x
მეტი
  • 25.08.2019
  • სტატია:93905
  • ვიდეო:342280
  • სურათი:456189
კოლხური ქალღმერთი - რეა-კიბელე, იგივე ფასიანე

კოლხური ქალღმერთი - რეა-კიბელე,  იგივე ფასიანე


უძველესი ხანიდან ხმელთაშუაზღვისპირეთის ევროპულ ნაწილში, ასევე კრეტაზე, მცირე აზიაში, სამხრეთ კავკასიაში, შავიზღვისპირეთში და სხვაგან გავრცელებული იყო ნაყოფიერებისა და სიცოცხლის მფარველი ქალღმერთის, "ღმერთების დედის", "დიდი დედის" თაყვანისცემის კულტი. მას მჭიდროდ უკავშირდებოდა მცენარეთა, ფრინველთა და ცხოველთა სამყარო. მისი გამოსახულებები უამრავია ნაპოვნი ევროპის, მცირე აზიის და კავკასიის ტერიტორიაზე. დიდი დედის კულტის უძველესი პან-ევროპული კულტის ფიგურებს ეწოდება ასევე "ვენერას ფიგურები".


არქეოლოგიური კვლევა-ძიებით და ბერძნულ-ლათინურ წერილობით წყაროებში დაცული ცნობებით, სამეცნიერო დამუშავებით, სადღეისოდ, სავსებით მიღებულია მოსაზრება, რომ "ღმერთთა დედას", "დიდ დედას" - კიბელეს (კვიბელეს) უკავშირდება ფასისის დედავთაება - ფასიანე შდრ. კეჭაყმაძე, 1961, 68, N35; ურუშაძე, 1964, გვ.144).


ამ მოსაზრების საფუძველი ჯერ კიდევ წარმოჩნდა ჩვენთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექსტში, რომელიც დაცულია ფლავიუს არიანეს თხზულებაში "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო" ანუ "Periplus Ponti Euxini". (Hercher, Eberhard, 1885; კეჭაყმაძე, 1961).


ფლავიუს არიანეს ამ ნაწარმოებში დამოწმებულია შემდეგი განმარტება (IX, 1; Hercher, Eberhard, 1885, 91; კეჭაყმაძე, 1961, გვ.39):

"ფასისში რომ შედიხარ, მარცხნივ, აღმართულია ქანდაკება ქალღმერთ ფასიანესი (ფასისელთა ქალღმერთი). გარეგნობის მიხედვით ესაა რეა, რადგან ხელში წინწილა (ერთგვარი მუსიკალური საკრავი), უჭირავს. აგრეთვე მისი სავარძლის წინ წვანან ლომები და თვით იგი დაბრძანებულია, როგორც ფიდიასის (მიერ შესრულებული) ქანდაკება (რომელიც აღმართული იყო) ათენის მეტროონში. (ღმერთების დედის ტაძარი, იხ. Curtius, 1891, 95, 175, 294; Welch 1996, გვ.467-473).


კოლხური ქალღმერთი - რეა-კიბელე,  იგივე ფასიანე


არიანეს ამ განმარტების მიხედვით, ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი და ს. ჯანაშია (1943, გვ.85; 1946, გვ.96-97) წერენ:

"ქალაქ ფასიდში, ახ.წ. მეორე საუკუნეში ადგილობრივი ქალღმერთის ქანდაკება იდგა. ქალ-ღმერთი ტახტზე იჯდა. ხელთ მას კიმბალი (ერთგვარი მუსიკალური საკრავი) ეჭირა. ფერხთით კი ლომები ეწვა. ბერძნები (მაგ. არიანე და სხვ.) ამბობდნენ, ეს ქალღმერთი ყველაზე მეტად რეას ჰგავსო. რეა კი ანუ სხვანაირად კიბელე, მცირე აზიის მთავარი ქალღმერთი გახლდათ, რომელიც "დიდი დედის", "დედოფლისა" და "ღმერთების დედის" (ან ღვთისმშობლის) წოდებას ატარებდა."


ზემოთ მოყვანილი არიანეს ცნობის გათვალისწინებით, კურტ იოახიმ შპრენგელი (Sprengel, 1821, გვ.54) წერს: "რეა, კიბელე, აზია (იაფეტის ცოლი და პრომეთეს დედა) და ფასისელთა ქალღმერთი (ფასიანე), რომლებსაც თაყვანს სცემდნენ კოლხეთში, უდავოდ ერთი და იგივეა."


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არიანეს თხზულების ("Periplus Ponti Euxini" - "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო") შესწავლითა და ეთნოგრაფიული მასალის კვლევა-ძიებით ვერა ბარდაველიძე (ბარდაველიძე, 2006, გვ.96), სავსებით სარწმუნო დასკვნამდე მივიდა, რომ ფასიანე გააიგივა "ღმერთების დიდ დედასთან", რომელიც ქართულ საწესჩვეულებო სიმღერებში იწოდება, როგორც "ნანა".


კოლხური ქალღმერთი - რეა-კიბელე,  იგივე ფასიანე


გარდა ამისა, ზემოთ მოტანილი არიანეს ცნობის თაობაზე, უაღრესად ყურადღებას იმსახურებს ო. ლორთქიფანიძის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება, რაც "ფასიანე თეოსში" მან დეტალურად მოგვითხრო არიანეს მიერ შავიზღვისპირეთში განლაგებული რომაული გარნიზონისა და ქალაქი ფასისის მონახულების შესახებ. ამჯერად დავიმოწმებთ ო. ლორთქიფანიძის (201-303, 205, 212) შემდეგ ციტატას:

"არიანეს მოგზაურობიდან" ციტირებული ნაწყვეტიდან ჩვენ ვიგებთ, რომ ახ.წ. 131 წელს როდესაც არიანე ინსპექციის მიზნით ქალაქ ფასისს ეწვია, ზღვის მხრიდან ქალაქში შესასვლელთან, მდინარე ფასისის, ესეიგი რიონის შესართავთან აღმართული ყოფილა "ფასიანე თეოს"-ი (ლორთქიფანიძე, გვ.201)".


არიანეს "მოგზაურობის" ანუ "პერიპლუსის" გამომცემელნი და ციტირებული ნაწყვეტის ინტერპრეტატორები თარგმნისას სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ "ფასიანე თეოსს", თუმცა, როგორც ჩანს, ერთი და იგივე მნიშვნელობით: "ფაზისელთა ქალღმერთი" ან "ფასიანელთა ქალღმერთი", "ქალღმერთი ფასიანე" ან "ფაზისელი ფასიანე", ან "ფასისელი ქალღმერთი" (ლორთქიფანიძე, გვ.201).


კოლხური ქალღმერთი - რეა-კიბელე,  იგივე ფასიანე


"ყველა ეს ეპითეტი შინაარსობრივი თვალსაზრისით სავსებით გამართლებულია, მაგრამ შესაძლებელია თითქოს სახელწოდებისა და მისი შინაარსის კიდევ უფრო დაკონკრეტება. ასეთ შესაძლებლობას გვკარნახობს სტრაბონის ერთი ძალზე საინტერესო ცნობა, თუმცა ის ეხება სხვა რეგიონს - ფრიგიას. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია იყო სამშობლო ქალღმერთ კიბელესი, რომელიც გაიგივებულია რეასთან. არიანესაც ხომ სწორედ ეს ღვთაება მოაგონა "ფასიანე თეოსის" ქანდაკებამ?!" (ლორთქიფანიძე, გვ.202).


ამჯერად, ჩვენთვის საინტერესო სტრაბონის (გეოგრაფია X.3. 12, 15; Jones 1961, V, 98-99; 104-105) ცნობა ასეთია (ლორთქიფანიძე გვ.202): "რაც შეეხება ბერეკინტებს - ერთ-ერთ ფრიგიულ ტომს, და საერთოდ, ფრიგიელებს, აგრეთვე მთა იდის მახლობლად მცხოვრებ ტროელებს, ისინი თაყვანს სცემენ რეას. უწოდებენ ღმერთების დედას, აგდისტისსა და დიდ ქალღმერთს, ხოლო აგრეთვე ადგილის მიხედვით, რეას სახელებია: იდაია, დინდიმენე, სიპილენე, პესინუნტისი, კიბელე და კიბებე" (ლორთქიფანიძე. გვ.202).


კოლხური ქალღმერთი - რეა-კიბელე,  იგივე ფასიანე


"პოეტები ღმერთს (დიონისეს) უწოდებენ ბახუსს, რეას - კიბელეს ან კიბებეს და დინდიმენეს - მათი თაყვანისცემის ადგილის მიხედვით." (სტაბონი, გეოგრაფია, X.3.5; ლორთქიფანიძე, გვ.202).

ამრიგად, სტრაბონის ცნობიდან გამომდინარეობს შემდეგი:

1. რეა იგივეა, რაც კიბელე, დიდი დედა, ღმერთების დედა. აღსანიშნავია, რომ იმავე ქანდაკებას - რეას ათენის მეტროონში, რომელსაც არიანე "ფასიანე თეოსს" ადარებდა, სხვა წყაროები მოიხსენიებენ აგრეთვე როგორც "დიდ დედას" (Magna Mater: Pliny, NH XXXVI.IV.17; Bostock, Riley 1857, VI, 301) ან ღმერთების დედას (Pausanias, Description of Greece, I.III.5; Jones 1918, I, 16, 17).


"რეას - ღმერთების დედის (კულტის კუნძულ კრეტაზე) შერწყმა დიდ ანატოლიურ (მეტწილად ფრიგიულ და აგრეთვე ლიდიურ) ღვთაება კიბელესთან - ღმერთების, ადამიანების, ცხოველთა და მთელი ბუნების დედასთან, საყოველთაოდაა აღიარებული." (ლორთქიფანიძე, გვ.202' აგრეთვე იხ. ურუშაძე 1964, გვ.160).


კოლხური ქალღმერთი - რეა-კიბელე,  იგივე ფასიანე


II. სტრაბონის ზემოთ ციტირებული ცნობებიდან ჩვენ ვიგებთ აგრეთვე (და ეს ამჯერად ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია), რომ რეა/კიბელე/დიდი დედა/ღმერთების დედა ატარებდნენ სხვა, ლოკალურ სახელწოდებებსაც იმ ადგილების მიხედვით, სადაც მათ თაყვანს სცემდნენ. მაგალითად, პესინუნტისი (ფრიგიის ქალაქ პესინუნტში) (ლორთქიფანიძე, გვ.202), იდაია (მთა და ქალაქი ფრიგიაში) (ლორთქიფანიძე, 203) და სხვები, რომელთა შორისაა სიტყვათწარმოების მიხედვით "ფასიანეს" მსგავსი სახელწოდებანი. ასეთებია სტრაბონის ციტირებულ ტექსტში ასევე სხვა ლიტერატურულ წყაროებსა და ეპიგრაფიკულ ძეგლებში მოხსენიებული ღვთაებანი: დინდიმენე, რომელსაც თავდაპირველად თაყვანს სცემდნენ დინდიმონის მთებში, სიპილენე, (ლორთქიფანიძე, გვ.203). ანალოგიური მნიშვნელობისაა პლაკიანე, ტოლიპიანე და სხვები. (ლორთქიფანიძე, 203)


ამრიგად, ფასიანეც უნდა განვიხილოთ, როგორც რეა/კიბელეს ადგილობირივი სახელწოდება, რომელიც, სტრაბონის სიტყვები რომ გავიმეოროთ, წარმომდგარია ადგილის სახელის, თუ მისი თაყვანისცემის ადგილის მიხედვით. ამრიგად "ფასიანე თეოს" უნდა გადმოიცეს, როგორც "ღვთაება ფასიანე", რაც ნიშნავს ფასისელ რეას/კიბელეს, ესეიგი "დიდ დედას ფასისში" ან "ფასისელ დიდ დედას".


კოლხური ქალღმერთი - რეა-კიბელე,  იგივე ფასიანე


არიანე აღნიშნულ ქანდაკებას უწოდებს "ქალღმერთ ფასიანეს" ეს სახელწოდება მას არ შეუთხზავს. ის უთუოდ არიანემდე დიდი ხნით ადრე არსებობდა და იყო დიდი ქალღვთაების "ღმერთების დედის", "დიდი დედის" - რეა/კიბელეს ადგილობრივი სახელწოდება, ისევე როგორც დინდიმენე, სიპილენე, პლაკიანე, ტოლიპიანე და მათი მსგავსი (ლორთქიფანიძე, გვ.203).


"რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შავიზღვისპირეთის ბერზნულ ქალაქებში არქაულსა და კლასიკურ პერიოდებში კიბელეს კულტი არ ასრულებდა პირველხარისხოვან როლს, თუმცა ცნობილია ამ ღვთაების გამოსახულებათა ცალკეული აღმოჩენები, ამიტომაც ჩემი აზრით, გასაზიარებელია ქართულ ისტორიოგრაფიაში უკვე კარგა ხნის წინ გამოთქმული მოსაზრება, რომლის თანახმად, არიანეს მიერ აღწერილი ქანდაკება ადგილობრივი ღვთაებისაა, რომელიც "დიდ დედას" წარმოდგინდებოდა და ის ადგილობრივ მცხოვრებთანაგან, ესეიგი კოლხთაგან შეითვისეს მილეტელმა მოახალშენეებმა. ამრიგად საფიქრებელია, რომ ფასიანე - ფასისელი დიდი დედა, რომელიც ქალაქ ფასისში მცხოვრებმა ბერძნებმა თავიანთ ერთ-ერთ მთავარ ღვთაებად აქციეს, ადგილობრივი კოლხური ღვთაების კულტიდან მომდინარეობს. (ლორთქიფანიძე, გვ.204-205).


"დიდი დედის კულტთნ დაკავშირებული არქეოლოგიური არტეფაქტების უმრავლესობა, კოლხეთში ბერძნული კოლონიზაციის წინარე ხანას უკავშირდება. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე უფრო შესანიშნავთაგანია, ს. ურაკში (დღევანდელი ფოთიდან, ე.ი. ფასისიდან სამხრეტით ათიოდე კილომეტრის მოშორებით). ძვ.წ. მე-7 საუკუნის სამარეულ კომპლექსში ტახტზე მჯდომარე ბავშვიანი ქალის ბრინჯაოს ქანდაკება და მასთან ერთად ასევე ბრინჯაოს ფრიველტა და ცხოველთა (ხარი, შველი, ავაზა) ქანდაკებები. (ლორთქიფანიძე. გვ.205).


კოლხური ქალღმერთი - რეა-კიბელე,  იგივე ფასიანე


ცნობილია, რომ ტახტზე მჯდომარე ბავშვიანი ქალი ფრინველთა და ცხოველთა გარემოცვაში, ესაა "დიდი დედა". ამ დიდი ქალღვთაების კულტი კოლხეთში არქეოლოგიურად კიდევ მრავალგან და საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვლინებებითაა დადასტურებული. (ლორთქიფანიძე, გვ.205).


ამრიგად, არიანეს მიერ ზემოთ განხილული ცნობა მოწმობს, რომ ქალაქ ფასისში არსებობდა ადგილობრივი კულტი, ესეიგი კოლხური ქალ-ღვთაების "დიდი დედისა" (რეა/კიბელე), რომელიც ადგილობრივი სახელწოდებიდან გამომდინარე "ფასიანედ" იწოდებოდა. ის, რომ ამ ღვთაების ქანდაკება ქალაქ ფასისში შესასვლელთან, საზღვაო კარიბჭესთან იყო აღმართული, უნდა მოწმობდეს, რომ ფასიანე ქალაქის უზენაესი ღვთაება იყო და მისი კარიბჭის მფარველი და მცველი." წერს ო. ლორთქიფანიძე (გვ.212). არიანეს ცნობა მიგვითითებს იმაზე, რომ მთელი სამხრეთ კავკასიის და მცირე აზიის ავტოქტონურ (ადგილობრივ) მოსახლეობას ერთი და იგივე სალოცავი ჰქონდათ და წარმოადგენდნენ ერთიან იბერო-კოლხურ მოდგმას.


კოლხური ქალღმერთი - რეა-კიბელე,  იგივე ფასიანე


დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილია ბრინჯაოს ქანდაკებები ცხენზე მჯდომარე ქალღვთაბებისა (დიდი დედის) რომელთაც ხელთ ბავშვი უპყრიათ (ლორთქიფანიძე 2006, 190; პაპუაშვილი 2001-2005).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მ. ვოიაცისმა (Voyatzis 1992, N87, 271-272) საბერძნეთში, კუნძულ სამოსზე აღმოჩენილი ბავშვიანი მხედარი ქალის ბერძნული ქანდაკება საგანგებოდ შეისწავლა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ძვ.წ. მე-8 საუკუნეში ის შესაძლოა კავკასიური (კოლხური) გავლენით იყოს შექმნილი.


(წყარო: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარი, მათემატიკოსი გია კვაშილავა)





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია

10. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
161
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0