x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
ჰეკატე - კოლხებისა და ელინების დიადი ქალღმერთი
ჰეკატე - კოლხებისა და ელინების დიადი ქალღმერთი


ჰეკატე (Hecate, Ekate, Ekata, ლათინურად კი - Diana Trivia) არის ტიტანი ქალი (ტიტანიდა), ნეკრომანტიის დიდი ქალღმერთი, რომლის კულტი გავრცელებული იყო მთელ კოლხურ და ელინურ სივრცეში: მცირე აზიაში, კავკასიასა და ბალკანეთში. ის სწორედ მცირე აზიურ ქალღმერთადაა მიჩნეული. მისი შვილები იყვნენ კირკე (Circe), პასიფაე (Pasiphae), ემპუსა (Empusa), სცილა (Scylla). ზოგიერთ მითში ის გახლავთ აიეტის ცოლი, თუმცა ზოგიერთი მას აიეტის დედად მოიხსენიებს. თავად არგონავტიკაში დასახელებული აიეტის დედა პერსეიდა, იგივე პერსე (Perseis) ბერძნულ მითოლოგიაში სწორედ ჰეკატესთანაა გაიგივებული. ის არის იდუმალებით მოცული ქვესკნელის ძალთა განსახიერება, მართალია მას ჰომეროსი არ ახსენებს, მაგრამ ან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საბერძნეთში იმდენად განდიდებული, ან ეს შემთხვევით მოხდა, მით უფრო, რომ თავის ჰიმნში ჰომეროსი (ძვ.წ. IX-VIII სს.) ადიდებს "სულით ნაზ ჰეკატეს, მშვენიერსამოსიანს". ჰესიოდესთან (ძვ.წ. VIII-VII სს.) კი შესაძლოა ეს სახე გამოჩნდა იმავე ორფიკების ჩანართიდან, რომელთაც მოგვიანებით ჰეკატე უაღრესად განადიდეს. აქ (თეოგ. 411-452) ის ტიტან პერსეს (ან პერსეოსის, Perses), და ასტერიას (Asteria) ასულია. მის მშობლებად გვიანდელ პერიოდში დასახელებულია ასევე ზევსი და დემეტრა და შემდეგ თავად ტარტაროზი.


ჰეკატე


ჰეკატეს ტარტაროზის შვილობა მეტად ლოგიკურია, ვინაიდან თავისი ბუნებით ის უფრო ქვესკნელის, მიწის წიაღის, ზარდამცემი ხთონიური ღვთაებაა, ვიდრე ზევსისა და ჰერას ნათელი, ამაღლებული შვილები, როგორიცაა არტემიდე, ჰებე და სხვ. ამასთან ჰეკატე აპოტროფიული ღვთაებაცაა, სიძვისგან დამცავი. ორფიკული მოძღვრებით, რაც თავისთავად თეოგონიაშიც ასახულია, მას ბევრი ფუნქცია ეკისრება. სწორედ ჰეკატე გახლავთ ტიტანიდებს შორის ყველაზე მეტად პატივდებული, ვითარცა მბრძანებელი ცათა, მიწისა და ზღვის წიაღისა, მცენარეთა ნაყოფიერებისა, მეჯოგეობისა, სიჭაბუკისა, მონადირეთა, მეზღვაურთა და მიწის მაშვრალთა, მშობიარეთა მფარველი, სიბრძნის მეტყველი და ოლიმპიელ ღმერთთა მრჩეველი სამართალსა და საკრებულოზე, ბედნიერებისა და გამარჯვების მომნიჭებელი. ყოველივე ეს ჰეკატეს ჰერასა და ათენას სიმაღლეზე აყენებს. მეზღვაურებს ქარკეთილს უგზავნის, მესაქონლეს საქონელს უმრავლებს, მეთევზეს ბადეს უვსებს, პოეტს დაფნით აგვირგვინებს, მშობიარეს ტკივილებს უმსუბუქებს.



ჰეკატე


მართალია ჰეკატე ტიტანია, მაგრამ არ მოხვედრილა ტარტაროზში, ზევსმა ძალაუფლება შეუნარჩუნა და ასევე ყველა ღმერთი დიდ პატივს სცემს. ეს ნათელია, მაგრამ ჰეკატეს ნამდვილი პოეტური სახე, რასაც თუნდაც არგონავტიკაში ვხედავთ, მაინც უფრო ბნელის, ზარდამცემის იერს ატარებს და მთლიან ასპექტში ეძლევა ის სახე, რაც ორფიკებმა მიანიჭეს: მისტიკური, იდუმალებით მოცული, შემაძრწუნებელი, რამდენადმე ჯუფთი და გაიგივებულიც კი ისეთ ქალღმერთებთან, როგორიც არიან პერსეფონე (Persephone), რეა კიბელე (Rhea Cybele), დემეტრა (Demeter). როგორც ახალი თაობის გამომზრდელი (კოიროტროფოსი), ჰეკატე გაიგივებულია არტემიდესთან (Artemis), ორივე ერთად კი - სელენესთან (Selene), მთვარის ქალღმერთთან. ამ სახით, ნადირთა ქალღმერთიცაა (პოტნია თერონ).


ჰეკატე


ჰომეროსის ჰიმნში დემეტრასადმი ჰეკატე უკვე დემეტრას გვერდით დგას, მასთან ერთად შეიცხადებს პერსეფონეს გატაცებას ქვესკნელში, ეძებს და მერე ემსახურება. ქალიშვილის გატაცება მხოლოდ ჰელიოსმა და ჰეკატემ შეიცნეს: ქალღმერთს ბნელი მღვიმიდან შეესმა ვედრების ხმა, ზევსს რომ უხმობდა, ხილვით კი არ უხილავს და ეს აუწყა დემეტრას (ჰომ. ჰიმ. დემ. 58), მაგრამ ტრაგიკოსების და როდოსელის (ძვ.წ. 295-215) შემდეგ ეს ნაზი ღვთაება თითქოს მეტამორფოზს განიცდის, იქცევა სიზმართა და მოჩვენებათა, ქვესკნელის სულთა და ბოროტ დემონთა ქალღმერთად, ლანდების თანხლებით რომ ამოქვესკნელდება ღამის წყვდიადში, ხმაურით მიმოდის სულთა რიალში, და სტიგიურ ქოფაკთა ყეფაში, ურჩხულ-გველთა ამალით გარემოცული თაზარს სცემს ადამიანებს ყოველ გზაჯვარედინზე, სადაც სამი გზა იყრის თავს (ტრიოდიტის, ტრივია). ასევე ხშირად ჩნდება სასაფლაოზე, სადაც მის სიახლოვეს ქოფაკები იუწყებიან. ყოველ სულდგმულს ეშინია მისი, მხოლოდ მაგები დატრიალებენ მთვარის შუქზე თავიანთ საშინელ მცენარეებს და ბალახ-ბულახს და იმეორებენ შელოცვებს, რომელთაც შეუძლიათ ხსნაც და დაღუპვაც. ძვ.წ. V საუკუნიდან ჰეკატე სწორედ მათი, მაგების, ჯადოქრების მფარველია. მაგრამ მანამდეც, ძვ.წ. მე-15 - ძვ.წ. მე-13 საუკუნიდან მას ემსახურებოდნენ მაგები, მაგალითად თვით მსოფლიოს პირველი ჯადოქარი - კოლხი მედეა მისი ქურუმი იყო და იაზონსაც ჰეკატეს დიდებულ ტაძართან ხვდებოდა კოლხეთში.


ჰეკატე


სამკურნალო მცენარეთა განთქმულ ბაღს "ჰეკატეს ბაღს" უწოდებენ (კურტ შპრენგელი, მედიცინის ისტორია, 1). აქედან იღებს ეს ბაღი ჰეკატეს ასულის - მედეას სახელსაც (მედეას ბაღი), რომელსაც იგი შთამომავლობით ერგო. მედეა ჰეკატეს ტაძრის ქურუმია (აპ. როდოსელი), ეს ბაღი კოლხეთშია (კერძოდ დედაქალაქ აიაში). აქვე ძველი ავტორები ასახელებენ იაზონის ტაძარს (მედეას თალამოსი), სადაც იქორწინეს მედეამ და იაზონმა (სქოლიასტის, ტიმეოსის ცნობით, ეს მოხდა კ. კერკირაზე, სადაც მედეამ დააწესა მსხვერპლშეწირვა ზღვასთან (პაგეს ბომონები). ყველგან ვხედავთ, რომ მედეას სახე და მოქმედება ჰეკატეს სახეს უახლოვდება და უკავშირდება.


ჰეკატე


ჰეკატეს უახლოეს კავშირს კოლხეთთან ბევრი ავტორი რატომღაც ნაკლებად ეხება, ეს კავშირი კი უდავო და ძალზე არსებითია. ნეკრომანტიის მისტიკური ღვთაების ასეთი კავშირი აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკაში უკვე ძალიან აშკარაა, მედეა, დიდი მკურნალი და ჯადოქარი მას მთელი არსებით ეთაყვანება და მისგან იღებს რჩევას. დიონისიოს სკიტობრაქიონის ცნობით, ჰეკატე აიეტის ცოლია და სამკურნალო მცენარეთა ბაღები აქვს კოლხეთში (შეად. მედეას ბაღი). ამასვე ამბობს დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.), რომლის ცნობითაც ჰეკატემ ააშენა არტემიდეს ტაძარი. ერთი ვერსიით ჰეკატე პერსეს ასულია, ან აიეტის და და მეუღლეა, აფსირტეს (Absyrtus), ქალკიოპეს (Chaciope) და მედეას (Medea) დედა ღამით ამოდის ქვესკნელიდან სანადიროდ. ქოფაკთა ხროვა დაჰყვება, და თუ ნადირი ვერ ნახა, ადამიანებს ხოცავს, რაც ნაკლებ ცნობილი ვარიანტია. ასევე - წამლების აღმომჩენის ვერსია, რომ თითქოს, მოწამლა მამა, დაიპყრო ტახტი და ააგო არტემიდეს ტაძარი, რომელშიც ყველა უცხოელს ტავრიდის მეფე ნადირობის ქალღმერთს მსხვერპლად სწირავდა (სინამდვილეში ჰეკატეს ტავრიდასთან ნაკლები კავშირი აქვს). კოლხეთში ჰეკატეს ბრწყინვალე ტაძარი აუგეს, ირგლივ ძაღლების ყეფა და ურჩხულთა შხუილი უშიშარ გმირებსაც თავზარს სცემდა, ტაძარს ლამპრებით ანათებდნენ, გველები იცავდნენ, იქვე, ფაზისის ჭაობებში ალთა გნიასი ისმოდა. შესაძლოა ეს კონკრეტული ეპიზოდი ამ მითში შეიქმნა იმასთან დაკავშირებითაც, რომ კოლხეთში ამ ტაძართან ახლოს მყოფი ბერძნები ღამით მოისმენდნენ ტურების გაბმულ გნიასს, რაც ახასიათებს ამ მიდამოებს. ამ სახით, ძალზე ცნობილია ძვ.წ. V საუკუნიდან ჰეკატობოლოს - "შორსმტყორცნელი" - აპოლონის ზედწოდების ქალური სახეა. ეს პირველად სელენეს (არტემიდეს) ეწოდა.


ჰეკატე


რომაელები ჰეკატეს თაყვანს სცემდნენ გზაჯვარედინებზე, რაც მოგზაურობასთან, მგზავრის ბედთან მის კავშირზე მეტყველებს. ჰეკატეს ატრიბუტებია გველები, ძაღლები, ჩირაღდნები, მახვილები და გასაღებები. იდუმალ ქალღმერთს გზაჯვარედინებზე მსხვერპლად სწირავდნენ შავ ძაღლს, შავ ნერბს, თაფლს, ლეკვებს. ის იყო ტრივია (სამი მზის ქალღმერთი).

ჰეკატეს კულტით ცნობილია ასევე სამოთრაკია, სიცილია, ლემნოსი, ეგინა, არგოსი, ელევსინი და ათენი. ჰეკატეს სვეტები (ჰეკატეია) იდგმებოდა ტაძრების, სახლების წინ, სამი გზის შესაყარზე. იქვე დგამდნენ ყოველი თვის ბოლოს სასმელ-საჭმელს, რასაც ღატაკნი შეექცეოდნენ და რაც ძლიერ მოგვაგონებს ქრისტიანულ წესებს. თუ პოეტების დახატულ ჰეკატეს ვიხილავთ, ჰომეროსის მიერ აღწერილ მგრძნობიარე ქალღმერთისაგან აღარაფერი დარჩება: ღამის წყვდიადში ქვესკნელიდან ამობრძანებულს სამი თავი აქვს - ცხენის, ძაღლისა და ლომის, ფეხების ნაცვლად გველები ასხია, გიგანტებივით, და თავზეც გველები ეხვევიან, მედუზასავით (ტრიკეფალოსი, ტრიფორმის, ლათ. ტერგემინა). აპოლოდ, 1, 2, 4, 1, 6, 2. ვერს. ჰეკატეიოს, ჰეკატომნოს.


ჰეკატე


გვიანდელ მითებში, ბუნებრივია, საერთოდ ჯადოქართა, მისანთა, გრძნეულთა მფარველ ქალღმერთად იქცა. სახვით ხელოვნებაში ჰეკატეს სახე მტკიცედ ჩამოყალიბდა. სამი სხეული აქვს, სამი თავი, სამსავე მხარეს ჩირაღდნები უჭირავს, სამი გზის გზაგასაყარზე დგას, როგორც მაღალი, სამსახოვანი, გრძელსამოსიანი, ლამაზი ქალღმერთი. პერგამოს საკურთხევლის დიდ ფასადზე სამთავიანი და ექვსხელიანი ქალია, ხელში ფარი და ხანჯალი უჭირავს (ბერლ.), ბევრი გამოსახულებაა ნაპოვნი კონსტანცაში. ცნობილია ბელანოს ბრინჯაოს ქანდაკი (XV ს.), ბლაკემ დახატა წიგნთან დახრილი, ფანტასტიკური მხეცებით გარემოცული. ერთი გამოსახულება კი ერმიტაჟშია - ძვ.წ. IV საუკუნეში მარმარილოსგან დამზადებული.


წყარო: მითოლოგიური ლექსიკონი. აკაკი გელოვანი. 1983.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
689
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
689
  
2020, 9 დეკემბერი, 2:26
Hecate - The Great Colchian Goddess of Witchcraft and Necromancy.
Parents: Titan Perses and Titanida Asteria
Consort: Aeetes or Helios.
Children: Scylla, Aeëtes, Circe, Pasiphaë, Empusa.
Siblings: Aeetes.
Colchis culture (Western Georgia, Anatolia) - 3000 - 1250 BC. haplogroups of the population: G2a, J2, (J1, R1b).
Kingdom of Colchis (1250-164 BC);
Hecate was referred to by the Romans as "Trivia", which literally means "Samaia" in Georgian.
Hecate Samaia was the goddess of necromancy in Colchis and Anatolia, whose cult was later introduced and established in Greece. The temple of this goddess stood in Colchis, where it was served by its chief priest - Medea. It is named after the medicinal plant garden that Medea later inherited, and thanks to which medicine got its name from Medea, trained by Hecate Samaia.
Dance Samaia Sukhishvilis stand, hand movements are taken from the frescoes. All educated Georgians knew Greek mythology, especially people like Iliko and Nino. This dance was created by them and it was named Samaia and these movements were taken because this is exactly how Hecate is depicted - three women standing with their backs to each other standing at the crossroads. Hold keys or lamps. The dancers also hold candles in some of the staging during one of Samaia's dance moments. This dance seems to have inspired the story of Hecate. When it came to choosing clothes, obviously they did not wear Greek clothes, why did they wear them? And took the oldest Georgian clothing model known to us from the frescoes.
2020, 1 დეკემბერი, 23:03
ჰეკატეს რომაელები მოიხსენიებდნენ ასე "ტრივია", რაც ქართულად სიტყვასიტყვით ნიშნავს "სამაია"-ს.
ჰეკატე სამაია იყო ნეკრომანტიის ქალღმერთი კოლხეთსა და ანატოლიაში, რომლის კულტიც შემდგომში ბერძნებშიც შევიდა და დამკვიდრდა. ამ ქალღმერთის ტაძარი იდგა კოლხეთში, აქვე ემსახურებოდა მას მისი მთავარი ქურუმი - მედეა. მისი სახელობისაა ის სამკურნალწამლო მცენარეების ბაღი, რომელიც შემდგომში მემკვიდრეობით ერგო მედეას და რომლის წყალობითაც მედიცინამ მიიღო ეს სახელი ჰეკატე სამაიას მიერ გაწვრთნილი მედეასგან.
ცეკვა სამაია სუხიშვილებმა დადგეს, ხელის მოძრაობები აღებულია ფრესკებიდან. ყველა განათლებულმა ქართველმა იცოდა ბერძნული მითოლოგია, მით უმეტეს ილიკოს და ნინოს მსგავსმა ხალხმა. ეს ცეკვა სწორედ მათ შექმნეს და ზუსტად იმიტომ დაარქვეს სამაია და ეს მოძრაობებიც იმიტომ აიღეს რომ ზუსტად ასე გამოისახება ჰეკატე - სამი ქალი ერთმანეთის ზურგშექცევით დგას გზაჯვარედინზე. ხელში გასაღებები უჭირავთ ან ლამპრები. მოცეკვავეებს სანთლებიც ხელში უჭირავთ სამაიას ცეკვის ერთ-ერთ მომენტში ზოგიერთ დადგმაში. როგორც ჩანს, ჰეკატეს ამბის შთაგონებით დადგეს ეს ცეკვა. ტანსაცმლის შერჩევაზე რომ მიდგა საქმე, ცხადია არ ჩააცვეს ბერძნული ტანსაცმელი, რატომ ჩააცმევდნენ? და აიღეს ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ძველი ქართული ტანსაცმლის მოდელი ფრესკებიდან.

კოლხი ჰეკატე - ნეკრომანტიის ქალღმერთი, ქვესკნელის დედოფალი. ტიტანიდა.

მშობლები: ტიტანი პერსე და ტიტანიდა ასტერია

ქმარი: აიეტი ან ჰელიოსი.

შვილები: სცილა, ემპუსა, აიეტი, კირკე და პასიფაე.

და-ძმები: აიეტი.
2019, 9 ნოემბერი, 0:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3