საქართველოს უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” გენერალური სპონსორი კომპანია Europe-bet.com-ი გახდა. მხარეებმა ერთწლიან ხელშეკრულებას 14 აპრილს სასტუმრო “რედისონის” საკონფერენციო დარბაზში მოაწერეს.
“ტორპედოს” მხრიდან შეთანხმებას ხელი კლუბის დირექტორმა დავით ფრუიძემ მოაწერა, ხოლო Europe-bet.com-იდან – გენერალურმა დირექტორმა მაია კოპინაძემ.
დავით ფრუიძე: “Europe-bet-სა და ქუთაისის “ტორპედოს” შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. იმედია, ერთი წლის მერე ორივე მხარეს სურვილი ექნება, რომ არა ერთწლიანი, არამედ უფრო მრავალწლიანი ხელშეკრულება დაიდოს. მინდა საქართველოში ყველა მსხვილ კომპანიას მოვუწოდო, რომ მაგალითი აიღონ. ჩვენი მიზანია, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი იყოს. კარგი გუნდის ჩამოყალიბება გვსურს და ამას მთავარი მწვრთნელის გიორგი დარასელიას დამსახურებით საფუძველი უკვე ჩაიყარა. არის ბირთვი, რომელზეც მომავალში გუნდის “აშენება” შეიძლება. მომავალ სეზონში ევროთასებზე მოხვედრისთვის უნდა ვიბრძოლოთ”.
მაია კოპინაძე: “Europe-bet.com-ი კომპანიაა, რომლის ძირითადი ფასეულობაა საქართველოში სპორტის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. “ტორპედოს” მაგალითი პირველი არაა. ჩვენი კომპანია 2010 წლიდან აფინანსებს ბილიარდის ფედერაციას, ძალოსნობის ფედერაციას, ჭიდაობის ფედერაციას, საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს”. გვიხარია, რომ ამჯერად ქუთაისის “ტორპედოსთან” ვითანამშრომლებთ”.
გიორგი გვენეტაძე (Europe-bet.com-ის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი): “ტორპედო” ძალიან დიდი ტრადიციების მქონე კლუბია, რომელიც ბოლო წლებში კერძო ბიზნესის გვერდით იყო დარჩენილი. ქუთაისში ახალ ობიექტს რომ ვხსნიდით, “ტორპედომ” ჩვენი ყურადღება მიიპყრო. ხელშეკრულება ერთწლიანია და ალბათ, ამ ვადის გასვლის მერე გაგრძელდება. გვსურს სხვა ქართული კომპანიებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყოთ. გვსურს “ტორპედომ” ძველი დიდება დაიბრუნოს. ბოლო თამაშები მიუთითებს, რომ გუნდს ამის პოტენციალი აქვს. გვჯერა, რომ ქუთაისელ გულშემატკივრებს გავახარებთ”.
ნოდარ მიქიაშვილი (ქალაქ ქუთაისის მერის პირველი მოადგილე და “ტორპედოს” საპატიო პრეზიდენტი): “Europe-bet-ი ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც “ტორპედოსთან” თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საფეხბურთო კლუბში ბიზნესი “შემოვიდა”. მერია კლუბს მანამდე დააფინანსებს, ვიდრე კერძო მეპატრონე არ გამოჩნდება. “ ტორპედოს” საქართველოს კვალობაზე ნორმალური დაფინანსება აქვს”.
- Europe-bet.com-მა და “ტორპედომ” რა ვალდებულება აიღეს? კომპანია კლუბს რა თანხით დააფინანსებს?
დავით ფრუიძე: “ჩვენი ვალდებულებაა, რომ Europe-bet-ს რეკლამა გავუწიოთ. თავის მხრივ კომპანია საკმაოდ ხელშესახებ თანხას გვირიცხავს, რომელსაც ჩვენ განვკარგავთ. თანხის რაოდენობას ვერ დავასახელებთ, მაგრამ ბევრი საკითხი გადავწყვიტეთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ კლუბში ის ხალხი საქმიანობდეს, ვინც მის ინტერესს ითვალისწინებს. აქცენტს გამოცდილ, მაგრამ არა ასაკოვან ფეხბურთელებზე ვაკეთებთ. კლუბში თავიდან ბოლომდე სუფთა და ჯანსაღი ადამიანები უნდა საქმიანობდნენ. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის დახმარებას, დაფინანსების გარდა, მერიამ კლუბს 2005 წელს გამოშვებული “მერსედესის” მარკის ავოტბუსი გადასცა. ეს ფინანსურად ჩვენთვის დიდი შეღავათია, რადგან კლუბს ავტობუსი არ ჰყავდა და ქირაობდა”.
-“ტორპედოზე” არჩევანი რატომ გააკეთეთ?
კოპინაძე: “ქუთაისში ობიექტი 2014 წელს გავხსენით და ამის შემდეგ, ეს ფანტასტიური ხალხი გავიცანით. ჩვენ წლიდან წლამდე მონიტორინგს ვატარებთ და ვეძებთ თუ ვის ჭირდება მხარდაჭერა. “ტორპედო” ტრადიციული გუნდია და არჩევანი მასზე შევაჩერეთ”.
გვენეტაძე: “ჩვენ მოლაპარაკება რომ დავიწყეთ, “ტორპედო” სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფებოდა. დამეთანხმებით, რომ არც ერთი კომპანიის კომერციულ მიზნებში მე-13 ადგილოსანი გუნდის დაფინანსება არ შედის. კლუბს მხარდაჭერა ესაჭიროებოდა და ხელშეკრულების გაფორმება ამიტომ გადავწყვიტეთ. ჩვენ “ტორპედოს” შიდა პოლიტიკაში არ ვერევით”.
-გადმოგცათ თუ არა კომპანია “ვისოლმა” საცურაო აუზი “ლაგუნა” და ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რომელთა ტერიტორიაზე საფეხბურთო აკადემიის გაკეთებას აპირებდით?
-“ვისოლს” “ლაგუნაც” დარჩა და მოედანიც. კლუბის საწვრთნელ ბაზაზე აკადემიის გაკეთება შეუძლებელია. ჩვენი აზრით ამისთვის ყველაზე კარგი ადგილი ქუთაისის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაა. თუ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება, მაშინ აკადემიას გავაკეთებთ. მუნიციპალიტეტი კლუბსა და აკადემიას ერთდროულად ვერ შეინახავს”.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge