საზოგადოება ოჯახური კონფლიქტის მიზეზები 2012, 2 ნოემბერი, 15:10 დარწმუნებული ვარ თქვენს გარშემო არაერთხელ გსმენიათ ამ პრობლემის შესახებ. ოჯახური ძალადობა 21 საუკუნეში ჩვენდა სამწუხაროდ კიდევ არის იმ პრობლემების სათავეში, რომელიც როგორც წესი უკვე დიდი ხნის წინ უნდა მოგვეგვარებინა. დღეს დღეისობით არაერთი სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შექმნილი პროექტების შესახებ გვესმის, თუმცა როგორია რეალურად სტატისტიკა ამის გასარკვევად მივმართე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ფსიქოლოგს, რომელმაც მოკლედ და კონკრეტულად განმიმარტა ამ პრობლემების შესახებ ინფორმაცია და მისი წარმოშობის მიზეზები, რასაც თქვენც გაგიზიარებთ
ოჯახური კონფლიქტი, როგორც პრობლემა დიდი ხნის წინ იღებს სათავეს საზოგადოებაში. არსებობდა ასეთი ტრადიციული და დოგმატური შეხედულება, რომ ქალი, რომელიც ოჯახში შევიდოდა კარგავდა გარკვეულ უფლებებს და ის ვალდებული იყო ე.წ. "უღელი" დაედგა და ყოფილიყო მეუღლის სამსახურში, ჭირსა თუ ლხინში. წარსულში, როდესაც ადამიანთა უფლებების დაცვა უფრო მეტად რთული იყო ვიდრე ეს დღეს არის, ვერ ხდებოდა ამ პრობლემის სააშკარაოზე გამოტანა, არ იყო საზოგადოება მენტალურად მზად იმისათვის, რომ მიეღო დაჩაგრული მხარის პრეტენზიები და მოესმინა მისთვის, ყველა და მათ შორის დაჩაგრული მხარეც ფიქრობდა, რომ ეს მისი მორალური ვალდებულება იყო და სტანდარტულად ასრულებდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობას და ეს იყო დიდი პრობლემა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ და თუნდაც ახლა იმ თაობის წარმომადგენლებს რომ გაესაუბროთ, ვინც ამ აზრს პროპაგანდას უწევდა დარწმუნდებით რომ ისინი კვლავ ამ აზრზე არიან და ისინი საკუთარ შვილებს, შვილიშვილებს ზრდიდნენ და ზრდიან იმ მოტივით, რომ ქალი ყოველთვის ჩუმი, მიმტევებელი უნდა იყოს. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია გამომდინარე იქიდან რომ კანონმდებლობითა თუ ფსიქოლოგიური შეფასებით ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად ნებისმიერი შეფასებითი კრიტერიუმისა თანასწორია. თუ ამ საკითხს კანონმდებლობის თვალსაზრისით შევხედავთ ნებისმიერი ადამიანის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული, ხოლო ფსიქოლოგიური კუთხით ნებისმიერ ადამიანს აქვს ე.წ. "წრე" მისი თავისუფალი გარემო, სადაც იგი თავისი ნებითა და შეხედულებით მოქმედებს. რაც შეეხება ოჯახური კონფლიქტის თავდაპირველ მიზეზს სწორედ ეს მანკიერი გადმონაშთი გვიქმნის ყველაზე დიდ პრობლემას. ჩვენთვის ნებისმიერი ოჯახის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი დანგრევა, რასაც ხშირად გვსაყვედურობენ ჩვენს მიმართ ნეიტრალურად განწყობილი ადამიანები. ჩვენთვის მთავარია რომ ოჯახში მეუღლეთა შორის დაცული იყოს ბალანსი. თითოეულმა მხარემ იცოდეს არამხოლოდ მისი უფლებები არამედ ვალდებულებებიც. შენ როცა მე მეუბნები, რომ ჩემი სამოქმედო არეალი არის სამზარეულო და ვალდებული ვარ, საღამოს ოჯახში მოსულს სახლში ჩახოხბილის მადისაღმძვრელი სუნი დაგახვედრო არასწორი ხარ. როცა მეუბნები, რომ მე ვალდებული ვარ სახლში ვიჯდე და არ მაქვს მუშაობის უფლება, მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვები უნდა გავზარდო არასწორი ხარ, სამოქალაქო კანონმდებლობით ორივე მშობელი თანაბრად უნდა ზრუნავდეს ბავშვის აღზრდა განვითარებაზე. აქ საუბარია ბალანსზე, თუმცა ლოგიკურია, რომ დედა ყოველთვის უფრო მეტ ამაგს სწევს ბავშვზე, მასზე ყურადღების თვალსაზრისით (გამონაკლისებიც არსებობს რა თქმა უნდა). თავდაპირველი მიზეზი სწორედ ამ ვალდებულება-უფლებების გამიჯვნის პრობლემაა ოჯახური კონფლიქტისა და ძალადობისა, რა თქმა უნდა, გვაქვს ასევე სხვადასხვა სახის პრობლემები არის ეს უმუშევრობა, ფინანსური კრიზისი და ა.შ. მაგრამ მთავარი მიზეზი სწორედ ის პრობლემებია, რაზეც უკვე ვისაუბრე. რაც შეეხება სტატისტიკას მოგეხსენებათ ასე თუ ისე ბევრი არასამთავრობო თუ სამთავრობო დაწესებულება არსებობს რომელიც მუშაობს ამ საკითხზე, თუმცა ჩვენი სტატისტიკის სამსახური ბუნებრივია და ლოგიკურია მუშაობს ჩვენ ორგანიზაციაში არსებულ სტატისტიკაზე. მარტივად რომ გითხრათ არსებული 100 პრობლემიდან ჩვენამდე რეალურად მოდის 10-15 პრობლემა, იღებენ ჩემი და ჩემი კოლეგების რჩევებს, რეკომენდაციებს მაგრამ აუცილებელი მოთხოვნა აქვს თითოეულ მათგანს, რომ ინფორმაცია არ გასცდეს ჩვენი ორგანიზაციის კედლებს. ხშირია შემთხვევები ფიზიკური შეურაცხყოფისა და ჩვენ ბუნებრივია ვურჩევთ რომ მიმართონ სასამართლოს ამ საკითხის მოსაგვარებლად, გამოიცემა შემაკავებელი აქტი და პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ყველას სტანდარტული პასუხი აქვს "რას იტყვის ხალხი, არ მინდა მეზობლებმა ჩემზე იჭორავონ" მე ნებისმიერ ადამიანს ვურჩევ, თავდაპირველად დაიცვას საკუთარი დარღვეული უფლება და როდესაც ჩვენ ვისწავლით პირადად ჩვენი უფლებების დაცვას, არ ვიფიქრებთ რას ილაპარაკებს ჩვენზე ჭორიკანა მეზობელი მერე შეიძლება გვგქონდეს პრეტენზია ჯანსაღი ქვეყნის არსებობაზე. როცა შენ გცემენ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ შენზე, ამ ყველაფერს უყურებს შენი არასრულწლოვანი შვილი და შენ ფიქრობ რას იტყვის მეზობელი, სხვისი აზრი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საკუთარი პრობლემის მოგვარება, არ არის ლოგიკური. ვისურვებდი, რომ შემცირდეს ოჯახური კონფლიქტის სტატისტიკა ქვეყანაში, ხალხმა ამ შემთხვევაში მეუღლეებმა ისწავლონ, რომ ისინი არიან თანასწორნი და თუ მათ ჰყავთ შვილები, აუცილებელია (!) პირველ პლანზე დააყენონ ბავშვის ინტერესები და არავითარ შემთხვევაში არ მისცენ საკუთარ თავს უფლება მათ თუნდაც უმნიშვნელო კამათს ბავშვებმა მოუსმინონ. 330 1-ს მოსწონს
|