x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
კოლხი მედეა
კოლხი მედეა


მედეა (Medea, Medeia) - კოლხთა მეფის აიეტისა და ოკეანიდა იდიიას, იგივე ეიდვიას (ჰეს. თეოგ. 958) ან ქალღმერთ ჰეკატეს (დიოდ. 4, 45) ასული, მზის ღმერთის, ჰელიოსის შვილიშვილი, გრძნეული კირკეს ძმისწული, იაზონისა და მერე ეგეოსის მეუღლე, "მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარი", ექიმი, ბალახთა და წამალთა მესაიდუმლე, მედიცინის დედამთავარი, რომლის სახელიც დაედო ძირად სიტყვა მედიცინას. მედეას განსაკუთრებული სულიერი ძლიერება, მისი ჯადოქრობის ზებუნებრივი ნიჭი, მკვდრის გაცოცხლებისა და ცხვრის ბატკნად ქცევის უნარი, დრაკონების ეტლით გაფრენა და სხვ. მოწმობს, რომ უწინ ქალღმერთი ყოფილა, მერე გამხდარა ჯადოქარი. საბერძნეთში მას თაყვანს სცემდნენ, ტაძრები ჰქონდა, უმღერდნენ.


მედეას მარად მიმზიდველი და შემაძრწუნებელი, მშვენიერი სადავო სახე არგონავტების მითის ერთგვარი ღერძია, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი, ამ ერთ-ერთი უდიდესი ბერძნული ეპოპეის გმირთა მოქმედება. მედეას დახმარების წყალობით წაიღეს ოქროს საწმისი და წავიდნენ მშვიდობით ბერძენი გმირები, რომელთაც უდავო დაღუპვა ელოდათ.


კოლხი მედეა



კოლხეთს ჩასული იაზონი აიეტის სასახლეში მივიდა. ჰერასა და ათენას თხოვნით, აფროდიტემ დაიყოლია საკუთარი შვილი - ეროსი, რომ მედეა სიყვარულის ისრით დაეჭრა. ამის შემდეგ მედეა იაზონს ჰეკატეს ტაძარში იბარებს და აძლევს ჯადოსნურ მალამოს, რომლის შემწეობითაც ის უძლეველი გმირი ხდება და ასრულებს აიეტის უმძიმეს დავალებებს. იაზონი და მისი მხლებელნი ამის შემდეგაც დაიღუპებოდნენ მედეას რომ არ გაეფრთხილებინა, არ ჩაეძინებინა დრაკონი და არ დახმარებოდა საწმისის გატანაში, ვიდრე აიეტი ჯარებს შეყრიდა. მედეა მტკიცე პირობით თან მიჰყვება იაზონს და არ იზიარებს მის სარეცელს, ვიდრე ფეაკთა მეფის, ალკინოეს მოთხოვნით ეს აუცილებელი არ გახდება, რათა მდევრებს მისი მამასთან დაბრუნების იურიდიული და მორალური საფუძველი აღარ ჰქონდეთ. გზაში, მედეას დახმარებით იაზონი კლავს აიეტის ვაჟს, აფსირტეს, მდევართა წინამძღოლს. ამრიგად, ეს გრძენული ქალი შეუპოვარია და რკინის ნებისყოფით მოქმედებს. სამშობლოდან მისი წასვლა და სხვა სამართლიანი თუ უსამართლო საქმეები ღრმად მოტივირებულია დაუძლეველი სიყვარულითა და ოჯახის ერთგულებით. გზაში, მედეას ჯადო ჰკლავს სპილენძის ბუმბერაზ ტალოსს (კრეტაზე): გემიდან შელოცვით აძინებს და გადაჩეხავს.


იასონი და მედეა. ავტ: ჰაინრიხ ალდეგრევერი


იაზონსა და მედეას ეყოლათ ორი ვაჟი: მერმეროსი და ფერეტოსი (ზოგი ვერსიით 7 ქალი და 7 ვაჟი). იოლკოსში ჩასულ იაზონს გრძნეული ცოლი ჩამოაცილებს ბიძას, პელიასს, რომელმაც პირობა დაარღვია. ძმისწულის ტახტის მიმტაცებელსმისსავე ასულებს დააკეპვინებს. ამის შემდეგ ხალხმა იაზონი და მისი ცოლი განდევნა. ისინი კორინთოში ჩავიდნენ, სადაც იაზონს მეფე კრეონტის ასული გლავკე (ან კრეუსა) შეუყვარდა. მედეა იძულებული გახდა ერთხელ კიდევ მიემართა ჯადოქრობისთვის, მოწამლული სამოსი გაუგზავნა კრეუსას. მეტოქე ტანჯვით კვდება, მამამისიც მასთან ერთად იღუპება.


მედეას "დიდი მძაგებელი" ევრიპიდე სწორად გადმოგვცემს ამბავს იქამდე, სადაც მედეა მეტოქეს, კრაუზეს წამლავს. შემდეგ კი "ახალი, მითოლოგიის საწინააღმდეგო გზით მიდის. მედეა, როგორც შვილების მკვლელი დედა, მხოლოდ და მხოლოდ ევრიპიდეს (ძვ.წ. 480-406) გამოგონილია." (ლ. სანიკიძე). მხატვრული სიტყვის ძალამ დავიწყების ფერფლით დაფარა სინადვილე კოლხი ქალის ტრაგედიისა." უსაფუძვლოა ვარაუდი - იქნებ ევრიპიდეს რაღაც ცნობა ჰქონდა მედეას ხელით შვილების მოკვლაზეო. ასეთი ცნობა სადმე შემოინახებოდა.


კოლხი მედეა. ავტორი - გიორგი გაგლოშვილი


მედეა კლავს შვილებს, რათა საბოლოოდ მოუკლას გული მოღალატე ქმარს, პაპამისის, ჰელიოსის მოგზავნილი დრაკონების ეტლით გაფრინდება, ათენში ჩადის, იქ მოხუცი ეგეოსი შეირთავს, თეზევსის მოწამვლის ამაო ცდის შემდეგ ისევ გარბის, თან მიჰყავს ეგეოსთან შეძენილი გმირი მედოსი, რომელმაც მცირე აზიაში ბარბაროს ტომებს სძლია, დაიპყრო დიდძალი მიწა-წყალი და დააარსა მიდია: ეს სახელი ეწოდა უწინდელ არეიას (ეს. თეოგ. 100, 1). მედეას შვილი ინდებთანბრძოლაში დაიღუპა. თვით მედეა კოლხეთში დაბრუნდა, შეურიგდა მამას, ისევ აიყვანა ტახტზე, რომელიც ძმას, პერსეს მიეტაცებინა (ჰელიოდ. 1, 9, 28). ერთი ვერსიით, აიეტი ებრძოდა სარმატთა ტომს სკვითებს, თუ მათ მონათესავე ხალხს, რაც საფუძველს აცლის ძალზე გვიან შეთხზულ გულუბრყვილო ვერსიას მედეას სკვითურ ჩამომავლობაზე (ნ. დუმკა). ეს ვერსიაც სკვითებთან ბრძოლისა, თავისთავად არის უნიადაგო, რადგან ორივე ხსენებული ტომი ასპარეზზე გამოჩნდა ბევრად უფრო გვიან (თუმცა სკვითიაზე პრომეთეს მითშიც არის ლაპარაკი).


"მედეა" ავტორი - დავით გოჩიტაშვილი


მედეამ მედია დააარსა მას შემდეგ, რაც მამას ტახტი დაუბრუნა. ისტორიული წყაროებით, იქ იყო ძველად საგართია, საქართი, ესეიგი საქართველო, სადაც თაყვანს სცემდნენ არმაზს, გაცსა და გაიმს. ეს ტრადიცია ძალზე ლოგიკური და გამართლებულია.


ევრიპიდემ მოახდინა ქმარ-შვილის მოღალატე ელენეს რეაბილიტაცია, ქმრის ერთგულ ქალად აქცია, პენელოპეს გაუტოლა პატიოსნებით, როგორც ტიპი ბერძენი მანდილოსნისა. ცხადია, ასეთივე წარმატებით შეეძლო გაეტეხა სახელი კოლხი მედეასთვის, ამიტომაც დაახოცინა შვილები.


ევრიპიდეს მედეაშიც ქალი სასოწარკვეთილებამდე იტანჯება შვილების სიკვდილის გამო, იმართება დაძაბული დიალოგი, იაზონი ერინიებს შესთხოვს სასტიკად დასაჯონ შვილების მკვლელი. მედეა ზიზღით მიუგებს: "რომელი ღმერთი დაგიჯერებს ფიცის გამტეხო?", "ო, საყვარელო შვილებო!" გოდებს იაზონი. "საყვარელი - მხოლოდ დედისათვის" - ამ რეპლიკაშიც ჩანს დედის ტანჯვა.


კოლხი მედეა. ავტორი: მაკა ზედელაშვილი


ჰეროდოტეს ისტორიაში შეპირისპირებულია ოთხი სახელგანთქმული ქალის ბედი: იოს, ევროპეს, მედეას და ელენესი. იო არგოსიდან მოიტაცეს ფინიკიელებმა და ეგვიპტეში ჩაიყვანეს (ჰეროდოტე უარყოფს ზევსის როლს). ბერძნები კი ფინიკიის ქალაქ ტიროსში ჩავიდნენ და ევროპე მოიტაცეს. ასევე მოიტაცეს მედეა კოლხეთიდან, საწმისთან ერთად. კოლხთა მეფემ შუამავლები გაუგზავნა ბერძნებს, ქალის დაბრუნება მოსთხოვა, მაგრამ ბერძნებმა მიუგეს - არც იოს მომტაცებელნი დასჯილანო და ქალი დაიტოვეს. შემდეგ, როცა ტროელებმა ბერძნებს ელენე მოსტაცეს, მოციქულებს მათაც უკმეხად უპასუხეს, - არც თქვენ დასჯილხართ მედეას მოტაცებისთვისო. მაშინ ბერძნებმა ტროას ომი აუტეხეს (ჰეროდ. 1, 2-4). ქალის მოტაცება უსამართლო კაცების საქმეა, ამიტომ არც ფინიკიელებს და არც ბერძნებს ეს სასახელოდ არ ეთვლებოდათ. ფინიკიელები ამტკიცებდნენ - იოს მოტაცება ძალით არ მომხდარა, გემის უფროსი შეიყვარა, დაორსულდა და მშობლებს გაერიდაო. მედეაზე ასეთი რამ არ თქმულა. ცოდვებისაგან განწმენდის მიზნით, კირკეს კუნძულზე ჩასულ მედეას ჯადოქარმა მამიდამ მიმართა: "შენი თვალების სხივი ღვთაებრივ ჩამომავლობაზე მეტყველებს, ნათესავი ხარ ჩემი და გიცან!". ასეთი რამ, უაღრესად დამახასიათებელი ქართული მოტივი სხვაგან იშვიათად გვხვდება. იო ისე ჩავიდა ეგვიპტეში, ვერავითარი მორალური გამართლება ვერ გვიპოვია, ვერ ელენესთვის, რომელმაც ქმარ-შვილი მიატოვა. მედეას სახე უფრო სპეტაკია და ქართველი ქალის თავმოყვარეობას გამოხატავს. მას ოთხგიზ მოუხდა გაქცევა: კოლხეთიდან, იოლკოსიდან, კორინთოდან და ათენიდან. საბოლოოდ მაინც მამის სასახლეში დაბრუნდა.


კოლხი მედეა. ავტორი - რაფაელ ბადალიანი


მიუხედავად საყოველთაო სიმპათიის და აღიარებისა, მედეას სამ მთავარ დანაშაულში სდებენ ბრალს: სამშობლოს ღალატში, ძმის მკვლელობასა და შვილების მოკვლაში. საქმე გვაქვს საკაცობრიო მნიშვნელობის ტრაგიკულ სახესთან. ამიტომ ასეთ ბრალდებებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. სამშობლოს, მამულის, თავისიანების ღრმა სიყვარულში არასოდეს შეყოყმანებულა, ეს ჩანს მის ყოველ მონოლოგში, ფიქრში, ქცევაში - არგონავტიკაშიც და სხვა ძეგლებშიც. შემდეგ წასვლაც ინანა. დაბრუნდა და კვლავ დაუმტკიცა სამშობლოს ერთგულება. მედეას წასვლა ღალატი კი არა, სიყვარულია. რაც ყველაფერს ამართლებს. მისი ამ ნაბიჯის გასამართლებლად პოეტებმა უზენაესი ქალღმერთები მოიშველიეს. რაც შეეხება მეორე ბრალდებას, თავისთავად მოხსნილია, რადგან მითი ამას არ ამბობს. ის ჩაუმატა ტრაგიკოსმა, რომლის ბიოგრაფიაც ცნობილია. ეს მოტივი ლიტერატურული თვალსაზრისით კოლხი მედეას ბრალდებად ისედაც არ გამოდგება, მაგრამ თუნდაც ასე მომხდარიყო, განა ბერძენი ოიდიპოსის, ერიფილეს, პროკნეს ან ათობით სხვათა დანაშაული ნაკლებია? მხატვრულ ქმნილებებში მსგავსი ეპიზოდი უთვალავია და ის გმირის მშობელი ხალხის გასამტყუნებლად ვერ გამოდგება. აფისრტეს მოკვლა კი დანაშაულია, მაგრამ ინტერესთა უსაშველო კოლიზია გადამწყვეტ მოქმედებას თავისთავად ითხოვდა. პრინციპი იწირავს პიროვნებებს. შვილს კლავს ბერძენი ქალი პროკნეც (ნ. ფილომელა).


ერთი ვერსიით, მედეას მიზნად ჰქონდა შვილების უკვდავყოფა, მაგრამ იაზონმა ხელი შეუშალა. ეს მოტივი უფრო დამაჯერებელია (ასე ჩაუფუშა პელევსმა თეტიდას აქილევსის უკვდავყოფის განზრახვა. აგრეთვე დედოფალმა დემეტრას - ელევსინის უფლისწულისა).


კოლხი მედეა. ავტორი - ნიკა თეთრაშვილი


ძალზე მნიშვნელოვანია ერთი ჩვეულება, რაც კორინთოში რომის იმპერიის ჟამსაც კი შემორჩენილი იყო და ბოლო დრომდე ცნობილია. ამ უძველესი წესით, კორინთელები თავს მოვალედ რაცხდნენ, საკურთხეველთან მსხვერპლი შეწირვით გამოესყიდათ თავიანთი დანაშაული - მედეას შვილების მოკვლა. ეს წესი სავსებით სარწმუნოდ აბათილებს მედეას ხელით შვილების მოკვლის ვერსიას, რაც სხვა სარწმუნო ცნობებითაც დასტურდება. ცხადია, კორინთელებს თავად უკეთ ემახსოვრებოდათ ვინც მოკლა ბავშვები. მედეას ამბავს იცნობენ ჰეროდოტე, ქსენოფონტე, პლატონი არისტოტელე... ვალერიუს ფლაკუსმა ლათინურ ენაზე დაწერა "არგონავტიკა". მედეაზე უწერიათ ჰეკატე მილეტელს, აკუსილავ არგოსელს, სკილაქსე კარიანდელს...


კოლხი მედეა


როდოსელს ბაძავს "გეორგიკებსა" და "ენეიდაში" ვერგილიუსი. რიანი "მესენიაკაში", ოვიდიუსი "მეტამორფოზების" მე-7 თავში და "ჰეროიკების" მე-12 თავში, რაც მთლიანად წარმოადგენს მედეას წერილს იაზონისადმი. ამ წერილში მედეა დასცინის იაზონს: "შეგიძლია უცხო მხარეში ქმრისგან მიტოვებულ მედეას წერილი მისწერო? ან იქნებ მეფურ საზრუნავთა შორის ჩემთვის ვერ მოიცლი?". ოდესღაც კი იაზონი შველას ევედრებოდა კოლხ მედის ასულს, "ჯობდა კი, იმ დროს მოკვდარიყო შენი მედეა, მას შემდეგ ჩემი ცხოვრებაა მხოლოდ წამება". განცდების ნაკადი მთავრდება რისხვითა და მუქარით:


"რისხვას, ჩემს გულში რომ მწიფდება, გზა უნდა დიდი,

გამიძეხ, ბრაზო, სინანული მომიხდეს თუნდაც,

ვნანობ, რომ ქმარი მოღალატე ვიხსენი მაშინ!

დე, გადაწყვიტოს ღმერთმა, მე რომ მაწამებს გულში

არ ვიცი რაა, მაგრამ რისხვა იზრდება დიდად.."


კოლხი მედეა


"მედეა საოცრად რეალისტური, დამაჯერებელი სახეა. თავისი სილამაზით, ხასიათით, შეუპოვრობით და გაუტეხელობით ის ნამდვილი კოლხი, ამაყი ქართველი ქალია. აშკარად იგრძნობა ბერძენთა უტყუარი ალღო და ცოდნა, მეტადრე როდოსელის "არგონავტიკაში". არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ მითურ მედეას პროტოტიპი რომელიმე ისტორიული პიროვნებაა. გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ფაქტებიც კოლხებსა და კოლხურ ტომებს რომ შეეხება, ისტორიულ საფუძველზეა დამყარებული." (აკ. ურუშაძე)


დანტე, ცხადია იცნობს კოლხეთს და მედეას ამბავს, რასაც თუნდაც ვერგილიუსის "ენეიდაში" წაიკითხავდა. "ჯოჯოხეთში" დანტე და ვერგილიუსი ხედავენ იაზონს, შებოჭილსა და შოლტით გვემულს მედეას წინაშე ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის. "ესეც ნიშნავს, რომ მედეას ამართლებენ, უბედურ ქალად მიიჩნევენ, ხოლო იაზონი ჯოჯოხეთში ისჯება კოლხი ქალის წინაშე შეცოდებისთვის (აკ. გაწერელია, დანტე და პრეისტორიული საქართველო). დანტე იაზონს ხვდება და ამბობს "აქვე სასჯელი დასტეხია მედეას გამო" (ჯოჯოხ. 38. 39). მის დანაშაულს ამძიმებს ჰიფსიპილეს შეცდენაც.


მედეა და ხოლკიკოსი


აკაკი წერეთელი მედეას სახელში ეძებს დიაცთან ნათესაობას, ხოლო "ეა" (აია) არისო "ია". აიეტი კი იათა, იების მეფე (ხმელთა მეფე), მე-18 საუკუნის დიაცს ერქვა "დია", აქედან "მედია". კოლხეთს ლაშქრობის ამბავში ბევრი რამ ქართული დარჩა. ასე, მედეა აგროვებს სამკურნალო ბალახს, მოლს, რაც ქართული სიტყვაა. დაწვრილებით იხილეთ პროფ. ლ. სანიკიძის სტატია "პრომეთეია და არგონავტიკა აკ. წერეთლის შემოქმედებაში". მნათ. 1960, 9)."პრომეთეს სისხლზე ამოსული ყვავილებიდან ჩნდება მედეა და იტანჯება" (გიორგი კაპანაძე, "მედეა").


მედეა მთვარის ქალღმერთი უნდა ყოფილიყო თავდაპირველად. კოლხეთიდან საბერძნეთს ჩასული (პრელერი) ან საერთოდ შუქის ქალღმერთი. ჰერას ხატებადაც მიაჩნიათ. უფრო კი ჯადოქარ კირკეს, დიდ ქალღმერთ ჰეკატესა და მისან აგამედეს უკავშირდება.


მედეასა და იაზონის ცოლ-ქმრული სიყვარულის ამბავიცა და შვილების მოკვლაც ევრიპიდეს მოგონილია. ქალღმერთის რანგში აყვანილი მედეა ჰეკატეს წრის ღვთაებაა (დერ კლაინე პაულ, 4, 1126). მაგრამ ბოლოს მაინც ჰეროსის ქალის დონეზე დარჩა, როგორც დიდი მკურნალი და ჯადოქარი. ერთგვარი შემართებელი ხიდი კოლხეთ-კორინთო-თესალიისა. კორინთელთა მზისა და მთვარის კულტის განსახიერება. მზის ღმერთის შვილიშვილი კორინთოში ნაწილობრივ თავადვე გვევლინება მზის ღვთაებად. ეს შემთხვევითი არაა.


კოლხი მედეა


ევმელოს კორინთოელის ცნობით, კორინთო აიეტის სამფლობელოც იყო. მედეამ მოკვდავთან გაჩენილი შვილებიც კორინთოს ჰერას ტაძარს შეავედრა ან იმავე ტაძარში შეიყვანა წინასწარ მათი უკვდავყოფის მიზნით. ჰერას საკურთხეველზე დასვა. მწყალობელი ჰერაც დაპირებული იყო, რომ უკვდავებას მიანიჭებდა, მაგრამ იქ იაზონმა მიუსწრო. გაიმართა ცხარე შეტაკება, რის შემდეგაც კორინთელებმა მედეას სვილები დაუხოცეს (პავს. 2, 3, 11). აქ თვალსაზრისთა ორი რკალია. ერთის მიხედვით, მედეასა და იაზონს 7 ვაჟი და იმდენივე ასული ჰყავდათ და მათი დახოცვისთვის ცოდვის გამოსასყიდად კორინთელებს ჰერას ტაძრის მსახურებად ყოველწლიურად 7-7 ბავშვის გამწესება დაეკისრათ. დიდიმოსის (კრეოფილოსის) ცნობას - მედეამ ბავშვები ჰერას ტაძრის საკურთხეველზე დასვა, რათა მათთვის იაზონს ეზრუნაო, - პინდარეც ადასტურებს (ოდ. 13, 74). მეორე რკალის ეს ცნობა ყველაზე უფრო ლოგიკურია. კრეონტის მოწამვლის შემდეგ აღშფოთებული კორინთელები აღშფოთებული კორინთელები ბავშვებზე იყრიან ჯავრს, რადგან მედეა ჰელიოსის დრაკონებიანი ეტლით გარბის, ჯერ ჰერა-აკრიას ტაძარს აფარებს თავს (აკროპოლისის ტაძარს), მერე ათენს და მოხუცი ეგეოსის ცოლი ხდება. სხვა ძველი ცნობით არეიაში მიდის, მისი ძე მედეიოსი (ან მედოსი) აარსებს მიდიას (თეოგ. 1101; სტრაბ. 11, 526). ევრიპიდეს "ეგეოსიდან" მოდის ცნობაც, რომლის მიხედვითაც მედეამ ეგეოსის შვილის, თეზევსის მოწამვლა სცადა და ათენიდან გაქცევა მოუხდა (პავს. აპოლოდ., ოვ. მეტ. 7, 404).


მედეა და იაზონი


კორინთოში ჰერასა და აფროდიტეს თანაბრად იყო ერთ დროს მედეას კულტი. კოლხი მეფის ასულმა კორინთო შიმშილისგან იხსნა, რისთვისაც იგი თვით ზევსმა შეიყვარა, მაგრამ უარი მიიღო. მადლიერმა ჰერამ შვილების უკვდავყოფაც ამისათვის აღუთქვა, მაგრამ სამწუხაროდ კორინთელებმა დაუხოცეს.

იაზონს რომ ეხმარება, ამას პინდარეც გვაუწყებს (4, 213).

ათენში მედეას ყოფნა ჰეროდოტესთვისაც ცნობილია (7, 62).


უძველესი ცნობებით დასტურდება მედეას ერთი შურისძიება: პელიასის მოკვლა. იოლკოსში რომ ჩავიდნენ, პელიასს უკვე მოკლული ჰყავდა თავისი ძმა, იაზონის მამა, ესონი. ამისათვის მედეამ მისსავე ასულებს მოაკვლევინა მამა, ვითომ გაახალგაზრდავების მიზნით. წინასწარ კი გააჭაბუკა იაზონი, და თითქოს ესონიც (რომელიც სხვა ვერსიით უკვე მკვდარი დახვდათ. პინდ. ოდ. 250). კორინთოს მეფისა და მისი ასულის დაწვა ზღაპრული მოტივია, სხვა ყველაფერი კლასიკური მითების ნიმუშია.


მედეა და იაზონი ტოვებენ კოლხეთს


მედეას თემაზე უწერიათ ჰესიოდეს, ჰეროდოლე ჰერაკლიელს, საფოს (ფრაგ. 222), ევრიპიდეს, აპოლონიოს როდოსელს, ენიუსს, ვალერიუს ფლაკუსს, ოვიდიუსს, სენეკას, ორფიკელებს, კორნელს, ტიკს, გრილპარცერს, ტრალოვს. უწერიათ ანტიკურ ეპოქაშიც და წერენ დღესაც (ნ. ოთ. ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა").


არგონავტების ამბავი გადმოცემულია კილიკიურ ეპოსში, "ორფიკულ არგონავტიკაში" აგრეთვე მიმნერმეს, სიმონიდე კეოსელის, პინდარეს თხზულებებში, ესქილემ უძღვნა ტრილოგია სატირული დრამები, სოფოკლემ დრამები (4 თუ 11), სატირული დრამა "ამიკოსი", სტრატისმა დრამა. ანტიფანემ და დიფილემ - კომედიები. იცნობდნენ პლატონი, არისტოტელე, თეოლიტე.

ევრიპიდეს "ეგეოსი" ასახავს მედეას გაქცევას ატიკის მეფე ეგეოსთან, გერის მოწამვლის ცდას. აპ. როდოსელი, არგ. 3, 3, 248...; 4, 11, 26-33..; აპოლოდ. 1, 9, 16 (23, 28).


კოლხი მედეა


ძალზე ძველი და ცნობილია მითი, რომლის მიხედვითაც სიკვდილის შემდეგ მედეა აქილევსს მიათხოვეს. ორივე მეზღვაურებს მფარველობს შავ ზღვაზე. მითი მეტყველებს იმ დიდ პატივზე, რითაც ბერზნები მოსავდნენ მედეას (ლიკოფრონ ქალკიდელის ცნობა). მედეას შვილებად ასახელებენ ალკიმენეს, თესალოსს, ტისანდროსს.


დიდია მედეას მორალური როლი მედიცინის ისტორიაში. მედეა ითვლება ფარმაკოლოგიისა და კოსმეტიკის დედამთავრადაც. მისი მეთოდები მეცნიერულს უახლოვდება. კოლხეთი რომ მედიცინის ერთ-ერთი დასაბამია, მეცნიერება აღიარებს და ამას ადასტურებს თუნდაც გამოჩენილი გერმანელი ექიმის, ბოტანიკოსის, მედიცინის ისტორიკოსის, კურტ იოახიმ შპრენგელის კვლევა. მისი განთქმული წიგნთა ხუთტომეული "მედიცინის პრაგმატული ისტორია" კოლხური მედიცინის ისტორიით იწყება. დასახელებულია "მედეას ბაღის" 36 სამკურნალო მცენარე. (რ. კუფცისი მათ უმატებს 5 მცენარეს). რომაელები ამ მცენარეებს უძველესი დროიდან იცნობენ და სრულიად ბუნებრივია, რომ მედიცინის სახელიც ჰეკატეს ჯადოქარი ასულის სახელიდან დაემკვიდრებინათ. აღმოსავლეთის მითოლოგიასა და ისტორიას რომაელები ბერძენთა მეშვეობითაც უხსოვარი დროიდან იცნობნდნენ. შპრენგელი წერს "ჰეკატეს ბაღზე", რომელიც მერე მედეამ განავრცო.


მედეამ დაამზადა მალამო, რამაც იაზონს ძალა და მხნეობა შემატა. ეს იყო ზეითუნის ზეტში გაზავებული არა ჯადოსნური, არამედ რაღაც ნამდვილი წამალი (პინადრეს ცნობიდან). ასეთ თუ სხვაგვარ ზეთს თვითონაც იცხებს ნამტირალევ სახეზე. ეს ზეთი ნექტარივით ტკბილია და სახეს ფერს უბრუნებს. სამკურნალო ზეთების დამზადების ცოდნა უძველეს მკურნალთა შორის მიეწერება მხოლოდ შუმერ ეას და კოლხ მედეას - ეას (აიას) მეფის ასულს. რაც შეეხება "ტკბილ ზეთს", ლექსიკოგრაფი სვიდაც მედეას სახელს უკავშირებს.


კოლხი მედეა და ხოლკიკოსი


მედეა შვიდგზის მოუხმობს ჰეკატეს, გამზრდელსა და ალბათ დედას და ისე ამზადებს წამალს. წამლებით მუდამ შველოდა უცხოელებს, ძალა შეჰმატა იაზონს, დააძინა გველეშაპი (შეულოცა, უმღერა ან რტოთი მიასხურა წამალი). არასოდეს გამოუყენებია ადამიანთა საზიანოდ, მხოლოდ პელიასი მოკლა, როგორც უსამართლო ტირანი, უზურპატორი, მოძალადე, ქმრის დედ-მამის დამღუპველი, ტახტის მიმტაცებელი და იაზონის მტანჯველი, ხოლო კრეუსა - როგორც საშიში მეტოქე. ბერძენი და რომაელი მწერლები ერთხმად ლაპარაკობენ მედეას მაღალ ხელოვნებაზე, მის ძალასა და სიკეთეზე, რისთვისაც ტაძრები აუგეს. შურისმაზიებელი გახდა მას შემდეგ, რაც გაამწარეს. დიოდორე სიცილიელი მითს ავსებს არგონავტების ლაშქრობიდან დაბრუნებულ იასონს მედეამ აღუთქვა, შენი ოჯახის ამკლებ პელიასს მოვკლავო. არტემიდეს ქანდაკება დაამზადა, ამოღარა, წამლები ჩაასხა, თვითონაც წამლით სახე დაინაოჭა, პელიასის სასახლეში ბებერი ცხვარი დაკლა, მდუღარეში ჩააგდო და ბატკანი ამოიყვანა. ამით დაჯერებულმა ქალიშვილებმა ნება მისცეს, რომ მათი მამა გაახალგაზრდავების მიზნით დაეკეპა. შემდეგ კი გაცოცხლება აღარ ინება (დიოდ. სიც. ბიბლიოთეკა, 50-51).


კოლხი მედეა


დღეს უდავოდ დამტკიცებულია შუმერული მითოლოგიის, კულტურის, რიტუალის, სამედიცინო, რელიგიური ტერმინების კავშირი ძველ კოლხურ-იბერიულთან, კერძოდ უძველეს მედიცინასთან, რასაც მეცნიერება "კურა-მედიანას" - მედეას მკურნალობას უწოდებს.


მედეას ოპერა უძღვნა ქერუბინიმ, სამი ტილო დელაკრუამ, 2 ვერსია ფოიერბახმა.

მედეას ყოფნა კორინთოში (ეფირაში) აღწერილი აქვს ოვიდიოუსს. (მეტ. 7, 394).

ჰესიოდეს ცნობით, მედეასა და იაზონს ეყოლათ მედეიოსი (თეოგ. 1000). კინეთონის ცნობით - ასული ევრიპისიც (პავს. 2, 3, 9), ევრიპიდე კი ასახელებს 2 ვაჟს: მერმეროსსა და ფერესს (მედ. 118). პავსანიას ვერსიით, როცა იაზონი იოლკოსიდან კერკირაზე გადავიდა, მერმეროსი თესპროტიაში ლომმა დაგლიჯა. მერმეროსის ძე ილოსს ჰომეროსი ეფირას მეფედ ასახელებსმ ან მედეა და იაზონი ეფირაში ცხოვრობდნენ. ე.ი. კორინთოში.


კოლხი მედეა


ერთი ვერსიით მედეა როგორც ჰეკატეს (ან არტემიდეს) ქურუმი, მამის სისასტიკის წინააღმდეგია. იფიგენია ტავრიდელის რჩეული და განწირულ უცხოელთა მხსნელია (დიოდ. 4, 46..., დიონისიოს სკიტობრაჰიონის ცნობა). იაზონიც უნდა დაეკლა ტაძართან, მაგრამ იხსნა, მისთხოვდა, იოლკოსში გაიქცა მასთან ერთად.


მითოლოგიურმა ტრადიციამ დააკავშირა ანტიკის ორი უდიდესი გმირი - ჰერაკლე და მედეაც (აპ. როდ. სქოლ.). ჰერაკლე კოლხეთში იაზონსა და მედეას მფარველობს. შემდეგ კი მედეა კორინთოდან თებეში ჩადის, ჰერაკლეს სიგიჟისგან კურნავს, საგმირო საქმეებში კი აღარ ეხმარება და ათენში გარბის. ჰერაკლეს კი ფილასის ასულ მედასგან ეყოლა გმირი ანტიოქოსი (სოფ. სქოლ. ტრაქინ.; პავს. 1, 5, 2).


კოლხი მედეა


რაც შეეხება მედეას ხელით აფსირტეს სიკვდილს, მხოლოდ აპოლონიოსიდან ვიცით. ეს ვერსიები გვიანდელია. მაგრამ ტრადიცია მაინც ამტკიცებს, ჰერაკლას ჩასვლას კოლხეთში.

გრამატიკოს პარმენისკოსის ცნობით (ევრ. მედ. სქოლ.) მედეას შვილთა მოკვლისათვის კორინთელები ჰერაიებს იხდიდნენ (ჰერას გულის მოსაგებად მის ტაძარში ათევდნენ ღამეს 7 გოგო და 7 ბიჭი). მათ არ სურდათ ბარბაროსი ქალის მეუფება, მაგრამ მედეამ აქ ჰერას კულტი დააარსა და აიძულა კორინთელები თაყვანი ეცათ მისთვისაც. პავსანიას კორინთოში მედეას შვილთა ძეგლებიც უნახავს (2, 3, 6). დიდიმოსის ცნობითაც (ევროპ. სწოლ. მედეა 273), მას შემდეგ, რაც მედეამ კრეონტი და კრეუზა დაღუპა, კორინთოდან გაიქცა. შვილები კი შურისმაძიებელმა კორინთოელებმა მოუკლეს და მერე ევრიპიდეც მოისყიდეს, რათა მკვლელობა დედისთვის გადაებრალებინა. არისტოტელე კი ვარაუდობს, ევროპიდემ მედეას დანაშაული ნეოფრონ სიკიონელისგან შეიტყო, მაგრამ ეს საეჭვოა, უფრო ძლიერია ტრადიცია, რაც ევრიპიდეს მოსყიდვაზე მოგვითხრობს. ლეგენდით ისარგებლაო, მაგრამ სადაა ეს ლეგენდა? უფრო სარწმუნოა კორინთოელთა ცოდვის გამოსასყიდი დღეობის ტრადიცია და ამართლებს მითის ცნობილ ვერსიასაც - მედეამ სცადა ჯადოქრობით შვილების უკვდავყოფა და ამ დროს შემოაკვდა ორივე.


კოლხი მედეა


ლესინგი "ლაოკოონში" აქებს მხატვარს, რომლის მედეასაც შვილების მკვლელობის წინ ხელი მახვილზე უდევს და ყოყმანობს, - დედის სიყვარული ებრძვის საშინელ ეჭვს. მედეა მშვენიერია განცდის შეკავებაშიც.

ქართულ მწერლობაში არგონავტიკის ელემენტები ბიზანტიური წყაროების მეშვეობით გადმოუღიათ. ეს ცოდნა ჩანს ექვთიმე მთაწმინდელის, ეფრემ მცირის ("ელინთა მეზღაპრეობა"), ვახუშტი ბატონიშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილისა და სხვათა შრომებში. აკაკი წერეთელმა შექმნა დრამა "მედეა". იმავე თემაზე დაწერა ტრაგედია ლევან სანიკიძემ. პოეტმა იოსებ ნონეშვილმა მედეას "ყველაზე ტანჯული ქართველი დედა" უწოდა ("ელადის ყვავილები", 1978).


ხელოვნებაში მედეასა და არგონავტების სახეები იმდენჯერ ასახულა, რომ აღნუსხვაც ძნელია. ჯერ კიდევ სიზიფეს კრატერზე ვხედავთ ოქროს საწმისის გატაცების სცენას (მიუნხენი). აგრეთვე იმპერიის დროინდელ რომაულ საროფაგზე (გრძელი, მრავალფიგურიანი სურათი. ვენა). სხვა კრატერზე ასახულია ტალოსის მოკვლა მედეას ჯადოქრობით. პელიადების სცენა (ძვ.წ. მე-5 საუკუნე) - რელიეფური პლასტიკის შედევრი (ასლები რომში, ლატერანში). ლარნაკწერაში, პელიადებს რომ მოხუცი მამა მოაკვლევინა და მერე ჯადოსნურ წამალზე უარი უთხრა, ეს ასახულია პომპეიანურ კედლის მხატვრობაში (ნეაპოლი). ანტიკურ სამფიგურიან რელიეფზე (რომი), ვატიკანურ ფიალაზე (16538). ევროპიდეს ვერსია - შვილების მოკვლა ასახულია იმავე პომპეის ფრესკებზე, კასა დეი დიოსკურიზე, აგრეთვე ჰერკულანუმის გამოსახულებაზე (ტიმომაქეს სურათიდან), მიუნხენის ამფორაზე.


კოლხი მედეა


ევრიპიდეს შემდეგ ბევრმა ირწმუნა, რომ მედეამ შვილები მოკლა. ერთ ლარნაკზე შემორჩენილია დიდი მრავალფიგურიანი სურათი: ცენტრში კრეონტი დასტირის დაღუპულ გლავკეს, მედეა უკვე მიიწევს ერთი ყმაწვილისაკენ, მეორეს მასწავლებელი ეფარება. საშველად იაზონი მოეშურება, მაღლა, ღრუბლებზე აიეტი დგას, დაბლა კი გამზადებულია ეტლი და ზედ ამაყად დგას სიგიჟის ღმერთი ოისტრი, ჩირაღდნებით ხელში. ეტლში შებმული გველები ორსავე მხარეს იგრიხებიან. სურათი ნარნაკწერის კლასიკური ნიმუში გახლავთ.


მე-15 საუკუნიდან მედეას ხატავენ მეტამორფოზების მიხედვით (კასონე, ალდეგრევერი). ასევე პოპულარულია რენესანსის მხატვრობაში უფრო მედეა ჯადოქრის სახე. იაზონს აახალგაზრდავებს (ტიბალდის ფრესკა, ბოლონიაში). რემბრანდტის მრავალფიგურიან გრავიურაზე ასახულია აიზონისა და კრეუსას ქორწილი: მედეას ხანჯალი უშიშვლებია, ჩრდილში დგას და ავისმომასწავებელი მზერით შესცქერის მოღალატეს. ბავშვების მკვლელ მედეას მრავალ ვარიაციაში გვიჩვენებენ რობერტი, ვერონეზე, პუსენი, დელაკრუა (1862. ლუვრი). თუ დელაკრუას მედეა მენადებივით ვნებულია, ანსელმ ფოიერბახის მედეა ღრმად დამწუხრებულია (ნაოსანთა გასვლა, მიუნხენი, 1870, ჰამბურგი). მედეას სიმბოლური სახეა ვატერჰოუზეს ერთ სურათზე (1907), სადაც იაზონის თვალწინ მედეა ფიალაში შხამს აწვეთებს.


მედეა. ავტორი - მერაბ ბერძენიშვილი


ჟაკ-ფრანსუა დე ტრუამ იაზონისა და მედეას თემაზე ბრწყინვალე გობელენები შექმნა, 1787 წელს. სულ შეასრულა 7 კარტონი.

აფხაზეთში, ბიჭვინთაში 1968 წელს მერაბ ბერძენიშვილმა დადგა ახალი ქართული ხელოვნების ნიმუში "მედეა".

მედეას სამედიცინო ავტორიტეტს ამაგრებს ქართული ხალხური მედიცინის გენია - მინდია.

კერენის შრომაში "მზის ასულები" (ციურიხი. 1944) ვრცლადაა განხილული მედეას სახე. ასევე რადემახერის, ლესკის შრომებში. ნ. "ედა" (ეპიზოდი "სიმღერა ატლიზე").


წყარო: მითოლოგიური ლექსიკონი. აკაკი გელოვანი. 1983.







სამეცნიერო სტატიები:


1. რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს?

2. რა დაგვემართება, თუ მზე გაქრება?

3. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს?

4. ნიკოლა ტესლა აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შესახებ

5. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

6. ოლიმპიადის ისტორია

7. დრაკულა ლეგენდებს მიღმა

8. ჩაქმულის ქანდაკებები

9. ლეშანის გიგანტური ბუდა

10. მიქელანჯელოს პიეტა

11. ბაისანგურ ბენოელი

12. საინტერესო ფაქტები მთვარის შესახებ

13. უმნიშვნელოა ადამიანი უდიდეს სამყაროში?

14. რამდენი ატომისგან შედგება ადამიანის დნმ-ის თითოეული მოლეკულა?

15. ადამიანის ქრომოსომა

16. ოსმალეთის მმართველთა უსასტიკესი კანონი

17. ჩვენი ისტორია 6 წუთში

18. რეი კურცვეილის წინასწარმეტყველება

19. რომელი ტერიტორიები დაიტბორება გლობალური დათბობის გამო?

20. ადამიანის ერითროციტები - სისხლის წითელი უჯრედები

21. ადამიანის ლეიკოციტები - სისხლის თეთრი უჯრედები

22. გაქცევა ჩრდილოეთ კორეიდან

23. ჰოლოკოსტი - მითი თუ რეალობა?

24. კაცობრიობამ პურის წარმოება ჯერ კიდევ 145 საუკუნის წინ დაიწყო

25. რამდენი ბაქტერიული უჯრედისგან შედგება ადამიანის ორგანიზმი?

26. საინტერესო ფაქტები ბაქტერიების შესახებ

27. რამდენი უჯრედისგან შედგება სხვადასხვა წონის ადამიანი?

28. ადამიანის ორგანიზმის რამდენ პროცენტს შეადგენს წყალი?

29. ევროპული პროტოცივილიზაციები

30. პალეოლითის ხანის პირველყოფილი კულტურები მსოფლიოში

31. გობუსტანის ეროვნული პარკი - პრეისტორიული კავკასია

32. იოსებ სტალინის გამონათქვამები

33. ადამიანები 7500 წლით უფრო ადრე დასახლდნენ ამაზონიაში, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით

34. დაკაგული ცივილიზაციის ნარჩენები - მეგალითების ქვათა ღაღადი

35. ყველაზე საოცარი არტეფაქტები

36. ქვის ხანის ზეგლები საქართველოს ტერიტორიაზე

37. "ნატო" - ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია

38. მარქსისტი მკვლელები

39. ბურჯ-ხალიფა - მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი

40. სუფიზმი - ისლამური ალტერნატივა

41. მითანის სამეფო

42. ნეანდერტალელები

43. წარმართი ევროპელების მსოფლხედვა

44. სიცოცხლე - მარადიული ომი

45. დევიდ ლეინის ღია წერილი მკვდარ რასას

46. კომუნიზმის ფესვები

47. სიონიზმი

48. მსოფლიოში უძველესი ცხოველის დნმ, რომლის გაშიფრვაც სრულად მოხერხდა

49. ბასკები

50. საჰარას უდაბნო დაკარგულ ცივილიზაციას მალავს

51. რიქათის წარმონაქმნი - დაკარგული ატლანტიდა?

52. შავი ზღვის დაბადება

53. ამერიკული რასა

54. ვაჭრობდნენ დასავლეთ ევრაზიელები კოკაინით და ნიკოტინით ამერიკასთან კოლუმბამდე?

55. ეგვიპტური ცივილიზაციის პერიოდიზაცია

56. გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვასწავლიან

57. სფინქსის შესახებ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვასწავლიან

58. საინტერესო ფაქტები მზის შესახებ

59. ლონგიუს გამოვქბულების აუხსნელი ფენომენი

60. ვარსკვლავთა ტიპები

61. მოოსის შკალა - დიდი სიცრუის მამხილებელი

62. რამდენი ატომისგან შედგება სხვადასხვა ნივთიერების ერთი გრამი?



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
1205
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1205
  
2020, 15 თებერვალი, 3:49
კოლხი მედეა - ევროპული მედიცინის დამაარსებელი. დიდი ჯადოქარი და ჰეკატეს ქურუმი. მზე-ღმერთ ჰელიოსის შვილიშვლი.

მშობლები: კოლხეთის მეფე აიეტი და იდიია/ეიდია.

ქმარი: იასონი და ეგეოსი.

შვილები: მედუსი (ეგეოსისგან); ევრიპიდე ახსენებს ორ უსახელო შვილს, (რომელთაც მედეა ჰკლავს), სხვები მოიხსენიებენ სამ ვაჟს (თესალუსს, ალკიმენეს და ტისანდრეს) ან ორ ვაჟს (მერმერუსს და ფერესს); ან ქალ-ვაჟს (მედეიოსს და ერიოპისს).

და-ძმები: ქალკიოპე და აბსირტე (დედის და მამის მხრიდან). ლოფოსა, ეგიალეუსი და კირკე (მამის მხრიდან)
2020, 15 თებერვალი, 3:48
Colchian Medea - Ancient Georgian founder of the European medicine. Great sorceress and the priestess of Hecate. Granddaughter of the Sun-God Helios.

Parents: King Aeetes of Colchis and Idyia/Eidyia.

Consort: Jason and Aegeus.

Children: Medus (from Aegeus); Euripides mentions two unnamed sons (whom Medea kills), others have suggested three sons (Thessalus, Alcimenes, and Tisander); or two sons (Mermerus and Pheres) or a son and a daughter (Medeius and Eriopis).

Siblings: Chalciope and Absyrtus/Apsyrtus (From both mothers and fathers side). Iophossa, Aegialeus, Circe.
0 1 2