x
image
worldsport.ge
ცხადაძის პირველი შემადგენლობა და პრესკონფერენცია

imageსაქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დღეს 9 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში პირველი გაფართოებული შემადგენლობა (29 ფეხბურთელი) დაასახელა და პრესკონფერენცია გამართა.
მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი („ტოსნო“, რუსეთი), ომარ მიგინეიშვილი („დილა“, გორი) რევაზ თევდორაძე („სამტრედია“);
მცველები: უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი („სამტრედია“), გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო“, რუსეთი), ლაშა თოთაძე („დინამო“ თბილისი), გიორგი ფოფხაძე („იაგელონია“, პოლონეთი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე (ორივე - „ინტერი“, აზერბაიჯანი), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი);
ნახევარმცველები: ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), ჯაბა კანკავა („დნიპრო“, უკრაინა), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), კახა მახარაძე („ფახთაქორი“, უზბეკეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ოფი, საბერძნეთი);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე („ტოსნო“, რუსეთი).
“ჯვაროსნების” ახალმა თავკაცმა განაცხადა, რომ გუნდში არსებული სიტუაცია დასალაგებელია, რადგან მისი შეხედულებები, ქეცბაის შეხედულებებისგან განსხვავდება. ცხადაძე ეროვნული ნაკრების კაპიტანს არ შეცვლის. პირველ პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა შემადგენლობის დასახელების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
კახა ცხადაძე: პრესკონფერენციის შემდეგ ქუთაისში მივდივარ, რათა თასის თამაშს დავესწრო. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ვნახავ ხოლმე. სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ გვჭირდება ჩემპიონატის გაძლიერება, სხვანაირად არაფერი გამოვა. საქართველოს მთავრობამაც ხელი უნდა შეუწყოს ფეხბურთის განვითარებას და საბოლოო ჯამში ასე თუ წავიწევთ წინ და გვექნება შედეგი.
- როდის შეიკრიბება გუნდი და საბოლოო შემადგენლობა როდის დასახელდება?
- ორი კვირა წინ კიდევ გვაქვს. შევხედავთ სიტუაციას. ფეხბურთელებს ჩემპიონატებში მატჩები აქვთ ჩასატარებელი და როცა თამაშები მორჩება საბოლოო სიაც მზად იქნება. სამი ფეხბურთელს ნავალოვსკის, რევიშვილს და მარცვალაძეს 22 მარტს აქვთ თამაში და შესაბამისად, გუნდს 23-ში შემოუერთდებიან. ჩვენ 21-ში შევიკრიბებით და დავიწყებთ მზადებას. 23 მარტს ნაკრებს ორჯერადი ვარჯიში ექნება, ასევე 25-ში მალტასთან დაპირისპირებამდე დილით ვარჯიშს გავმართავთ.
- გია ცეცაძე თქვენი თანაშემწე იქნება, რომელმაც ახალგაზრდულ ნაკრებში შემტევი ფეხბურთი დაგვანახა, როგორი იქნება მასთან შერწყმით ნაჩვენები ნაკრების სამომავლო ასპარეზობა?
- ფეხბურთში ბევრი კომპონენტია და ასე მარტივად ვერ ვიტყვით რომელ სტრატეგიას ავირჩევთ. მეტოქედან გამომდინარე უნდა ვიასპარეზოთ. მაგალითად, ვნახე მალტის თამაში და ვიცი, რომ მეორე ნომრად თამაშობს, ასე რომ ამ ამხანაგურ შეხვედრაში ლიდერები უნდა ვიყოთ. გერმანიის ნაკრებთან დაპირისპირებაზე რა მოგახსენოთ, რასაც შემოგვთავაზებს მეტოქე ისე ვიასპარეზებთ. მუნდიალის შემდეგ ვნახეთ, რომ სტაბილურად ვერ ასპარეზობენ და რაც არ უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ შანსი გვაქვს, ყველა მეტოქესთან შეიძლება თამაში.
- ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში ნაკრებში რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო არ ჩამოდიოდა, ამ სიტუაციას როგორ გააკონტროლებთ ხოლმე?
- მერაბ ვაზიკაშვილს კონტაქტი აქვს ფეხბურთელებთან და მათ მონიტორინგს უწევს. მაგრამ ახლა იმაზე საუბარის დაწყება ვინ ჩამოვა და ვინ არა მგონი ზედმეტია. ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებში ვიძახებთ ეს პატივი უნდა იყოს და რაიმეს მომიზეზება, რათა ნაკრებს თავი აარიდო, ცუდი ტონი იქნება.
- ახალგაზრდებზე აქცენტს თუ გააკეთებთ?
- აქცენტი ყოველთვის გვექნება, მაგრამ ახლა რომ 17 წლის ფეხბურთელი მოვიყვანო ნაკრებში, მზად არ იქნება. შეიძლება არიან კიდევაც ახალგაზრდა ბიჭები განათლებულები, მენტალურად მზადყოფნაში, მაგრამ ისინი ფიზიკურად ვერ გაუძლებენ დატვირთვას. ეს ასაკობრივი ნაკრები არაა, აქ ფიზიოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს, ახალგაზრდა ვერ შეძლებს მასზე ბევრად დიდი მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ამიტომაცაა მათი სწორად აღზრდა საჭირო, რათა ფიზიკური ბარიერები დაძლიოს.
- ქეცბაიას მწვრთნელობის დროს ნაკრებს ცუდი შედეგები ჰქონდა, რა მიზანი დაისახეთ ამ შესარჩევში?
- მჯერა ამ ფეხბურთელების, რამდენიმესთან საუბარიც მქონდა და ზოგი პესიმისტურადაც იყო განწყობილი. დაველაპარაკე მათ და ზოგს უხეშადაც მივმართე ნეგატიური მიდგომის გამო. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ რწმენა ამ ბიჭებს. უნდა დავალაგოთ თამაში, რადგან ჩემი შეხედულებები განსხვავდება, რაც აქამდე ნაკრებს ჰქონდა. ვარ პასუხისმგებელი ამ ნაკრებზე. ვერ ვიტყვი მათ ფიზიკურ მონაცემებზე ვიზრუნებ, მაგრამ სტრატეგიას დავუსახავ და ფსიქოლოგიურად მოვამზადებ.
- როგორ უთავსებთ ბაქოს “ინტერსა” და ნაკრებში მუშაობას?
- თითქმის ჰაერში ვარ გამოკიდებული. დღეს ჩამოვფრინდი, ახლა ქუთაისში მივდივარ, რთულია მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ივნისიდან მარტო ნაკრებში დავიწყებ მუშაობას. 3 ივნისს ავსტრიაში მოსამზადებელი ეტაპისთვის გავფრინდებით, ხოლო 9 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას მაკედონიასთან გავმართავთ.
- ნაკრების კაპიტნად კვლავ კანკავა დარჩება?
- მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, არ ვაპირებ კაპიტნის შეცვლას. ჯაბა კანკავა დარჩება ეროვნული ნაკრების ლიდერად, მას წინამძღოლობის თვისებები ნამდვილად გააჩნია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალი თავკაცის მეთაურობით პირველ მატჩს 25 მარტს გამართავს, “ჯვაროსნები” 21:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მალტის ნაკრებთან ისპარინგებენ, ხოლო 29 მარტს, 20:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონ გერმანიის ეროვნულ ნაკრებს “დინამო არენაზე” დაუპირისპირდებიან.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
213
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0