x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
უილიამ შექსპირის 66-ე სონეტი და გრიგოლ რობაქიძის "ჩაკლული სული"

image
უილიამ შექსპირის სონეტში პესიმისტური განწყობა ჭარბობს. ყველაფრისგან დაღლილ და დაქანცულ პოეტს სანატრელი მხოლოდ სიკვდილი დარჩა, რადგან იმ რეალობაში რომელშიც მას უწევს არსებობა სიკვდილი ხსნის ერთადერთი გზაა, ერთადერთი გამოსავალი.
სონეტში ასახულია ის პრობლემა, რომელიც მთლიანად მოიცავს ეპოქას. პოეტი დაიღალა იმ სოციალური განუკითხაობით, რომელიც შესისხლხორცებული აქვს არა მარტო მას, არამედ მთელ კაცობრიობას. იქ სადაც ღირსება მათხოვრად ქცეულა, სადაც "უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს", განა შეიძლება თავისუფლად მოაზროვნე ადამიანმა და მითუმეტეს მწერალმა განაგრძოს ყოფა, სადაც უვიცმა და რეგვენმა დაჩრდილეს ბრძენი და თითოეული მისი სიტყვა სოციუმისთვის უარსოდ იქცა, როგორღა უნდა იფიქროს შექსპირმა, ამ გენიალურმა შემოქმედმა, სიცოცხლით ტკბობაზე, ფრთაშეკვეცილმა როგორღა უნდა განაგრძოს ლაღად სიცოცხლე. პოეტი წუხს იმის გამო, რომ ღირსებას ხედავს გაუფასურებულს, ხედავს ფასეულებადაკარგულ მომავალ თაობას, მათში ღირსება არარაობადაა ქცეული, ამიტომ ცოდვით მოცულია სამყარო. სულით სიღატაკე ხორციელებით შენიღბულა, ანუ, ავტორი ამბობს, რომ მის დროში დაფასებულია გარეგნული, აღქმისმიერი სილამაზე, სულიერი, მორალური მხარე კი უგულებელყოფილია, შესაბამისად, ხალხიც ამ ხორციელებას დაუბრმავებია. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, მიუღებელია შექსპირისთვის, პროტესტს იწვევს მასში და ამიტომ გაუხდა სიკვდილი სანატრელი. ერის ამ მანკიერი მხარის ჩვენება უნდა ავტორს ჩვენთვის და კონტრასტის დახმარებით ("რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება") კიდევ უფრო მკაფიოდ გვიხატავს ამ პრობლემას, თუმცა სონეტის ბოლოს მაინც აშკარა ხდება, რომ მისთვის უმთავრესი სიყვარულია, ამისთვის მზად არის ამქვეყნიურ ჯოჯოხეთსაც გაუძლოს, ოღონდ მარტო არ დატოვოს ის ცოდვის ბუდეში:
"ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს".
ავტორი ლექსის თითქმის ყოველ ტაეპში იმეორებს სიტყვას "რადგან", ვფიქრობ, ამას ემოციის გამძაფრებისთვის აკეთებს, იმავე მიზანს ემსახურება კონტრასტი, რომლითაც ორ უკიდურეს წერტილს აკავშირებს ერთმანეთთან და გვაჩვენებს, როგორ ანაცვლებს უარყოფითი ყოველივე დადებითს.

image
რაც შეეხება გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებს "ჩაკლული სული", ამ რომანში ის გვესაუბრება საქართველოს გასაბჭოების პერიოდზე, როცა ის არა შინაგანი გადატრიალებით, არამდე რუსეთის ძალდატანებით, მეთერთმეტე არმიის მიერ გასაბჭოვდა. ეს ის ეპოქაა, როცა საქართველოში მყარდება ტოტალიტარული რეჟიმი, რომელსაც შეეწირა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. მათ მიჩნდათ, რომ კაცობრიობის საერთო "ბედნიერებისთვის" დასაშვები იყო ადამიანის მოკვლა. ჩემი აზრით, ამ პერიოდის სიმძიმე განსაკუთრებით მწერლებს შეეხოთ, რომლებსაც წაართვეს სიტყვის თავისუფლება და დაკვეთით აამეტყველეს. ამის უკეთ დასანახად გრიგოლ რობაქიძე ტექსტში გვიხატავს თამაზს, რომელიც მწერალთა ყრილობის ერთ-ერთი წევრი იყო და იძულებული გახდა სიტყვით გამოსულიყო ამ "ღირსსახსოვარ დღეს" და ეთქვა ის, რაც კომუნისტებს სურდათ. "თამაზს საფეთქლები აეწვა, რაღაც უცხოთი აივსო... სხეულში რაღაც უცხო ძალამ დაუარა", რა თქმა უნდა, მისთვის, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მწერლისთვის, პატრიოტისთვის, ტრაგედია იყო ელაპარაკა ძალმომრეობის, ჩაგვრისა და ტოტალიტარიზმის მხარეს და ამან დიდი ტკივილიც მიაყენა მის სულს. "ბევრი მოაჯადოვა მისმა სიტყვამ, მაგრამ თვითონ ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს გველი გადაეყლაპოს, გული ერეოდა". მიუხედავად იმისა, რომ ეცადა თავიდან სულ სხვა შემართებით, სულ სხვა გზით წაეყვანა თავისი გამოსვლა და ამ რეჟიმს ნაკლებად შეხებოდა, ტოტალიტარიზმმა არ მისცა ამის საშუალება და მასში შინაგანი გაორება გამოიწვია, ტოტალიტარიზმმა წაართვა აზროვნების, სიტყვის, ქცევის თავისუფლება. რთულია სიტყვებით გადმოსცე თამაზის მდგომარეობა, მით უმეტეს, დღევანდელი გადასახედიდან, ადამიანი, რომელსაც ყველა გზა მოჭრილი აქვს მთებსღა სთხოვს შველას: "იქნებ თქვენ მაინც მიშველოთ, მთებო". გრიგოლ რობაქიძემ თამაზის სახით დაგვიხატა იმ პერიოდის მწერლების ბედი. ეს არის რეჟიმი, რომელმაც წაგვართვა ტიციანი, პაოლო და კიდევ უამრავი საღად, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი, რომელთაც თავი არ დაუხარეს ძალმომრეობას.
რა საერთო აქვთ შექსპირის "სონეტს" და რობაქიძის "ჩაკლულ სულს". როგორც ვიცით, თითოეული მწერალი წერს თავისი ქვეყნის, ერის ტკივილსა თუ სიხარულზე, იმაზე, რაც ეპოქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რობაქიძეც და შექსპირიც სწორედ ამაზე გვესაუბრებიან, როგორ დეგრადირდა საზოგადოება მათ ირგვლივ. ორივე გვიხატავს მწერლის ბედს, როცა ყველაფერი უარესობისკენ იცვლება, როგორ მოქმედებს და რამდენად დიდ დარტყმას აყენებს ეს ყველაფერი მათ სულს, როგორც ვიცით, ერის ბედი მწერლის ბედია, მწერალი წინამძღოლია ხალხისა, ერის სადარაჯოზე დგას და თავისი შემოქმედებით აფხიზლებს, გზას უჩვენებს მას. შექსპირი და რობაქიძე კი იმ მწარე რეალობას აღგვიწერენ, რომელიც მათ ირგვლის სუფევს და იმდენად მოქმედებს სოციუმზე, რომ მათი სიტყვაც გაუუფასურებია, მწერალიც იძულებულია ფიზიკური გადარჩენისთვის დამორჩილდეს მას და დიდი სიმკაცრით დაიცვას ცენზურა, მაგრამ ეს დამორჩილება იწვევს სულის ხრწნას და რჩები მოსიარულე, ფუნქციადაკარგული ლეში, სწორედ ეს აერთიანებს ამ ორ ნაწარმოებს, დაგვანახოს რა გავლენას ახდენს ეპოქა შემოქმედზე (მწერალზე). განსხვავება კი ისაა, რომ შექსპირი არ ემორჩიელბა იმ განუკითხაობას, სიკვდილს და გაქცევას არჩევს იქ უარსოდ ყოფნას, თავს არ უხრის და არ უდრკება, მორალურად გადარჩენის მიზნით ცდილობს გაერიდოს იმ ადგილს, სადაც "ძლიერება დაიმონა კოჭლმა დროებამ", სატრფოს გადარჩენის იმედით არ ნებდება ამ ყველაფერს. რაც შეეხება გრიგოლ რობაქიძის მთავარ გმირს (თამაზს), მას თითქოს იმორჩილებს ტოტალიტარიზმი, სიტყვის თავისუფლებასაც ართმევს, მიუხედავად იმისა, რომ მის სულში ეს დიდ პროტესტს და ტკივილს იწვევს.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, ორივე მწერალი გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ ანადგურებს მწერალს ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობა და ძალმომრეობა, თუმცა ორივე ნაწარმოების ლირიკული გმირი სხვადასხვა შემართებით იბრძვის მის წინააღმდეგ.

1
429
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ გორგაძე
თამარ გორგაძე
429
  
2020, 1 თებერვალი, 3:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1