x
image
შორენა-ალაზნისპირელი
წარსულიდან მომავლამდე
ეზოში შესულს მოხუცი თუთა შემოგეგებება, ტანდაკოჟრილი, ცამდე აწვდილი, ქარტეხილებთან მედგრად მებრძოლი, სიდარბაისლით ააშრიალებს ჯერ ისევ ჯან-ღონე გამოულეველ მკლავებს, შეგიპატიჟებს, სახლის ზღურბლამდე მიგაცილებს...დრო-ჟამს სახლის მცველად დაუტოვებია მოხუცი თუთა, ფართოდ გაშლილი მკლავებით, მთელს ეზოს გადაჰფარებია და ამაყად გადაჰყურებს მიდამოს.

ეზოს ყოველ კუთხეში კეკლუც ყვავილებს ამოუყვია თავი, წელიწადის ყველა დროსთან შეფერებით, ათასფრად რთავენ ეზოს მწვანე სამოსელს, გაზაფხულზე ფურისულებს, ნარცისებს და ზამბახებს აუტეხავთ ჟრიამული, მოდი და გულგრილად ჩაუარე! კაბის კალთას დაგქაჩავენ, ცელქად ჩაიკისკისებენ, გაგაჩერებენ, გაგაოცებენ, აბა გაბედე და გულგრილად ჩაუარე!..გაზაფხულის მიწურულს ყაყაჩოები მოედებიან ხანძრად იქაურობას, ჭორიკნები, ხალიანები, სიფრიფანა, წითელი კაბებით გაწონებენ თავს.

შემოდგომაზე სევდიანი ქრიზანთემები ეწვევიან ეზოს და ვიდრე მიდამო თეთრ, ქათქათა სამოსელს ჩაიცვამს, უკანასკნელი ფერებით მორთავენ სიყვითლეშეპარულ ეზოს.

კიბის ორიოდე საფეხურს ბზარები გასჩენია, სიცოცხლის უცნაური ჟინით ამოუხეთქავს მყარი ნიადაგი ბალახს.მოკრძალებით აუვლი გვერდს და შენშიც იფეთქებს ჟინი იმ ბალახის-არსებობის, ბრძოლის, შეუპოვრობის...


აივნის კართან ლერწმები აშრიალებენ ცამდე აწვდილ ხელებს, სიოდ მოგელამუნებიან სახეზე და ეზოს ყვავილებისაგან მოპარულ საოცარ სურნელში გაგხვევენ.

თითქოს ვიღაც დაგყვება, ვიღაც გითვალთვალებს და არც ხელს გიშლის უცნაური სიმყუდროვის დარღვევაში.იქნებ ის ჭიანჭველები არიან, ხის ძირებში ბეჯითად რომ შრომობენ და თავისზე ორჯერ მძიმე ტვირთს გაჭირვებით მიეზიდებიან საერთო შრომით ნაშენი ბინებისაკენ;ან ის ფუტკრები არიან, ეზოს სიმყუდროვე ბზუილით რომ აუკლიათ, არ ასვენებენ სურნელით თავმოწონებულ ჟასმინს და ცაცხვს;ან იქნებ ის პაწაწინა ჩიტია, ეზოს რომ შემოსჩვევია და ცდილობს, სიმღერით სევდა გაუფანტოს მარტოობის წლებს შეჩვეულ სახლს...

ეზოში ბებიის აჩრდილი დადის, თბილი, კეთილი, ფუსფუსა.წლებს უსინათლოდ დაუტოვებია თმებდათოვლილი ბებია, სილამაზისა და სიდარბაისლის კვალი შერჩენია ნაკვთებს, თვალებში კი სევდა ჩამდგარა, უნაპირო სევდა და ცრემლად ჩაგუბებულა, აქ თითოეულ ხეს, თითოეულ ყვავილს იცობს ბებია, იცნობს და ხედავს, გულით ხედავს თითქმის მის თანატოლ თუთას, ხედავს პატარა გოგო-ბიჭს, -ორ თვალისჩინს, ხმაურით რომ აღვიძებენ მშვიდ ძილს მიცემულ ეზოს.

ბიჭი ცელქია, მოუსვენარი, უფრო პატარა, ვიდრე გოგო, ქერა თმა მიწებებია შუბლზე, ცისფერი თვალებიდან ორი მზე ანათებს, მუხლისთავები გადატყავებია-არაფრად აგდებს, ხეზე ასულს შარვალი ჩამოხევია, არც ამას დაგიდევთ არაფრად, ახალი ფათერაკის ძებნით მოუსვენრად ატრიალებს თვალებს და იმ თვალებიდან წამოსული მზის სხივები ბებოს გულს ათბობს...

ისევ მარტო რჩება ბებია, ისევ ხეების, ყვავილების, პეპლებისა და ჩიტების ხმაურს მიყურადებული, ცრემლ-ღიმილიანი თვალებით.მოაჯირს დაყრდნობილი აჰყვება აივანს, ბუხართან ჩამოჯდება და ფიქრს მიეცემა.

...ავადმოსაგონარი სამამულო ომი, ერთ დღეს გაცილებული ორი სინათლე-ქმარი და ძმა.ორივე თვალიდან მოწყვეტილი ცრემლი...ვერდაბრუნებული ქმარი, ძმის მონაყოლი-სტავროპოლის შეტაკება, ნაღმები, ქვემეხები, მანძილი სანგრამდე-სიკვდილიდან სიცოცხლემდე.სანგარში ჩაწოლა დაასწრო დის ქმარმა, თვითონ ძლივს მიაღწია სხვა სანგრამდე.აფეთქების ხმა და ჰაერში მიწის მტვრად გაშლილი სანგარი, უკვალოდ გამქრალი დის ქმარი, თვითონ-დაკარგული ფეხით...

...ცის მუქ-ლურჯს რუხი ფერი ცვლის, ღამდება, ჩრდილები გრძელდება ეზოში, ყვავილები მშვიდად ფშვინავენ, ეზოში ყოველ ღამე ზღაპრები და მითები ცოცხლდება თითქოს, უცნაური ფერხული გაუმართავთ ზღაპრის ქვეყნებიდან მოსულ გმირებს.

...თენდება.

დიდი თუთის ფოთლებქვეშ ცელქად იჭყიტებიან მზის სხივები და სატრფო ყვავილებთან შეპარვას ცდილობენ, იღვიძებს ეზო და ფუტკრებიც ყოველდღიურ შრომას ენერგიულად აგრძელებენ.ყოველი სულდგმული აქ იმედით ცოცხლობს, იმედით, რომ ეზოში კიდევ ირბენს მზისფერი გოგო-ბიჭი, რომ დიდი ხნის სევდას და მყუდროებას ისევ შეცვლის ხმაური და ჟრიამული.

...მშვიდად ეღიმება ეზოში მოფუსფუსე ბებიის აჩრდილს.

შორენა-ალაზნისპირელი

4
24
4-ს მოსწონს
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
24
  
:) გაიხარე! რას არ დაგაწერინებს მშობლიური კუთხის სიყვარული,სიამაყე ქართველობის!..
2013, 26 ივნისი, 14:51
საოცარია, ძალიან მაგარია... აღრთოვანებული ვარ ალაზნისპირელო.....
ნინ,ეს ჩანახატი იმ ეზოზეა დაწერილი,მიხვდები ალბთ :)
2013, 26 ივნისი, 3:36
ყოველი სულდგმული აქ იმედით ცოცხლობს, იმედით, რომ ეზოში კიდევ ირბენს მზისფერი გოგო-ბიჭი, რომ დიდი ხნის სევდას და მყუდროებას ისევ შეცვლის ხმაური და ჟრიამული... რა სევდიანია და საოცრად ლამაზი ...
0 1 4