x
image
თორ ნიკე
ადგილობრივი ამერიკელების გენეტიკური ისტორია
ადგილობრივი ამერიკელების გენეტიკური ისტორია


ადგილობრივი ამერიკელები ფიზიკური ანთროპოლოგიის სამეცნიერო ლიტერატურაში იწოდებიან როგორც ამერინდიელები (Amerindians) ან ამერინდები (Amerinds). მათი ისტორია გაყოფილია ორ მთავარ ნაწილად, ესაა ციმბირიდან ამერიკაში დღევანდელი ადგილობრივი ამერიკელების უშუალო წინაპრების (პალეო-ინდიელების) გადასვლიდან (ძვ.წ. 18, 000) ევროპელების კონტაქტამდე პერიოდი (ახ.წ. მე-15 საუკუნე) და შემდეგ. ამერინდიელების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია ორი დიდი მოდგმის ერთმანეთთან შერევით. ჩამოყალიბება მოხდა ციმბირის ტერიტორიაზე ძვ.წ. 34, 000 - ძვ.წ. 23, 000 წლებში ადრეული აღმოსავლეთ აზიელების (EEA) და უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების (ANE) შერევით. ამ შერევის შედეგად წარმოშობილ მოდგმას ეწოდება ადგილობრივი ამერიკელების წინაპრები (Ancestral Native American - ANA) შემდგომ პერიოდში კი, დაახლოებით ძვ.წ. 18, 000 - ძვ.წ. 16, 000 წლებში ეს ადამიანები გადავიდნენ ციმბირიდან ამერიკაში სახმელეთო ხიდის საშუალებით, რომელსაც ეწოდება ბერინგია და რომელიც არსებობდა ძვ.წ. 45, 000 - ძვ.წ. 11, 000 წლებში. ამერიკაში გადასულები გამრავლდნენ ძალიან სწრაფად, ვინაიდან ნაყოფიერ და მონადირე-შემგროვებლებისთვის საუკეთესო პირობების მქონე გარემოში მოხვდნენ, აქედან გამომდინარე, მალევე დაასახლეს ამერიკის ორივე კონტინენტი და წარმოშვეს მრავალი ათეული ენობრივი ოჯახი, მაგალითად დღეს ცნობილია ჩრდილოეთ ამერიკის 22 ენობრივი ოჯახი და 15 ენა-იზოლანტი, ხოლო სამხრეთ ამერიკის 51 ენობრივი ოჯახი, ასევე ლათინური ამერიკის (სამხრეთ და მეზოამერიკის) 28 ენა-იზოლანტი.


ადგილობრივი ამერიკელების გენეტიკური ისტორია


პალეო-ინდიელების პირდაპირი შთამომავლები არ არიან მხოლოდ ორი ადგილობრივი ამერიკული ენობრივი ოჯახის ხალხი: ნა დენე და ესკიმო-ალეუტები, რომლებიც შემდგომი პერიოდის ციმბირული ტალღის შთამომავლობაა. 2000-იანი წლებიდან მეცნიერებამ ზუსტად გაარკვია ადგილობრივი ამერიკელების წარმოშობა და ჩამოყალიბება გენეტიკური კვლევების მეშვეობით, რომელიც მოიცავს 3 სახის უმნიშვნელოვანეს კვლევას: Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფების - მამაკაცის ხაზების წარმომავლობის გასარკვევად, მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფების - დედობრივი ხაზების წარმომავლობის გასარკვევად და ავტოსომური - მთელი გენომის, 46 ქრომოსომის კვლევა, რომელიც გვაძლევს სრულ სურათს, თუ რომელი რასების თუ ქვერასების შერევის შედეგადაა ფორმირებული ესა თუ ის ინდივიდი ან ხალხი.



ადგილობრივი ამერიკელების გენეტიკური ისტორია


ამგვარად, ადგილობრივი ამერიკელების წინაპრებმა (ANA - ძვ.წ. 23, 000) წარმოშვეს 4 მოდგმა:

1. უძველესი ბერინგიელები (Ancient Beringian - AB) - არსებობდა ძვ.წ. 18, 000 წლიდან ბერინგიის და ალასკას ტერიტორიაზე ძვ.წ. 9500 წლამდე.

2. პალეო-ინდიელები (Paleo-Indians), რომელიც გამოეყო უძველეს ბერინგიელებს ძვ.წ. 18, 000 - ძვ.წ. 16, 000 წლებში. პალეო-ინდიელები, უკვე შემდგომ პერიოდში, ძვ.წ. 15, 500 - ძვ.წ. 12, 600 წლებში გაიყო ორ მოდგმად, ესენია:

3. ჩრდილოეთ ადგილობრივი ამერიკელები (North Native Americans - NNA)

4. და სამხრეთ ადგილობრივი ამერიკელები (South Native American - SNA).


ისევე, როგორც ადგილობრივი ამერიკელების მთელი მოდგმა, ზემოთ აღნიშნული ნა დენეს, ინუიტების და ადგილობრივი ალასკელების მამაკაცების უდიდესი ნაწილი ატარებს ჰაპლოჯგუფს Q-242, ისინი მაინც განსხვავდებიან დანარჩენი ამერინდიელებისგან მიტოქონდრიული და ავტოსომური დნმ-ის სხვადასხვა გარკვეული მუტაციით. ეს ნიშნავს, რომ ისინი მოგვიანებით პერიოდში გადავიდნენ ამერიკაში ციმბირიდან. ამ დასკვნამდე მივიდნენ ლინგვისტებიც ადგილობრივი ამერიკელების ათეულობით ენობრივი ოჯახის და ენა-იზოლანტის შესწავლით და ამავე დასკვნას დებს ამერინდიული პოპულაციის სისხლის ჯგუფების შესწავლაც.


ადგილობრივი ამერიკელების გენეტიკური ისტორია


ამერინდიელების ავტოსომური დნმ-ის კვლევა აჩვენებს, რომ სხვა კონტინენტების ადგილობრივი ხალხებისგან განსხვავებით, ისინი ერთმანეთთან ბევრად უფრო ახლოს არიან გენეტიკურად. 2012 წელს ჩატარებული ავტოსომური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკაში დღევანდელი ადგილობრივი ამერიკელების პირდაპირი წინაპარი ადამიანები გადავიდნენ აღმოსავლეთ აზიიდან სხვადასხვა ათასწლეულში სულ სამ ტალღად. უძველესი ტალღა იწოდება, როგორც "პირველი ამერიკელები" და მათი შთამომავალია აბორიგენი ამერიკელების დიდი უმრავლესობა. მეორე ტალღა იყო ინუიტების და ამერიკული არქტიკის ამერინდიელების წინაპრები და მათი გენეტიკის ნახევარი სწორედ მეორე ტალღის ამერიკელებისგან მოდის, ხოლო მესამე ტალღის შთამომავლობა არის ნა-დენეს ენობრივი ოჯახის ხალხი. რაც შეეხება სამხრეთ ამერიკას, იქაური ადგილობრივები ბევრად უფრო ერთნაირები არიან და პირველი ტალღის პალეო-ამერიკელების შთამომავლები. გამონაკლისია ჩიბჩას ენაზე მეტყველი ხალხი, რომელიც შერეულია და მათი გენეტიკა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკელი აბორიგენების შერევის შედეგადაა ჩამოყალიბებული.


ადგილობრივი ამერიკელების გენეტიკური ისტორია


2014 წელს მოხდა ძვ.წ. 10, 500 წლისთვის გარდაცვლილი პალეო-ინდიელი ახალშობილის - Anzick-1 -ის ავტოსომური კვლევა. ის აღმოჩენილი იქნა მონტანას შტატში. ეს ადამიანი ენათესავებოდა მაშინდელ ციმბირელებს და სხვა დანარჩენ ადგილობრივ ამერიკელებს. ციმბირიდან ამერიკაში ხალხის გადასვლა არა მხოლოდ გენეტიკური და ანთროპოლოგიური, არამედ ლინგვისტური კვლევებითაც დადასტურდა.

2015 წლის ავტოსომური გენომის კვლევამაც დაადასტურა ციმბირიდან ადგილობრივი ამერიკელების წარმოშობა, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო რამ აღმოჩნდა. ამაზონის ტყეებში მცხოვრებ რამდენიმე ხალხში აღმოჩნდა ავსტრალაზიური (ავსტრალიელი აბორიგენების, მელანეზიელების და ანდამანის კუნძულების ადგილობრივების) გენეტიკაც. ისიც გაირკვა, რომ ეს ხალხი ამერიკაში დაახლოებით ძვ.წ. 21, 000 წლისთვის უნდა გადასულიყო.


ადგილობრივი ამერიკელების გენეტიკური ისტორია


2018 წლის ავტოსომური გენომის კვლევამ, რომლის დროსაც მოხდა ძვ.წ. 11, 500 წლისთვის გარდაცვლილი ადგილობრივი ამერიკელების ნაშთების შესწავლა, გაარკვია, რომ თითქმის ყველა ადგილობრივი ამერიკელი არის ერთი ჯგუფის შთამომავალი, რომელიც გამოეყო ძირეულ აღმოსავლეთ აზიელებს კონტინენტური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე ძვ.წ. 34, 000 წლისთვის. სწორედ ამავე პერიოდში გამოეყო ხომონის ხალხი ძირეულ აღმოსავლეთ აზიელებს. ხოლო რაც შეეხება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკელ აბორიგენებს, მათ შორის გაყოფა მოხდა ძვ.წ. 14, 000 წლისთვის, ვინაიდან, როგორც ჩანს, სწორედ ამ დროიდან გადავიდა ხალხი ჩრდილოეთ ამერიკიდან მეზოამერიკის გავლით სამხრეთ ამერიკაში და დაასახლა ეს კონტინენტი.

ძვ.წ. 16, 000 წლით დათარიღებული ადგილობრივი ამერიკელის ნარჩენები აღმოაჩინეს აიდაჰოს შტატში. კრანიომეტრიით დადგინდა, რომ ის იგივენაირი ფენოტიპის ადამიანი იყო, როგორიც ციმბირელები და აღმოსავლეთ აზიელები. ასევე დიდი მსგავსება იყო იაპონიაში მცხოვრებ ხომონის ხალხთან.


2018 წელს ჟურნალ "Nature"-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმადაც ადგილობრივი ამერიკელები წარმოდგნენ ერთი დამფუძნებელი პოპულაციისგან, რომელიც აღმოსავლეთ აზიელებს გამოეყო ძვ.წ. 36, 000 წლისთვის, დასახლდა ციმბირში და იქ მაშინდელ ციმბირელებთან შერევა მინდინარეობდა ძვ.წ. 25, 000 წლამდე. ამის შემდეგ ისინი იზოლირებულნი გახდნენ, ძვ.წ. 22, 000 წლიდან, ვინაიდან გადავიდნენ ამერიკაში და მოსცილდნენ აზიელ ნათესავებს. საბოლოოდ კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკელებად გაიყვნენ ძვ.წ. 17, 500 წლისთვის. საინტერესოა, რომ ამერიკიდან ამ ხალხის მცირე ნაწილის ციმბირში დაბრუნებაც მოხდა ძვ.წ. 11, 500 წლისთვის.


ადგილობრივი ამერიკელების გენეტიკური ისტორია


ჰაპლოჯგუფი Q - ადგილობრივი ამერიკელი მამაკაცების უდიდესი ნაწილი (80%-მდე) მიეკუთვნება Q (იგივე Q-M242) ჰაპლოჯგუფს, ასევე C3b-ს, ხოლო ნაწილი R1-ს. ნა-დენეს, ინუიტებს და ალასკის ადგილობრივებსაც Q ჰაპლოჯგუფი აქვთ, მაგრამ ისინი დანარჩენი აბორიგენი ამერიკელებისგან განსხვავდებიან მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფებით. ეს ჰაპლოჯგუფი დაიბადა და დღემდე არსებობს ციმბირში, მაგალითად ისეთ ხალხებში, როგორიცაა ჩუქჩები და კორიაკები. ასევე ის გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრებ ზოგიერთ ხალხში, როგორიცაა დაიაკები. ციმბირში გამოიყოფა ორი ხალხი, რომლებსაც განსაკუთრებით მაღალი სიხშირით გააჩნიათ აღნიშნული ჰაპლოჯგუფი - კეტები (93.8%) და სელკუპები (66.4%). Q-M242 ჰაპლოჯგუფის ერთ-ერთი შთამომავალი ჰაპლოჯგუფი არის Q-M3, რომელიც მას გამოეყო დაახლოებით ძვ.წ. 13, 000 წლისთვის. სწორედ ეს ჰაპლოჯგუფია გავრცელებული აბსოლუტურად დომინანტურად ადგილობრივ ამერიკელებში, მაგალითად სამხრეთ ამერიკელ ადგილობრივებში ის აღწევს 83%-იან სიხშირეს პოპულაციაში, ნა-დენეს პოპულაციაში კი 50%-ს, ესკიმო-ალეუტებში 46%-ს. როგორც ჩანს, ის ამერიკის კონტინენტზე ჩამოყალიბდა და შემდგომ პერიოდში, მოხდა აღნიშნული Q-M3 ჰაპლოტიპის ხალხის მცირე რაოდენობით უკუმიგრაცია ციმბირში ბერინგიის სახმელეთო ხიდის წყალქვეშ მოქცევამდე.

თავად Q-M3-მა შემდგომ პერიოდში, ძვ.წ. 8000 წლიდან წარმოშვა ახალი სუბკლადი - Q-M19, რომელიც წარმოიშვა სამხრეთ ამერიკაში და სწორედ ამ კონტინენტის აბორიგენი მოსახლეობისთვისაა დამახასიათებელი უდიდეს წილად, მაგალითად მისი მატარებელია ამაზონელი ტიკუნას ხალხი (59%) და ვაიუს ხალხი (10%). სხვა ამერიკული სუბკლადებია: Q-L54, Q-Z780, Q-MEH2, Q-SA01, Q-M346. ამათ გარდა, კანადაში აღმოჩენილი იქნა კიდევ ორი სუბკლადი: Q-P89.1 და Q-NWT01.


ჰაპლოჯგუფი Q


ჰაპლოჯგუფი R1 - ეს არის მეორე, ყველაზე ხშირად გავრცელებული ჰაპლოჯგუფი ადგილობრივ ამერიკელებში. ფიქრობენ, რომ ისინი მეორე ტალღის დროს გადავიდნენ ამერიკაში ბერინგიის გავლით. ის საკმაოდ გავრცელებულია ევრაზიის კონტინენტზე თითქმის ყველგან, გარდა აღმოსავლეთ აზიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა. დამახასიათებელია ინდო-ევროპელი ხალხებისთვის. თავიდან იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ ამ ჰაპლოჯგუფის ადგილობრივ ამერიკელებში არსებობა არის მხოლოდ ევროპელების მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდგომ პერიოდში ადგილობრივ ამერიკელებთან შერევის შედეგი. ჰაპლოჯგუფი R1 წარმოიშვა ციმბირისა და შუა აზიის ტერიტორიებზე დაახლოებით ძვ.წ. 22, 000 წლისთვის. ის ამერინდიელებს შორის ყველაზე მაღალი სიხშირით გამოირჩევა შემდეგ ხალხებში: ოჯიბვე (50-79%), სემინოლი (50%), სიუქსი (50%), ჩეროკი (47%), დოგრიბი (40%) და ტოჰონო ოდჰამი, იგივე პაპაგო (38%).

რაგჰავანის მიხედვით (Raghavan et al. 2014) ავტოსომური კვლევა ცხადყოფს, რომ ჩონჩხის ნარჩენები, რომელიც აღმოჩნდა ციმბირში და წოდებულია, როგორც მალტელი ბიჭი-1 (Mal'ta boy-1), რომელიც დათარიღებულია ძვ.წ. 22, 000 წლით და არის R* ჰაპლოჯგუფის მქონე, რომელიც ბაზალური, ძირეულია დასავლეთ ევრაზიელი და ადგილობრივი ამერიკელი R ჰაპლოჯგუფის მქონეთათვის. ასევე სამხრეთ-ცენტრალურ ციმბირში აღმოჩენილ მეორე ინდივიდზე, რომლის სამეცნიერო სახელწოდებაც არის აფონტოვა გორა-2 (Afontova Gora-2) ჩატარდა გენეტიკური კვლევა და გაირკვა, რომ ადგილობრივ ამერიკელებში არსებული დასავლეთ ევრაზიული R1 ჰაპლოჯგუფი მოდის არა მხოლოდ ამერიკის აღმოჩენის შემდგომი ანუ პოსტ-კოლუმბიური პერიოდის ევოპელებთან შერევისგან, არამედ როგორც ჩანს ისინიც გადავიდნენ ამერიკაში და დასახლდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში პრეისტორიულ პერიოდში, თუმცა ვერ გახდნენ დომინანტურნი.


ჰაპლოჯგუფი R1 ადგილობრივ ამერიკელებში


ჰაპლოჯგუფი C-P39 - ეს ჰაპლოჯგუფი დომინანტურად ახასიათებს ადგილობრივ ციმბირელ ხალხებს, მონღოლებს და ყაზახებს. ეს არის დიდად გავრცელებული ტოტი მთავარი C (იგივე C-M130) ჰაპლოჯგუფისა. ადგილობრივ ამერიკელებში C-P39 უმეტსად აღინიშნება ნა-დენეს ენობრივი ოჯახის ხალხში ჩრდილოეთ ამერიკაში, ათაბასკებში 42%-ია, უფრო მცირე პროცენტით სხვა ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივ ხალხებშიც აღინიშნება. აღმოჩნდა, რომ ციმბირიდან ამერიკაში ნა-დენეს ხალხის მიგრაცია უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ინუიტების, ინუპიატების და იუპიკების გადასვლა. CP-39 (იგივე C2b1a1a) აღმოჩენილია ისეთ ადგილობრივ ამერიკელ ხალხებში, როგორიცაა ალგონქვიური და სიოუანური ენობრივი ოჯახის ხალხებში ჩრდ. ამერიკაში და ვაიუს ხალხში სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ კოლუმბიასა და ვენესუელაში.


ჰაპლოჯგუფი C-P39 ადგილობრივ ამერიკელებში


ადგილობრივი ამერიკელების მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები - მთელ პოპულაციას, რომელიც წარმოადგენს აბორიგენ ამერიკელებს აღმოაჩნდა მხოლოდ 5 ძირეული მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი: A, B, C, D, X და მათი განშტოებები, როგორიცაა: A2, B2, C1b, C1c, C1d, D1, C4c, D2a, D4h3a, X2a.

აქედან A, B, C და D წარმოადგენს აღმოსავლეთ აზიელების, მონღოლოიდური რასისთვის დამახასიათებელ ჰაპლოჯგუფებს, ხოლო X წარმოიშვა ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძვ.წ. 28, 000 წლიდან და არის დამახასიათებელი კავკასოიდური რასისთვის, ყველაზე დიდი სიხშირით აღინიშნება კავკასიაში და გარშემო ტერიტორიებზე, ასევე მედიტერანულ ევროპაში. ის დაიყო ორ ჰაპლოტიპად დაახლოებით ძვ.წ. 22, 000 წლისთვის - X1 და X2. ჰაპლოჯგუფი X2a გააჩნია დღევანდელი ადგილობრივი ამერიკელების მხოლოდ 3%-ს, თუმცა ზოგიერთ ჩრდილოეთ ამერიკელ ხალხს ის დიდი სიხშირით აღენიშნება, მაგალითად ალგონქვიური ენობრივი ოჯახის ხალხს აქვს 25%-მდე, სიუქსებს - 15%, ნუუ-ჩაჰ-ნულთებს 11-13%, ნავახოს ხალხს 7%, იაკამას ხალხს კი 5%. ჰაპლოტიპი X6 არის წარმოდგენილი ისეთ ადგილობრივ ამერიკელ ხალხებში, როგორიცაა ტარაჰუმარა (1.8%) და ჰუიჩოლი (20%).


ადგილობრივი ამერიკელების მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფ X--ის გავრცელება


2013 წელს ჟურნალ "Nature"ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც იუწყება, რომ მალტა-ბურეტის კულტურაში აღმოჩენილი, ძვ.წ. 22, 000 წლისთვის გარდაცვლილი ინდივიდის გენომის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი ამერიკელები ენათესავებიან არა მხოლოდ აღმოსავლეთ აზიელებს, როგორც აქამდე მიიჩნეოდა, არამედ მათი გენეტიკის 14-დან 38%-მდე არის დასავლეთ ევრაზიული. ეს განცხადება პროფესორმა კელი გრაფმა (Professor Kelly Graf) გააკეთა. მან ასევე აღნიშნა შემდეგი: "ჩვენი აღმოჩენები ორმხრივად აღსანიშანვია, პირველი იმიტომ, რომ ის აჩვენებს, რომ ზედა პალეოლითის ხანის ციმბირის მოსახლეობა კოსმოპოლიტური ტიპის იყო და მოდიოდა აფრიკიდან ევრაზიაში პირველად აფრიკიდან გადმოსული ადამიანებისგან, რომლებიც შემდგომ პერიოდში გავრცელდნენ როგორც ევროპაში, ასევე შუა აზიასა და სამხრეთ აზიაში. მეორე იმიტომ, რომ პალეოინდიელის ნაშთი სახელწოდებით "ბუჰლას ქალბატონი" გვიჩვენებს, რომ მისი ფენოტიპი არ ემთხვევა დღევანდელი ადგილობრივი ამერიკელების ფენოტიპს და პალეოლითური ხანის ციმბირელებთან ამჟღავნებს ნათესაობას." ბუჰლას ქალბატონი (Buhl woman / Bulha woman) აღმოჩენილი იქნა ჩრდ. ამერიკაში, აიდაჰოს შტატში 1989 წელს და რადიონახშირბადული მეთოდით დათარიღდა დაახლოებით ძვ.წ. 8600 წლით. ის ერთ-ერთი უძველესი ადამიანის ნაშთია რომელიც ორივე ამერიკის კონტინენტზე აღმოჩენილა. აღსანიშნავია, რომ ანთროპოლოგები დღემდე დაობენ მისი თავის ქალას მოყვანილობის შესახებ. ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ის შეესაბამება ადგილობრივი ამერიკელების თავის ქალას მახასიათებლებს, სხვები კი მას პოლინეზიელი აბორიგენების ნათესაობას მიაწერს.


ადგილობრივი ამერიკელების გენეტიკური ისტორია


აღსანიშნავია, რომ პალეო-ინდიელების ანუ დღევანდელი ამერიკელი ადგილობრივების პირდაპირი წინაპრების ამერიკის კონტინენტებზე გადასვლამდე (ძვ.წ. 18, 000 წ.) იქ გადასული იყვნენ სხვა მოდგმის ადამიანებიც, მინიმუმ ძვ.წ. 30, 000 წლისთვის (Nomatto et al. 2009), მაგრამ მათ შესამჩნევი კვალი არ დაუტოვებიათ დღევანდელ დღემდე მოღწეულ ადგილობრივ ამერიკელებზე. მეცნიერებაში ამ ადრეულ ხალხს პალეო-ამერიკელებს ან პალეოამერინიდებს (Paleomerican / Paleoamerinid) უწოდებენ და განასხვავებენ პალეო-ინდიელებისგან (Paleo-Indian).


წყარო: Genetic history of Indigenous Peoples of America - Wikipedia;

წყარო 2: Terminal Pleistocene Alaskan genome reveals first founding population of Native Americans - nature.com;





კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
381
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
381
  
2021, 17 დეკემბერი, 5:34
ბოლო 16 ათას წელიწადში ციმბირიდან გადასულმა ერთი მოდგმის და ერთი ენის მქონე ხალხმა, ამერიკის კონტინენტებზე განსახლების და გამრავლების შემდეგ წარმოშვა მრავალი ენობრივი ოჯახი, დღემდე შემორჩა: 22 ჩრდილოეთ ამერიკული ენობრივი ოჯახი, 51 სამხრეთ ამერიკული ენობრივი ოჯახი და 43 ენა იზოლანტი. ეს 43 ენა-იზოლანტიც რეალურად ცალკეული ოჯახები იყვნენ, მაგრამ თავისი ნათესავი ენები მოუკვდათ და იზოლანტებად შემორჩნენ. რამდენი ასეთი ენობრივი ოჯახი სრულად გაქრა, ისე, რომ მათი კლასიფიკაცია ვერ მოესწრო, ის ცალკე საკითხია.
0 1 1