x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
კომპლექსები ფსიქოლოგიაში

კომპლექსები ფსიქოლოგიაში


კომპლექსების თემა როგორც ყოველდღიურობაში,
ასევე ფსიქოლოგიის მეცნიერებაში ყოველთვის ძალიან საინტერესო და აქტუალურია. სანამ
ამ ფენომენს განვიხილავთ როგორც ფსიქოლოგიის
შესასწავლ ობიექტს, თავიდან შევჩერდეთ მის შესახებ ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებულ
შეხედულებებზე.

უმეტესობა ადამიანებისა ცდილობს პირდაპირ
ან ირიბად შენიღბოს საკუთარი კომპლექსები და ამის შესახებ მხოლოდ მან იცოდეს, მაგრამ
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სწორედ იმას ვუსვამთ ხაზს, რის დამალვასაც ვცდილობთ. კომპლექსი
შეიძლება განვიხილოთ როგორც ნახევრად ან სრულად გაუცნობიერებელი მოგონება ისეთი ცხოვრებისეული
მომენტისა, რომელმაც ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა ადამიანზე. ის შეიძლება
იყოს საკუთარი თავით, გარეგნობით ან ცხოვრებით უკმაყოფილების ანარეკლი. კომპლექსი შეიძლება
გამოვლინდეს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალური ხასიათის პრობლემებიდან. ფიზიკურობასთან დაკავშირებული კომპლექსი საკმაოდ
ცნობილია ქალებისთვის, რომლებიც ხშირად არიან თავიანთი გარეგნობით უკმაყოფილონი. ფსიქოლოგებმა
დაადგინეს, რომ ქალების 30%-ს არ მოსწონს საკუთარი გარეგნობა, ან სიმსუქნით არიან უკმაყოფილონი.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ კომპლექსს, იგი ვლინდება ინტელექტით, აღზრდით, გონიერებით
უკმაყოფილებაში. სოციალურ კომპლექსებს იწვევს
ფინანსური პრობლემები, ასევე დამახასიათებელი სოციალური გარემო, წარმოშობის ან პროფესიის
გამო სირცხვილის გრძნობა, რაც საბოლოო ჯამში ძლიერ კომპლექსად ყალიბდება.

კომპლექსის გაცნობიერება თავისთავად
დადებითი მოვლენაა. როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ აქვს გარკვეული კომპლექსები და
მას ეს ხელს უშლის წარმატებების მიღწევაში, ადამიანი ცდილობს მოახდინოს მათი მართვა
იმგვარად რომ კომპლექსებმა მისი ცხოვრება აღარ დათრგუნონ.


კომპლექსი ფსიქოლოგიაში:

ჩ. ბოდუინი განასხვავებს კომპლექსთა
3 ჯგუფს: 1. ობიექტ-კომპლექსებს, რომლებიც გარეგანი ობიექტების ფლობის სურვილით ხასიათდება,
2. ეგო-კომპლექსებს, რომლებიც ადამიანის მე-სთან, მის მნიშვნელობასა და დანიშნულებასთანაა
კავშირში და 3. ქცევის კომპლექსებს, რომლებშიც ცხოვრებისეულ პრობლემებზე ინდივიდების
რეაგირების ტიპი და მათთან გამკლავების ჩამოყალიბებული ფორმები იგულისხმება.

1. იუნგი - კომპლექსები, ესენია ემოციონალურად
დამუხტული აზრების, გრძნობებისა და მოგონებების ერთობლიობა, რომლებიც ინდივიდის მიერ
გამოტანილია მისი წარსულიდან, პირადი გამოცდილებიდან ან გვაროვნული, მემკვიდრეობითი გამოცდილებიდან. იუნგის თანახმად, კომპლექსებს,
რომლებიც სრულიად ჩვეულებრივი თემების ირგვლივაა თავმოყრილი შეუძლიათ საკმაოდ ძლიერი
გავლენა მოახდინონ ინდივიდის ქცევაზე. მაგალითად, ძალაუფლების კომპლექსის მქონე ადამიანი
შეიძლება ხარჯავდეს საკუთარი ფსიქიკური ენერგიის დიდ ნაწილს საქმიანობისთვის, რომელიც
პირდაპირ ან სიმბოლურად დაკავშირებულია ძალაუფლების თემასთან. იუნგი ამბობს, რომ კომპლექსი
არის აფექტურად დამუხტული წარმოდგენების ერთობლიობა (Gefuhlsbetonter Vorstellungs Komplex), რომელიც ამ აფექტური იდეებისა
და მოგონებების ორგანიზებული ჯგუფია და ნაწილობრივ, ან მთლიანად არაცნობიერია. ისინი
ყალიბდებიან ბავშვობაში, ინტერპერსონალური ურთიერთობების საფუძველზე და ზემოქმედებენ
ადამიანის ფსიქიკის ყველა დონეზე: ემოციებზე, აზრებზე, გრძნობებსა და ქცევაზე.

კომპლექსების აღმოსაჩენად იუნგმა შექმნა
ასოციაციური ექსპერიმენტი. ასოციაციური ტექსტით მან კომპლექსების არსებობა ემპირიულად
დაასაბუთა და სიღრმის ფსიქოლოგიას და ფსიქოსომატიკას ექსპერიმენტული საფუძველი ჩაუყარა.
( ასოციაციური ექსპერიმენტის არსი: პაციენტს ფსიქოლოგი ათეულობით სიტყვა-გამღიზიანებლის
სერიას აწვდის. თითოეულ სიტყვაზე კლიენტს უჩნდება გარკვეული ასოციაცია და ამორჩეული
სიტყვების მიხედვით ხდება ამოკითხვა კლიენტის წარსულის, იმის თუ რა აწუხებს. იუნგი
ახალგაზრდობაში კრიმინოლოგიის კვლევით იყო გატაცებული და ამ მეთოდს კარგად იყენებდა
. ის თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ყვება, რომ ერთ-ერთმა კრიმინოლოგმა, 72 წლის
მოხუცმა პროფესორმა იუნგის ამ მეთოდის ეფექტურობაში ეჭვი შეიტანა და ახალგაზრდა ფსიქოლოგი
მასთან სახლში დაპატიჟა, რათა იუნგს მისცემოდა შანსი რომ ასოციაციური ექსპერიმენტის
ვარგისიანობა დაემტკიცებინა. იუნგმა პროფესორთან საუბრისას შეამჩნია, რომ ის საკმაოდ
მტკივნეულად რეაგირებდა სიტყვა გულის ხსენებაზე, სიტყვა ამბორზე რეაქციის დიდი დრო
ჰქონდა და ამ სიტყვამ მას გაახსენა ამაღელვებელი ისტორია საკუთარი წარსულიდან და ფრანგულად
წარმოთქვა სიტყვა „ლამაზი“ (ისინი გერმანულად საუბრობდნენ). სულ რაღაც 10-12 სიტყვის
შემდეგ იუნგმა პროფესორს უთხრა, რომ ის განიცდიდა შიშს, არ გარდაცვალებულიყო გულის
დაავადებით, რახან გული აწუხებდა (მისი ასოციაცია სიტყვა გულზე იყო ტკივილი). იუნგმა
ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ პროფესორს ალბათ საფრანგეთში სწავლისას სასიყვარულო ისტორია
გადახდა თავს. პროფესორი გაოგნებული დარჩა ახალგაზრდა ფსიქოლოგის მიგნებით, იუნგმა
კი უპასუხა რომ ამ ყველაფრის ვარაუდი სწორედ
ასოციაციებზე დაყრდნობით შეძლო.)

იუნგის მიხედვით კოპლექსის გამოვლინებებია:
1. წაცდენები (შეცდომები), 2. საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენა და საგნებისა და მოვლენების
გაუკუღმართებული, მცდარი ხედვა, 3. პიროვნებაზე ზემოქმედების უნარი - კომპლექსი გვფლობს
ჩვენ და არა ჩვენ - მას, 4. ემოციური ძალა - კომპლექსს ახასიათებს ძლიერი ემოციური
მუხტი. როგორც იუნგი აღნიშნავს, კომპლექსები შეიძლება იყოს ცნობიერი, არაცნობიერში
განდევნილი და არაცნობიერი.

განვიხილოთ ერთ-ერთი ყველასთვის ცნობილი
იუდას კომპლექსის შემთხვევა: ეს კომპლექსი შეიძლება განვიხილოთ ორი ასპექტით: 1 - ჩვენ
მოვიაზრებთ რელიგიური ადამიანის აგრესიას იუდას დანაშაულებრივი ქცევის მიმართ და 2
- ამ კომპლექსს ნებისმიერი დანაშაულისადმი ზემგრძნობელობის რეაქციაც ახლავს, ანუ პირველი
ასპექტი ესაა თავდასხმა იუდაზე, ხოლო მეორე - რეაქცია საკუთარ დანაშაულზე. ერთი შეხედვით
საქმე გვაქვს 2 განსხვავებულ ქცევასთან, მაგრამ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე კომპლექსი
მოქმედებს. პირველი ქცევა დანაშაულის გაკიცხვისკენაა მიმართული, მეორე შემთხვევაში
კი ხდება დანაშაულისადმი ერთგვარი დამორჩილება. ყველა მორწმუნე ადამიანის არაცნობიერი
თავის თავში მოიცავს დანაშაულებრივ ტიპს, ანუ იუდას. როცა სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას
წარმოიშვება დანაშაულებრივი კავშირები, ეს ტიპი ამხედრდება და შესაფერის რეაქციას შესაბამისი
ფორმით გამოხატავს.

ფოლკლორში ხშირად შევხვდებით ისეთ ფაქტებს,
როცა ადამიანებს თავიანთი აგრესია იუდას გამოსახულებაზე გადააქვთ. ხალხური დღესასწაულების
კულმინაციურ მომენტში ხალხი წვავს „გამცემის“ ხატს. ამით არაცნობიერი შვებას პოულობს
და ადამიანი შინაგანი დაძაბულობისგან თავისუფლდება. იუდას საქციელი იქცევა საფუძვლად
იმისა, რომ ადამიანმა საკუთარი დანაშაულის გრძნობა შეიმსუბუქოს და შვება მოჰგვაროს
ფსიქიკას. იუდას კომპლექსისთვის დამახასიათებელია ისიც, რომ მორწმუნემ ერთგვარი გამართლება
მოუძებნოს იუდას საქციელს და იფიქროს, რომ ამის გარეშე იესოს მოწამეობრივი გზა ვერ
განხორციელდებოდა და გამცემის საქციელი მიაწეროს საღვთო განგებას.

კარლ იუნგის ფსიქოანალიზის საშუალებით
შეგვიძლია თვალი მივადევნოთ იუდას კომპლექსის განვითარებას. იუნგი ცდილობს გააანალიზოს
მოღალატე გმირი და ამისთვის ირჩევს ანატოლ ფრანსის მოთხრობის „ეპიკურეს ბაღის“ ერთ-ერთ
პერსონაჟს. ნაწარმოები მოგვითხრობს მოძღვარზე, რომელიც შეწუხებული და დაინტერესებულია
იუდას საბოლოო ხვედრით. მას აინტერესებს დაისჯებოდა თუ არა იგი (როგორც ამას ეკლესია
გვასწავლის), თუ უფალი შეუნდობდა მას. მოძღვრისთვის მისაღები იყო მეორე ვერსია, მაგრამ
სურდა, უფლისგან ნიშანი მიეღო იმის დასტურად, რომ იუდა გადაურჩა სამუდამო სატანჯველს.


იუნგი აქ სვამს ასეთ კითხვას: რატომ აღელვებდა
მოძღვარს ასე იუდას ბედი? და თვითონვე პასუხობს: თავად მოძღვარი ემზადებოდა გაცემისა
და ღალატისთვის და რახან ამ გარემოებამ მას დანაშაულის გრძნობა გაუღვივა, სურდა უფლისგან მიეღო გარანტია, რომ ცოდვა მიეტევებოდა. სწორედ
ამიტომ მან თავისი დანაშაული იუდაზე გადაიტანა. ეს იყო ისკარიოტელთან პათოლოგიური იდენტიფიკაცია.
სინამდვილეში მას იუდა კი არა საკუთარი ბედი აღელვებდა და თავის გადარჩენა სურდა.

ეს ისტორია იუდას კომპლექსის მრავალმხრივობის
მაგალითია. ის გამოხატავს პირადი დანაშაულის გამართლების, ან გასამართლების არაცნობიერ
ტენდენციას. ინდივიდი სვამს შეკითხვას „ვარ დამნაშავე?“, ან „შემიძლია გავხდე დამნაშავე?“.
ასეთ შეკითხვებს თავისთავად დანაშაულის გრძნობა ბადებს, რომელიც აუცილებლად ჩართავს
თვითგამართლების სისტემას.






კომპლექსების თემაზე საუბრისას, არ შეიძლება
არ განვიხილოთ ადლერის არასრულფასოვნების კომპლექსი. ამ კომპლექსს აყალიბებს შემდეგი
ფაქტორები:

1) ორგანოთა დეფექტი - იგულისხმება ბავშვის სხეულის რომელიმე ნაწილის ან ორგანოს თანდაყოლილი
ან შეძენილი დეფექტი.

2) აღზრდის სტილი - აქ აღინიშნება 2 უკიდურესობა: მეტისმეტი სიმკაცრე და სიზარმაცის
წამქეზებელი განებივრება. ბავშვის აღზრდის ამ ფორმებს ორგვარ შედეგამდე მივყავართ:
1. „სამაგალითო“ ბავშვი, რომლის ქცევაში წამყვანია კონფორმიზმი და უსიტყვო მორჩილება.
ასეთი ბავშვი მოზრდილ ასაკში უინიციატივო ხდება და უჭირს ცხოვრებისეულ პრობლემებთან
ბრძოლა და მათთან გამკლავება. 2. მეამბოხე, დაუმორჩილებელი ბავშვი, რომელშიც მკვეთრადაა
გამოხატული ამბიცია, სიჯიუტე და გადაჭარბებული მგრძნობელობა მარცხისადმი. ასეთ ბავშვებს
მოზრდილ ასაკშიც მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში აღენიშნებათ გადაჭარბებული ემოციური
სტრესი და არასრულფასოვნების განცდა. განებივრებას ხშირად ყოვლისშემძლეობის განცდის
ჩამოყალიბებამდე მივყავართ. ასეთ პირობებში მკაცრ ცხოვრებისეულ რეალობასთან შეხებას
და სურვილებისა და მოლოდინების დაუკმაყოფილებლობას ადამიანი დეპრესიისკენ მიჰყავს.

მშობლები, რომლებიც ბავშვს შედარებებზე
ზრდიან და აჩვენებენ რომ „სხვა კარგია“ ის კი „ცუდი“, მას ნევროტიკად აყალიბებენ. სანამ
ბავშვის გონება არ მოუმართავთ ისე, რომ შედარებები დაიწყოს, ის შედარებას თავად არ
დაიწყებს. ყველა, ვინც საკუთარ შვილს სხვებს ადარებს, ხაზს უსვამს სხვების უნარიანობას,
წარმატებებს და საკუთარის უუნარობას, რითაც უსჯიან ბავშვს არასრულფასოვნებას.

3) ოჯახური კონსტელაცია - აქ იგულისხმება ბავშვის
ადგილის, როლის და სტატუსის თავისებურება (ობოლი, ერთადერთი ბავშვი, უმცროსი, მამაკაცების
გარემოცვაში გაზრდილი გოგონა და პირიქით და „არასასურველი ბავშვი“) და მისი გავლენა
ბავშვისა და მოზრდილის ხასიათის ჩამოყალიბებაზე.

4) სქესობრივი განსხვავება - ეს ფაქტორი დიდ როლს თამაშობს არასრულფასოვნების კომპლექსის
გაძლიერებაში. შეგნებულად თუ შეუგნებლად პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი ნაკლებად
ფასობს. სქესობრივი განსხვავებების სპეციფიკური დატვირთვა (შეხედულება რომ მამაკაცი
ძლიერი და მეტად დასაფასებელია ქალი კი სუსტი და შესაბამისად ნაკლებად ფასეული პატრიარქატში)
წარმოშობს მამაკაცში ტენდენციას, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავისი უპირატესი პოზიცია
უნდა შეინარჩუნოს. ამას ყოველთვის თან ახლავს მამაკაცური პოზიციის დაკარგვის შიში,
ხოლო ქალებში ეს ყველაფერი იმპოტენცურ შურს და მასკულინურ პროტესტს აღძრავს. ამ უკანასკნელში
იგულისხმება ქალის გაქცევა ქალურობიდან და მისი მცდელობა გაუტოლდეს მამაკაცს, რაც ვლინდება
კაცთან განუწყვეტელ პაექრობასა და შეჯიბრში.

ადლერი წერდა, რომ „არასრულფასოვნების კომპლექსი“
თავისთავად არ არის დესტრუქციული, რადგან ის არის მიზეზი ადამიანის მდგომარეობის მრავალგვარი
გაუმჯობესებისა. უპირატესობისთვის ბრძოლა და აგრესიული ტენდენციები მთავარი ფაქტორებია
თვითდამკვიდრების, სრულყოფის და თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში. უპირატესობისთვის ბრძოლა
შეგვიძლია გავიგოთ არა ვიწროდ, როგორც ძალაუფლებისთვის ბრძოლა, არამედ უფრო ფართოდ,
როგორც ბრძოლა საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად, რიგი უნარების განსავითარებლად. ადლერის
მიხედვით უპირატესობისკენ სწრაფვა თანდაყოლილია და სათავეს ევოლუციური პროცესებიდან იღებს.

ადლერისეულ არასრულფასოვნების კომპლექსის
ერთერთ შემთხვევას წარმოადგენს საკმაოდ ცნობილი ქვემდგომობის, სხვაგვარად კი ბონაპარტეს
კომპლექსი. (მას ეს სახელწოდება ეწოდა ნაპოლეონ ბონაპარტეს შემთხვევის გამო, ცნობილია,
რომ ეს პიროვნება განიცდიდა კომპლექსს მისი ფიზიკურობის, კერძოდ სიმაღლის გამო, ის
169 სმ. სიმაღლის იყო და ცდილობდა ეს ნაკლი დაეფარა და უგულებელყო მსოფლიო ბატონობის
ამბიციით). ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თავს გრძნობს სხვაზე ნაკლებად. ეს
კომპლექსი შესაძლოა ეფუძნებოდეს, როგორც რეალობას, ისე წარმოსახვასაც. ცნობილია, რომ
ამგვარი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი ბევრ ადამიანში ტკივილს იწვევს და ისინი
ცდილობენ კომპენსირება გაუკეთონ მას სხვადასხვა სფეროში დიდი მიღწევებით ან შიზოტიპური
ქცევით, რომელიც ხშირად საჭიროებს სოციალურ იზოლაციას. ნორმალური ქვემდგომობის განცდა
შეიძლება გახდეს მოტივაცია სხვადასხვა სახის მიღწევებისთვის, თუ რათქმაუნდა ამისთვის
ადამიანი საკმარის სიძლიერეს და მზადყოფნას გამოხატავს.

არსებობს ქვემდგომობის 2 სახე: პირველადი
და მეორადი. პირველ შემთხვევაში ის ჩნდება ღრმა ბავშვიბაშივე. ასეთ ადამიანებს აქვთ
სისუსტის და დამოკიდებულობის ძლიერი განცდა. მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე დედმამიშვილებს
შორის, როდესაც მშობლები მუდმივად ადარებენ მათ ერთმანეთს.მეორეული ქვემდგომობის განცდა
ვითარდება შედარებით მოზრდილ ასაკში და ეს შესაძლოა განაპირობოს სხვადასხვა სახის წარუმატებულობებმა.
აღსანიშნავია, რომ სუსტი პირველადი ქვემდგომობის კომპლექსი ბიძგს აძლევს მეორადის განვითარებას.
კომპლექსის გაძლიერება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები განმეორებითად აწყდებიან წარუმატებლობას
და ხვდებიან ისეთ სიტუაციებში, როცა თავს სხვაზე ნაკლებად გრძნობენ.

ქვემდგომობის კომპლექსს წარმოშობს ფიზიკური
დეფექტი, მენტალური შეზღუდვები, როცა ადამიანს სხვებთან შედარებით ნაკლები მიღწევები
აქვს, სოციალური დისკრიმინაცია და შეზღუდვები - დისკრიმინაცია რასის, სქესის, სექსუალური
ორიენტაციის, ოჯახური ან ეკონომიკური სიტუაციის, რელიგიის მიხედვით და ასევე მშობლების
დამოკიდებულება, თუ ისინი მუდმივად ხაზს უსვამენ ბავშვის შეცდომებსა და არასწორ საქციელს.



განვიხილოთ
ფსიქოანალიზის წარმომადგენლის ზიგმუნდ ფროიდის თეორიის შემადგენელი ოიდიპოსის კომპლექსი.


ოიდიპოსის კომპლექსი კლასიკური ფსიქოანალიზის
ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა, რომელსაც სახელი ეწოდა ძველბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის
- ოიდიპოსის მიხედვით, რომელმაც მამა მოკლა და დედა ცოლად შეირთო ისე, რომ ამგვარი
ცოდვის ჩადენა ფიქრადაც არ მოსვლია. ოიდიპოსის კომპლექსი გულისხმობს ადრეული ბავშვობის
პერიოდის არაცნობიერი ლტოლვების ერთიანობას, რომელიც დაკავშირბეულია მშობლისადმი ბავშვის
ამბივალენტურ (გაორებულ) დამოკიდებულებასთან -
მას ერთდროულად ორივე მშობელი უყვარს და სძულს, მათი სიკვდილი სურს, მაგრამ
ამასთანავე თავისი (არაცნობიერი) სურვილების გამო დასჯის ეშინია. იუნგმა ამგვარ კომპლექსს
გოგონების შემთხვევაში ელექტრას კომპლექსი უწოდა, თუმცა ფროიდი ამ ორს შორის განსხვავებას
მხოლოდ განვითარების ხასიათში ხედავდა და ამჯობინებდა ოკ-ის ცნების გამოყენებას, რადგან
მას სქესისგან განურჩევლად, უნივერსალურად მიიჩნევდა. კონფლიქტის დაძლევა ხდება თავისივე
სქესის მშობელთან ბავშვის იდენტიფიკაციით. კასტრაციის საფრთხეს და საკუთარი ინცესტური
ლტოლვების გამო დასჯის შიშს ბიჭი მიჰყავს ოკ-ის ზიზღამდე, ანუ მასთან დაკავშირებული
ეროტიული ლტოლვები დესექსუალიზდება, სუბლიმირდება და გადაირთვება სოციალურად მისაღებ
მიზნებში. კომპლექსის დაძლევისას მშობელთა ავტორიტეტი თითქოს ბავშვის ფსიქიკაში შედის
და მის შინაგან მიღწევად იქცევა, რასაც მნიშვნელოვანი ფსიქიკური ინსტანციის - სუპერეგოს წარმოშობა მოჰყვება. თეორიულად ეს კომპლექსი
სრულად დაიძლევა მაშინ, როცა ადამიანი საპირისპირო სქესის მშობელს თავიდან აღმოაჩენს
მომწიფებულ, ზრდასრულ სექსუალურ ობიექტში.

ფროიდიზმში ოიდიპოსის კომპლექსი განიხილება,
როგორც ეტაპი ფსიქოსექსუალური განვითარებისა. ის პირველად თავს იჩენს 2-3 წლის ასაკში
(ორალური და ანალური მიზიდულობა ლიბიდოს განვითარების ამ სტადიაზე), პიკს აღწევს
3-დან 5 წლამდე, რის შემდეგაც იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი, როდესაც კომპლექსი
ითრგუნება ამა თუ იმ ეროტიული ობიექტის არჩევით.


ფსიქოლოგებმა გარკვეული ვარიაციები შეიმუშავეს
ამ საკითხთან დაკავშირებით:



1. ერიხ ფრომი: - ის ფროიდის დაკვირვებებს ოკ-ს გამოვლინებაზე მიიჩნევდა სწორად, მაგრამ
სთავაზობდა მის უფრო ფართო გაგებას, რომლის მიხედვითაც კომპლექსის არსი მდგომარეობდა
იმაში, რომ ინდივიდს სურდა დარჩენილიყო სამუდამოდ ბავშვად, ყოფილიყო მიჯაჭვული მის
დამცველ ფიგურებზე (არამარტო დედაზე). ამ მიჯაჭვულობას ფრომი არ განიხილავდა როგორც
სექსუალურ ლტოლვას. ვაჟსა და მამას შორის კონფლიქტს კი ის ხსნიდა საზოგადოების ავტორიტეტული
პატრიარქალური წყობით, რომლის ფარგლებშიც ვაჟი განიხილებოდა მშობლის (მამის) საკუთრებად.
ის თვლიდა, რომ ამ კონფლიქტს ცოტა რამ აქვს საერთო სექსუალურ მეტოქეობასთან. ის წარმოადგენს
მიდრეკილებას, ინდივიდმა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფალი ნება.

2. მელანი კლაინი: ის თვლიდა რომ ოიდიპოსური გამოვლინებები უფრო ადრე იწყება, ვიდრე
ამას ფროიდი აღნიშნავდა, კერძოდ კი მაშინ, როცა ბავშვს წყვეტენ ძუძუს, ანუ 1-2 წლის
ასაკში.

3.ოტო რანკი: ის იხრებოდა კლასიკური ფროიდიზმიდან და მისი აზრით ყველა ნერვოზის წარმოშობის
საფუძველს წარმოადგენდა დაბადების ტრამვა და ინდივიდის სურვილი დედის მუცელში დაბრუნებისა.
რანკის წარმოდგენა იყო ფრომის მსგავსი. ის თვლიდა, რომ შვილი მიდრეკილია იმ მშობლის
მიმართ, რომელიც ნაკლებად მოქმედებს მის ინდივიდუალიზმზე. ბიჭების შემთხვევაში როგორც
წესი ეს დედაა, რადგან მამა ვაჟიშვილს თვლის საკუთარი ეგოს გაგრძელებად.

4. კარენ ჰორნი: - მისი აზრით ოიდიპოსის კომპლექსი არ არის ნერვოზის პირველსაწყისი
და იგი თუ ვითარდება, ვითარდება მხოლოდ ოჯახური სცენების გამო. ჰორნი წერდა: „ ოიდიპოსის
კომპლექსი არ შეიძლება იყოს ნერვოზის პირველწყარო, რადგან თვითონ არის ნერვოზი“.

კომპლექსები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ
ადამიანის ცხოვრებაზე, მის პიროვნებაზე და ეს გავლენა ხშირად დამაბრკოლებელი და უარყოფითია.
ამიტომ სასურველია, მოვძებნოთ გზა მათ უგულვებელსაყოფად. ამისთვის კი მხედველობაში
უნდა მიოვიღოთ შემდეგი:

1) გავაცნობიეროთ თავად კომპლექსის არსებობა, ანუ მოვახდიონოთ მისი იდენტიფიცირება,
ცნობიერებაში დაბრუნება.

2) გავაცნობიეროთ, რა მიზანს ემსახურება ეს კომპლექსი.

3) მოვახდინოთ მისი ტრანსფორმირება ცნობიერი და ემოციური ძალისხმევით და

4) გავაფართოვოთ ჩვენი პიროვნება კომპლექსთა ინტეგრაციის გზით.

კომპლექსების დასაძლევად არსებობს ბევრი
ფსიქოთერაპიული მეთოდი. თანამედროვე ეტაპზე სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა იმ ფსიქოთერაპიულ
მიდგომებს, რომლებიც პიროვნულ ზრდაზე არიან ორიენტირებულნი. ამის მაგალითს წარმოადგენს
ფსიქიკურ დაავადებათა ახალი კლასიფიკაცია, რომელიც გლობალიზაციით გამოწვეული ფსიქიკური
ხარვეზების აღმოფხვრაზეა მიმართული და რომელიც მზადდება მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაციის
მიერ და იქნება ცნობილი, როგორც პიროვნებაზე მიმართული ფსიქიატრია. ის ეფუძნება შემდეგ
პრინციპებს:

1) ის მიმართულია პაციენტის
მთელ პიროვნებაზე და არამარტო მის დათრგუნულ ნაწილზე.

2) მკურნალობის პროცესში ჩართული
უნდა იყოს ფსიქიატრის მთელი პიროვნება მისი ადამიანური რესურსით და არამარტო ის ნაწილი,
რომელიც საჭირო ინფორმაციით აღჭურვილ ტექნიკოსთან ასოცირდება.

3) მკურნალობის პროცესი ხელს
უნდა უწყობდეს პიროვნების თვითრეალიზაციას.

4) სამკურნალო პროცესში პაციენტი
აქტიურად უნდა იყოს ჩართული, რაც ფსიქიატრის მიერ მასთან თანამშრომლობასა და დახმარებას
გულიხმობს.

0
4818
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე გოგელია
სალომე გოგელია
4818
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0