საზოგადოებრივი პრომეთე 2019, 22 დეკემბერი, 8:37 პრომეთე (Prometheus, Prometheos - "წინადახედული", "წინასწარმეტყველი", "შორსმჭვრეტელი", პრომეტჰეია - სიფრთხილე, წინდახედულობა, ზრუნვა) იყო ტიტან იაპეტისა (Iapetus) და ოკეანიდ კლიმენეს (Clymene) ძე. პრომეთეს ძმები კი იყვნენ: ეპიმეთე (Epimetheus), ატლასი (Atlas) და მენეტევსი (Menoetius). პრომეთე იყო უგონიერესი ტიტანი, კაცობრიობის კეთილისმყოფელი, ციდან ცეცხლის მომტაცებელი, კაცთა მოდგმის შექმნელი, გამომძერწავი და მფარველი, მისთვისვე წამებული და კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული. ჰომეროსის სქოლიასტი გადმოგვცემს გვიანდელ ვერსიას, რომლის მიხედვითაც პრომეთე ჰერას შვილია გიგანტ ევრიმედონტისგან, რომელმაც საწადელს მიაღწია, როცა ქალწული ჰერა მის სასახლეში იზრდებოდა. ზევსმა ამისთვის გაწყვიტა ევრიმედონტის მოდგმა, ხოლო პრომეთე კავკასიონზე მიაჯაჭვა, მაგრამ ეს ვარიანტი ვერ ხსნის წინააღმდეგობის ნამდვილ არსს. ჰესიოდე (ძვ.წ. VIII-VII სს.) დაწვრილებით მოგვითხრობს კაცთა კეთილისმყოფელი პრომეთეს ამბავს. (თეოგ. 521-598), მაგრამ არაფერს ამბობს მისი ხელით ადამიანის შექმნაზე. მისი ცნობით, როცა მეკონეში (სიკიონში) ოლიმპიელები მსჯელობდნენ, თუ რა უნდა შეეწირათ მოკვდავებს ღმერთებისთვის, პრომეთემ ზევსი მოატყუა, გონიერებით აჯობა უზენაესს. ხარი დაკლა, ტყავში შეხვეული რჩეული ხორცი ცალკე დაახვავა, მერე ზემოდან შეუხედავი კუჭი დაადო, მეორე ზვინი კი ძვლებისა იყო, მას მსუქანი ნაჭერი დააფარა. ზევსმა ძვლები აირჩია და შეცდა. რისხვის ნიშნად, ადამიანებს ცეცხლი წაართვა. ჰიგინის მიხედვით, ეს იმ მიზნით გააკეთა, რომ ადამიანებს ხორცი ვეღარ მოეხარშათ. პრომეთემ ღველფი დიდი კამის და ლერწმის ღეროში ჩადო, ოლიმპოდან მოიტაცა, ადამიანებს მოუტანა და გააფრთხილა, უდარაჯეთო. ლერწმის ვერსიას მეტი საფუძველი აქვს. ტურნეფორის ცნობით, ერთგვარი ლერწამი, რომლის გული დიდგულასავით რბილია და ნელა იწვის, ამ ლერწმით ბერძნებს ცეცხლი გადაჰქონდათ შორ მანძილზე. მას ნართეკი ეწოდება (ასე ეძახის აპოლოდორეც). ზევსი მოიქცა, როგორც მოძალადე, რომელსაც გულმოდგინედ ემსახურებიან და მაინც ცოფს ჰყრის. ჰეფესტოს უბრძანა თიხისგან უმშვენიერესი მაცდური ქალის გამოძერწვა, ამ ქანდაკს ათენამ მომხიბლაობა ჩაჰბერა, ჰერმესმა კი მოხერხება. ასე დაასაჩუქრა ის ყველა ღმერთმა და ეწოდა მას "პანდორა" (პანდორე) - ყველასგან დასაჩუქრებული. ეს პანდორა მიუგზავნეს თავის ყუთიანად, ადამიანებს, საკუთრივ პრომეთეს ძმას, ეპიმეთეს. გონებამოუქნელმა ტიტანმა, რომელმაც ძმის გაფრთხილებას ყური არ ათხოვა, პანდორე შეირთო. ქალმა ყუთი გახსნა და ყველანაირი ჭირი მოედო ქვეყნიერებას. შიგ დარჩა მხოლოდ იმედი. ქვეყნად ცხოვრება გაჭირდა, ცალკეული ადამიანის უკვდავება შეუძლებელი გახდა. დარდი და სიკვდილი იქცა მის თანამგზავრად. აქ ზევსიც ისეთივე სასტიკია, როგორც ბიბლიური ღმერთი, იაჰვე. თვით ურჩი პრომეთე ზევსმა სასტიკად დასაჯა. მისი ბრძანებით ჰეფესტოსმა, კრატოსმა და ბიასმა - "ძალაუფლებამ და ძალმა" კავკასიონის მაღალ ქედზე მიაჯაჭვეს, კლდეს მიაკრეს და ყოველ დილით კავკასიური არწივი უკორტნის გულ-ღვიძლს, რაც ღამით ისევ უმრთელდება. მისი სისხლის წვეთებზე იზრდება "პრომეთეს ყვავილი", რასაც მედეა ჯადოსნური წამლების დასამზადებლად იყენებდა. პრომეთეს გრგვინვა არყევს კავკასიონს. ეს ტანჯვა თითქოს 30 ათას წელს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ამ წამებას ბოლო მოუღო ჰერაკლემ, რომელიც ჩამოვიდა კოლხეთში, მოკლა კავკასიური არწივი, დალეწა ჯაჭვი და გაათავისუფლა. ამის მიუხედავად პატივმოყვარე ზევსის ბრძანებით ტიტანი განთავისუფლების შემდეგაც ატარებს რკინის რგოლს, ნიშნად ზევსის ძლიერებისა. ამით ზევსმა თავისი საყვარელი შვილი, ჰერაკლეც განადიდა. პრომეთე ქართული ამირანის ორეულია, უძველესი მითის ნათელი სახე, ძალზე მნიშვნელოვანი ფენომენი ყველა თვალსაზრისით. ის იქცა ამბოხის, წინსვლის, დაუცხრომელი მისწრაფების სიმბოლოდ. ანტიკა უკვე გრძნობდა ამას. ესქილემ მას ტრილოგია უძღვნა: ცეცხლის მომტანი, მიჯაჭვული და განთავისუფლებული პრომეთე. ჰესიოდეს ბუნდოვანი, თუმცა გენიალური მინიშნებანი მან ბრწყინვალედ განავითარა. პრომეთე-დამნაშავე, მან აქცია პრომეთე-მეამბოხედ. პრომეთე საკუთრივ ადამიანთა ღმერთია. გიგანტომაქიის დროს, ოლიმპოელი ღმერთების გიგანტებთან ბრძოლაში დედა თემიდას უსმინა და ზევსს დაეხმარა ძველი ღმერთების, ტიტანების წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ტიტანი იყო. ახალი წესრიგის დამყარება ეწადა, მაგრამ წინ აღუდგა იმავე ზევსს, როდესაც მან თქვა: "კაცთა მოდგმა უვიცი და უხეშია, უნდა მოსპოსო". მაშინ პრომეთე ადამიანების მხარეს დადგა და მათ ცეცხლი მისცა, დაეხმარა, ასწავლა ხელოსნობა, ნაოსნობა, ვარსკვლავებზე დაკვირვება, წერა-კითხვა, ანგარიში, მკურნალობა, წინასწარმეტყველება, გახადა გონიერი - ზევსის განწირული ადამიანი გადაარჩინა გადაშენებას. ზევსი დაუნდობელია, მაგრამ კავკასიონზე მიჯაჭვულ პრომეთეს გამოეცხადებიან ოკეანე და ოკეანიდები და მორჩილებას ურჩევენ. აქ გაიგებენ, რომ შეძლებდა თავის დახსნას დიდი საიდუმლოებით, რაც მხოლოდ მან იცის და რითაც მას შეუძლია იხსნას ოლიმპოს მბრძანებელი. ეს მართალია, პრომეთემ იცის: ნერეიდა თეტიდასთან ზევსს ეყოლება შვილი, რომელიც ძლიერებით მამას აღემატება და ტახტიდან ჩამოაგდებს. ზევსი ჰერმესს აგზავნის ტიტანთან. პრომეთე ეუბნება - არ გავამხელ საიდუმლოს, სანამ მიჯაჭვული ვარ და ასეთ სირცხვილში მაგდებო. მრისხანე ზევსი მეხს დაჰკრავს კლდეს და მიჯაჭვულ ტიტანს კლდესთან ერთად შავ ზღვაში ამხობს, ქვესკნელში აგდებს (ესქ. "მიჯაჭვული პრომეთე"). გადის დიდი დრო, პრომეთე ისევ კავკასიონზეა მიჯაჭვული და კვლავ ის კავკასიური არწივი უკორტნის გულ-მკერდს. ზევსს კი აფიქრებს თავისი ბედი, ამიტომ ჰერაკლეს ნებას აძლევს მოკლას არწივი და იხსნას ტიტანი. ამავე დროს, პრომეთეს უკვდავებას უცვლის კენტავრი ქირონი, რომელიც შემთხვევით დაჭრა ჰერაკლემ ჰიდრის სისხლით გაჟღენთილი სისხლით და იტანჯება. ქირონი კვდება, პრომეთე კი უკვდავი ხდება, თავისუფლდება და ზევსს უმხელს საიდუმლოს. ზევსი უარს ამბობს თეტიდასთან კავშირზე და ქალღმერთს მიათხოვებს ნელევსს, რომელსაც ეყოლება მამაზე ძლიერი შვილი - აქილევსი. ამრიგად, ვიდრე ჯიუტობს და ურჩობს, ტიტანი იტანჯება. ვიდრე სხვას მფარველობს, მას არ მფარველობენ. მისი სიკეთე მიწიერია. უზენაესი, სულიერი სიკეთე კი ზევსის ხელთაა, აპოლონის და სხვა ღმერთების საუნჯეა, მაგრამ პირველი და მთავარი - პრომეთეს აქვს. ოვიდიუსის (ძვ.წ. 43-ახ.წ. 18) მეტამორფოზების მიხედვით (1, 81), თვით ადამიანიც პრომეთემ შექმნა მიწისა და თიხისაგან, ან ათენას დახმარებით. ეს მოხდა დევკალიონის დროის წარღვნამდე. დევკალიონიც მისი შვილია, დედა კი -აქსიოთეა, ჰესიოდე, კლიმენე, პანდორა, ან აზია, ასიე, როგორც ეძახის ჰეროდოტე პრომეთეს ცოლს (4, 45). პრომეთემ მისცა წარღვნის წინ დევკალიონს რჩევა, გემი აიშენე და თავი გადაირჩინეო. პრომეთეს პატივს მიაგებდნენ ყველგან, სადაც კი განათლებული ადამიანია, მაგრამ საკულტო ადგილი ჰქონია ათენში, სადაც ჩირაღდნოსანთა საზეიმო სრბოლა ეწყობოდა, სახელად პრომეთეები. პატივს სცემდა ტიტანს ჰეფესტოსი, განსაკუთრებით კი - ათენა (ჰეს. თეოგ. 507...; დღენი, 42...; აპოლოდ. 1, 7, 1; 2, 5, 11). პრომეთეს სახე მთელ ხმელთაშუა ზღვის აუზში გავრცელდა, მაგრამ მსგავსი ორეული, ბრწყინვალედ ხორცშესხმული დამოუკიდებელი ანალოგია მოიპოვება მხოლოდ ქართულფოლკლორში, სადაც ამირანი მრავალმხრივ ემსგავსება პრომეთეს. მეცნიერების ამოცაა, ჩასწვდეს და დაადგინოს, რომელია პირველი და რამ განაპირობა ამ გმირთა (გმირის) ლოკალიზება კავკასიონზე. პრომეთეს ცეცხლი განასახიერებს კულტურის წინსვლას, ნიჭისა და განათლების სიმბოლოა. პრომეთე ყველაზე კეთილშობილი წმინდანი და მოწამეა ფილოსოფიურ კალენდარში. მისი სახის გახსნაში დიდი მსგავსებაა ბაირონისა და გოეთეს პოზიციებს შორის. გოეთეს პრომეთე ხომ მეამბოხე ტიტანია, კაცთა კეთილისმყოფელი. ასე ადიდებს ბაირონიც: "არა გულგრილად, ღმერთების დარად უკვდავო, შენი ტიტანის მზერას აპყრობდი კაცთა ბედსა და წერას, ჭირსა და ვარამს შველოდი მარად! გიყვარდით, მაგრამ რა გერგო ჯილდოდ? მარტოდენ ტანჯვა, ბორკილი, ძერა... უნდო ბრძოლაში მთმენელო ჭირთა, სძლიე ნაღველი და ბედისწერა. გვწამს შენი წმინდა დანაშაული, სიკეთის ჭვრეტა მარადჟამული, სულის სიმტკიცე რისხვით არ იწვის, გინდ მოხვდეს მეხი ცისა და მიწის" წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. საინტერესო სტატიები კოლხეთის შესახებ:1. იბერო-კოლხების განსახლების არეალები ნაწ. I 2. იბერო-კოლხთა განსახლების არეალები ნაწ. II 3. იბერო-კოლხური ტომები კავკასიაში, მცირე აზიასა და ევროპაში 4. იბერო-კოლხური ევროპა 5. კოლხური ქალღმერთი რეა-კიბელე, იგივე ფასიანე 6. კოლხური ქალღმერთი ფასიანე - დიდი დედის პანევროპული კულტი 7. კორიბანტები - კოლხი ქურუმები 8. კვირბები - კოლხური ტექსტები 9. კოლხთა დამწერლობის ნიმუშები 10. მინოსური წარწერები - კოლხური ტექსტები 11. რა წერია ფესტოსის დისკოზე? 12. კოლხეთის სამეფო 13. ლაზიკის სამეფო 14. პონტოს სამეფო 15. ტრაპიზონის იმპერია 16. კოლხური კულტურა 17. 6000 წლის წინანდელი მეტალურგიის კერა კოლხეთში 18. კოლხეთის ტერიტორიაზე საპიენსები ჯერ კიდევ 500 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ 19. მსოფლიოს პირველი მკერავები კოლხეთის ტერიტორიიდან 20. უძველესი ქართული საგანძური, სადაც კოლხური კულტურის წილი საკმაოდ დიდია 21. უძველესი ქართული საგანძური - დიდწილად კოლხური არეოლოგიური ნიმუშები 22. ეგვიპტელები და კოლხები 23. კოლხეთის ტერიტორიაზე გავრცელებული დინოზავრები 24. ლაზური არქიტექტურა 25. რამდენი არიან ლაზები? 26. ვინ არიან ლაზები - ნაწ. I 27. ვინ არიან ლაზები - ნაწ. II 28. ვინ არიან ლაზები - ნაწ. III 29. ვინ არიან ლაზები - ნაწ. IV 30. ცხოველების სახელები ლაზურად 31. ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ 32. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში 33. იბერო-კოლხური ცივილიზაცია 34. იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები 35. კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან 36. ფაზისის აკადემია - მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარი 37. კოლხეთის დედაქალაქის აიას მცირე ნაწილი აღმოჩენილია 38. კრუბერა - მღვიმეების ევერესტი კოლხეთის ტერიტორიაზე 39. თვეებისა და კვირის დღეების სახელწოდებები კოლხეთში 40. რუსი პროტოდიაკონი, ადრეი კურაევი აფხაზებს შესახებ 41. ესპანელი პოეტის ლექსი აფხაზეთის შესახებ 42. ბასკურ-კოლხური კავშირები 43. კოლხი მედეა 44. კოლხი მედეა - მედიცინის სახელმიმცემი 45. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი 46. კოლხური ხარები - ხალკოტავრები 47. სპარტები - მიწისშობილი კოლხი მეომრები 48. აიეტი - კოლხეთის დიდებული მეფე 49. ჰეკატე - კოლხთა დიადი ქალღმერთი 50. ჰელიოსი - მზის ღმერთი და კოლხური სამეფო მოდგმის ფუძემდებელი 51. არგონავტები 52. არგო 53. ამაძონები - მეომარი კოლხი ქალები? 54. ზვიად გამსახურდია იბერო-კოლხური ევროპის შესახებ 55. უკრაინელი მკვლევარი, არტიომ ივანცოვი იბერო-კოლხური ევროპის შესახებ 56. გარდაცვალება - ქურუმად კურთხევის კოლხური რიტუალი 57. ხვამლის მთა - კოლხური მისტერიების ერთ-ერთი ეპიცენტრი 58. კირკე - დიადი კოლხი დედოფალი 59. კოლხები 60. კოლხეთი 61. მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე 62. პასიფაე - კრეტის კოლხი დედოფალი 63. მინოსი - კრეტის დიდებული მეფე ავტორი: თორნიკე ფხალაძე511 1-ს მოსწონს |
წარმოიდგინეთ, რომ ძველ ბერძნულ სტილში, რეალისტურში გაკეთდეს ხვამლის მთის სადღაც შუაში, შესასვლელი რომაა გამოქვაბულში თუნდაც იქვე ახლოს, ფერდობზე, მიჯაჭვული პრომეთეს ძეგლი და იქვე შორიახლოს მშვილდმომარჯვებული ჰერაკლე, რომელიც განგმირავს კავკასიურ არწივს და ფეხებთან ფრთებგაშლილი და თავგადაგდებული, ისარგარჭობილი რომ ეგდოს პრომეთეს წინ. ანტიკური სტილის გიგანტური, მონუმენტური ძეგლი აღიმართება ხვამლის მთაზე და ღამ-ღამობით განათდება ხოლმე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი ქვეყნის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ლეჩხუმისთვის იქნება ტურიზმის გზით დამატებითი შემოსავლის წყარო.