ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ ბერლინში გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იტალიელი გულშემატკივრები გუნდისგან მოგებას მოუთმენლად ელიან და ეს “იუვენტუსის” თამაშზე დადებითად იმოქმედებს.
“სეზონი ერთი მიზნით დავიწყეთ, გავსულიყავით მეოთხედფინალში. ახლა კი ფინალში ვართ და უნდა მოვიგოთ. ბოლო ნაბიჯის გადადგმა გვჭირდება. ეს ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში. ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის და ფეხბურთელები მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.
მესი, ნეიმარი, სუარესი – მათ შესახებ ნახევარფინალიდან მოყოლებული ისმის კითხვა: როგორ შევაჩეროთ ისინი? როგორ? გვჭირდება მაღალი სათამაშო ხარისხი და იმის შეგნება, რომ აქ ფრეს სათამაშოდ არ ვართ. როგორ შევაჩეროთ “ბარსელონა”? გოლის გატანაზე ფიქრი უფრო გვმართებს. უნდა ვიყოთ ტექნიკურები, რადგან მათ ასეთი გუნდი ჰყავთ და შეტევა მათი საუკეთესო იარაღია. ასე რომ, ეს უნდა გავითვალისწინოთ.
კიელინის გამო ძალიან ვწუხვართ. დავკარგეთ ფეხბურთელი, რომელიც სეზონის სტარტიდან მოყოლებული ჩინებულ ფორმაში იყო. ბარძალი და ოგბონა მზად არიან. თუ ბარძალი კარგად იქნება, იგი ითამაშებს, სხვა შემთხვევაში კი ოგბონა.
მნიშვნელოვანია, რომ ფინალში იტალიური გუნდია. ბოლოს გადამწყვეტ შეხვედრაში მილანის “ინტერმა” 5 წლის წინ იასპარეზა. ბევრი იტალიელი მოუთმენლად ელის “იუვენტუსისგან” თასის აწევას და ეს ფაქტი ჩვენ თამაშს მეტ პოზიტივს შემატებს.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ქალაქ ბერლინში ტურინის “იუვენტუსსა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge