იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ კონფედერაციათა თასის სადებიუტო მატჩში მექსიკის 2:1 დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისმა გუნდმა სწორი ფეხბურთი ითამაშა.
ამ შეხვედრაში ანგარიში ანდრეა პირლომ გახსნა, მალევე ხავიერ ერნანდესმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მეორე ტაიმში მარიო ბალოტელიმ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა.
“მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში გათანაბრდა, არ შეგვშინებია, რადგან გვწამდა, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა. უბრალოდ, ყველაფერი თავიდან უნდა დაგვეწყო. რაც მთავარია, სწორად ვითამაშეთ და მუდამ ვქმნიდით დაძაბულობას მეტოქის კართან. ამ შემთხვევაში უმთავრესი ის კი არაა, რომ მოვიგეთ, არამედ ის, თუ როგორ ვითამაშეთ ამ მოგების მისაღწევად”, - განაცხადა პრანდელიმ და ორიოდე სიტყვა მარიო ბალოტელიზეც თქვა, რომელმაც გატანილი გოლის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიხადა მაისური და ამისთვის უკვე მერამდენედ დაისაჯა ყვითელი ბარათით:
“ყველამ არაერთხელ ნახა მისი კუნთები. ვფიქრობ, ასე აღარ უნდა მოიქცეს, რათა დისკვალიფიკაციის მხრივ პრობლემები არ შეგვექმნას. მარიოს ამ საკითხზე დაველაპარაკები. რაც შეეხება მის თამაშს, კმაყოფილი დავრჩი. ის უკიდურესად მოტივირებული იყო და მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდა”.
www.worldsport.ge