x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რამ და... (ფრაგმენტები0

ათასჯერ წამიკითხავს ეს კითხვა, ათასი პასუხიც მინახავს და მომისმენია, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მივმხვდარვარ, რამ მოგვიყვანა აქამდე. მასებისთვის გათვლილი პასუხი ამ კითხვაზე ჩემში ყოველთვის პროტესტს აჩენდა, ხოლო გულწრფელი პასუხის შემდეგ უკმარისობის გრძნობას ვუჩიოდი ხოლმე. ახლაც, როცა ამ კითხვამ ცნობიერების კარი შემოაღო და ჩემში შემოიჭვრიტინა, მინდა ამ თემაზე ვიფიქრო, მით უმეტეს, რომ მძინარე თბილისი ხელს მიწყობს თავისი უაზრო დუმილით.


რამ მოგვიყვანა აქამდე? ამ კითხვის სხვააირი ფორმულირებაცაა შესაძლებელი. შესაძლებელია, რომ ერმა, ქვეყანამ იარსებოს იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საქართველომ და ამაში ზებუნებრივს არ ერიოს ხელი? ამ კითხვაზე ზოგი დადებითად პასუხობს ზოგიც უარყოფითად და სწორის გარკვევას, ეჭვი მაქვს, რომ ვერ შევძლებ, მაგრამ შევეცდები. ძირითადად საქართველოს აქამდე მოღწევას მის მისიას აბრალებენ. თუ არ ვცდები, ჭაბუას აქვს „დათა თუთაშხიაში“ მონაკვეთი ერის ფუნქციაზე. ერის მისიავყოველთვის იყო საქართველოს აქამდე მოღწევის საბაბი, ზოგიც ამას ღმერთს „აბრალებდა“. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს გარდა კიდევ არიან „ბებერი“ ერები და ქვეყნები. მაგალითისთვის ირანი, რომელიც ასევე დიდი ისტორიით იკვეხნის. ირანის სულიერმა ლიდერმა საკუთარი (და საქართველოს)ისტორიის არც თუ ისე ღრმა ცოდნა გამოავლინა, როცა ამერიკელები „გააფრთხილა“: თქვენ ირანი საქართველოსავით მოკლე ისტორიის ქვეყანა ხომ არ გგონიათ, ასე ადვილად რომ დაამარცხოთ და გავლენა მოახდინოთო. ბუნებრივია, ეს გადაჭარბება იყო, თუმცა ირანი ნამდვილად არ გახლავთ „ღლაპი“ და „თითისტოლა“ ქვეყანა და თუ დავუშვებთ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ზებუნებრივი ძალითაა შესაძლებელი გაძლება, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ზებუნებრივი ძალა სწყალობს ირანსაც, ჩინეთსაც, ინდოეთსაც და ისრაელსაც და თუ ამას დავუშვებთ, გამოდის, რომ უცხოპლანეტელები (თუ მათი შექმნილნი ვართ J ) ძალიან ერთობიან ჩვენი „ზებუნებრიობით“ და უამრავი ხვადასხვა იდეოლოგიის ქვეყნის მფარველობით ცდილობენ სამყაროს მოწყენილობა აარიდონ. აქედან გამომდინარე, ვერ დავუშვებთ, რომ საქართველომ მხოლოდ ზებუნებრივი ძალის (ზოგისთვის ეს ღმერთია, ზოგისთვის ალაჰი, ზოგისთვის უცხოპლანეტელი და ზოგისთვისაც დიდი აფეთქება) წყალობით წარმოადგენს დღეს სახელმწიფოს. მაშ რამ გაგვაძლებინა? ჩემი აზრით, ამაზე პირდაპირი პასუხის გაცემა უახლოესი ათასი წლის განმავლობაში შეუძლებელია, მაგრამ მე ვფიქრობ, რწმენამ, სურვილმა, მონდომებამ და უსაზღვრო ნებისყოფამ. ცალ–ცალკე ეს თვისებები თითოეული ქართველისგან ძალიან შორს დგას. გაგიჭირდებათ მონახოთ მორწმუნე (ნამდვილი), თავისუფლებისმოყვარე (აქ ღამის გართობის მოყვარე არ იგულისხმება) და ნებისყოფიანი (არც აქ იგულისხმება ხელზე სიგარეტის დაწვის მომთმენი „ძველი ბიჭი“) ქართველი. ეს თვისებები
რომ თითოეულ ქართველს გააჩნდეს, დღეს არ მოგვიწევდა იმაზე წუწუნი, რომ „ორასი წლის ქვეყანა“ განვითარებით გვისწრებს. მიუხედავად ამისა, ეს თვისებები ქართველ ერს სისხლში აქვს და როცა დგება საკითხი არსებობა–არარსებობისა, მაშინ იჩენს ხოლმე თავს (მერაბ კოსტავა). რა შეიძლება რწმენაზე ითქვას. ბევრი დაწერილა იმაზე, რომ რაც გწამს იმაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გწამს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ აიხსნება ის, რომ როგორც ქართველები იხოცებოდნენ ქრისტესთვის და ქრისტეს სახელით, ზუსტად იმავე ფანატიზმით კვდებოდა დედამიწის სხვა ნაწილში მეომარი, ოღონდ ამჯერად არა ქრისტესთვის, არამედ „ალაჰ აკბარ“ შეძახილით. როგორც „ზა სტალინა“–ს ყიჟინით კვდებოდა ათასობით ქართველი და მილიონობით რუსი, ისევე ერთგულებით და „ჰაილ ჰიტლერ“–ის ბღავილით იხლიდა მილიონობით გერმანელი ტყვიას ფრონტის მეორე მხარეს. ანუ რწმენის ობიექტზე მეტად ისაა მნიშვნელოვანი, თუ როგორ გწამს და შესაბამისად რას გაიღებ ამ რწმენისთვის. საქართველოს ბრძოლები არასწორადაა გაიგივებული მხოლოდ ქრისტიანობისთვის ბრძოლებად. დარწმუნებული ვარ, ისევე თამამად და აუღელვებლად მიდიოდნენ და კვდებოდნენ ომში ჩვენი წინაპრები არმაზისა და აიეტისთვის, როგორც გვიან, თამარისა და ქრისტესთვის. ასევე მიჩუმათებულია ის ფაქტი, რომ საქართველოსთვის არამხოლოდ ქართველები და არამხოლოდ ქრისტიანები იბრძოდნენ. უამრავი სხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანი დაიღუპა ქართული იდეებისთვის ბრძოლაში. ეს ჩვენს ღირსებას მხოლოდ აღამაღლებს და დიდებით მოსავს მას. მხოლოდ რამდენჯერმე დავაფასეთ ქართველებმა უცხოელის თავდადება საქართველოსთვის. ისიც მაშინ, როცა ჩვენ დაგვჭირდა. განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსთვის წარმართები ან მუსლიმები, ან თუნდაც სხვა სარწმუნოებისა და ეროვნების ადამიანები არ დაღუპულან? რა თქმა უნდა დაიღუპნენ, მაგრამ ჩვენ ისინი არ დავაფასეთ. სამაგიეროდ, როცა გვჭირდებოდა, აბოს წამება აღვწერეთ დეტალურად და ეს ისტორია ჩვენივე რწმენის განსამტკიცებლად გამოვიყენეთ. ეს უფრო ეროვნული უმადურობის
მაგალითია და ეს სულ სხვა საკითხია. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, საზრდოობდა რწმენით აღსავსე ადამიანების სისხლით. სულ ერთია ამ ადამიანებს რა სწამდათ და ვინ იყვნენ. მათ აერთიანებდათ ის, რომ საქართველოს იდეისთვის იბრძოდნენ. არა აქვს მნიშვნელობა, ეს იყო ბერი თევდორე, ოცდაერთში დაღუპული იუნკერი თუ ორმოცდახუთში, ბერლინთან მოკლული ქართველი. ისინი იბრძოდნენ, რადგან სწამდათ და ეს რწმენა იყო მთავარი იარაღი, რადგან ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს ადამიანს შეხვდეს სიკვდილს. სიკვდილის წინ თამაში შეუძლებელია, მის წინაშე შენ შენ ხარ და რწმენა გეხმარება ამ წამებში შეინარჩუნო ღირსება და შენი გასაკეთებელი გააკეთო.


თავისუფლების სურვილი ისაა, რაც ყველა ადამიანს დაჰყვება, თუმცა შემდეგ განვითარებაზეა დამოკიდებული ეს ინსტინქტი ჩაიმარხება ადამიანში, თუ გასასვლელს იპოვის და თავს გამოამჟღავნებს. თავისუფლება ყველა ადამიანშია მეტნაკლები ხარისხით და მეტნაკლები კეთილშობილებით. კეთილშობილება ფარდობითია იმდენად, რამდენადაც არ შეგვიძლია ჰიპების თავისუფლებასაც თავისუფლება ეწოდოს და მეფის რუსეთის დროს ტყეში გავარდნილი ფირალის ნავარდსაც. თავისუფლება თავის მხრივ შეზღუდვაცაა და პასუხისმგებლობაც, რომლის გაუცნობიერებლობის შემთხვევაში თავისუფლება სისულელედ და ილუზიად გარდაიქმნება. ქართველს სწორედ თავისუფლების სურვილი ამოძრავებდა და რწმენასთან
ერთად ასაზრდოებდა მას ენერგიით, საუკუნეების განმავლობაში საბრძოლველად. ისევე, როგორც მგელს (თუნდაც ტყვეობაში გაჩენილს) არ აძლევს მოსვენებას თავისუფლებაზე და ნანადირევზე ფიქრი, ისევე არ აძლევდა ქართველს მოსვენებას თავისუფლების გემო და ამისი გამოხატულება იყო სწორედ გალიაში ბოლთის ცემა და გისოსების კბენა. აჯანყებები და გამოსვლები ყოველთვის იყო ქართული თავისუფლებისმოყვარეობის ნათელი გამოვლინება. მაშინაც კი, როცა ვკარგავდით დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რწმენასაც
კი, ვინარჩუნებდით თავისუფლებისკენ სწრაფვას და ლტოლვა კი ოდესმე აუცილებლად მიზნის მიღწევით მთავრდება. მაგალითად, რწმენაშეცვლილი „საქართველოს სამუსლიმო“ (იგივე ბათუმის ოლქი)
და ტაო–კლარჯეთის მოსახლეობა არაერთხელ შებრძოლებია სხვა ქვეყნის შემადგენლობაში ყოფნის შესაძლებლობას. იმიტომ, რომ თავისუფლების სურვილი გააჩნდათ და ამ თავისუფლებას მხოლოდ
საქართველოს შემადგენლობაში აღიქვამდნენ. ამ ხალხს სწორად ესმოდა თავისუფლება ის კი არაა შენი ტერიტორია „შემოღობო“ და არავინ შეუშვა, როგორც დღეს კვაზისახელმწიფოები და ვითომკვაზისახელმწიფოები აკეთებენ, არამედ ის, ჭიშკარი გააღო, ყველასთან მეგობრულად იყო და შენი ღირსება და თვითმყოფადობა შეინარჩუნო.


უსაზღვრო ნებისყოფა ის მახასიათებელია, რომელიც წინა ორს საფუძველს უმაგრებს. რომ არა ნებისყოფა, საქართველო ვერც თბილისის ოთხასწლიან დაკარგვას გადაიტანდა და ვერც რუსეთის შემადგენლობაში ყოფნისას შეინარჩუნებდა ეროვნულობას. ნებისყოფის ძალის საუკეთესო მაგალითია ებრაელი ერი (ეს
ერი ჩემთვის სამაგალითოა). ცნობილია, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც არ ყავდათ ებრაელი ნათესავები, არ იცნობდნენ ებრაელებს, არაფერი იცოდნენ ისრაელზე, ისტორიაზე, მაგრამ იცოდნენ მთავარი–– მამისგან (რომელმაც არც თვითონ იცოდა ებრაული) ნასწავლი სამად სამი სიტყვა: :მე ვარ ებრაელი“. ეს სიტყვები იყო ის ძარღვი, რომელიც მას თავის არარსებულ სამშობლოსთან აკავშირებდა და რომელმაც ეს ადამიანები დააბრუნა ფერფლიდან აღმდგარ ქვეყანაში. ისრაელისა და ებრაელების მაგალითზე მკაფიოდ ჩანს, თუ რა შეუძლია რწმენის (ჩვენ დავბრუნდებით), მონდომების (ათასწლეულები ცდილობდნენ!), სურვილის (სხვა შემთხვევაში არ მოინდომებდნენ) და ნებისყოფის (ამდენი რამე გადაიტანეს და ამდენი ხანი ითმენდნენ) გონივრულ კომბინაციას.

ეს მახასიათებლები ერთმანეთთან ისეა გადაბმული, როგორც
ჯაჭვის რგოლები ქართულ აბჯარში. ერთმანეთის გარეშე ისინი უფრო უსუსურნი და უსარგებლონი არიან, ხოლო გადაჯაჭვულნი უძლიერეს კონსტრუქციას ქმნიან.


საბოლოო ჯამში,
მე ვფიქრობ, ერის, ქვეყნის, სახელმწიფოს არსებობა ერთ, უმთავრეს რამეზეა დამოკიდებული. საქართველო არ არის რუკაზე, მხოლოდ ნუცუბიძის პლატო, ან ახმეტის რაიონი რომ დარჩეს ქართული იურისდიქციის ქვეშ, ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას ვერ გაანადგურებს (გავიხსენოთ ისრაელი). საქართველო არც მხოლოდ ენაა და არც მხოლოდ სარწმუნოება. ესენი მხოლოდ მახასიათებლები
და ის საფუძველია, რაც საქართველოს ამაგრებს. საქართველო კი ამ ყველაფერზე მეტია. საქართველო რუკაზე და გლობუსზე კი არაა მხოლოდ. მთავარია, ის არსებობდეს ჩვენს გონებასა და გულში. სანამ ერთი ადამიანი, თუნდაც არაქართველi, ოცნებობს თავისუფალ და ძლიერ საქართველოზე, საქართველო, არსი, იარსებებს.
მე ვიცნობ ასეთებს. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს საქართველოზე
მოფიქრალი ადამიანები...

0
31
2-ს მოსწონს
ავტორი:იბერი92ელი
იბერი92ელი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0