რელიგია 7 შეკითხვა, რომელიც შობის დღესასწაულის შესახებ ბევრს უჩნდება 2018, 6 იანვარი, 12:57 შობის დღესასწაული ქრისტიანული სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ტრადიციულად 7 იანვარს აღნიშნავს. არსებობს რამდენიმე შეკითხვა, რომელიც ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ამ ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით. ქვემოთ შევეცდებით ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას: 1. რატომ აღნიშნავს ქრისტიანთა ნაწილი ქრისტეშობას 25 დეკემბერს, ნაწილი კი - 7 იანვარს? თავიდან შობის დღესასწაულს ყველა ქრისტიანული ეკლესია 25 დეკემბერს აღნიშნავდა. მაგრამ 1582 წელს რომის პაპმა გრიგორი XIII-მ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლისა. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი თქვა ახალ სტილზე გადასვლაზე და განაგრძო ძველი, იულიანური კალენდრით ცხოვრება, რომელიც 13 დღით ჩამორჩება გრიგორიანულს. ამიტომ მართლმადიდებელი ქრისტიანების უმეტესობა - ქართული, რუსული, იერუსალიმისა და სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიები, ასევე ათონის მონასტრები და აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიები - ქრისტეშობას 25 დეკემბრის მაგივრად 7 იანვარს აღნიშნავს. 2. რატომ არის მიღებული შობის დღესასწაულზე ფანჯარასთან სანთლის ანთება? როცა მარია და იოსები ბეთლემში მივიდნენ, ქალაქში მათ ადგილი აღარ დახვდათ. ამიტომ ქრისტიანები შობას ნაძვის ხეზე ანთებდნენ სანთელს, რითაც სიმბოლურად სახლში იწვევდნენ ღვთისმშობელს. თავიდან ნაძვის ხეზე ნამდვილ სანთლებს ანთებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში, უსაფრთხოების მიზნით, სანთლები ელექტრო ნათურებმა და გირლანდება შეცვალა. თუმცა ფანჯარასთან სანთლის დანთების ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ისევ დამკვიდრდა საქართველოში. 3. რა არის ალილო? საქართველოში ალილოს ტრადიცია მე-5, მე-6 საუკუნიდან იწყება. მეალილოები გალობით ულოცავენ თითოეულ ოჯახს ქრისტეს დაბადებას. სიმღერის დასრულების შემდეგ ოჯახის წევრები მათ ტკბილეულობას, ხილს და ნუგბარს ჩუქნიან. ბოლო დროს ალილოს სახალხო მსვლელობებიც იმართება, რომლის დროსაც შეგროვილი პროდუქტი, როგორც წესი, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში ნაწილდება. 4. რატომ რთავენ საშობაოდ (საახალწლოდ) ნაძვის ხეს? ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვრცელი სტატია ბმულზე. 5. რა კავშირია შობასა და სანტა კლაუსს შორის? "სანტა-კლაუსი" - ეს არის წმინდა ნიკოლოზის შეცვლილი სახელი. იგი საშობაო მითოლოგიის ნაწილად იქცა 1823 წელს, როცა კლემენტ კლარკ მურმა გამოაქვეყნა პოემა "შობის წინა ღამე ანუ წმინდა ნოკოლოზის ვიზიტი". სწორედ ამ ნაწარმოებში მოხდა წმინდა ნიკოლოზის ტრანსფორმაცია სანტა-კლაუსად - კეთილ ზღაპრულ გმირად, რომელიც ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნის. 6. რატომ არის სანტა კლაუსი ყოველთვის მსუქანი და წითელ ხალათში გამოწყობილი? ტრადიციულად ქრისტეშობის სიმბოლო მწვანე ფერი იყო, წითელი კი მისი სისხლის სიმბოლოა. დასავლეთის ქვეყნებში შობის დღესასწაულის მთავარ ფერად წითელი გახდა მას შემდეგ, რაც 1931 წელს კომპანია Coca-Cola-მ გაუშვა სარეკლამო კამპანია, რომლის მთავარი პერსონაჟი იყო წითელი ხალათით შემოსილი სანტა-კლაუსი. მანამდე სანტას სამოსი იყო ხან თეთრი, ხან ყავისფერი, ხან კი ლურჯი. სარეკლამო აქციისთვის მთავარი პერსონაჟის გარეგნობა მხატვარ ჰედონ სანდბლს მისმა მეგობარმა და მეზობელმა, ლუ პრენტისმა შთააგონა. ამიტომ გამოვიდა სანტა პრენტისის მსგავსად "ბუთხუზა". მისი ეს სახე იმდენად პოპულარული გახდა, რომ სხვაგვარად კეთილი სანტას წარმოდგენა უკვე შეუძლებელიცაა. 7. რამდენ ხანს გრძელდება საშობაო მარხვა? კათოლიკები და პროტენსტანტები საშობაო მარხვას (ადვენტი) 4 კვირის მანძილზე ინახავენ. ადვენტის დროს ანუ ქრისტეს შობის მოლოდინის პერიოდში, არ არის მძიმე მარხვა და ითვლება სულიერი თავშეკავებისა და მორჩილების დროდ. მართლმადიდებლური ტრადიციით კი საშობაო მარხვა 28 ნოემბერს იწყება და 6 იანვარს მთავრდება, ანუ გრძელდება 40 დღე. სომხური სამოციქულო ეკლესია კი შობის წინ მარხვას მხოლოდ 7 დღე ინახავს. გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ასევე დაგაინტერესებთ: 1. ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ ქართულ სუფრას - შეამოწმეთ საკუთარი თავი! 2. რატომ ვაკეთებთ საახალწლოდ გოზინაყს და რა შეცდომებს ვუშვებთ მისი მომზადებისას 3. მხოლოდ ამ 7 ქალს აქვს რომის პაპთან თეთრი სამოსით მისვლის უფლება - იცით რატომ? 4. რა გავლენას ახდენს ლოცვა ადამიანის სისხლზე? 5. რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს 6. როგორ განვასხვავოთ სხვადასხვა რელიგიები ერთ წინადადებაში - სახალისო მეთოდი 7. რა არის მარხვა? - მამა გაბრიელის პასუხი 402 8-ს მოსწონს 1-ს არა
|