x
image
თორ ნიკე
ათნიგენობა - ძველი ქართული დღესასწაული
ათნიგენობა - ძველი ქართული დღესასწაული


ათნიგენობა - ასე მოიხსენიებენ ერთ-ერთ უძველეს დღესასწაულს საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში: თუშეთში, ფშავში, ხევსურეთში, ხევში... ეს დღესასწაული შესაძლოა ბევრად უფრო ძველი და წარმართულია, მაგრამ რატომღაც, შესაძლოა სახელის მსგავსების გამო (რაც ხშირად ხდებოდა ხოლმე) ეს წარმართული დღეობა, ახ.წ. მე-4 საუკუნეში მოღვაწე სებასტიის ეპისკოპოსის, წმინდა ათენოგენის სახელს დაუკავშირეს. ეს დღეობა არამხოლოდ საქართველოშია გავრცელებული, არამედ ვაინახებში, კერძოდ ინგუშებში, ასევე ჩერქეზებში, ადიღეელებში და ოსებშიც. ოსები ამ დღესასწაულს ათინაგს ეძახიან.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა შორის ყველაზე შთამბეჭდავი და ნაირგვარი წეს-ჩვეულებებით დატვირთული თუშური ათნიგენობებია, რომელიც "მკვდართ რიგებს" (მიცვალებულთა ხსოვნის დღეებს) მოსდევს და თავისი მასშტაბურობით ზამთრის "წელწდობების" (შობა-ახალი წლის დღეობების) ტოლია.

თუშური ათნიგენობები, დასაწყისების მიხედვით, ორად იყოფიან: ერთი ნაწილი მკათათვის შუა რიცხვებში იწყება, კვირის რომელიმე განსაზღვრულ დღეს, ხოლო მეორე - აღდგომას. გრძელდება ორი კვირის განმავლობაში.



თუშები


ათნიგენობების დაწყების დღეს ხელოსანი დროშას გამოაბრძანებდა, ხატის ნიშზე გადმოკიდებდა, რითაც სოფელს დღეობის დაწყებას ამცნობდა. სანამ დროშას შეეხებოდა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში "წმიდაობდა". ცოლს არ გაეკარებოდა, არც თვითონ შევიდოდა სხვისას და არც სხვას შემოუშვებდა სახლში, წინა დღეს ცივი წყლით განიბანებოდა და ღამეს ხატში გაათევდა. სანამ დროშა გარეთ იყო და სალოცავიდან სალოცავში მოგზაურობდა, ხელოსანი მას არ სცილდებოდა, დღე და ღამ დარაჯობდა (ადგილობრივთა რწმენით, დროშასთან ერთად, თვით ჯვარი გამოდიოდა გარეთ და ხელოსანი მას უწევდა საპატიო დარაჯობას).

დროშის გამობრძანების შემდეგ, საფუარში მთავარი კოდი დაილოცებოდა. საამისოდ, თითოეული ოჯახიდან სამ-სამ ხმიადს, ერთ სანთელს, ერთ კალტის კვერს ან ყველის ნაჭერს, ერთ პატარა, არყიან ზედაშეს გამოგზავნიდნენ. ხელოსანი ლუდით სავსე თასით ხელში, სადიდებელს იტყოდა და სოფელს დაამწყალობებდა. შემდეგ საკლავს (დაუკოდავ მამალ ცხვარს) სანთლით შუბლს შეუტრუსავდა, აღმოსავლეთისკენ მიბრუნებულს ყელს გამოჭრიდა, სისხლს ხატის ნიშის ყორეებს მიასხურებდა და ჯვრის კარიდან ქვემოთ გადმოაგდებდა, თან სამჯერ შესძახებდა "სწყალობდეს"-ო.


თუშეთი. ომალო


ამ დროს ხდებოდა "ჯვარში ყმის გაყვანა" - ახალშობილი ვაჟის პატრონი გამოაცხობდა "ყმის კოტორს" (დიდ ქადას), რომელსაც სანთელთან და ზედაშესთან ერთად, ოჯახის მეკვლე ჯვარის კარზე გაიტანდა, თან ბავშვსაც წაიყვანდა და ხელოსანს წარუდგენდა. ეს უკანასკნელი სანთელს აანთებდა, ზედაშით ჯვარს შეავედრებდა: "შენს კარზე მოსულა სანთელ-ზედაშით, კოტრით, იყმე და იმსახურე"-ო. ბავშვს სხვანიც დალოცავდნენ, კოტორს დაჭრიდნენ, ნაწილს იქვე შეჭამდნენ, ნაწილს კი სოფლის ახალრძლებს გაუგზავნიდნენ. გაისად თქვენგან ელის ჯვარი ყმის კოტორსო.

როცა სანთელ-ზედაშეს ყველა ოჯახი მიიტანდა და საკლავის ხორციც რომ მოიხარშებოდა, კაცების საჯარეში დასალოც სუფრას დააგებდნენ: ძირს დაფენილ თეთრი ტილოს ნაჭერზე სამ პურს დაალაგებდნენ, ზედ ხორცის მარჯვენა მხრის თითო ნაჭერს დადებდნენ. იქვე იდო სამი სანთელი და ალუდის ნათაურათი სავსე ერთი თასი. ხელოსანი პურებზე სანთლებს აანთებდა, თასით ხელში სადიდებელს იტყოდა:


თუშეთი. დართლო



"დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა,

გაუმარჯვე ღმერთსა და კვირაესა (კვირიას), ღმერთო,

გაუმარჯვე დღეს დღესინდელსა, დღეს ნახსენებ ღვთისშვილებსა:

გმირს კოპალეს კარატისასა, დევთა მეომარსა,

აღს იახსარსა, ლახრიანს, მათრახიანსა, ქაჯუეთის დამჭერსა,

სანებას სახარისასა, გიორგის გომეწრისასა,

გიორგის ნაშარისასა, გიორგის ხახმატისასა,

გიორგის სახეოსასა, გიორგის მუხროვნისასა,

ანგელოზს ვესტომთისთავისასა, ცალა ფიჭვ საჩიღოლოსასა,

ისრიელ ბიქუურთისასა, ბატონ ცვარიელდადიკურთისასა,

ცალარქა ბეღელაისთავისასა, თურსიეხ არდოტისასა,

ჭიხალე ხისოსთავისასა, ელია ნაქერლისასა,

შაფურთა ქუმელაურთისასა,

მიქაელ ხვავგორისასა, ლაღს ბიჭეხელსა,

ღვთის პირის მეღვინესა, ღვთის მესამსახურესა.

ლაღნრო, ღვთისშვილნო, დიდად სადიდებელნო,

ძვირად სახსენებელნო, თქვენ გეხვეწებიან,

თქვენ გევედრებიან თქვენნი მლოცავნი,

თქვენდ შამაუწირავ ეს გაშლილი სუფრა,

სანთელ-სამწკრინი, საფუვრის თავი,

ცეფისკვერი, ქაჯანგიანი.

სადიდებელი თქვენი იყოს, სამწყალობნო იმათი.

თქვენ თქვენს მორიგე ღმერთს შესწირიდითა,

თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა.

მთას გაუჭირდეს - მთას დაეშველნიდითა,

ბარს გაუჭირდეს - ბარს დაეშველნიდითა,

ზე კალთა დააფარიდითა მწყემსსა,

მეცხვარესა, მოლაშქრესა, მონადირესა.

ჯოხ აიღონ - ვახშამ მისციდითა,

თოფ აიღონ - სახელ მისციდითა,

თქვენ ღმერთი გადიდებთ, გაგიმარჯვებსთა.

თუ რა სარჯიელ ეხედვებოდეს

ან ზღვათა გამოსული, ან ცითა ჩამოსული,

ხმელეთზე მატარებელი, წყალთა მორიალეი,

მიწრიელ დაულაგმიდითა, გზა უკუღმ გაუბრუნდითა,

ცხვა გუბერნიელ, ცხვა ქალაქ მააჩვენიდითა,

თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა.

დაიხსნიდით, დაიფარნიდით ალაღებული მტრისაგანა,

ადიდებული წყლისაგანა, მთის ზვავისა, მთის ნაპრალისაგანა,

ჭალაის ალთო-ყინულისაგანა.

ნუ ჩამოაგდებთ ამათ ეზო-ყურეში მტრის ჭკვასა, სიკვდილის ხმასა,

თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა.

ძალთაგან ძალ ნუ მოღრიიდითა, სწორთაგან - სამართალი.

ამათა ამჯობინიდითა ამათ მტრისასა.

მტერს მიზევდენ - მისწივნიდითა,

მოზდევდენ - გაამახწივნიდითა,

შინ მშვიდობა ნუ მოუშალიდით, ველს - გამარჯვება.

თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა.

ჯვარ დასწერიდითა ცხენსა, ცხენის მხედარსა,

კაცსა, საქონელსა, ორფეხსა, ოთხფეხსა.

ქალს ქალწულს უმატიდითა, ფურს - ფურის ხბოს უმატიდითა,

ცხვარს - ცხვრის კრავს უმატიდითა,

ჯვარ დაუწერდით ხარსა, ხარის ნახნავსა,

ფურსა - ფურის ნაწველ-ნადღვებსა.

ნაქადებს არ გიმტყვნიანთ, ნაძახებ გაუგონიდითა,

თავის ნამათრახალზედ ლხინის წამალ დააყარიდითა,

ცხვათ ნამათრახალზედ შუაკაც ჩამოუხვიდნითა,

თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა.

იქნებითამც მცველნი, მფარველნი,

მშველელნი, მწყალობელნი... სწყალობდეს!"


ამ სადიდებელ-სავედრებელის დასრულებისთანავე მხიარული პურობა იწყებოდა. კაცები ცალკე დასხდებოდნენ, ქალები - ცალკე. მათ შორის საცეკვაოდ მოედანი რჩებოდა. მზის ჩასვლისას კაცები აიშლებოდნენ, ხუთი მხარგადახვეული ახალგაზრდა წრეს შეკრავდა, მხარი-მხარ გაბმული ოთხი კაცი მათ მხრებზე დადგებოდა და გამართავდნენ ქორ-ბეღელას, რომლის შუაში ფანდურით ხელში "მეციხოვნე" მოეწყობოდა. წაღმა ნელი ტრიალითა და ჯვარულის სიმღერით ქორბეღელა საჯარიდან ხატის კარისკენ წავიდოდა. იქ კვლავ წაღმა შემოტრიალდებოდა და დაიშლებოდა.


თუში კაცი


თუშეთის სოფლებში ათნიგენობები საკულტო რიტუალების მხრივ, თითქმის ერთნაირი იყო. განსხვავება ვლინდებოდა საერო წეს-ჩვეულებებში. რომლებიც გარკვეული რელიგიურ-მაგიური რწმენა-წარმოდგენები იყო უკუფენილი და არსობრივად ადამიანისა და პირუტყვის ნაყოფიერების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

ქართულ-ნახური ურთიერთობების თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია თიბვასთან დაკავშირებული ხალხური დღეობა - ათენგენობა, რომელსაც ხევსურები და ინგუშები მორიგეობით აწყობდნენ და რომელშიც ინგუში და ქართველი სტუმრების მონაწილეობა სავალდებულო იყო.


წყარო: ნუგზარ ანთელავა. "კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები". 2017 წ.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
442
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0