რელიგია რა კავშირი აქვს წმინდა გიორგის საქართველოსთან და რატომ აღვნიშნავთ გიორგობას 23 ნოემბერს 2017, 22 ნოემბერი, 23:43 წმინდა დიდმოწამე გიორგის დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) წმინდანის აღსრულების დღე აღინიშნება, 10 ნოემბერს (ახ. სტილით 23 ნოემბერი) კი - ბორბალზე წამების დღე. ეს უკანასკნელი მხოლოდ საქართველოში აღინიშნება. გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში, დაახლოებით 275 წელს. მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო, რომელმაც მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის სიკვდილის შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა და ღმრთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. გიორგიმ სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო სამხედრო სამსახური და ბრძოლაში გამორჩეულმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღებაც მიიპყრო. იმპერატორმა იგი დაიახლოვა და მხედართმთავრის წოდებაც უბოძა. პირველ ხანებში დიოკლეტიანე ქრისტიანებს არ სდევნიდა, მაგრამ 15 წლის მმართველობის შემდეგ იმპერიაში შიმშილი, ეპიდემიები და აჯანყებები დაიწყო. ქურუმებმა და დიოკლეტიანემ ჩათვალეს, რომ ეს ქვეყანაში ქრისტიანების მომრავლების გამო მოხდა და იმპერატორმა მათი დევნა დაიწყო. იმპერიის ყველა პროვინციაში დაიწყო ქრისტიანთა მასობრივი, სასტიკი დევნა. მრავალმა ქრისტიანმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას და უარყო ქრისტე. ამ დროს, მიუხედავად აშკარა საფრთხისა, გიორგი მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა მიმდევარნი კი გაკიცხა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომ მისი წამება გადაწყვიტა. თავდაპირველად მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა მაგრამ წმინდანის ხორცთან შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. მაშინ დეოკლიტიანეს ბრძანებით, წმინდა გიორგი ბორბალზე დააკრეს, ქვემოთ კი მახვილები დააგეს, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაისერა. მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, მათ შორის მეფის მეუღლე ალექსანდრიაც, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. წმინდა გიორგის მარტვილობა, პაოლო ვერონეზე, 1564. მეფის ბრძანებით დედოფალი დაატყვევეს. წმინდა გიორგი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. მაშინ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელებით სირბილი აიძულეს, თან სასტიკად გაშოლტეს და წლების წინ გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლება მოსთხოვეს. წმინდა გიორგიმ ილოცა და მართლა გააცოცხლა ადამიანი, რომელიც ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდა. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას, თუმცა ბევრი მათგანი წამებით მოკლეს. ქურუმებმა ვეღარაფერი გააწყვეს წმინდა გიორგის წინააღმდეგ, ამიტომ დიოკლეტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული. წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი უამრავია. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივია: ქალაქ ლასიაში მეფობდა ქრისტიანების მიმართ შეუბრალებელი, კერპთმსახური სელინოსი. ქალაქის მახლობლად მდებარე ტბაში გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მისი მოკლვლა ვერავინ შეძლო. დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისთვის შესაწირად და როდესაც ჯერი მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. ასეც მოხდა: ყველა მოსახლემ გაიმეტა თითო შვილი და მეფის ასულის ჯერიც დადგა. შეწუხებულმა მამამ ხალხს უამრავი სიმდიდრე შესთავაზა ოღონდ კი ინმეს აერიდებინა მისი ქალიშვილისთვის ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ ამაოდ, ხალხი მას არ უთანაგრძნობდა. მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც ქალი ტბიდან ვეშაპის გამოსვლას ელოდა, გზად წმინდა გიორგიმ გაიარა, დაინახა თვალცრემლიანი ქალიშვილი და ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმინდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა. მაშინ ქალმა მოუთხრო თავისი გასაჭირის შესახებ. წმინდა გიორგიმ დაამშვია იგი და უთხრა, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხებაში დახმარებოდა. მალე ვეშაპიც გამოჩნდა, წმინდა გიორგიმ გამოსახა მასზე ჯვარი და შეევედრა უფალს: "უფალო ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად". სულიწმინდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა. წმინდა გიორგიმ ქალს უბრძანა, შემოეხსნა სარტყელი, ყელზე მოება მხეცისთვის და წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი მოქალაქენი წმინდანმა დაამშვიდა: "იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს". მეფემ და მისმა ქვეშევრდომებმა შეჰღაღადეს: "გვწამს მამა, ძე და სული წმინდა". წმინდა გიორგიმ იშიშვლა მახვილი, მოკლა გველეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ხალხი დაემხო წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდა. წმინდა გიორგი ბრძოლა გველეშაპთან, პაოლო უჩელო. სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმინდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც მხეცს კლავს. მხეცის განმგმირავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტიანობის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი. წმინდა გიორგის კულტი გავრცელებულია მუსულმანურ ქვეყნებშიც, სადაც მას ჯირჯისისა და ელ-ჰუდის სახელით იცნობენ. ხალხურ ტრადიციაში წმინდა გიორგი ითვლება მებრძოლთა და მიწათმოქმედთა მფარველად. თავად სახელი "გიორგი" მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან γεωργός - მიწათმოქმედი. წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე–4 საუკუნის დასაწყისში იწყება. ძველი დროიდანვე საქართველოს, როგორც წმინდა ქალწული მარიამის, ასევე წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებენ. წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. საქართველოში უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც. წმინდა გიორგის სახელობის პირველი ტაძარი საქართველოში 335 წელს აშენდა, მეფე მირიანის მიერ, სწორედ იმ ადგილზე, სადაც წმინდა ნინო დაიმარხა. წმინდა გიორგის მიმართ ქართველთა განსაკუთრებული თაყვანისცემის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ სახელმწიფო დროშაზე სწორედ წმინდა გიორგის ჯვარია გამოსახული: წითელი ჯვარი თეთრ ფონზე. წმინდა გიორგი, როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო, ანუ საქართველოს განმასახიერებელი და მფარველი, პირველად მეფე გიორგი III (1115-1184 წ.) დიდის სახელმწიფო საბეჭდავზე გვხვდება. იგი გამოსახულია ბაგრატიონთა გერბზე და 1918- 1921 წწ. დემოკრატიული საქართველოს გერბზე. ოქროს ჯვრის ბუნიან ვერცხლის შუბოსანს, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავს, ვერცხლის ცხენზე ამხედრებულ, ოქროს შარავანდედიან ვერცხლის მხედარს – წმინდა გიორგის ქვეყნის დღევანდელ გერბზეც მთავარი ადგილი უკავია. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რატომ იკურთხება ფერიცვალებაზე ხილი და აკრძალულია თუ არა ყურძნის მიღება მანამდე? - ეს ბევრმა არ იცის! 2. რა გავლენას ახდენს ლოცვა ადამიანის სისხლზე? 3. რა საოცარი თვისება აქვს ბზას და რატომ არის იგი "ბზობის" სიმბოლო - ეს ბევრმა არ იცის! 4. რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს - კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა 5. რატომ ვზეიმობთ ნათლისღებას და რატომ კურნავს ნაკურთხი წყალი - რა დაადასტურა სამეცნიერო კვლევებმა 6. რატომ აცხობენ ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანებს - ეს ბევრმა არ იცის! 7. რა არის მარხვა? - მამა გაბრიელის პასუხი 762 9-ს მოსწონს
|