x
image
worldsport.ge
ადამ ნავალკა: “საქართველოსთან რთული მატჩი გველის, რადგან გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს”

imageპოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ადამ ნავალკა დარწმუნებულია, რომ მის შეგირდებს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 13 ივნისს ვარშავაში საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის მნიშვნელობა გათავისებული აქვთ. მისი აზრით, საქართველოსთან რთული დაპირისპირება ელით.
ნავალკამ მომავალი შეხვედრისთვის შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა სრული სია დაასახელა:
მეკარეები: არტურ ბორუცი (“ბორნმუთი”, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (“სუონსი”, ინგლისი), ვოიცეხ შჩესნი (“არსენალი”, ინგლისი), პრჟემისლავ ტიტონი (“ელჩე”, ესპანეთი).
მცველები: ტიაგო ციონეკი (“მოდენა”, იტალია), კამილ გლიკი (“ტორინო”, იტალია), მარცინ კომოროვსკი (“ტერეკი”, რუსეთი), ლუკაშ პიშჩეკი (“ბორუსია”, გერმანია), ლუკაშ შუკალა (“ალ-იტიჰადი”, არაბეთის გაერთიანებული საემიროები), ლუკაშ ბროჟი (“ლეგია”), რაფალ იანჩიკი (“ლეხია”, გდანსკი), ტომაშ კეძიორა (“ლეხი”, პოზნანი), მიხალ პაზდანი (“იაგიელონია”, ბიალისტოკი).
ნახევარმცველები: იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (“დორტმუნდი”, გერმანია), კამილ გროსიცკი (“რენი”, საფრანგეთი), სლავომირ პეშკო (“კიოლნი”, გერმანია), მაცეი რიბუსი (“ტერეკი”, რუსეთი), გჟეგოჟ კრუშოვიაკი (“სევილია”, ესპანეთი), კრჟიშტოვ მაჩინსკი (“გუიჩჟოუ”, ჩინეთი), პიოტრ ზელინსკი (“ემპოლი”, იტალია), არიელ ბორუსიუკი, სებასტიან მილა (ორივე “ლეხია”, გდანსკი), კაროლ ლინეტი, დავიდ კოვნაცკი (ორივე “ლეხი”, პოზნანი), ტომაში იოდლოვეცი, მიხალ კუხარჩიკი (ორივე “ლეგია”).
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, გერმანია), არკადიუშ მილიკი (“აიაქსი”, ჰოლანდია), პატრიკ ტუჩინსკი (“იაგიელონია”).
“საქართველოს ნაკრებთან თამაშის მთავარი ვარიანტი ბურთის დაჭერა და შეტევების დასრულება იქნება. ამას ვარჯიშებზე დიდ ყურადღებას დავუთმობთ. ჩვენ საქართველოსთან მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადება ევრო-2016-ის ფინალური ეტაპისკენ წინსვლის კონტექსტში დავიწყეთ. მოთამაშეებს ინდივიდუალურად ვესაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ასეთი მომზადება აუცილებელია” – თქვა ნავალკამ polskieradio.pl-სთან საუბარში.
პოლონეთის ნაკრებს შარშან მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დაუბრუნდა, რომლის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური რობერტ ლევანდოვსკიმ გადაიბარა. ახლა ბლაშჩიკოვსკი ისევ ნაკრებშია. ნავალკა ამ თემასაც შეეხო:
“გასულ შეკრებაზე ამის გამო პრობლემა არ გვქონია. მაშინ, ირლანდიასთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, ხოლო ახლა მთელი ყურადღება საქართველოსთან შეხვედრაზეა მიპყრობილი. “კუბა” (ბლაშჩიკოვსკის მეტსახელი) ძალიან გამოცილი მოთამაშეა, რომელიც ვარჯიშებზე მაქსიმალურად დაიხარჯება. საქართველოსთან მატჩისთვის ნაკრებში გამოძახებამდე “კუბასთან” დორტმუნდში სასაუბროდ ვიყავი. მან დამარწმუნა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ, ის ატმოსფეროს არ გააფუჭებს”.
ნავალკას აზრით, პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელებს საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობა კარგად ესმით:
“უახლოეს მატჩისთვის ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად უნდა მოვემზადოთ. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მოთამაშეებს ამ შეხვედრის მნიშვნელობა კარგად ესმით. ვფიქრობ, ნებისმიერი მათგანი მობილიზებული იქნება. რთული მატჩი გველის, რადგან მოწინააღმდეგე გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და თამაშის ორგანიზება სულ სხვაგვარი იქნება. ამჟამად, საქართველო უფრო დაცვით ფეხბურთს თამაშობს”.
საქართველოსთან პოლონელებს დისკვალიფიკაციის გამო კამილ გლიკი დააკლდებათ. ამის მიუხედავად, ნავალკამ შეკრებაზე მარცინ ვასილევსკი არ გამოიძახა, რომელმაც ინგლისის “ლესტერში” კარგი სეზონი ჩაატარა.
“ის ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოსთან მატჩისთვის გამოვიძახეთ ჩვენს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ. გუნდს მიხალ პაზდანი დაემატა, რომელიც კარგ ფორმაშია. რაც შეეხება ვასილევსკის, ჩვენს სათამაშო კონცეფციაში ის არ ჯდება” – განმარტა ნავალკამ.
პოლონეთის ნაკრები სრული შემადგენლობით მზადებას ორშაბათიდან დაიწყებს. ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, შარშან პოლონელებმა თბილისში ქართველები 4:0 დაამარცხეს. ის მატჩი ეროვნული გუნდის თავკაცის რანგში თემურ ქეცბაიასთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0