x
image
natia.a
რატომ აცხობენ ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანებს - ეს ბევრმა არ იცის!

image
17 დეკემბერს ქრისტიანული ეკლესია ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდა ბარბარე სარწმუნოებისთვის IV საუკუნეში აღესრულა -
მას თავი საკუთარმა მამამ, წარმართმა თავადმა, დიოსკორემ მოკვეთა. წმინდანის წმინდა ნაწილები კიევში, ვლადიმირის ტაძარში განისვენებს და მისგან სასწაულები დღესაც აღესრულება. წმიდა ქალწულმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება, ამას გარდა მას ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვისაც ევედრებიან.

ქალწულმოწამე ბარბარე საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ოჯახებში მეკვლეს იღებენ და ლობიანებს აცხობენ. მაინც საიდან მოდის ეს ტრადიცია და აქვს თუ არა მას ქრისტიანობასთან კავშირი?

აღსანიშავია, რომ ბარბარობა საქართველოში წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას. ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად.

ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები - რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვირვინი და სხვა. მისდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს.
image

ქრისტიანობის შემოსავლის შემდეგ ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის - დიდმოწამესა და წარმართული ღვთაების გაიგივება. ამის გამო წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ღვეზელიც სამარხვო მზადდებოდა, თუმცა, ცხადია, არა ლობიოს შიგთავსით. ლობიო ევროპასა და საქართველოში მხოლოდ XVI საუკუნეში გაჩნდა და ლობიანიც სწორედ ამ დროიდან გახდა პოპულარული, განსაკუთრებით მარხვაში.

ასე რომ, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართული ტრადიციაა და ქარისტიანულ რელიგიასთან კავშირში არაა.








0
17068
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
17068
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0