საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი, რომელსაც თამაზ კოსტავა წვრთნის, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადებას 18 მაისიდან შეუდგება.
გუნდი თბილისში სასტუმრო “გოლდენ პალასში” შეიკრიბება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” დღეში ორჯერ ივარჯიშებს.
23-29 მაისს კოსტავას გაწვრთნილები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მოემზადებიან, სადაც 26 და 29 მაისს ადგილობრივ ქალთა ნაკრებთან ორჯერ ისპარინგებენ.
ქალთა ნაკრების ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში მე-6 ჯგუფში მოხვდა. ქართველებს დაპირისპირება იტალიის, შვეიცარიის, ჩეხეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებთან მოუწევთ. პირველ ოფიციალურ მატჩს კოსტავას შეგირდები 2015 წლის 18 სექტემბერს სტუმრად იტალიასთან ჩაატარებენ.
შესარჩევი ციკლი 2015 წლის 14 სექტემბერს დაიწყება და 2016 წლის 20 სექტემბერს დასრულდება. გუნდები ერთმანეთში ორ-ორ მატჩს ჩაატარებენ – სახლში და სტუმრად.
ჯგუფების გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ჰოლანდიაში გასამართ ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება, სადაც მასპინძელთა ნაკრები დაემატება. დარჩენილი ორი ნაკრები, 2016 წლის ოქტომბერში, კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქალთა ევროპის ჩემპიონატში 16 გუნდი პირველად ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge