“ვესტ ბრომვიჩის” დამრიგებელი ტონი პულისი და ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელად და ფეხბურთელად აღიარა.გასულ თვეში ახალგაზრდა 21 წლის მოთამაშემ 4 გოლი გაიტანა. ლონდონის “არსენალთან” დაპირისპირებაში დუბლი შეასრულა და “სპურსს” გაამარჯვებინა, “ლივერპულთან” წაგებულ (2:3) და “ვესტ ჰემთან” ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრებში კი თითი-თითო გოლი გაიტანა. ჰარი კეინი იანვრის თვეშიც პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ტონი პულისის “ვესტ ბრომვიჩმა” ინგლისის ჩემპიონატში გასულ თვეში 4 მატჩი ჩაატარა, აქედან გუნდმა შინ “სუონსის” (2:0) და “საუთჰემპტონს” (1:0) მარცხი აგემა, ხოლო “სანდერლენდთან” (0:0) და “ბარნლისთან” (2:2) სტუმრად გამართულ შეხვედრებში ფრე დააფიქსირა.
მიმდინარე სეზონი 2014 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო. მას შემდეგ პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელთა და ფეხბურთელთა სია თვეების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
აგვისტო
მწვრთნელი: გარი მონქი (“სუონსი”), ფეხბურთელი: დიეგო კოშტა (“ჩელსი”).
სექტემბერი
მწვრთნელი: რონალდ კუმანი (“საუთჰემპტონი”), ფეხბურთელი: გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”).
ოქტომბერი
მწვრთნელი: სემ ელერდაისი (“ვესტ ჰემი”), ფეხბურთელი: დიაფრა სახო (“ვესტ ჰემი”).
ნოემბერი
მწვრთნელი: ალან პარდიუ (“ნიუკასლი”), ფეხბურთელი: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”).
დეკემბერი
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”), ფეხბურთელი: ჩარლი ოსტინი (ქპრ).
იანვარი
მწვრთნელი: რონალდ კუმანი (“საუთჰემპტონი”), ფეხბურთელი: ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”)
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge