საზოგადოება 28 წლის სიძე, 82-ის პატარძალი, არავითარი ანგარება. ეს სიყვარულია? 2017, 22 თებერვალი, 16:32 როცა ტელეფონის ზარი გაისმა, 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ალბათ არც კი იფიქრებდა, რომ საუბარი უცხო ქალთან საათზე მეტ ხანს გაგრძელდებოდა და ერთი წლის მერე კიდეც დაქორწინდებოდნენ. სოფიან ლოჰო დანდელი ავტოფარეხში მექანიკოსად მუშაობს. ის ისე მოიხიბლა მარტა პოტუს ხმით, რომ გადაწყვიტა პირადად შეხვედროდა. ასეც მოიქცა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქალი, რომელმაც კარი გაუღო და რომელიც ტელეფონით საუბრისას შეუყვარდა 82 წლის და თან ქვრივი აღმოჩნდებოდა. თუ არ ჩავთვლით ქალის საოცრად ნაზ სახის კანს, ის 54 წლით უფროსია ყმაწვილზე. დანდელი შოკირებული დარჩა პოტუს ნახვისას, რადგან ქალმა ტელეფონში ასაკი არ გაუმხილა, მას კი უკვე უყვარდა, ეს ნათქვამიც ჰქონდა და ასაკის მიუხედავად გრძნობები არ შეცვლია. შეხვედრის მერე რამდენიმე საათი ისაუბრეს და დანდელმა გაიგო, რომ ქალს ქმარი 10 წლის გარდაცვლილი ჰყავდა, შვილები კი უცხოეთში მუშაობდნენ. კაცმა გადაწყვიტა, რომ სამუდამოდ მასთან დარჩენილიყო და ამ წლის 18 თებერვალს ოჯახის წევრების თანხლებით იქორწინეს-ჩრდილოეთ სულავესში, ინდონეზიაში. სიყვარულით აღფრთოვანებული სიძე აცხადებს: "ყველაფერი ერთი სატელეფონო ზარით დაიწყო, რომელიც ჩემს მობილურში გაისმა, შემდეგ კი გავაგრძელეთ მიმოწერა. მე არ შემეძლო დამევიწყებინა მისი თავაზიანი საუბარი. ის სიცოცხლით სავსე იყო, ასაკი არასოდეს მიკითხავს და ერთმანეთი შეგვიყვარდა. ვეღარ ვითმენდი ისე მინდოდა მასთან შეხვედრა. გადავწყვიტეთ ურთიერთობის გაგრძელება". ინდონეზია კონსერვატიული ქვეყანაა და მათი ახლობლები წინააღმდეგნი იყვნენ ამ კავშირის. ბოლოს შეყვარებულებმა გაიმარჯვეს და ნათესავები დაითანხმეს. დანდელის 60 წლის დედა აცხადებს, რომ არ იცოდა მის ვაჟს თუ "ბებია" შეუყვარდებოდა, ეს მხოლოდ გაცნობისას გავიგეთო. "გაოცებულნი დავრჩით, მაგრამ დავინახეთ მათი სიყვარული და მივიღეთ ეს არჩევანი". პოტუ კი ამბობს, რომ მისი ქმარი ღვთის საჩუქარია. მოხუცი პატარძალი გვიმხელს, რომ ლოცულობდა, ღმერთს შესთხოვდა, გვერდით ვინმე ჰყოლოდა. მან კი ასეთი წყალობა მოიღო. წყვილის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გავრცელდა მას მერე, რაც ერთ-ერთმა სტუმარმა ქორწილის ფოტოები ატვირთა. 246 2-ს მოსწონს
|