x
image
worldsport.ge
გორგოძე ტოპ 100-ში!

imageბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა იმ 100 მორაგბის სია გამოაქვეყნა, რომლებიც მათი აზრით დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესონი არიან.
სასიხარულოა, რომ ინგლისელ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ტულონის” მესამეხაზელის, მამუკა გორგოძის გარჯა ტრავმების ფონზეც არ დავიწყნიათ და ის ამ სიაში მე-60 ადგილით მოხვდა. რომ არა ტრავმები, რომლებიც 30 წლის “გორგოძილას” “ტულონში” გადასვლის დღიდან თან სდევს, ალბათ ადგილიც უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამ მომენტისთვის რეალობა ასეთია.
“რაგბიში იმაზე უფრო საშინელი კადრების ხილვა გაგიჭირდებათ, ვიდრე მოედანზე ბრძოლაში ჩართული “გორგოძილაა”. “მონპელიეს” 9-წლიანი ერთგულების შემდეგ, გიგანტმა ქართველმა “ტულონის” “გალაქტიკო” შეავსო” - დაურთო The Telegraph-მა გორგოძის სურათს მისი მოკლე დახასიათება.
მამუკა გორგოძის სარაგბო კარიერა 16 წლის ასაკში, თბილისის “ლელოში” დაიწყო. 2005 წლიდან ის “მონპელიეს” შეუერთდა და ორი წლის თავზე მის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. შედეგად, გორგოძე არაერთხელ მოხვდა ტოპ 14-ისა თუ “ჰაინეკენის თასის” სიმბოლურ ნაკრებში, აღიარეს ტოპ 14-ის საუკეთესო ლეგიონერად და გახდა ამავე ტურნირის თვის საუკეთესო მოთამაშე. ორჯერ მოიპოვა საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი “ოსკარი” და დასახელდა ევროპის საუკეთესო მორაგბეთა კანდიდატებს შორის.
საქართველოს ნაკრებში მისი დებიუტი 2003 წელს შედგა და დღემდე ჩატარებულ 57 მატჩში 24 ლელო გაიტანა, რაც ეროვნულ გუნდში დღეისათვის საუკეთესო მაჩვენებელია. მამუკამ მონაწილეობა მიიღო 2007 და 2011 წლების მსოფლიო თასებზე და ოთხი წლის წინ ორ მატჩში - ინგლისთან და რუმინეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ის ოთხჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე, ხოლო 2011 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.
2014 წლის ზაფხულში გორგოძე “ტულონში” გადავიდა და ჯერ ერთ, ხოლო მერე მეორე მუხლზე უმძიმესი ტრავმა მიიღო. ცოტა ხნის წინ ის მოედანს დაუბრუნდა და ფორმაში შედიოდა, მაგრამ ფეხის კუნთი დაუზიანდა და ამის გამო ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის განვლილ სამ მატჩში ვერ დაეხმარა. ის ორჯერ გამოიძახეს “ბარბაროსების” შემადგენლობაში და შარშან ინგლისს ლელოც გაუტანა, რის შემდეგაც მსოფლიოს ნაკრებში დაუძახეს და სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0