ვარ 26 წლის, არც ისე მახინჯი.
გეძებ რომ მიყვარდე...
რომ გიყვარდე...
არა აქვს მნიშვნელობა გაქვს თუ არა ბინა, მანქანა, მთავარია იყო...
არა აქვს მნიშვნელობა... მთავარია იყო და გიპოვო...
რაც თავი მახსოვს გეძებ...
რომ გაღვიძებისას, დილით, შენს მკლავს ისევ ეძინოს ჩემს მკერდზე...
რომ შენი გაღვიძების შიშით ადგომას ვერ ვბედავდე...
რომ თავი ვერ შევიკავო და ნაზად მაინც გაკოცო ოფლით დაცვარულ საფეთქელზე...
რომ გაგეღიმოს და მივხვდე, თავს იმძინარებდი და ამ წუთს ელოდი...
რომ საუზმეზე ზეპირად ვიცოდე რამდენი შაქარი ჩაგიყარო ჩაიში და რომელი გირჩევია: ერბოკვერცხი თუ...
ფუნთუშასაც ამოგიტან თუ გინდა, არ მეზარება - ჩავირბენ მეშვიდე სართულიდან, გადავკვეთ ტრასას, გავირბენ ასე ორას მეტრს, დაველოდები ერთი წუთით სანამ ცხელ ფუნთუშებს გამოიღებენ ღუმელიდან, წამოვიღებ 2 ცალს, გადმოვკვეთ ისევ ტრასას, ამოვირბენ შვიდ სართულს, გულამოვარდნილი შემოვვარდები ოთახში და... აღარ დამხვდები...
არა უშავს, შეგინახავ, თბილად, საღამოსთვის...
მინდა რომ ღამით ჩემი ალერსი მხოლოდ მთვრალს არ გახსენდებოდეს...
და არა მხოლოდ ღამით...
მინდა რომ ჩვენს პირველ შვილზე ორსულად რომ ვიქნები, მუცელგაბერილი, არც მაშინ გავიწყდებოდეს რომ ქალი ვარ და ამის მერე გავხდები დედა...
მინდა რომ ერთ ღამესაც გაგაღვიძო და მშვიდად გითხრა, რომ დაიწყო...
რომ შეშინებული ფეხზე წამოვარდე და გონს მოგებამდე, დაბნეულმა აქეთ-იქით დაიწყო სირბილი, ვერ ხვდებოდე რა უნდა გააკეთო...
მე კი, ტკივილისგან გამწარებულს, მეღიმებოდეს და ვგრძნობდე, რომ ქვეყანას მირჩევნიხარ ამ დროს... ასეთი დაბნეული...
მინდა რომ....
ვარ 26 წლის...
და გელი...
შენ კი გეცინება, რამდენი სულელი არსებობსო... და გაზეთს გვერდზე აგდებ...
ნოემბერი, 2006
ღირს