. II

28. ვინ არიან ლაზები - ნაწ. III

29. ვინ არიან ლაზები - ნაწ. IV

30. ცხოველების სახელები ლაზურად

31. ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ

32. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში

33. იბერო-კოლხური ცივილიზაცია

34. იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები

35. კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან

36. ფაზისის აკადემია - მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარი

37. კოლხეთის დედაქალაქის აიას მცირე ნაწილი აღმოჩენილია

38. კრუბერა - მღვიმეების ევერესტი კოლხეთის ტერიტორიაზე

39. თვეებისა და კვირის დღეების სახელწოდებები კოლხეთში

40. რუსი პროტოდიაკონი, ადრეი კურაევი აფხაზებს შესახებ

41. ესპანელი პოეტის ლექსი აფხაზეთის შესახებ

42. ბასკურ-კოლხური კავშირები

43. კოლხი მედეა

44. კოლხი მედეა - მედიცინის სახელმიმცემი

45. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

46. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

47. სპარტები - მიწისშობილი კოლხი მეომრები

48. აიეტი - კოლხეთის დიდებული მეფე

49. ჰეკატე - კოლხთა დიადი ქალღმერთი

50. ჰელიოსი - მზის ღმერთი და კოლხური სამეფო მოდგმის ფუძემდებელი

51. არგონავტები

52. არგო

53. ამაძონები - მეომარი კოლხი ქალები?

54. ზვიად გამსახურდია იბერო-კოლხური ევროპის შესახებ

55. უკრაინელი მკვლევარი, არტიომ ივანცოვი იბერო-კოლხური ევროპის შესახებ

56. გარდაცვალება - ქურუმად კურთხევის კოლხური რიტუალი

57. ხვამლის მთა - კოლხური მისტერიების ერთ-ერთი ეპიცენტრი

58. კირკე - დიადი კოლხი დედოფალი

59. კოლხები

60. კოლხეთი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
473
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0