საზოგადოება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი: რატომ არის საჭირო ზოგადი უნარების გამოცდა? -''მე ვერ წარმომიდგენია ისეთი უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტმაც შეიძლება არ იცოდეს რიცხვების შეკრება, პროცენტის გამოთვლა...'' 2019, 29 იანვარი, 19:31 როგორც ცნობილია 2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა გაუქმდება. ამასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აქვეყნებს.იხილეთ ვრცლად ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც სამინისტრომ მიიღო: >>> მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო მოდულში>>> მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები ოფიციალურად უქმდება>>> ზოგადი უნარების გამოცდა უქმდება>>> 2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენსჯერ ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებით. ამ გამოცდის მიზანია (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს) არა რაიმე ცოდნის შემოწმება, არამედ იმის გარკვევა, თუ რამდენად აქვს აბიტურიენტს უელემენტარულესი მათემატიკური განათლება და ალღო, შეუძლია თუ არა მარტივი ლოგიკური ოპერაციების ჩატარება და იაზრებს თუ არა წაკითხულ ტექსტს. ძირითადად ლაპარაკი სწორედ უნარებზეა და არა ცოდნაზე. ელემენტარული მათემატიკური განათლებაც რომ სასიცოცხლო უნარია, ალბათ დამეთანხმებით. თუ მოსწავლეს ეს უნარები არა აქვს, ან სკოლას შეუცოდავს, ან – თავად; ან სკოლამ და ოჯახმა ვერ აღძრეს მასში აზროვნებისა და განათლების მიღების ნება, ან თავად არის ყველაფერი ამისაგან შორს. ეს არ არის ცალკე სასწავლო დისციპლინა. ეს უფრო იმის შემოწმებაა (უნდა იყოს მაინც), აბიტურიენტი ინტელექტუალურად რამდენად არის მომწიფებული საიმისოდ, რომ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს სწავლა. მართალია, ტესტების ამოცანების ნახევარი მათემატიკიდანაა, მაგრამ არა მგონია, გახსენებას საჭიროებდეს, რომ თუკი რაიმე ავითარებს გონების დისციპლინას, სწორედ მათემატიკაა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ ძველი ბერძნებიცა და მათი გავლენით – მთელი ევროპული სამყარო. ამგვარ შემოწმებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმართავენ. გაიხსენეთ GMAT-ის ტესტები, ფსიქომეტრული ტესტები და ა.შ. როდესაც ჩვენთან ამ გამოცდაზე მუშაობდნენ, ანალოგიური პრაქტიკით სარგებლობდნენ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისრაელის კოლეჯების გამოცდილება. ჰქონდა თუ არა ამ გამოცდას პოზიტიური შედეგები? ნამდვილად ჰქონდა. 1. მათემატიკური უნარები. 2005 წელს, როდესაც პირველი აბიტურიენტები მოვიდნენ ჩემთან (არ დავმალავ, უკვე მეთოთხმეტე წელია, ამ საქმეს ვეწევი), მათმა დიდმა ნაწილმა ქვეშმიწერით შეკრება არ იცოდა. წილადებზე და ათწილადებზე არითმეტიკული ოპერაციების ჩატარება ხშირად გადაულახავი წინააღმდეგობა იყო. რამდენიმე წელიწადში სიტუაცია შეიცვალა. მშობლების და მოსწავლეების უდიდესმა ნაწილმა დაინახა, რომ მათემატიკის უგულებელყოფა არ შეიძლებოდა – თუნდაც ზოგადი უნარების გამოცდის გამო. დღეს ძირითადად უკვე იგულისხმება, რომ მოსწავლემ მათემატიკის ელემენტები იცის. 2. ელემენტარული ლოგიკური ოპერაციების ჩატარების უნარი. რასაც ჩვენს გარშემო ვუცქერთ, არა მგონია, ვინმეს ეჭვს უჩენდეს ამ უნარის აუცილებლობაში. 3. ტექსტის გააზრება. წიგნის სიყვარული და ტექსტის გაგების სურვილი შორსაა იმისგან, რასაც ბავშვს ხშირად სკოლაში სთავაზობენ. ამ გამოცდის არსებობა მოსწავლეს არწმუნებდა რაციოზე ორიენტაციის აუცილებლობაში. ახლა თავად განსაჯეთ, სჭირდებათ თუ არა ჩვენს მოსწავლეებსაც და, ზოგადად, საზოგადოების წევრებს ეს. ამ გამოცდის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე ხშირი არგუმენტი ისაა, რომ ის სკოლაში არ ისწავლება და აბიტურიენტებს მომზადება სჭირდებათ. ვიმეორებ :ეს არ არის სასწავლო დისციპლინა. სკოლა რომ თავის საქმეს აკეთებდეს, აბიტურიენტს რეპეტიტორი არ დასჭირდებოდა. მისთვის საკმარისი იქნებოდა, მეთორმეტე კლასში ტესტთან მუშაობის გამოცდილება მიეღო. ცხადია, ერთ წელიწადში შეუძლებელია, მან აინაზღაუროს ის, რაც დააკლდა თორმეტი წლის განმავლობაში, მაგრამ რაღაც ელემენტარულ ინტელექტუალურ გამოცდილებას მაინც იძენს და რაღაც ხარისხით მაინც არის მზად უმაღლესი სასწავლებლისათვის. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ტესტებში მოცემული ამოცანები ზოგჯერ საეჭვო ღირსებისაა, მაგრამ ეს უფრო შემდგენთა მიზეზითაა და არა გამოცდისა. ნებისმიერ საგანში და, მათ შორის, ზოგად უნარებშიც რეპეტიტორის აუცილებლობას აჩენს არა გამოცდის არსებობა, არამედ ის, რომ სკოლამ, მშობლებმა და მოსწავლემ დააკლეს რაღაც. ეს ინსტიტუტი ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა. რაც შეეხება სასკოლო გამოცდებს. ძალიან მოკლედ და ზოგადად ვიტყვი, რომ გამოცდების გაუქმება გულისხმობს, რომ ჩვენ გვყავს კრიტიკული ოდენობა ისეთი პედაგოგებისა, ვინც სწავლების ყოველდღიურ პროცესს პატრონობს ისე, როგორც საჭიროა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ბავშვი არა რაღაც ალგორითმების ათვისებისაკენ, არამედ, როგორც მაქს შელერი იტყოდა, სულის ახალი მდგომარეობისაკენ. ამ შემთხვევაში, ცხადია, გამოცდა ზედმეტი ტვირთია. ახლა, თავად განსაჯეთ, გვყავს თუ არა. თუ გვყავს, გამოცდების გაუქმებას აზრი აქვს. თუ არა გვყავს, ხომ არ შემობრუნდება ავადსახსენებელი 70-იანი წლები, როდესაც მისაღებ გამოცდაზე ატესტატების კონკურსი იქნა შემოღებული და ამან სკოლებში არნახული კორუფცია გააჩინა? სულო ცოდვილო და თუ ასეთი პედაგოგები არ გვყავს, გამოცდების გაუქმება, უმალ, ვალების ჩამოწერას ემსგავსება და უფრო პოლიტიკური აქტია, ვიდრე საგანმანათლებლო. და კიდევ: ის, რომ სადღაც რაღაცნაირადაა, არ ნიშნავს, რომ მოდელი, რომელიც უნიკალურ კულტურულ და ისტორიულ გარემოში შემუშავდა, ერთი-ერთზე შეიძლება იქნას გადმოტანილი ასეთივე უნიკალურ გარემოში. არ იმუშავებს, რადგან სხვა ადამიანური „მასალაა“, განათლებისადმი და სოციალური პასუხისმგებლობისადმი სხვა დამოკიდებულებაა. მკვდრადშობილი „სტრუქტურული ცვლილებების“ პროექტები კარგს ვერაფერს მოგვცემს, თუ ძირეულად არ შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება განათლების, როგორც ფენომენის მიმართ. ეს რთული და დიდი თემაა და მას აქ არ შევეხები. სამწუხაროდ, ეს სფერო ვერ გამოთავისუფლდა მიმდინარე პოლიტიკის გავლენისაგან. პოლიტიკურად არასტაბილურ ვითარებაში შეუძლებელია 10-15 წელზე გათვლილი სტრატეგიის შემუშავება”. 439 2-ს მოსწონს
|