x
image
worldsport.ge
ჯაბა მალაღურაძის უკრაინული მონაგარი - ტანია და 7-კაცა

imageროდესაც ჯაბა მალაღურაძესთან, როგორც დამწყებ მწვრთნელთან ინტერვიუს გაკეთება გადავწყვიტე და მას სახლში ვეწვიე, ისეთ სიტუაციაში აღვმოჩნდი, რომ ნაწილობრივ გეგმები შეიცვალა.
მალაღურაძეების სპორტულ ოჯახს ზაფხულში ახალი წევრი შეემატება (წინასწარი მონაცემებით ვაჟი) და “ბატონო ნუგზარის”, ან “ბიძია ნუგზარის”, როგორც მას ჯაბას უკრაინელი მეუღლე ტანია ბომბელიუკი ეძახის, კიდევ ერთი მორაგბის აღზრდა მოუწევს. გავიგეთ ისიც, რომ დღეს, 1 აპრილს, მალაღურაძეების ოჯახში ორი იუბილეა - ტანიას დაბადების დღე და მისი და ჯაბას თანაცხოვრების 5 წლისთავი.
“უკრაინაში გატარებულ პერიოდს თუ ავიღებთ, ტანია ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო და მონაგარია”, - გვითხრა აწ უკვე 7-ქალას მთავარმა მწვრთნელმა. “მსოფლიო სპორტი” ულოცავს ტანიას და ჯაბას ამ ორივე იუბილეს და ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს იმ ადმიანის მეუღლის გაცნობა, რომელმაც უკრაინის 15-კაცა თუ 7-კაცა ნაკრებში არაერთი წელი გაატარა და ახლა საქართველოს 7-ქალა ნაკრებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას.
ტანია ბომბელუკი: “გამიმართლა, ასეთ ოჯახში რომ მოვხვდი. მთელი ოჯახისგან უდიდეს სითბოს ვიღებ და არა იმიტომ, რომ მე ვარ განსაკუთრებული, არამედ იმიტომ, რომ თავად ეს ადამიანები არიან ასე თბილები. უკრაინაში მსგავსი რამ წარმოუდგენელია და ხანდახან უხერხულადაც კი ვგრძნობ თავს”.
- როგორ გაიცანით ჯაბა?
- “კრედო 63” იმ სპორტკომპლექსში გადიოდა წვრთნებს, სადაც მე ვმუშაობდი ინსტრუქტორად. ერთ დღეს ჯაბამ 8 მარტი მომილოცა და ჩვენი ურთიერთობაც დაიწყო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ქართველ ბიჭთან ნაცნობობა. მართალია, გუნდში მრავლად იყვნენ ქართველები, მაგრამ ის ყველასგან გამოირჩეოდა, უფრო მოწესრიგებული და კულტურული იყო. 1 აპრილს ჩვენი თანაცხოვრების 5 წელი შესრულდება.
- ალბათ, ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავთ.
- ყველაზე განსაკუთრებული ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან პირველი წელი იყო. ფიტნეს-კლუბში დაბადების დღეს ყველას მიგვქონდა ტკბილეული და მინერალური სასმელი, რადგან ალკოჰოლური სასმელის სამსახურში მიღება აკრძალული იყო. როგორც წესი, ყველას პატარ-პატარა ნამცხვრები მიგვქონდა, ჯაბამ კი, ამის გაკეთება საკუთარ თავზე აიღო და იმდენი ტკბილეული მოიტანა, სამი დღე ვჭამდით. რაც მთავარია, მის ძღვენში ალკოჰოლიც იყო, მაგრამ ჩვენმა უფროსმა რომ შეხედა ამ ყველაფერს, ისე აღფრთოვანდა, სასმლის დალევა აქეთ დაგვაძალა კიდეც.
- მოედანზე დაუნდობელი ჯაბა, ცხოვრებაში როგორია?
- ვერ ვიტყვი, რომ უხეშია, მაგრამ მუდამ ცდილობს, თავისი გაიტანოს. ჯაბასგან ბევრი რამ ვისწავლე და ერთ-ერთი უმთავრესი ისაა, რომ სხვების მიმართ უფრო კომპრომისული გავხდი. მანამდე მეგონა, რომ ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც მე მინდოდა, თუმცა ვცდებოდი და ამას რომ მივხვდი, სრულად მისი დამსახურებაა. მისგანვე ვისწავლე ემოციების კონტროლი და სხვა ადამიანების მოსმენა, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
ჯაბას დიდი დროის გატარება უწევს სემინარებზე, ვარჯიშებზე, სამსახურში, და ეს სულაც არ მაწუხებს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად განვითარების პროცესში იყოს. ესეც რომ არა, ვფიქრობ, ბედნიერება 1 წამშიც შეიძლება მიიღო და ამისთვის სულაც არაა აუცილებელი მთელი დღის ერთად გატარება. მეგობრებთან მუდამ ერთად დავდივართ. საერთოდ, ერთ ადგილზე ვერასდროს ჩერდება, აუცილებლად რაღაცას უნდა აკეთებდეს და როცა სახლში ვართ, რაღაც უნდა გავაფაჭო, რომ მას საქმე ჰქონდეს (იცინის).
- ჯაბას თამაშებს თუ ესწრებოდით ოდესაში და ახლაც თუ უყურებთ მის თამაშებს?
- ყოველთვის ვერ ვახერხებ სტადიონზე მისვლას და ამისთვის სხვადასხვა მიზეზები არსებობდა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სურვილი არ მაქვს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების თამაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ ორმა ძმამ ითამაშა. იყო ასეთი შემთხვევაც: ოდესას 7-კაცა ტურნირზე, სტადიონზე ჩემს ძმასთან ერთად მივედი. იქ უკრაინის ნაკრებიც გამოდიოდა და საქართველოსიც. როდესაც მოედანზე ქართველები გამოვიდნენ, ჩემდა უნებურად, ძმას ვუთხარი: “ნახე, ახლა ჩვენები ითამაშებენ”. მართალია, ქართველი ჯაბა უკრაინის ნაკრების სახელით გამოდის, მაგრამ, შინაგანად საქართველოს ნაკრებსაც ჩემიანად აღვიქვამ.
- ანუ, თქვენ სანახევროდ ქართველი ხართ?
- არა მგონია. მენტალიტეტში იმდენად დიდი სხვაობაა, რომ ასე ვერ ვიტყვი. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნილ სიტუაციასთან ადაპტირება. ზოგადად, ქართველები ღია და თბილები არიან, ნებისმირ შემთხვევაში მზად არიან, გვერდში დაგიდგნენ და დაგეხმარონ, რაც ძალიან მომწონს. უკრაინაში საქმე ცოტა სხვაგვარადაა. იქ თუ მეზობელს უჭირს, არავის აინტერესებს, მთავარია, ეს მათ არ შეეხოს.
- ხომ არ ეჭვიანობთ, ჯაბას გოგონებთან რომ უწევს მუშაობა?
- არა, რატომ? ეს ჩვეულებრივი სამუშაოა, ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და სულაც არა აქვს მნიშვნელობა, გოგონებთან იმუშავებს თუ ბიჭებთან. მთავარია, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენს.
- თქვენ ალბათ ამაყობთ იმით, რომ ჯაბა ჯერ უკრაინის ნაკრებში თამაშობდა, ახლა კი, საქართველოს ნაკრების წევრია...
- ამ შემთხვევაში სულაც არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის სახელით გამოდის. რა თქმა უნდა, მიხაროდა, როდესაც ის უკრაინის ნაკრების, ჩემი ქვეყნის სახელით თამაშობდა, მაგრამ არანაკლებ მიხარია, რომ საქართველოს ნაკრების გაწვრთნა დაავალეს. პირადად ჩემთვის ის რჩეული ადამიანია და ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვარ.
- როგორ აპირებთ დაბადების დღის და თქვენი თანაცხოვრების 5 წლისთავის აღნიშვნას?
- 31 მარტს ოდესაში მივდივარ და ისე გამოვა, რომ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ერთად ვერ შევხდებით, მაგრამ მოგვიანებით, 9 აპრილს ჯაბა თავის გოგოებთან ერთად ოდესაში ჩამოვა და კვლავ ერთად ვიქნებით. სამწუხაროდ, ამ ჯერზე იუბილეს ერთად ვერ ავღნიშნავთ.
- ჯაბას გარდა საქართველოში ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
- ძალიან გემრიელი და მრავალფეროვანი საჭმელები გაქვთ. ზაფხულში ბათუმში ვიყავით და ამ ქალაქით აღვფრთოვანდი. თბილისისგან სრულიად განსხვავებული ქალაქია. აქ მრავლადაა ისტორიული ძეგლები და სანახავი ძალიან ბევრია, მაგრამ ბათუმის არქიტექტურა რაღაცით წააგავს ოდესას და ეს მომეწონა. აღფრთოვანებული დავრჩი ვარძიათი და დავით გარეჯით.

“ყოჩების” აღზრდილმა ჯაბამ საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში რომ ითამაშა და ფრანგულ კლუბშიც მოსინჯა ძალები, 21 წლისამ კარიერა ოდესის “კრედო 63”-ში გააგრძელა და უკრაინის ეროვნულ და 7-კაცა ნაკრებებშიც არაერთი თამაში ჩაატარა. მას განსაკუთრებით სწორედ 7-კაცა მოსწონს და სამჯერ დაამარცხა საქართველოს 7-კაცა ნაკრები, არასდროს წაუგია საფრანგეთთან, დამარცხებული ყავს ესპანეთისა და პორტუგალიის ძლიერი ნაკრებები - ეს უკანასკნელი იმ ტურნირებში, სადაც გამარჯვებული გახდა და ევროპაში ერთადერთი ინგლისის გუნდია, რომლის დამარცხებაც ვერ მოახერხა.
ამ გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ მას 7-ქალა ჩააბარა, რომელიც პალიკო ჯიმშელაძისგან გადაიბარა. შარშან გოგონებმა ჯიმშელაძის ხელმძღვანელობით “ა” ჯგუფში აინაცვლეს და ახლა იმ მწირი რესურთით, რაც მალაღურაძის განკარგულებაშია, ამ დონეზე ადგილის შენარჩუნება და ელიტაში ანაცვლება გვმართებს. ახალგაზრდა მწვრთნელს, რომელიც ამ კუთხით პირველ ნაბიჯებს დგამს, სწამს, რომ 7-კაცა ისეთი სპორტია, სადაც ნებისმიერ გუნდს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია და იმედს არ კარგავს, არადა, ივნისში ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი 12 გოგონას შერჩევა სულ რაღაც 14 კანდიდატიდან უწევს.
ჯაბა მალაღურაძე: “სპორტის სხვადასხვა სახეობებზე მეც და ჩემი ძმაც ბავშვობიდან დავდიოდით. ვიცოდით, მამა მორაგბე რომ იყო, მაგრამ მან რაგბზე სიარული 17 წლისამ დაიწყო და ჩვენც ვფიქრობდით, რომ რაგბზე მოგვიანებით მივიდოდით. მაგრამ ჩემი კლასელი, ბავშვობის მეგობარი დათი კაჭარავა რაგბზე რომ მივიდა და მეც ფეხბურთის თამაში არ გამომდიოდა... მოკლედ, მივედი მამასთან და ვუთხარი, რომ დათისთან ერთად რაგბზე ვაპირებდი შესვლას. მას გაუკვირდა, არ ელოდა, ასეთ ინიციატივას თუ გამოვიჩენდი და ნუგზარ მურღულიასთან ვარჯიშიც დავიწყე. ამ დროს მამა ჯერ კიდევ არ იყო რაგბში დაბრუნებული, მაგრამ ვარჯიშებზე რომ დავყავდით, ლაშა გეგენავამ, “ყოჩების” სულისჩამდგმელმა, შესთავაზა, მაინც ყოველდღე აქ ხარ და მწვრთნელობასაც მიყავი ხელიო. ასე დაბრუნდა ნუგზარ მალაღურაძე რაგბში მწვრთნელის რანგში. მერე უმაღლეს ლიგაში რომ გადავედი, ერთ წელიწადში მამაც, ჩემი ძმაც და დათიც უმაღლესლიგელები გავხდით.
- მერე როგორ მოხდა, რომ დათიმ და ლაშამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშეს, თქვენ კი, უკრაინის ნაკრების წევრი გახდით?
- ახალგაზრდულ გუნდებში ყველანი ერთად ვიყავით, მაგრამ მერე, 21 წლისამ ოდესის “კრედო 63”-ში რომ გავაგრძელე თამაში, უკრაინის ნაკრების შემოთავაზებასაც დავთანხმდი. შეიძლება ითქვას, რომ ადვილი გზა ავირჩიე. რაც უნდა მიმეღო საერთაშორისო თამაშებისგან, ამას უკრაინის ნაკრებში თამაშითაც ვიღებდი. ამასთან, რომ გავაანალიზე სიტუაცია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს ჩამი თამაშების ხილვის საშუალება თითქმის არ ექნებოდათ და იმასაც ვფიქრობდი, რომ საქართველოში აღარავინ დამიძახებდა.
- არადა, ოდესაში სულ შემთხვევით აღმოჩნდით...
- დიახ. გარკვეული დრო საფრანგეთში ვთამაშობდი, მერე მე და ჩემი ძმა ერთად უნდა წავსულიყავით საფრანგეთში, მე საბუთები გავაკეთე, ლაშამ ვერა და რადგან მარტო ყოფნა არ მინდოდა, ერთად წავედით ოდესაში. გარკვეული დროის შემდეგ ლაშა მაინც წავიდა საფრანგეთში, მე კი, ჯერ ოდესაში დავრჩი და მერე საქართველოში დავბრუნდი. ოდესა თავიდანვე მომეწონა. ეს ქალაქი ძალიან გავს თბილისს, ხალხიც სხვანაირად თბილია და გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. ამასთან, გუნდში მრავლად ვიყავით ქართველები და ადაპტაცია ამანაც გამიადვილა. იყო შემთხვევა, როდესაც ოდესის გუნდის სახელით, 7-კაცა ტურნირზე მხოლოდ ქართველები გამოვდიოდით - მე, ჩემი ძმა, გიორგი ნიჟარაძე, გიორგი გეგიძე, გიორგი ნადარაიშვილი, გიორგი თოდრაძე, თემურ სოხაძე და ბექა მარკოზაშვილი. მოკლედ, გიორგების ნაკლებობას არ ვუჩიოდით (იცინის).
- ოდესაში დარჩენა და უკრაინის ნაკრების სახელით თამაში ტანია ბომბელიუკთან შეხვედრამაც ხომ არ განაპირობა?
- არა, ტანიას დაახლოებით ორი წლის შემდეგ შევხვდი. ისიც სპორტსმენია, ფიტნეს-მწვრთნელი და სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობდა. ჩვენც იმ კლუბში დავდიოდით სავარჯიშოდ, სადაც ის მუშაობდა ინსტრუქტორად და ასე გავიცანით ერთმანეთი. მერე, როდესაც სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე, მარტო ვეღარ დავბრუნდი (იცინის) და ცოლიც ასე შევირთე.
- თქვენ უკრაინის 7-კაცა ნაკრებშიც თამაშობდით და 15-კაცაშიც. რაგბის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?
- რაც დრო გადის, მით უფრო მომწონს 7-კაცა, არადა, წესით პირიქით უნდა ხდებოდეს. ვატყობ, რომ 7-კაცა უფრო მეტადაა ჩემში გამჯდარი. სამწუხაროდ, საქართველოში 7-კაცა არაა ისეთი პოპულარული, რომ ეს გრძნობა სრულად დავიკმაყოფილო.
- მაინც რითი სჯობს 7-კაცა 15-კაცას?
- 7-კაცას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა იმით, რომ ოლიმპიური სახეობა გახდა. საქართველოს გუნდურ სახეობაში ჯერ არ ჰყოლია ოლიმპიადაზე წარმომადგენელი და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ იქ 7-კაცა ნაკრები გავა. არა აქვს მნიშვნელობა, ბიჭების გუნდი იქნება ეს, თუ გოგონების. ამასთან, 7-კაცაში უფრო მეტად ჩანს მოთამაშის როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვისებები. აქ ერთი შეცდომა, შესაძლოა, მთელ გუნდს ძალიან ძვირად დაუჯდეს. პასუხისმგებლობაც უფრო იზრდება.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოშიც ცალკე შეიქმნებოდა 7-კაცა გუნდები და სრულფასოვანი ჩემპიონატი ჩატარდებოდა?
- ეს კარგი იქნებოდა, როგორც ზოგადად 7-კაცას, ასევე 15-კაცას ხაზის მოთამაშეების განვითარებისთვის. გამოჩნდებოდნენ მორაგბეები, რომლებიც შემდგომში კარიერას 15-კაცაში გააგრძელებდნენ, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული. დღესდღეობით, საქართველოს ჩემპიონატში კარგი მოთამაშეების დეფიციტია, რადგან ძალიან ბევრი მიდის სხვაგან სათამაშოდ. მოთამაშეთა რაოდენობა კი გაიზარდა, მაგრამ უმეტესად ბავშვების ხარჯზე, რომელთაგან მერე ყველა არ აგრძელებს რაგბის თამაშს. განვითარების ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე, რომ 7-კაცას მეტი ყურადღება დაეთმოს, მით უმეტეს, რომ ის ოლიმპიური სახეობა გახდა და ფინანსების მოზიდვაც უფრო მეტად შეიძლება.
- თქვენ განვითარების ჯგუფის წევრიც ხართ და როგორ ხედავთ ქართული რაგბის განვითარების სამომავლო პერსპექტივას?
- მოთამაშეთა რაოდენობის ზრდამ, თავისთავად გააჩინა მეტი კვალიფიციური მწვრთნელების მოთხოვნა. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით არც რაოდენობა გვყოფნის და არც კვალიფიკაციაა საკმარისი. მიდის მუშაობა, კადრების გადამზადება, ტარდება სემინარები. ლიცენზიის აღების სურვილი და გამოცდების ჩაბარების აუცილებლობა თავისთავად აძლევს მსურველ პირებს მეტ კვალიფიკაციას, რადგან მეტი ლიტერატურის წაკითხვა და მეტი მუშაობა უწევთ, რაც ძალიან კარგია.
- პრობლემაა მსაჯების ნაკლებობაც...
- მე მომიწია მსაჯობა და მინდა ავღნიშნო, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა. მსაჯობის პრობლემას ჩვენი მენტალიტეტიც ქმნის. მეც მოთამაშე ვარ და სანამ მსაჯობა არ მოვსინჯე, ბევრ რამეს სხვაგვარად ვუყურებდი. თუ მსაჯი ჩემი გუნდის წინააღმდეგ დაუსტვენდა, სულ აღარ ვუყურენდი, მე ან ჩემმა თანაგუნდელმა დააშავა თუ არა და ეგრევე პროტესტს გამოვთქვამდი. არადა, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელია, რაგბს ვთამაშობ, რაღაც წესებს რომ ჩავუღრმავდი, აღმოვაჩინე, რომ ყველა წესი ბოლომდე აქამდე არ მცოდნია. ვურჩევდი მწვრთნელებს და მოთამაშეებს, რომ უფრო ჩაუღრმავდნენ წესებს. ეს მათაც გაუადვილებს თამაშს და მსაჯებსაც - მუშაობას. ახლა უკვე ვიცი, როგორ ვითამაშო რაქში, რომ არ დავჯარიმდე და ეს თამაშისას მადგება. მხოლოდ მსაჯებისკენ ხელის გაშვერა და მათ არაკვალიფიციურობაზე საუბარი და ყველაფრის გადაბრალება არასწორია. ახლა საქართველოში ახალზელანდიელი მსაჯი ჩამოვიდა, არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთაც მსაჯობა სურთ და სემინარები ამ კუთხითაც ტარდება. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ რადგან მსაჯობა აირჩიეს და თმენის ვალდებულება აიღეს, რკინის ნერვები გამოიმუშაო, ბოლომდე მიყვნენ საქმეს და ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს.
- თქვენზე, როგორც მომავალ მსაჯზე, დიდ იმედებს ამყარებდნენ. რატომ თქვით უარი?
- რამდენიმე თამაშზე გვერდითი მსაჯი ვიყავი და ძალიან საინტერესო პროფესიაც აღმოჩნდა, მაგრამ როდესაც 7-კაცას მწვრთნელობა შემომთავაზეს, უარი ვეღარ ვთქვი და არჩევანი მწვრთნელობაზე შევაჩერე. ახლა საქართველოს ნაკრები ჩავიბარე და გოგონებს ვავარჯიშებ.
- როგორ გახდით 7-ქალას მწვრთნელი?
- პალიკო ჯიმშელაძე, რომელიც გოგონებს ჩემამდე ავარჯიშებდა, ბიჭებთან გადავიდა და კახა ალანიას ეხმარება. ადგილი ვაკანტური რომ გახდა, კანდიდატურებს განიხილავდნენ და მისი დაკავება შემომთავაზეს, მაგრამ გადაწყვეტილება უცებ არ მიმიღია. ვფიქრობდი და ერთ-ერთი დაბრკოლება ის იყო, რომ ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მემუშავა გოგონებთან. სულ სხვაა, იყო ვაჟების მწვრთნელი და სხვა - გოგონების. მაგრამ მერე და მერე აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში მუშაობამ უფრო დამაინტერესა. ვიფიქრე, რომ ეს უფრო რთული იქნებოდა და რთულმა გამოწვევამ დამაინტერესა.
- რა მდგომარეობაში დაგხვდნენ გოგონები?
- პალიკოს გუნდი კარგად ჰყავდა მომზადებული. სულ თავიდან, ზურაბ დუგლაძემ ეს საქმე ნულიდან დაიწყო, პალიკომ გოგონები უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, მაგრამ ზამთრის უმოქმედობა მათ მაინც ეტყობოდათ. ნანახი მაქვს მათი თამაშები და ვიცი, რაც შეუძლიათ. დრო და პრაქტიკა გვინდა და უფრო მაღალ დონეზე გავალთ. წარმოიდგინეთ, ივნისის შემდეგ ამ გუნდს თამაში არ ჩაუტარებია და მართლა დიდი პრობლემაა. სწორედ ამიტომ, აპრილში ტურნირზე მივემგზავრებით, რათა ეს დანაკლისი ნაწილობრივ მაინც შევავსოთ და ევროპის ჩემპიონატს მომზადებულები შევხვდეთ.
- რამდენი გოგონიდან ხდება ნაკრების კანდიდატების შერჩევა?
- 18 წელს გადაცილებული სულ 14 გოგონა გვყავს და მათგან ვარჩევთ იმ 12-ს, რომლებითაც ევროპის ჩემპიონატზე მივემგზავრებით. გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონატი მხოლოდ დაბალ ასაკებში ტარდება, უფროსებში კი, ხშირ შემთხვევაში, სპორტის სხვა სახეობებიდან ვიმატებთ გოგოებს. ახლაც გვყავს გუნდში გოგონა, რომელიც ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრია და პარალელურად რაგბსაც თამაშობს.
- როგორ შეძლება ასეთი მცირე კონტინგენტით ისეთი გუნდის შეკვრა, რომ თუნდაც იმავე “ა” ჯგუფში დამკვიდრება მოვახერხოთ?
- იმედი მაქვს იმის, რომ ბავშვები წამოგვეწევიან და მერე არჩევანის მეტი საშუალება გვექნება. ვფიქრობ, ამ კონტინგენტითაც უნდა მოვახერხოთ ჯგუფში დარჩენა. ამის თქმის საშუალებას გოგონების მონდომება და შრომისმოყვარეობა მაძლევს. ჩვენ არა მხოლოდ “ა” ჯგუფში დასარჩენად, არამედ ელიტაში ასასვლელად ვაპირებთ ბრძოლას და მერე, გრძელვადიან პერსპექტივაში, სხვა გოგონებიც წამოგვეწევიან.
- როგორ მოემზადება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის?
- აპრილში უკრაინაში, ოდესის ტურნირზე მივემგზავრებით. თავიდან ვგეგმავდით, რომ შეკრებას თბილისში გავივლიდით, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ოდესაზე შევაჩერეთ. იქ არის ქალთა გუნდები, რომლებთანაც ერთობლივ ვარჯიშებს ჩავატარებთ. მათ ჩემი მეგობრები ავარჯიშებენ და ყველაფერი შეთანხმებული მაქვს. გარდა ამისა, ჩატარდება ტურნირი. ოდესაში ჩვენს გარდა ყაზახეთის და მოლდოვის ნაკრებები ჩამოვლენ, დაგვემატება სამი საკმაოდ ძლიერი უკრაინული კლუბი, რომლებიც იგივე ჩვენს ნაკრებს არაფრით ჩამოუვარდებიან. 13-14 აპრილს თამაშებს ჩავატარებთ. მანამდე, 9 აპრილიდან, როდესაც უკრაინაში ჩავალთ, იქაურ კლუბებთან ერთობლივ ვარჯიშებს გავმართავთ. მაისში ამსტერდამში წავალთ და იქ მივიღებთ მონაწილეობას დიდ საერთაშორისო ტურნირში, თუმცა, ვისთან მოგვიწევს თამაში, ჯერ არ ვიცით. გვსურდა რომის ტურნირზე გამოსვლაც, მაგრამ ის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ტარდება და აზრი არა აქვს.
- რა სიახლეები დანერგეთ გუნდში?
- პალიკომ გოგონებს ბევრი რამ ასწავლა, მაგრამ გუნდი უფრო მეტოქის შეცდომაზე და სივრცეების გამოყენებაზე იყო ორიენტირებული. მე ახალ კომბინაციებს ვამუშავებ, რომელთა მეშვეობითაც უკვე ჩვენ უნდა შევქმნათ სივრცეები. ვნახოთ, რა გამოვა. სისწრაფეს და ხასიათს არ ვუჩივით, გიორგი მაისურაძე გოგონებს ფიზიკურად ავარჯიშებს და თუ მეც სწორად მივაწოდე ტაქტიკური მონახაზები, ვფიქრობ, შედეგიც იქნება.
- თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალთა რაგბი საქართველოში უფრო პოპულარული გახდეს?
- იმ ფაქტმა, რომ საქართველოს რაგბის კავშირი ელიტარულ სარაგბო კავშირებს გაუტოლა, გააჩინა იმის აუცილებლობა, რომ ქალთა რაგბიც უფრო პოპულარული გახდეს. უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ქალთა რაგბს და ის სასკოლო პროგრამებშიც უნდა ჩართონ. რაგბის ბურთით არაერთი საინტერესო თამაშისა და ფიზკულთურის გაკვეთილების ასე დაგეგმვა თავისუფლადაა შესაძლებელი. რაგბი უფრო ინტელექტუალური თამაშია, ვიდრე ფიზიკური და არც ტრავმებია ისეთი ხშირი, როგორც ბევრს წარმოუდგენია. აუცილებელია, რომ ეს მშობლებამდე მივიტანოთ და მერე რაგბით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება.


ზურა ქსოვრელი


www.worldsport.ge

0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0