x
image
natia.a
მიცვალებული ქურდი, ანაფორაგადაცმული მამაო და იმერული პროცესია...
imageნოემბრის ერთ შაბათ საღამოს, დაახლოებით შვიდ საათზე, შუა იმერეთის ერთი პატარა ქალაქი, ისეთი, დიდ ქალაქელებს სოფელში რომ ერევათ ხოლმე, ჭუმბაძეების ოჯახიდან გამოსულმა გულისგამგმირავმა კივილმა შეძრა. შუა ღამემდე უკვე ყველა მეზობელმა იცოდა რა უბედურება დატრიალდა ამ “ალალმართალ” ოჯახში. ორმოცი წლის ზურია ჭუმბაძე, სამსონის ვაჟი, მოყვრებიდან ბრუნდებოდა როცა მანქანის მუხრუჭებმა უმტყუნა და დიდ სატვირთო მანქანას შეეჯახა. მოგვიანებით ზოგიერთი ირწმუნებოდა ოთხჯერ ამოტრიალდა ზურიას მანქანაო, მაგრამ ჭკვიანი ხალხი ამის გაგონებაზე თავს ეჭვით აქნევდა, იმ ადგილებში დაღმართი არსადაა და სწორ გზაზე ოთხჯერ როგორ გადატრიალდებოდა, ისიც ნივაო.


ასეა თუ ისე, ადგილზე მისულმა ექიმმა შეხედვისთანავე განაცხადა ამას ახლა ექიმი კი არა, მეკუბოვე უფრო სჭირდებაო და პირველმა მოიხადა ქუდი. ექიმი, ეტყობოდა ადგილობრივი არ იყო, თორემ არ იკითხავდა ვინ იყო და რას საქმიანობდა საწყალიო. გვერდით მდგარმა სასწრაფო მანქანის მძღოლმა ხელკავი გამოსდო, მოშორებით გაიყვანა და ყურში უჩურჩულა, მაგი იმნაირი კაცი იყო, მკვდარსაც რო უნდა უფრთხილდე, შენი ჭირიმეო. ამნაირი ვინ იყოო, თვალები გაუფართოვდა ექიმს. ქურდი, იყო, მკვლელი და ბანდიტიო, რაც შეეძლო ხმას დაუწია მძღოლმა. ავტორიტეტი ყოფილაო, დაასკვნა ექიმმა, მანქანაში ჩაჯდა და, მე აქ აღარაფერი მესაქმება, საავადმყოფოში დავბრუნდეთო, უბრძანა მძღოლს.


მომდევნო დღეებში ყველაფერი წესისამებრ წარიმართა: ჭირისუფალი ტიროდა, ხალხი უსამძიმრებდა, მეზობლებს ხარჯი გადაჰქონდათ. გასვენების ხარჯები ქალაქის ქურდებმა თავიანთ თავზე აიღეს. პროდუქტები ჩვენზე იყოს, მეზობლებმა კი გაამზადონო, შემოუთვალეს თავკაცს და პირნათლად აასრულეს დანაპირები. წინა დღეს სახლში მართლა გაჩნდა ლობიო, ბრინჯი, ქიშმიში, შაქარი, ზეთი, მოკლედ ყველაფერი, რაც საპატიო ქელეხისთვისაა საჭირო იმერეთში.


ისე, აქ რა მოსატანია და, იმ ღამით ქალაქის სამი მაღაზია ერთდროულად გაძარცვულა და პირწმინდად გაზიდულა ყველაფერი: ლობიო, ბრინჯი, ქიშმიში, შაქარი, ზეთი.… ეს ისე, უბრალოდ, ცნობისათვის.



გასვენების დღეს ჭუმბაძეების სახლი და მიმდებარე ტერიტორია ხალხით და მანქანებით იყო სავსე, კაცი იტყოდა ვიღაც ნამეტანი დაფასებული პირი გარდაიცვალაო.


ხალხი კი ამ დროს:


- აქით მეიწი, აქით, ბიჭიკია, ხელს ნუ შოუშლი მანდეთ ხალხს.
- რამდენი ხალხი მევიდა უყურებ შენ? კი არ მეგონა ამდენი თუ მევიდოდა.
- რა ვიცი, ნახევარი ქალაქი დაყაჩაღებული ყავდა და კიდო ამის სატირლად მევიდნენ?
- ამბობენ კაციც ქე ყავსო მოკლულიო.
- ამბობენ კი არა მოკლული ყავს, მოკლული. ეგერ ბაზრის თავში კატუშა რო ცხოვრობს, მისი ქმარი ვინ მოკლა თუ იცი?
- არ მითხრა ახლა ამანო!
- აბა მე არ შევვარდნილვარ იმ ღამით და არ ამომიღია პისტალეტი.
- დიდუუ, ღმერთო მაპატიე და სულ მთლად გამამაძაღლებული არ ყოფილა ცხონებული?!
- ესენი ვინ არიან, ბეჩა, ასე ერთად რო შემოლაგდნენ, შენ გეცოდინება, სარიდონ.
- მომიკვტეს თავი, იმას ვერ ცნობ ახლა წინ ქე რო მიდის?
- ვერ ვცნობ და გამომისვი ახლა დანა ყელში.
- ზაქარიას ბიჭია, კაცო, კოჭლი ზაქარიასი, ხო იცნობ?
- დედა, მომკალი ვინცხამ, ეგი ქურდების უფროსი არაა?
- აპა, აპა, ამბობენ ხარისხიანიაო, პრაფესორიაო თავისი საქმისო.
- პრაფესორ ვარავსკიხ ნაუკო, ხო?
- რაცხა მაგნაირი იქნება, ალბათ.
- ისინი ვინ არიან უკან რო მეიბაწრებიან კუდებივით?
- მაგენიც მაგნეირები არიან, ქურდები და ოხრები.
- მომკალი ვინცხამ, რავა დაპარპაშობენ ქვეყანაზე!


ეზოში მართლა შემოვიდა ქურდების კოლონა. თავში ყველაზე უხუცესი ავტორიტეტი მოუძღოდათ, მერე მომპარავები მოჰყვებოდნენ, სულ ბოლოს კი ჯიბგირები და ფეხსაყოლილილები მოსეირნობდნენ.


მეზობლები გვერდზე გადგნენ და “ამხანაგებს” გზა დაუთმეს. ქურდებმა წესის თანახმად ქუდები მოიხადეს, მიცვალებულს გარს შემოუარეს და ჭირისუფალს მიუსამძიმრეს. მერე ეზოში გამოვიდნენ და გამოსვენებას დაელოდნენ.


ხალხი კი ამ დროს:


- პატრონი არ ყავს ამ ქვეყანას თვარა, უნდა მოხვიო ახლა ამათ ხელი და ჩაყარო ყველა ერთად კამერაში. ე, მაგი იქნება კაი.
- ჩუმათ ილაპარაკე, ჩუმათ, არევინ გეიგოს, თვარა კაი დღე არ დაგვადგება არც ჩვენ. ამ ხალხს პარატა თუ არ უფრთხილდი არ გამოვა დღეს ისე არაფერი, მაგათია ახლა სოფელქვეყანა.
- ე, შეხედე ვინ მევიდა! გამგებელი არაა ეის?
- მაგია, მაგი. მაგას რაღა ჯანდაბა უნდა აქანა, ჭირისუფალს მაგი არ იცნობს და მკვტარს, რავა ფეხაბნეულივით ყველა აქ მეეთრევა.
- ცხოვრება აფერისტობაა, კაკოია, აფერისტობა. ახლა ამნაირ ქურდებს და ოხრებს უნდა წეეაფერისტო პატარა, ასეა საჭირო. რამდენმა შვებით ამეისუნთქა, ერთი ქურდით ნაკლები იქნებაო, მარა სატირალში მაინც მევიდნენ. ასეა საჭირო და იმიზა.
- გეიგონე დედამისი რავა ტირის? დედა კია, მარა ხო იცოდა რა შვილიც ყავდა, იმნაირ სიტყვებს რაფრა ამბობს, რაფრა უბრუნდება ენა პირში, ჰა?


დედის სიტყვებში ერთი შეხედვით არაფერი იყო გასაკვირი. ვინც მიცვალებულს არ იცნობდა იმისთვის ერთი ჩვეულებრივი იმერული მოთქმა გახლდათ. მართლაც, სხვა რა შეეძლო, ან რა დარჩენოდა შაოსან დედას...


- ჩემო ალალმართალო ბიჭოოო... ჩემო იმედოოო... რატო წამართვი, ღმერთო, ჩემი ბიჭიი... რა დაგიშავა ამნაირი უშველებელიიი... რა ალალი გული ქონდა, ღმერთოო... რა დაგიშავეთ, ღმერთოოო... ნახე შვილო რამდენი ხალხი მევიდა, რამდენს ყვარებიხარ, ბიჭოოოო...მთელი ქალაქი აქანაა, დედაააა...


ხანდახან გაჩერდებოდა და გვერდით მჯდომ შაოსან რძალს გადახედავდა. ამეიღე ახლა შენც ხმაო, თვალებით ეტყოდა. მაგრამ ახალგაზრდა ქალი უსიტყვოდ იწმენდდა ცრემლებს.


ზუსტად სამ საათზე მღვდელი მოვიდა და წესის აგებას შეუდგა.


ხალხი კი ამ დროს:


- ბეჟანია, კაცო, რაცხა მეცნობა ე ღვდელი და ვერ გევიხსენე.
- გაღმა რო ცხოვრობს გელაია მეწისქვილე, იმის ბიჭია მაგი.
- მერე მეინანია ალბათ, შე კაცო, და ჩეიცვა ანაფორა.
- მეინანია ვითამ?
- გაჩუმდი თუ კაცი ხარ, რავა არაფრის არ გჯერა! რეიზა არ მეინანიებდა, ქურდობას ღვდლობა არ ჯობია?
- რა ვიცი, კაცო, მასეთი მონანიებული ღვდლების არ მჯერა რაცხა მე, რა ვიცი....
- მაგი კი არა, მეიწი აქეთ, რა გითხრა, ღვდელს ასე უთქვია წინა დღის ნაზიარები იყოო, ცხონებულიო, და ცოდვაშენდობილი წევიდა ამ ქვეყნიდანო.
- რას ნიშნავს მერე მაგი, ვითამ სამოთხეში უკრავენ თავს?
- ალბათ მასე იქნება თუ მეინანია.
- რაცხა არ მგონია სამოთხეში გოუშვას ღმერთმა, მარა თუ იქაც ამნაირი უპატრონო ქვეყანაა მაშინ ქე წავა, რო იცოდე.
- ეეხ, ჩემო ბიჭიკია, იქ რო კაცი წავა მერე გინდა ჯოჯოხეთში მოხვედრილხარ, გინდა სამოთხეში და გინდა შუაში გაკვეხებულხარ საცხა, ერთი ოხერია ყველა.
- ცოლ-შვილია საცოდავი, მარტო რო დარჩნენ თვარა, დედ-მამა კია ისე მოსაკლავი. კარქათ უნდა გეეზარდათ შვილი, კარქათ!
- რამდენი კაი დედის შვილი გამოდის ქურდი და ოხერი!
- რაცხაა დედამ მაინც უნდა მიხედო შვილს, დედის სახელია მაინც.
- რაფრა თქვა ვაჟამ? ლამაზად შვილის გამზრდელიო დედაო მიცვნია ღმერთადო.
- ღმერთადო კი არა გმირადო, გმირადო.
- რა მნიშვნელობა აქვს კაცო, რაცხაა ხო უცვნია კაცს.
- უცვნია, კი, უცვნია.
- კაი, ახლა, გაჩუმდით, მოასვენებენ. არ გეიგონონ.
- რას ვშობით ახლა, მივყობით ხო სასაფლაოზე?
- მივყობით აბა რა, რაცხა არ უნდა იყოს ახალგაზრდა კაცი იყო მაინც.
- ახალგაზრდა კი იყო, კი...


პროცესიას დიდი ჯვრით ხელში გოგია მეწისქვილის ანაფორაგადაცმული ბიჭი მიუძღოდა, უკან შავი სამყაროს “ალალმართალი” ხალხი მიჰყვებოდა, რამდენიმე მათგანს კუბო შეედოთ მხრებზე. მერე შაოსანი ჭირისუფლები მიჰყავდათ ახლობლებს. ბოლოს კი, სულ უკან ხალხი მიჩანჩალებდა.


... და ყველაფერი კარგად დადგმულ იმერულ წარმოდგენას წააგავდა...


2002 წ.

2
1117
14-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1117
  
2015, 20 იანვარი, 14:02
იცი მე იმერელი ვარ და მართალი რომ გითხრა მასეთ ქელეხს არ შევსწრებივარ,ნამდვილად არ არის სასიამოვნო წასაკითხი იმერელი ადამიანისთვის,რა აზრიც დევს აქ მარტო იმერეთზე ნუ ტეხავთ ჯოხს.სასურველია საერთო სატკივარს ზოგადად მიუდგეთ.ნუ ყოფთ ქვეყანას რაც გაყოფილი და დაქუცმაცებულია ისიც გვეყოფა ქართველებს!
2015, 16 იანვარი, 17:44
გამახსენდა ბევრი რამ.... და გამოვიცანი ნათო!
0 1 2