x
image
შორენა-ალაზნისპირელი
ოცდამეორე დღე
შემოქმედის ღიმილი ვარ, რომელიც გუშინ დღისა და ღამის გასაყარზე დავიჭირე, გულში ჩავიკარი და გვირილა დავირქვი. მისი ცრემლი ვარ, რომელიც კიდევ ერთი ანგელოზის წარუმატებლობამ გამოიწვია და წვიმა დავირქვი.

ამოიოხრა, როცა მიხვდა, ბოროტსაც დიდი ძალა აქვს და...ქარი დავირქვი.ზამთრის სუსხმა ისიც შეაწუხა, სიცივე იგრძნო და დაახველა, მე კი ჭექა-ქუხილი დავირქვი.მზემ იმდენი იცინა, რომ მეც გამიხარდა და გამოვჩნდი-გაზაფხული მქვია...

ის დაიღალა და გადაწყვიტა, ცოტა ხნით დაესვენა, თვალი დახუჭა და...მე ღამე ვარ.გაიღვიძა...ისევ აქ ვარ...ისევ დღე მქვია.წუხელ მას იმდენ ხანს ეძინა, რამდენიც ეღვიძა, მე კი ბუნიობა ვარ.გაზაფხულის მოსვლასთან ერთად მოვდივარ და მხოლოდ ერთ დღე-ღამეს ვრჩები, მაშინ, როცა დღე და ღამე თანასწორდება, სამყაროშიც სასწაული ხდება.

ბუნიობას შეიქმნა კაცი-ის ღმერთმა სხვადასხვა თვისებებით შეაზავა და ქმნილებას მამრი უწოდა.მას მტრედის უწყინარობა, ვარდის ეკლიანობა, მზის სხივთა გაუმაძღრობა, მთვარის მარტოსულობა, არწივის პირველობა, გველის გამჭრიახობა, ვეფხვის სისასტიკე დაანათლა და კაცი დაარქვა.


ბუნიობის ღამეს შეიქმნა ქალიც-იგი ღმერთმა სამყაროში უკვე არსებულისაგან შეაზავა და ქმნილებას მდედრი უწოდა.მას მტრედის სიწმინდე, ვარდის სურნელი, მზის სხივთა სითბო, მთვარის სევდა, გველის შხამი, ვეფხვის სილამაზე დაანათლა და ქალი უწოდა.

გაზაფხული ოცდამეორე დღეს ქალმა და კაცმა ერთმანეთი იპოვეს.სწორედ იმ დროს, როცა დღე ღამეს ეთხოვებოდა, როცა გათენებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი.

აჟღერდა მუსიკა, მაშინ დაიწერა ლექსი და გაჩნდა გრძნობის ნაპერწკალი.

ბუნიობას დაიბადა სიყვარული, ვნება, სურვილი...ოცდამეორე კოცნა და ალერსიც, გული აძგერდა და აჩქარდა, სისხლი აჩქროლდა და ადუღდა, სუნთქვა გახშირდა და...გაზაფხული მოვიდა...

ოცდამეორე დღეა.მზე დათბა, ხეში წყალი დაშრა, ჰაერი გაუცნაურდა, სურნელი დატრიალდა, დღე და ღამე ერთმანეთს გაუტოლდა, დღესასწაული აბუინდა, დაბუინდა და როგორც იქნა, ჩვენამდე მოაღწია.სამყარო საზეიმოდ მოირთო, მუსიკა ჩაირთო, დრო გამოირთო და სიხარულმა ბინა დაიდო.

ოცდამეორე დღეს ორი ორიანივით ყველაფერი ტოლია-მზეც და მთვარეც, დღეც და ღამეც, ღიმილიც და ცრემლიც, სიკვდილიც და სიცოცხლეც.

სწორედ იმ წამს, როცა გათენებამდე იმდენი დრო იქნება, რაც დაღამებამდე, აქაც შეხვდება ის ერთი იმ ერთს, ბუნიობა ჩვენთანაც დაჰბადებს სიყვარულს, რწმენას, სითბოს...

-ეს შენ ხარ?

-და ეს კიდევ შენ?

-სიმღერა მესმის, ვიღაც ლექსს ამბობს:

"გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი".

შორენა-ალაზნისპირელიimage

1
18
5-ს მოსწონს
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
18
  
2013, 20 ივნისი, 10:44
ოცდამეორე დღეს ორი ორიანივით ყველაფერი ტოლია-მზეც და მთვარეც, დღეც და ღამეც, ღიმილიც და ცრემლიც, სიკვდილიც და სიცოცხლეც...+5
0 1 1