საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი, რომელიც ამჟამად ბერლინის “ჰერტას” აკადემიაში მუშაობს და გერმანელებთან კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება, სამშობლოში დაბრუნდება. “კობი” ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მსურს. იქ ბევრი რამის შეცვლა და ცუდი სტრუქტურის გაუმჯობესება მსურს. როგორც კი არჩევნების თარიღს გამოაცხადებენ, მაშინვე ჩემს გუნდთან ერთად საარჩევნო კამპანიისთვის უნდა მოვემზადო. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ზაფხულში საქართველოში ჩავალ. არავინ მიშვებს და არც “ჰერტადან” თავის დაღწევას ვცდილობ. უბრალოდ, ჩემი მიზნის რეალიზება მინდა”, - განაცხადა კობიაშვილმა ინტერნეტპორტალ ბზ-ბერლინ.დე-სთან საუბარში.
“ჰერტას” მენეჯერის მიხაელ პრეეცის თქმით, კობიაშვილი ზაფხულში კლუბიდან მართლაც წავა, მაგრამ თუ საქართველოში თავის ჩანაფიქრს ვერ განახორციელებს, მას ბერლინში კვლავ ელოდებიან:
“კობი” კლუბის ახალგაზრდულ აკადემიის ერთ-ერთ სტრუქტურას ხელმძღვანელობს და მან თავისი ჩანაფიქრი გაგვანდო. ჩვენ მას სრულებით მხარს ვუჭერთ. ლევანს ზოგიერთი ისეთი რამ ვასწავლეთ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რანგში მუშაობისას გამოადგება. თუ ყველაფერი კარგად წავა, ზაფხულში “ჰერტას” დატოვებს. თუ ჩანაფიქრი არ გამოუვა, ისევ ჩვენთან იმუშავებს”.
საპრეზიდენტო არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში ბერლინში სავარაუდო დაბრუნების შესახებ კობიაშვილმაც ისაუბრა:
“არავინ იცის, მომავალში რა მოხდება. თუ დაგეგმილი არ გამოვა, ბერლინში დავბრუნდები”.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge