x
image
natia.a
"არც ერთ კაცს არაფერი მართებს ქალის, ქალი მხოლოდ ხელქვეითია" - რატომ დაირქვა მუსულმანმა მწერალმა ქალის სახელი

image

მამაკაცი, რომელიც ქალის ფსევდონიმით წერს...


მამაკაცი სამყაროდან, სადაც ქალი არარაობასთანაა გაიგივებული...


და მამაკაცი, რომელიც ამ არარაობის სახელს ირქმევს მისდამი სიყვარულის ნიშნად...


image



იასმინა ხადრმოჰამედ მულესეულის - საფრანგეთში მცხოვრები ალჟირელი მწერლის ფსევდონიმია, რომელიც თავისივე მეუღლის სახელიდან აქვს აღებული, მისდამი სიყვარულის და ზოგადად ქალისადმი პატივისცემის ნიშნად. დიდი ხნის მანილზე ვერავინ ხვდებოდა, რომ ქალის სახელის მქონე მწერალი, რომელიც საოცარი სიზუსტით ასახავდა ალჟირელი ქალების ცხოვრებას, სინამდვილეში მამაკაცი, თანაც ყოფილი სამხედრო იყო. სამშობლოში მოღვაწეობის პერიოდში რამდენჯერმე მიიღო იუნესკოს ლიტერატურული პრემია, მაგრამ სამხედრო ცენზურის გამო იძულებული გახდა იატაკქვეშა მოღვაწეობაზე გადასულიყო, შემდეგ კი საერთოდ დაეტოვებინა სამშობლო.


"უბედურება იქ იწყება, სადაც ქალი ფეხქვეშაა გათელილი" - ამბობს მწერალი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძვის მუსულმანი ქალის ემანსიპაციისთვის და 2002 წელს გამოსულ რომანში "ქაბულის მერცხლები" ხატავს თალიბანების ბატონობის ქვეშ მყოფ ქაბულში გამფებულ დამთრგუნველ ატმოსფეროს: სადაც ადამიანებს სიცილის უფლებაც კი ჩამორთმეული აქვთ, სადაც ბედნიერება ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება, სადაც ქალი სრულიად უუფლებო და დაუცველია, ქალის სიყვარული კი - შეურაცხმყოფელი.


და მაინც, ქალი, რომელიც თავს სწირავს... საყვარელი მამაკაცისთვის.


image


რომანი გამოცემისთანავე პოპულარული გახდა. ქვემოთ გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს "ქაბულის მერცხლებიდან", რომელიც ათიოდე წლის წინ ვთარგმნე.


ქაბულის მერცხლები


(ნაწყვეტი)


მირზა კრიალოსანს ათამაშებდა და თვალს არ აცილებდა მეგობარს, რომელიც უხერხულობისგან საკუთარ თითებს დაშტერებოდა.


- ასეთი რა გაწუხებს, ზედამხედველო? *
- თავადაც ვერ გამიგია.
- ამიტომ იყო წეღან საკუთარ თავთან რომ საუბრობდი?
- შეიძლება.
- ნუთუ არავინ გყავს, გულახდილად რომ ელაპარაკო?
- რა საჭიროა?
- ძალიან ცუდად ხარ, კარგი იქნებოდა ვინმესთვის გული გადაგეშალა. წეღან ისე იყავი ფიქრებში გართული, კინაღამ ურიკამ გაგიტანა. ვიფიქრე ეს ატიკი ან სულ შეიშალა, ანდა რაღაც სახელწიფო გადატრიალებას თუ გეგმავს-მეთქი...
- დააკვირდი რას ამბობ, - შეაწყვეტინა შეშფოთებულმა ატიკმა. -აქ ყოველთვის შეიძლება სიტყვაზე დაგიჭირონ.
- ვიხუმრე, უბრალოდ შენი გაჯავრება მინდოდა.
- ქაბულში არ ხუმრობენ და ეს შენც კარგად იცი.


მირზამ დასამშვიდებლად მეგობრულად დაარტყა ხელზე ხელი.


- ბავშვობაში საუკეთესო მეგობრები ვიყავით, დაგავიწყდა?
- თავს რომ წაგაჭრიან მერე აღარაფერი გემახსოვრება.
- ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით.
- ახლა ეს უკვე შეუძლებელია.


მირზამ ნერვიულობისგან ხელები მომუჭა.


- და რა შეიცვალა დღეს, ატიკ? არაფერი, სრულიად არაფერი. იგივე შეიარაღებული ხალხია ირგვლივ, იგივე სახეებია ქუჩებში, იგივე ძაღლების ყეფა ისმის, იგივე ქარავნები დადიან. ყოველთვის ასე ვცხოვრობდით. მეფე თუ წავიდა სხვა ხელისუფალი მოვიდა. შეიძლება გერბები შეიცვალა, მაგრამ უსამართლობა იგივე დარჩა. ძალაუფლებას ადრეც ბოროტად იყენებდნენ და ახლაც. თავი არ უნდა მოვიტყუოთ. მენტალიტეტი იგივე რჩება რაც საუკუნეების წინ იყო. თუ ვინმეს ჰგონია ახალი ერი შეიქმნება, ძალიან ცდება. სამყაროს გაჩენის დღიდან ადამიანები ორად არიან გაყოფილნი, ერთნი ფეხს უბამენ ამ ცხოვრებას, მეორენი ეწინააღმდეგებიან. ჭკვიანი ადამიანი ცხოვრებას ისეთად იღებს როგორიცაა. შენც უნდა მიხვდე ამას. ცუდად ხარ იმიტომ, რომ არ იცი რა გინდა, სულ ესაა. მეგობრები კი იმისთვის არიან, რომ დაგეხმარონ, თვალი აგიხილონ ყველაფერზე. თუ ისევ მეგობრად მთვლი, გამიმხილე რა გაწუხებს.


ატიკმა ამოიოხრა. მირზას ხელებიდან ხელი გაითავისუფლა, თვალებში ჩახედა და ოდნავი ყოყმანის შემდეგ მეგობარს მიენდო:


- ჩემი მეუღლე ავადაა. ექიმმა თქვა სისხლი ძალიან სწრაფად უთეთრდებაო, აღარაფერი უშველისო.


იმის გაფიქრებაზე, რომ კაცს შეეძლო ქუჩაში თავის ცოლზე ელაპარაკა, მირზა ერთი წამით სახტად დარჩა. შემდეგ ინით შეღებლ წვერზე ხელი ჩამოისვა, თავი გადააქნია და მიუგო:


- ყველაფერი ხომ უფლის ნებაა?
- ვინ გაბედავს მის წინააღმდეგ წასვლას, მირზა? ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად არა. მთელი გულით და უსაზღვრო ერთგულებით ვიღებ მის ნებას, მხოლოდ ესაა, სულ მარტო და თავგზააბნეული ვარ. არავინ მყავს გვერდში რომ დამიდგეს.
- ეს ხომ ძალიან მარტივია: გააგდე ცოლი.
- ოჯახი არ ჰყავს, - გულუბრყვილოდ მიუგო ატიკმა და ვერც კი შენიშნა ამგვარ დამამცირებელ თემაზე ლაპარაკის გამო როგორი ზიზღი გამოეხატა სახეზე მის მეგობარს. – მშობლები დაეხოცა, ძმები თავიანთი გზით წავიდნენ და, თან, არ შემიძლია ასეთი რამ გავუკეთო.
- რატომ?
- მან სიკვდილს გადამარჩინა, დაგავიწყდა?


მირზამ თავი გვერდზე გადასწია და მეგობარს ალმაცერად შეხედა.


- სისულელეა! - დაიყვრა მან. - სიკვდილ-სიცოცხლეს მხოლოდ ღმერთი განაგებს. შენ მისი სახელის სადიდებლად იბრძოდი და დაიჭერი. უფალს ხომ არ შეეძლო შენთვის პირდაპირ გაბრიელი გამოეგზავნა დასახმარებლად, ამიტომ ეს ქალი მოგივლინა. მან ღმერთის ნებით მოგიარა, ის მხოლოდ დაემორჩილა უფლის სურვილს. შენ კი იმ ქალისთვის ასჯერ მეტი გააკეთე: ცოლად შეირთე. მეტი რა უნდა მოეთხოვა შენგან ქალს? თან შენზე სამი წლით უფროსს, შინაბერას, რომელიც არც ლამაზი იყო და არც რაიმეს იმედი ჰქონდა ცხოვრებაში. არის ქალის მიმართ იმაზე უფრო დიდი დიდსულოვნება ვიდრე სახლ-კარის, მფარველობის, პატივის და სახელის შეთავაზება? შენ მისი არაფერი გმართებს. პირიქით, თვითონ უნდა მოიდრიკოს მუხლი შენი კეთილშობილების წინაშე, ატიკ, შენს ფეხებს უნდა ეამბორებოდეს ყოველდღე. ის არაფერს წარმოადგენს შენს გარეშე. ის მხოლოდ ხელქვეითია. უფრო მეტიც, არც ერთ კაცს არაფერი მართებს ქალის. ყველა უბედურება სწორედ იმის გამო ხდება, რომ ხალხს ეს არა აქვს შეგნებული.


მირზამ უეცრად წარბები შეჭმუხნა:


- არ მითხრა ახლა შემიყვარდაო, ასეთი სულელი ხომ არ ხარ?
- ოცი წელია ერთად ვცხოვრობთ, ამას ხომ აქვს რაღაც მნიშვნელობა.


მირზა აღშფოთდა, მაგრამ თავი შეიკავა და შეეცადა ბავშვობის მეგობრისთვის გული უფრო მეტად არ ეტკინა.


- მე ოთხ ცოლთან ვცხოვრობ, ჩემო საბრალო ატიკ. პირველი უკვე ოცდახუთი წელია რაც შევირთე; ბოლო კი ცხრა თვის წინ მოვიყვანე. ორივეს მიმართ უნდობლობის გარდა არაფერს ვგრძნობ, რადგან კაცი ვერასოდეს გაიგებს რა ხდება მათ თავში. დარწმუნებული ვარ, ქალის აზრებს ვერასოდეს ჩავწვდებით. მათი აზროვნება საათის ისრის საწინააღმდეგოდაა მიმართული. ერთი წელი იცხოვრებ თუ ერთი საუკუნე ცოლთან, დედასთან თუ ქალიშვილთან, ყოველთვის სიცარიელის შეგრძნება გექნება, ყოველთვის იგრძნობ, რომ წამითაც რომ მოადუნო ყურადღება საღაც ხრამში გადაგჩეხენ. რაც უფრო მეტად გგონია, რომ შენს ჭკუაზე ათვინიერებ ამ მლიქვნელ არსებებს, მით ნაკლებად შეძლებ მათგან მომდინარე ბოროტების დაძლევას. გველს საკუთარ მკერდში გამოზრდი, მაგრამ ეს მისი გესლისგან ვერ დაგიცავს. ერთად გატარებულ წლებს რაც შეეხება, ოჯახში, სადაც კაცს ქალის სიყვარულით ებინდება გონება, წლები სიმშვიდეს ვერ მოიტას.
- საქმე სიყვარულს არ ეხება.
- მაშ რაღას ელოდები, გააგდე სახლიდან, შენ კი ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ჯან-ღონით სავსე ქალწული შეირთე, რომელიც თავის ბატონს უსიტყვოდ მოემსახურება და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს. არ მინდა ისევ გიხილო ქუჩაში გიჟივით საკუთარ თავთან მოსაუბრე, განსაკუთრებით დედაკაცის გამო. ეს უფლის და მისი წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაა.


ატიკმა რაღაც ჩაიბურტყუნა და უკმაყოფილოდ დახარა თავი. მიხვდა, შეცდომა დაუშვა მეგობარს რომ გადაუშალა გული, ცდუნებას ვერ გაუძლო და თავისი ჭუჭყიანი თეთრეული ამ ყავახანის ტერასაზე ასე დაუფიქრებლად გამოფინა. ბავშვობის მეგობრებს შორის უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ერთმანეთს თვალებს არიდებდნენ. ერთი იჯდა და საკუთარ ხელის გულზე გამავალ ხაზებს დაშტერებოდა, მეორე კი აქეთ-იქით იყურებოდა, თითქოს ყავახანის მეპატრონეს ეძებდა.



* ატეკი, ყოფილი მოჯახედი, იძულებულია ზედამხედველად იმუშაოს ქაბულის ციხეში (მთარგმნელის შენიშვნა).


ასევე დაგაინტერესებთ:


1. დუმილი, რომელიც ყველას უნდა გაგვეგონა...

image


2. ლექსი, რომელიც აუცილებლად ორჯერ უნდა წაიკითხოთ: რატომ? წაიკითხეთ და მიხვდებით!image


3. მიცვალებული ქურდი, ანაფორაგადაცმული მამაო და იმერული პროცესია...image


4. რატომ დაერქვა აგენტ 007-ს ჯეიმს ბონდი - ეს ბევრმა არ იცის!image


5. სამ წინადადებაში გადმოცემული ყველასთვის ცნობილი რომანებიimage



6. აი, როგორი იქნებოდა გამოცდებს ცნობილი მწერლები რომ იბარებდნენ...image



7. რა არის მარხვა? - ნაწყვეტი ნობელიანტი მწერლის, ლე კლეზიოს მოთხრობიდანimage

4
385
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
385
  
2017, 14 ოქტომბერი, 17:44
რას უყურებ მერე, აუცილებლად თარგმნე. ძალინა კარგი თარგმანია.
2017, 14 ოქტომბერი, 16:06
დიდი მადლობა შეფასებისთვის.

ქართულად არ არის ნათარგმნი, სამწუხაროდ. არადა მართლა ძალიან კარგია - ინტრიგაც ძალიან საინტერესო აქვს და იქაურ ატმოსფეროსაც ძალიან კარგად გვაცნობს. დაახლოებით 12 წლის წინ წავიკითხე და დღემდე საოცრად მომწონს.

ეს ნაწყვეტი კი, ნამდვილად ჩემი თარგმნილია.
2017, 14 ოქტომბერი, 15:53
პ.ს.მთლიანი წიგნი არ თარგმნე? ტუ არა ტარგმნე აუცილებლად.
2017, 14 ოქტომბერი, 15:52
მადლობა ნატია საინტერესო მწერლის გაცნობისტვის, ეს წიგნი ქარტულად ნატარგმნია? ეს ნაწყვეტი შენ ტარგმნე
0 1 4