საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთი ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, 15:6 რომ დაამარცხა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტული შეინარჩუნა, “ანთიმოზ ივერიელის თასიც” კიდევ ერთი წლით დაიტოვა და ყოველკვირეულ რეიტინგში საკუთარ მონაგარს 0, 89 ქულა შემატა.
იტალია რომში უელსთან მეორე ტაიმში გატყდა და 20:61 დამარცხდა, ამით მხოლოდ 0, 17 სარეიტინგო ქულა დაკარგა, მაგრამ “ბორჯღალოსანთა” ნამატი ისეთი იყო, რომ პირველად რეიტინგის დაარსების დღიდან, “აძურა” მე-15 პოზიციაზე დაეშვა, ხოლო საქართველოს ნაკრები მის თავზე, მე-14 პოზიციაზე აღზევდა. მარცხმა მე-17 ადგილი დააკარგვინა რუმინეთს, რომელმაც რუსეთთან წაგების შემდეგ თავისი ადგილი აშშ-ს დაუთმო, ახლა კი, მე-18 საფეხურზე დაეშვა და მის წინ კანადა მოკალათდა.
განვლილ შაბათს ევროპაში გამართული სხვა თამაშების შედეგებს რეიტინგში გადაადგილებები არ გამოუწვევია, მხოლოდ მცირედით შეიცვალა ქულების ოდენობა. ირლანდიამ “მარიფილდზე” შოტლანდიასთან მოპოვებული სარეკორდო მოგების შემდეგ (40:10), რეიტინგს 0, 44 ქულა შემატა, ევროპის საუკეთესო გუნდად რჩება და დაუახლოვდა სამხრეთ აფრიკას. მას 0, 36 ქულით ჩამორჩება ინგლისი, რომელმაც საფრანგეთს 55:35 სძლია, ხოლო მე-5 ადგილზე იტალიის მძლეველი უელსია. ექვს ერზე ბოლო ადგილზე გასული შოტლანდია მე-10 ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ ახლა მხოლოდ 0, 09 ქულით უსწრებს იაპონიას, რომელსაც 2015 წლის მსოფლიო თასზე უნდა ეთამაშოს.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი 23 მარტისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93, 70
2 (2). სამხრეთ აფრიკა 88, 23
3 (3). ირლანდია 85, 76
4 (4). ინგლისი 85, 40
5 (5). უელსი 84, 07
6 (6). ავსტრალია 82, 95
7 (7). საფრანგეთი 79, 74
8 (8). არგენტინა 78, 23
9 (9). სამოა 75, 39
10 (10). შოტლანდია 74, 79
11 (11). იაპონია 74, 70
12 (12). ფიჯი 74, 57
13 (13). ტონგა 74, 12
14 (15). საქართველო 72, 16
15 (14). იტალია 71, 85
16 (16). აშშ 67, 61
17 (18). კანადა 66, 83
18 (17). რუმინეთი 66, 23
19 (19). რუსეთი 64, 65
20 (20). ურუგვაი 63, 58
21 (21). ესპანეთი 62, 59
22 (22). ნამიბია 58, 27
23 (23). პორტუგალია 57, 40
24 (24). კორეა 57, 22
25 (25). ბელგია 56, 14
26 (26). ზიმბაბვე 55, 83
27 (27). ჰონკონგი 55, 79
28 (28). გერმანია 54, 78
29 (29). ჩილე 54, 54
30 (30). მოლდოვა 53, 69
31 (31). კენია 53, 25
32 (32). უკრაინა 52, 33
33 (33). ჰოლანდია 52, 29
...
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge