ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ახალი სეზონის სტარტზე, შესაძლოა, საკადრო პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.
The Guardian-ის ცნობით, ჯანმრთელობის პრობლემა “არისტოკრატთა” ერთბაშად სამ ფეხბურთელს აწუხებს - ფრენკ ლემპარდს, ხუან მატას და დავიდ ლუისს. ამ სამეულს პრაქტიკულად არ მიუღია მონაწილეობა ლონდონელთა ამერიკულ ტურნეში, სადაც გუნდმა სამი ამხანაგური თამაში ჩაატარა.
35 წლის ლემპარდს აქილევსის მყესი აწუხებს, რის გამოც “ჩელსის” უკანასკნელ მატჩში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ მხოლოდ 45 წუთი ითამაშა. ასეთ ასაკში აუცილებელ ფიზიკურ ფორმაში შესასვლელად გარკვეული დროა საჭირო.
დავიდ ლუისს მუხლქვეშა მყესების ტრავმა აქვს, რომელიც მან გასული სეზონის მიწურულს მიიღო. ბრაზილიელმა ამერიკაში მხოლოდ 30 წუთი ითამაშა მილანის “ინტერის” წინააღმდეგ.
რაც შეეხება ხუან მატას, კონფედერაციათა თასზე მონაწილეობის გამო, ის გუნდს მოგვიანებით შეუერთდა და ჯერჯერობით სასურველ ფორმაში არაა. მან კლუბის აზიური ტურნეც გამოტოვა. პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩს “ჩელსი” დაახლოებით ერთ კვირაში, “ჰალ სიტისთან” გამართავს.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge