საქართველოს საპატრიარქოს განმარტება
ა.წ. 21 სექტემბერს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II ქადაგების შემდეგ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა, ამიტომაც საჭიროდ მივიჩნიეთ განმარტების გაკეთება.
ვფიქრობთ, არავისათვის სადაო არ არის პატრიარქის ეს ნათქვამი: “მე მინდა დიდი მწუხარებით ვთქვა, რომ ის ამბები, რომელიც ვრცელდება ამ ბოლო დღეებში, ეს არის დიდი სირცხვილი ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა~
ერთ-ერთი გაუგებრობა შემდგომმა ფრაზამ გამოიწვია, სადაც ვკითხულობთ: “ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ხელისუფლებასა და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვთ საქვეყნოდ~.
ზოგიერთმა მიიჩნია, რომ მის უწმინდესობას არ მოეწონა ცნობილი საშინელი კადრების საჯაროდ ჩვენების ფაქტი და ეს დააფიქსირა, რაც არასწორია. P
პატრიარქის გულისტკივილი გამოწვეული იყო და არის იმით, რომ ჩვენთან არ არსებობს სახელმწიფო მართვის ისეთი მექანიზმი, როგორიცაა დასავლეთში, რაც თავისთავად გამორიცხავს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების სისტემატურობას. ამიტომაც მისი უწმინდესობა ბრძანებს: უცხოეთში “თვითონ ასწორებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და აღარ განმეორდეს~.
ქადაგების მთელი აქცენტი კი გადატანილი იყო მშვიდობაზე და განსაკუთრებით 1 ოქტომბრამდე მის შენარჩუნებაზე. მოვიტანთ ციტატებს: “ჩვენ დაგვრჩა თითქმის ერთი კვირა პარლამენტის არჩევნებამდე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობიანად მივიდეთ ამ დღემდე~... “მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუდენტები ყველაფერს გააკეთებენ, რომ არსად არ იყოს არეულობა, სუფევდეს მშვიდობა~
ამ მიზნითვე იყო მოხმობილი მაგალითი საქართველოს ისტორიიდან პროვოკაციის გამო მძიმე მდგომარეობაში მოხვედრილი ქართველების სასწაულებრივ ხსნაზე ღვთისმშობლისადმი აღვლენილი ლოცვით: “მოწყალებისა კარი განგვიღე~.
ავღნიშნავთ, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ახალგაზრდობის აღშფოთება მომხდართან დაკავშირებით სამართლიანია და მათ, საქართველოს კანონმდებლობით სრული უფლება აქვთ გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მათ შორის, შეკრებებისა და მსვლელობების გზით და ეს უფლება ხელისუფლებამ უნდა დაიცვას.
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს შექმნილი დაძაბული მდგომარეობის ფონზე, პროვოკაციის სერიოზული საფრთხე არსებობს (მათ შორის გარეშე ძალების მხრიდანაც). ამიტომ აუცილებელია გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, რათა არ მოხდეს ისე, რომ უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ გამოსული ხალხი ბრალდებულის მდგომარეობაში აღმოჩნდეს და მისი უწმინდესობის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, “ეს ადამიანებიც დამცირდნენ და საქართველოც~.
პატრიარქის აზრით, “ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები არ იყოს გაყალბებული, რომ ადამიანებმა გამოთქვან ის აზრი თავისუფლად, რომელიც მათ გააჩნიათ. არავითარ შემთხვევაში შიშის ქვეშ არ უნდა იყოს არც ერთი კაცი, არც ერთი ადამიანი და როგორც თვითონ ფიქრობს, ის რიცხვი უნდა შემოხაზოს~
რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ყველას აქვს თავისი აზრი, მითუმეტეს პოლიტიკოსებს, და მათ, ალბათ, უკეთ იციან, როგორ მართონ მოვლენები.
პატრიარქმა კი ქადაგებაში თავისი პოზიცია დააფიქსირა.
და ბოლოს გვინდა მოვიტანოთ ამონარიდი მისი უწმინდესობის ამა წლის 8 ივნისის ქადაგებიდან: “არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პატიმარს შეურაცხყოფა მივაყენოთ, მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა. არავინ არაა დაზღვეული პატიმრობისაგან. ციხეების ხელმძღვანელებს მამაშვილური სიყვარულით, პატივისცემით მინდა ვთხოვო, დაეხმარეთ, უშველეთ მათ..."
თბილისი, 22 სექტემბერი, 2012 წ.