x
image
შორენა-ალაზნისპირელი
ევა და ადამ,მე და შენ.
ყრუ კედელი, ადამი და ევა, სიმაღლე, ჭვრეტა და განკითხვა-ასეთი დასაბამი მიეცა სამყაროს და...

ისევ ევა და ადამი-ქალი და კაცი...

კედელი-მგრძნობიარე და უგრძნობელი...

სიმაღლე-სიმდაბლის ქონგური...


ჭვრეტა-ნიღბების ზედაპირი...

განკითხვა-შეშლილი ღიმილი...

ქალი და კაცი.ევა და ადამი.მე და შენ-ასე იწყება სამოთხიდან განდევნის პროცესი, შემდეგ ხარხარი, უგულო, გულიანი, აზრიანი და უაზრო ხარხარი...

შემდეგ...სნეულება, მოურჩენელი და მორჩენილი...

შემდეგ...ისევ ჩვენ-მე და შენ.ქალი და კაცი.

შევჩერდეთ.

ყრუ კედელთან დაწყებულ სიმაღლეს შევხედოთ.აქ წარსული ფეთქავს აწმყოსა და მომავლის ფერებში, ჰოდა გავიხსენოთ, ჩვენც რატომ ვიყავით ერთად, ანდა ცალ-ცალკე რადა ვართ, ადამ! რადგან უფალმა შენი ნეკნი სასწაულად აქცია ჩემი სახით, სულ შენ გეკუთვნი, -სუნთქვით, სუნით, ფერით, ხორცით და გრძნობით.

მისმინე, ადამ! ამ ყრუ კედლის სინესტე ქალის უთქმელობის სევდაა და შენთან გაქვავებული და ცისკენ ასვეტილი იმიტომ დგას, რომ ვერ დაგანახა ბოლომდე თავისი სიმაღლე...ვერც შენ ჩაეძიე.ახლაც ასე გადაღლილი რომ გიმზერს, სიახლოვე მოსწყურებია კაცურ ნაბიჯთან...

მისმინე, ადამ! ეს აღსარება სინანულში ჩაორთქლილია, შეუნდე, თუკი ცრემლების ზღვამ გადააკვანძა იმ მათრობელა მოგონების ჩუმი ხარხარი, სამოთხის ბაღში რომ გაგაგონეს შესაცნობელი კვდომის ალერსში.ძნელია, ადამის გვერძე ევა გერქვას და მარტო იყო...დღეს უნდა მითხრა, რატომ გახდი ასე უღონო, რატომ არ ელი გაზაფხულის ძარღვიან სიცილს, ჩემს მოლოდინში.

მისმინე, ადამ! ვაშლს ვერ მოვწყვეტ, ვერ გაცდუნებ, მონანიების დღეა დღეს და შენგან ველი სასწაულებს ამ ყრუ კედელთან...ფეხის ხმა მესმის, შორს ნუ წახვალ, აქ მოდი ჩემთან...გადაუწმინდე ლიბრი წვიმის თვალს და შენებური სიცილით მითხარ, რომ სამოთხეა მთელი სამყარო, როცა უყვარხარ...

დღეს მზერით კი არა, ძახილით დაგღლი, თუმცა ამ მზერაშიც ლტოლვის ხმა ისმის, სივრცეს კი არა, მე მიყურე, მიწაზე ვდგავარ, შენს წინ ვარ, შენს წინ, შიშველი თანაც, შემმოსე, ადამ!...წუხელის უკვე მერამდენედ დამჭერი გულში და ჭრილობიდან სისხლის ნაცვლად დამედინა სევდა სხეულზე, სევდა იმისი, უძლურების ამაყ ბინადრად ვინაც ითვლება შავფერ ქვიტკირში...

მე მაცდუნებელ ქალად არ ვარ მოსული შენთან, მე მსურს გავიგო, ნეკნის ძარღვში თიხა რად მქვია, რატომ შთამბერა მაცხოვარმა სული ვედრების...-ის წუთი იყო სამყაროს ბედი და მისი ღერძი-შთაგონება ქალური ცეცხლის, შენ გიხაროდა, მეც მიხაროდა გალობანი ანგელოზების და ცისფერ კვამლში ვიწვოდით ერთად არარობით აღვსილი სისხლით...ჩვენ დავინახეთ წითელი მზე ყვითელ ბურუსში და გავიგონეთ გალაქტიკის ხმა სასოების...

მე ვინანიებ ჩემს შეცდომას და უნდა გთხოვო, რომ მაპატიო ურჩი ფიქრით მოსული თოვა...ჩამოვუხსენი გამჭვირვალე შუშა იმ ნიღაბს, ათასწლეულებს მოგონებით რომ მიცისკროვნებს და მოველ ახლა, ჩემი თიხის ცხელო ჰაერო, სნეული ქალი ამ ყრუ კედელთან...

მისმინე, ადამ! შენდობისთვის როდი გავჩერდი, მე ქალი ვარ და მომენატრე ქალური ტკენით, უნდა იცოდე, რომ ამტკივდა შენი სისუსტე, რომ დავიღალე კლდეთა დუმილით...მომიახლოვდი ბედისწერის თანაზიარო, უთხარი უფალს, მე კი არა, შენ რომ დამკარგე...

ამ წუთას, როცა ზეცა სიშორეს გლოვობს სამოთხის ბაღთან, შენს გაციებას ეს გაციება აფთარივით ულოკავს წუხილს.

გავცივდი, ადამ! შენს ნეკნს მგონი ჩაუწყდა ძარღვი.ხანდახან ოხვრა რომ არ მშველიდეს, მიგატოვებდი წუთისოფელში, მაგრამ რადგანაც სუნი მცემს თიხის, ვერსად ვერ წავალ უშენოდ, ადამ!...

მისმინე ადამ, მხოლოდ მისმინე!..

ევა რომ არა, ვერავინ გეტყვის გრძნობით კედელზე.ავფორიაქდი...ღამე უნუგეშობას ხელბორკილებად დამადებს გულზე და ასე მძიმე ჯაჭვებით წავალ უნუგეშობიდან-უშენობამდე...

გავთანგდი, ადამ! სანატრელი გახდა აჩრდილი შიშველ სულიდან წასული კაცის, ნუ გიკვირს, რაკი უცრემლოა მარადი მოთქმა, რაკი ყრუ კედელს აღარ უნდა გაძლება ღამის...ნუ ხარ მდუმარი, ხმა გამეცი, მომხედე, ადამ!..მისმინე, ადამ!..მიგრძენი, ადამ!..ისეთი ევა მოვედი ეხლა, როგორიც ვიყავ და შენც იმგვარი დამიხვდი, ადამ!..შენთან ვარ, მაინც უშენობა რატომ მკლავს, ადამ?!.

მივდივარ...

თვითონ გცილდები შენი სულით აღვსილი ევა...

მწარეა ხვედრი დასჯილი ქალის, ჩამთოვებიხარ სულში ყინულად...გაგიჭირდება უჩემოდ, ვიცი, ვერ შემარიგებს უფალიც შენთან და როცა ფიქრით გადაღლილი მომძებნი ქარში, მზესთან ვიქნები სიცოცხლეო, შენ ჩემო ადამ...

მიშველე, ადამ!..

მიხსენი, ადამ!..

შემმოსე, ადამ!..

სუნი ვარ შენი!..

გრძნობა ვარ შენი!..

ფეთქვა ვარ შენი, ჩემო ადამ!..

ამ ყრუimage კედელთან დაჩოქება ქალის ვალია...

ასეა დღესაც...

ქალი და კაცი.ევა და ადამ.მე და შენ.

2
27
4-ს მოსწონს
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
27
  
გაიხარე ნანიკო
2013, 26 ივნისი, 10:54
გენაცვალეეე.
0 1 2