საზოგადოებრივი თამარი - ქართული მითოლოგია 2019, 13 დეკემბერი, 16:11 თამარი საქართველოს ისტორიის ოქროს ხანის მზე და მშვენება, მეფე და დედა საქართველოისა, მგოსანტა და მემატიანეთა განდიდებული და ლეგენდების პოეტურ შარავანდედში გახვეული "თამარ ქალი შესაწყნარი, მშვენიერი და პირმცინარი" გმირი ქალია. ის ხალხთა მითური შინაარსითაც დაიტვირთა. წარმართული მითის ისტორიულ მოვლენებთან შერწყმის კიდევ ერთი მაგალითია. სვანეთში მასზეა შექმნილი საფერხულო სიმღერა "თამარ დედოფალ" და ხევსურული "ბრძანებდა დამბადებელი". პირველში თამარი ყველაზე ლამაზია, კბილი მარგალიტის აქვს, თვალ-წარბი გიშრის, დალალები აბრეშუმის, თავს მუზარადი ადგას, წელს ჯავარდენი არტყია, ტანზე აბჯარი აცვია, ქვიშრა ცხენს ოქროს ლაგამი უდევს, ქალს მტერი დაუმარცხებია, ლატალს მისულა, უშგულში შოთას "ვეფხისტყაოსანი" მიურთმევია. ფშავ-ხევსურულ ლექსებში თამარი წარმართული სახითაა შესული, ღვთისშვილია, წმინდა (წარმართული გაგებით). გაჩნდა საწესო ტერმინები: "თამარის ხატი", "თამარის ცხვარი", ზვარი, შეწირულობანი... თამარმა ხმელეთი ხელში მოიგდო, ზღვაში ჩაყარა სამანი. ღმერთი (ხევსურული მორიგე ღმერთი, სვანური "ვობ", დიდი ღმერთი, ზევსისებური, ოდინისებური) თავის ქმნილებებს ახასიათებს: ცა და მიწა შევქმენი, მურგვალთ მოვავლე სამი ზღვა, თეთრი, წითელი და შავი, ზედ გადავხურე ჭიქა და სინა, ჭიქა და რვალი, შიგ გავაჩინე მზე-მთვარე, მავალი დღე და ღამე. დუნია გამიჩენია რჯულად ათასი გვარი." ამ ლაკონურ კოსმოგონიას მოსდევს ღვთისშვილის, თამარის დიდება, შუა საუკუნეებში ჩამატებულ-გადაკეთებული გაგრძელება. კორიფეი-გუნდის საფერხულო "თამარ მეფე და ხონთქარიც" ერთ-ერთი უძველესთაგანია და მითოსის შენარევებს შეიცავს (თამარ მეფე და ხონთქარი მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა, ზღვაში ჩაუშვა ხომალდი, ზედ ალმასები დაჰკიდა"). ჯერ იყო მითი, მერე მოვიდა თამარი და მითი დაჩრდილა, მისი სამოსით მოგვევლინა (ამ აზრისაა ვახტანგ კოტეტიშვილი). თვით თამარი, ფშაველთა პირიმზე, წარმართული სახე უნდა იყოს და ადვილი შესაძლებელია, რომ იმ მითოლოგიური ღვთისშვილის სახელი ეწოდებინათ გიორგის ასულისათვის, რომელმაც შემდეგ მითოსი დაჩრდილა ახლა მითადვე გარდასახულმა. მან დაატყვევა ზამთრის მომყვანი შუქურ-ვარსკვლავი (ცისკარი), "ზამთარი სრულიად ამოიკვეთა". ზამთარი განდევნა, შუქურ-ვარსკვლავი ყუთში ჩაკეტა, ყუთი მოახლეს ჩააბარა და გააფრთხილა არ გახსნაო, თავად კი ბაღდადს (ან შავ ზღვაზე) წავიდა ტაძრის ასაშენებლად (შეადარეთ პადორას ყუთი, ათენა და აგლავრე). მონასტერს ჭერიღა აკლდა, რომ მოახლემ ვერ მოითმინა და ყუთი გახსნა. დატყვევებული შუქურ-ვარსკვლავი ამოფრინდა, გაქრა. კალატოზებმა დედოფალს მოახსენეს "ქვას ჭირხლი მოჰკიდებია, ვეღარ ავწიეთ". ბაღდადში ჭირხლი მაშინ იცოდა, როცა საქართველოში ზამთარი იდგა. თამარი ბედაურზე ამხედრდა, სამშობლოში გამოეშურა. იალბუზის ველზე რომ გავიდა, ნახა, რომ იალბუზზე აშენებული მისი დიდებული სასახლე თოვლს დაეფარა, ქარბუქი სახეზე სცემდა. უკან გაბრუნდა, ვარძიის მონასტერში მივიდა და იქვე გარდაიცვალა. იქცე დაკრძალესო. ეს ბრწყინვალე მითი ვანელი ქალბატონის, მართა ბიბილაურის თქმული ჩაიწერეს ("ძველი საქართველო", ტომი II, განყოფილება IV, 47). მეორე ცნობილი ლეგენდა მოგვითხრობს: როცა თამარმა ოსმალთა დიდ ფაშას ცოლობაზე უარი უთხრა, ფაშა დაემუქრა, მკვდარს მაინც ამოგიღებ საფლავიდანო (შეადარეთ დიდონა და ბარბაროსი იარბასი). თამარის კუბო სამმა ძმამ სამსავე მხარეს წაიღო, ნეშთი კი მხოლოდ ერთში ესვენა. დაკრძალეს და ძმები ერთმანეთს შეაწყდნენ, რომ საიდუმლო არ გაეცათ (სვანებიც იჩემებენ, უშგულშიაო დაკრძალული). ამიტომაა საიდუმლოებით მოცული თამარის სამარე. მისი ანდერძის თანახმად, სამიდან ერთ-ერთი სვეტის ქვეშ უნიშნოდ დაკრძალეს. ფაშამ გაიგო, ლაშქრით ჩავიდა, მონას ენა აადგმევინა, სამსავე სვეტთან მივიდა, სამგზის შემოესმა მიწიდან ხმა: ხელი გამიშვი, თამარი აქ არ მარხია!". სიცოცხლეშიც დიდებული იყავი, სიკვდილის შემდეგაც დიდებული ხარ! უთქვამს ფაშას და გაბრუნებულა. ბიბილაურის თქმით, წმინდა სავანე გაითხარა არა გელათში, არამედ ვარძიაში, სადაც მისი სახელი დაიხატა. სადაც იმდენი სენაკი გაეკეთებინა, რამდენიც წელიწადში დღეა და რაც ეკლესია-მონასტრები აუშენებია, იმისი ფასი მხოლოდ ვარძიაზე დაუხარჯავს. სხვა ვერსიით, სამარე მაღალ მწვერვალზეა, საითაც მისი მორჩილი წეროები ქვას ეზიდებოდნენ, მერცხლები ქვიშასო. მესხური თქმულებით, თამარმა ფრთამოტეხილი წერო მოარჩინა, წერომ თეთრი და წითელი წინდის ჩხირები მოუტანა. ჩხირები თამარს რძეში ჩაუცვივდა, რძე ოქრო-ვერცხლად იქცაო. (ვ. კოტეტიშვილის ჩანაწერი). ფშაური თქმით, თამარმა ჯერ ხმელეთი დაიმორჩილა, მერე ზღვა მოდრიკა, ნავთიანი ჩალა დააყრევინა, ცეცხლი წაუკიდა. ზღვამ მორჩილება შემოუთვალა, თვალ-მარგალიტი და საქონელი უბოძა, თამარმაც ცეცხლი მადლის ძალით დაშრიტა და მაშინ გაჩნდაო კამეჩი (თ. რაზიკ. ზღაპრ. 84). თამარის ციკლის ქართლური თქმულებით თამარს შუქურ-ვარსკვლავი ჯაჭვით დაბმული ჰყოლია, შეკაზმავდა, დაიარებოდა, აშენებდა; სხვა ვერსიით, წყეული გველი თუ ვეშაპი ჰყავდა რაშად, ლაგამამოდებული და იმას დააქროლებდა (ძველი საქართველო, II განყოფილება, IV, 49). ბაღდადშიც ის წყეული რაში ჰყოლია (ეს მოტივი კოლხ მედეას დრაკონშებმულ ეტლს მოგვაგონებს, სხვაგანაც არ გვხვდება). თამარის ფეხმძიმობა უბიწო ათენას ფეხმძიმობას ემსგავსება (ჰეფესტოსი რომ არ გაიკარა, თესლი მიწას შეერია და იქიდან იშვა ირიხთონიოსი). არც ქალწულმა თამარმა იცოდა მამაკაცი, ციური სხივით ეძრა მუცელი ღვთისმშობელივით, შვილი ტყეში დააგდო, ირემმა აწოვა ძუძუ ("ბატონიშვილს ერეკლესა ირმის ძუძუ უწოვნია"). ასე გადაიხლართა თამარის სახეში მითი და ისტორია, რაც ასე ხშირია მითოლოგიაში და რაც მითის კლასიკურ გაგებას ეხმაურება. ძველი მითები და ლეგენდები შუა საუკუნეებში იყრიან თავს თამარის გაშემო, უფრო მისი გარდაცვალების შემდგომ, როცა ჯვარცმულ საქართველოს ჟამთა სიავემ და მონღოლთა უღელმა ღირსეული მედროშე დაანატრა. შემთხვევით არ მიმართავს მას ვაჟა როგორც დედას: "მფარველად გვექმენ ქართველთა, ჩვენო ლამაზო დედაო". სწორედ ეს მფარველ დედა, დია, დიოსი, უნდა იყოს წარმართი თამარის პირველი, მითოლოგიური სახე. ამიტომ ჰყავს თამარს რაშის მაგიერ უწმინდური გველი, მორჩილი, ხთონიური მიწის ღვთაება, რაც ბუნების ძის, დიონისესა და მეომარ ათენას ატრიბუტია. გველის გამოსახულებას ვხედავთ დიონისესა და ათენას გვერდით, მკურნალთა ღმერთის - ასკლეპიოსის მხარზე (ქანდაკებებში), ეგვიპტური აპისის, ბერძნული ჰერას, ინდური ბრაჰმას, სპარსული მითრას, რომაული იუნონას გვერდით. გველეშაპს (დრაკონ ხოლკიკოსს) აძინებს კოლხი მედეა, თავის საყვარელ შვილიშვილს დრაკონის ეტლს უგზავნის თვით მზე - კოლხური სამეფო დინასტიის ფუძემდებელი ჰელიოსი და მედეა იმით გაურბის შვილების დამხოცავ მტერს კორინთოდან. სრულიად ბუნებრივია, რომ ქართულ წარმართულ ღვთაებას - თამარსაც ატრიბუტად გველეშაპი ჰყოლოდა. მისი საქმე და სახელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ქალღმერთის თვისებები მიეწერათ, მით უმეტეს, რომ შავი ზღვაც ახლოს იყო, შეეძლო შიგ სამანები ჩაეგდო, ხოლო თავად კოლხი მედეას ქვეყნის დიდებული ქალი მეფე იყო. ამრიგად, ქალური საწყისის სიმბოლიკა - ზღვაც ამ წრეში მოხდა. სახელი კი, მითოლოგიური თამარისა ან დაიკარგა, ან იგივე იქნებოდა - აღმოსავლურ პანთეონში ეს სახელი უხსოვარი დროიდან იყო. ბიბლიაში სამი თამარია: იუდას რძალი, დავითის ასული და აბესალომის ასული, სოლომონ ბრძენის ძის ცოლი). ახსენებენ თამარისსაც, რომლის კულტიც ეგვიპტიდან გავრცელდა, მაგრამ თამარისი ბერძენთა მგოსანი მამაკაცია და უფრო ბიბლიურ თამარებზე შეიძლება მივუთითოთ, ვიდრე მუზის მიჯნურ თამარისზე. ხევსურული ფოლკლორიდან ცნობილი ღვთისშვილი თამარ-ქალი, სამძიმარას, მზექალას, აშექალასა და ხოშაქალის (ხოშაქის) დობილია (ხოშაქს თამარ მეფის ისტორიკოსიც ახსენებს). წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. საქართველო5. საქართველო (ნაწილი მეორე)6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. რელიგია9. პარანორმალი10. მეცნიერება11. მეცნიერება (მეორე ნაწილი)12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე565 2-ს მოსწონს
|